შოუბიზნესი

როგორ გაუმკლავდა ლექს-სენი პანიკურ შეტევებს და რამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის პრობლემები

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.12, 2023 წელი

ლექს-სენი
დაკოპირებულია

რა არის წარმატების განმსაზღვრელი – იღბალი თუ დაუღალავი შრომა, რა პრობლემებთან შეჯახება არის ყველაზე რთული და რა ასწავლა მიღებულმა გამოცდილებამ, ამაზე ლექს-სენი მოგვიყვება.

ლექს-სენი: კარგი ახალი ამბები მაქვს – 2 დეკემბერს თბილისში, „მონოჰოლში“ მექნება ძალიან მაგარი, გრანდიოზული სოლო კონცერტი და მთლიანად მის სამზადისზე ვარ გადართული. საუკეთესო შოუპროგრამა მექნება. მოთხოვნა დიდია. ამის გარდაც ბევრი კონცერტია ჩანიშნული. ახლაც გესაუბრებით და ბათუმში მივდივარ, კონცერტი მაქვს ხვალ, მერე – სენაკში, მერე – ზუგდიდში და მოკლედ, მოთხოვნა დიდია.

– კარიერას გადავხედოთ და ვთქვათ, რამდენად იღბლიან ადამიანად მიგაჩნიათ საკუთარი თავი?

– ალბათ, ეგეც არის. მარტო შენი შრომა და წვალება ვერ მოგიტანს შედეგს, თუ იღბალიც არ დაგყვა და ღმერთმა არ გადმოგხედა. თუ იშრომებ, მერე იღბალიც მოდის, მე ასე მგონია. თუმცა, ზოგს ძალიან კარგი იღბალი აქვს და შრომაც არ სჭირდება, ისე ეძლევა ყველაფერი. ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო, ესეც გაგვიგია და როგორც წესი, იმასაც, რასაც უშრომლად ვიღებთ, ეს ბედი ეწევა ხოლმე. ვისთვის – როგორ. ჩემს შემთხვევაში, ძირითადად, ჩემი შრომითა და წვალებით მოვიდა ყველაფერი. ამას დაემატა ხალხის ნებაც. დამფასებელი თუ არ გყავს, იშრომე და იწვალე, რამდენიც გინდა. ხალხს რომ უყვარხარ, მაშინ აქვს ყველაფერს აზრი.

– წარუმატებელი ნაბიჯები არ ყოფილა?

– სხვა სფეროში – კი. ჩემს სფეროშიც შეიძლება, ავიღოთ კონკრეტული სიმღერა, რომელზეც ბევრი მიშრომია, მაგრამ არ გამოსულა ისეთი, როგორიც მინდოდა. ეგ სხვა რამეა, ჩვეულებრივი ამბავია და მუშაობის ნაწილი, მაგრამ ჩემს სფეროში, ძირითადად, ყველაფერი გამომდის, ეს ჩემი საქმეა და ვიცი. რაც შეეხება ცხოვრების სხვა სფეროებს, იქ შეიძლება იყო წარუმატებლობები. მაგალითად, ავიღოთ ბიზნესი. ვცადე, არ გამოვიდა, ჩამივარდა. შეიძლება, სხვაგან წასვლაზე მიფიქრია, მაგრამ იქ რაღაც არ აეწყო. წარსულში სხვა პროფესიაზეც მიფიქრია და, მაგალითად, მათემატიკოსი არ დადგა ჩემგან.

– ოჯახისთვის უფრო მეტად შრომობთ თუ კარიერისთვის?

– ორივესთვის – თანაბრად. ჩემთვის ჩემი ოჯახი მთავარია. თუმცა, ოჯახი კარიერაზეა დამოკიდებული. თუ კარიერა არ იქნება წარმატებული და შემოსავლიანი, მაშინ ოჯახშიც სიდუხჭირე იქნება. მგონია, რომ ეს მომენტი დაბალანსებული მაქვს, ვცდილობ, არც ოჯახს მოვაკლო ყურადღება და არც კარიერას.

– რომელი პერიოდი გახსენდებათ ყველაზე რთულად?

– ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე რთული ცხოვრება მაშინაა, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ეჯახები. როცა ამ მხრივ არასტაბილური მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაზე ცუდია, ყველაფერში გიშლის ხელს. ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევები იყო პრობლემა. ეს გემართება და არასდროს გადის. სულ მკურნალობა სჭირდება. ერთხელ რომ დაგემართება, უნდა იცოდე, რომ მომავალში მუდმივად ყურადღებით უნდა იყო. ახლაც მქონდა და რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან. გადაღლა, ემოციური ფონი, ბევრი ფაქტორია, რომელიც მასზე მოქმედებს და მერე უკვე ავადმყოფობამდე მიდიხარ. ერთი პერიოდი ძალიან კრიზისული იყო, საბედნიეროდ, გადავლახე და ამის შემდეგ ეს მდგომარეობა სტაბილურად უნდა მართო.

– ალბათ, დასაწყისი ყველაზე რთულია. მით უმეტეს, როცა ვარსკვლავური ცხოვრება გაქვს და უცებ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდები.

– პირველ სტრესს მაშინ იღებ, როცა ცუდად ხდები და ვერ იგებ, რა გჭირს. პანიკაში ვარდები, ფიქრობ, რა გჭირს. რომ გაიგებ, ეგუები. ადამიანი ასეთია, ნელ-ნელა ყველაფერს ეგუება. როცა უკვე იცი, რა გჭირს, მერე იმდენად რთული გადასაგორებელი აღარ არის.

– ამან შემოქმედებით ცხოვრებაში პაუზა გამოიწვია?

– რა თქმა უნდა, გაპაუზებს. განწყობას გიფუჭებს. ფიზიკურად არ გაქვს დრო არაფრისთვის. სხვა მდგომარეობაში ხარ, ან უნდა იწვე, ან წამალს სვამ ისეთს, რომ გთიშავს. გაფერხებს, ცოტა ხანი ცვლის შენს რეჟიმს. მე საკმაოდ დიდხანს ვიყავი ცუდად, სამი წელი. ემოციურადაც ცუდად ვგრძნობდი თავს, მერე უკვე ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა და ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. იძულებული ვიყავი, რომ წამალდამოკიდებული გავმხდარიყავი.

– იყო პროტესტი – „რატომ დამემართა ეს“?

– მე ვიცი ამის მიზეზი. პროტესტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ფიქრობ, რატომ მე? რატომ მე? მაგრამ ამაზე პასუხი არ არსებობს. ვერ გაიგებ, ვის დაემართება. ზოგადად, წინაპირობები არსებობს, რაც ამ მდგომარეობას იწვევს, მაგრამ შეიძლება, ვიღაცას დაემართოს, ვიღაცას – არა. ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ადამიანი რობოტი არ ხარ. როცა რაღაცებს განიცდი, ბევრი რამე გაწუხებს და გულთან ახლოს მიგაქვს, მაშინ უფრო გემართება ასეთი რამ. როცა „ფეხებზე გკიდია“ შენიანიც და სხვისიანიც, თუ ყველაფერს ზედაპირულად უყურებ და არ გადარდებს არც სამშობლო, არც მომავალი, არც შვილი და ასე შემდეგ, ეს არ დაგემართება.

– როგორ ცდილობ, საკუთარ თავს გაუფრთხილდე, ხელი შეუწყო, რომ ამ პრობლემის გამწვავება არ გამოიწვიო?

– პირველ რიგში, მდგომარეობის გაცნობიერებაა. შემდეგ ექიმი, წამალი. თუ არ მიაქცევ ყურადღებას, ძალიან ცუდ შედეგამდე მიხვალ, დაგღუპავს, ფატალურ შედეგს მიიღებ. ამიტომ არ ღირს ასე მოქცევა, ყურადღებით უნდა იყო და იზრუნო ჯანმრთელობაზე.

– ხშირად გვესმის ხოლმე „თავი ხელში აიყვანე“, ბევრი თვითონაც ერიდება ექიმთან მისვლას და წამლის დალევას, როგორია შენი გამოცდილება?

– არა, ეგ ბლეფია, ეგრე ადვილი რომ იყოს თავის ხელში აყვანა... მე საკმაოდ ძლიერი მკურნალობა დამჭირდა. ეგ ორგანიზმზეა დამოკიდებული. მე სხვანაირი ტიპი ვარ. არ ვიცი, ასეთი გავჩნდი. შემიძლია, ბევრი რამ გავუგო ადამიანს, ბევრი მოვისმინო და მოვითმინო, მინიშნებები გავაკეთო ჩუმად, ხმის ამოუღებლად და ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ სადღაც რაღაც ეშლება, მაგრამ თუ ადამიანი ამას ვერ იგებს, მერე უკონტროლო ვხდები. შეიძლება, ფატალურ შედეგამდე მივიყვანო, მსხვერპლი დავდო. ამ მდგომარეობამდე მივდივარ ხოლმე და ასეთ ადამიანს უბრალო წამალი ვერ მიშველიდა, თავის ხელში აყვანაზე აღარაფერს ვამბობ, შანსი არ არის. მერე უკვე ყველაზე ძლიერ ტაბლეტებს ვიღებდი. ექიმიც მიხვდა ამას. წამალი, რომლის ერთი მეოთხედი ვიღაცას დააგდებდა, მე ერთ აბს ვყლაპავდი და არაფერს მშველოდა. ასეთ დროს დიდი დოზები გჭირდება და თავი რომ ხელში ვერ აგყავს, ამიტომ არსებობს მედიკამენტი.

ის გეხმარება, მაგრამ თავი ხელში მკურნალობის შემდეგ უნდა აიყვანო. ექიმის მიუღებლობაც არ მქონია. პირიქით, ძალიან კარგი ექიმების ხელში მოვხვდი. მთავარია, ექიმმა ზუსტად გაგიგოს და მიხვდეს შენ რა გჭირდება. ერთი მედიკამენტი თუ არ გშველის, ის სწორი და შენთვის შესაბამისი მედიკამენტით ჩაგინაცვლოს.

– ოჯახი და გარემოცვა – ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს გვერდით ვინ გიდგას...

– პირველ რიგში, ოჯახი გიდგას გვერდით, ამაში გამიმართლა. თუმცა, ოჯახიც ისეთი თემაა, მისგანაც ბევრი კონფლიქტი მოდის. სად გინახავთ ყველაფერში დალაგებული ოჯახები?! კონფლიქტი, ჩხუბი და გაუგებრობა ყველგან არის, ნერვები, ემოციებია ამ პროცესში ჩართული და არავინ თქვას, რომ ასე არ არის. ერთს მეორე ემატება, მეორეს – მესამე და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ოჯახი რომ გაგიგებს, ისე სხვა ვერავინ. რომ კვდები, პირველ რიგში, ოჯახი დაგიდგება გვერდში, ამას რად უნდა თქმა.

– წლების განმავლობაში გადატვირთული რეჟიმი და აქტიური კარიერაც იყო პრობლემის გამომწვევი?

– რა თქმა უნდა. ერთ-ერთი გამომწვევი მაინც არაადეკვატური გარემოა. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება არ არის მარტივი. ყველა პროფესორია, ყველამ შენზე უკეთ იცის შენი საქმე. პურს მეპურე კი არა, მეეზოვე აცხობს, მეპურე ღობეს ლესავს და ღობის მლესავი პარლამენტში შედის. მერე შესაბამისად, მიდის ჩვენი საქმე. ადამიანი, ვინც თავის საქმე არ იცის, მოდის და შენ გასწავლის, რა და როგორ უნდა გააკეთო. „დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო“ – ზუსტად ასეთ გარემოში ვცხოვრობთ. ასეთ გარემოში რომ ცხოვრობ და შენ შენი ქვეყნის და შენი საქმის სიყვარული გაქვს, გაღიზიანებს არსებული მდგომარეობა. მავნე ადამიანს რომ ვერაფერს უშვრები, მას რომ ვერ კლავ, მერე საკუთარ თავს კლავ, ძალიან ვნებ. პერსონალურად რომც არ მეხებოდეს, ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ეს ძალიან ცუდია, ამის კონტროლი უნდა შეგეძლოს და რაღაცები „ფეხებზე უნდა დაიკიდო“. ბოლოს ავდექი და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე. თუმცა, როცა ასეთი არ ხარ, ეს ბოლომდე არ გამოგდის.

დღეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თითქოს თავიდან დავიბადე. ამდენი კონცერტი, ანშლაგი, მოთხოვნა და სიყვარული უდიდესი დოზით, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა