როგორ გაუმკლავდა ელენა ლეშკაშელი ოჯახური ურთიერთობის დასრულებას და რა შეცვალა დედობამ მის ცხოვრებაში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:25

მოდელი ელენა ლეშკაშელი თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ აქტიურ კარიერას დაუბრუნდა. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ელენა დედა გახდა. თუმცა, ჩვეულ ფორმას მალევე დაუბრუნდა როგორც ვიზუალურად, ისე საქმიანობის მხრივ.
ელენა ლეშკაშელი: მშობიარობის შემდეგ საკმაოდ ბევრი მომატებული კილოგრამი დამრჩა, დაახლოებით, 25 მაინც. აქედან 20 კილოგრამი დავიკელი და ვფიქრობ, რომ მეტის დაკლება საჭირო აღარ არის, აღარ მომიხდება (იცინის).
ჩემი გამომწერები ხშირად მეკითხებიან, როგორ დაიკელიო და ვპასუხობ, რომ სხვას არ ვურჩევ იმ გზას, რა გზითაც მე დავიკელი. ჩემს შემთხვევაში ეს, ძირითადად, შიმშილისა და სტრესის ფონზე მოხდა. როგორც ხვდებით, ეს არც ისე კარგი გზაა შედეგის მისაღწევად. ამიტომ ყველას ვეუბნები, იგივე არ სცადონ. მართალია, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ყველას ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს და ის, რომ მე კარგად ვარ, არ ნიშნავს, რომ სწორი გზით დავიკელი.
– რატომ გადაწყვიტე, ასე რადიკალური ყოფილიყავი?
– შეიძლება, ითქვას, რომ ეს სპეციალურადაც არ გამიკეთებია. ისე გამოვიდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდები მიჰყვა ერთმანეთს და ასე მოხდა.
– ალბათ, ბევრმა იცის, რომ დასრულდა ოჯახური ურთიერთობა. რა მოხდა?
– კი, დასრულდა. ყველამ გაიგო. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია ძალიან მალე გავრცელდა. ყველაფერი, რაც იყო, მართლა ძალიან კარგი და ლამაზი იყო, მაგრამ დასრულდა, იყო მესამე ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში და ურთიერთობა ამის ხარჯზე.
– ეს როდის მოხდა?
– ბავშვი შვიდი თვის იყო, ახალ წლამდე პერიოდში დავასრულეთ ურთიერთობა. ეს არ იყო შეთანხმებული და ორმხრივი გადაწყვეტილება. მეორე მხრიდან გაჩნდა დაშორების ინიციატივა და შესაბამისად, ასეც მოვიქეცით. როცა ადამიანს არ უნდა, ასე ხდება. ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მხრის ძალისხმევა არასდროსაა საკმარისი და ეს შედეგზეც აისახა.
– რთულია ამასთან გამკლავება, მით უმეტეს, როცა ახალშობილის დედა ხარ. როგორ გაუმკლავდი ემოციურად თუ ფიზიკურად?
– სხვათა შორის, ყველანაირი სტრესი საკმაოდ ადვილად გადავიტანე. იქიდან გამომდინარე, რომ შვილი მყავს, აბსოლუტური კონცენტრაცია მასზე მოვახდინე. შემდეგ კი კარიერას დავუბრუნდი და ახალ ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი. მივხვდი, საკმაოდ მყარი ფსიქიკა მაქვს, ასეთ რთულ მდგომარეობასთანაც რომ, შეიძლება, ითქვას, ადვილად მოვახერხე ადაპტაცია. არ გამჭირვებია თავის ხელში აყვანა. თან, შვილი უდიდესი ძალაა. ბავშვი რომ არა, რაღაცების გადატანა ბევრად რთული იქნებოდა.
– ვისი მხარდაჭერა დაგეხმარა ამ დროს განსაკუთრებით?
– პირველ რიგში – ოჯახის. ისინი ყოველთვის გვერდით მიდგანან და ჩემს ყველა ნაბიჯს გულშემატკივრობენ. ასევე, მეგობრების. გარდა ამისა, იმ პერიოდში ათასობით, სრულიად უცხო ადამიანი მწერდა. ჩემი ასაკის გოგონები თუ ბიჭები, ძალიან მეგობრულად მწერდნენ, სითბოსა და სიყვარულის არ იშურებდნენ. თვეების განმავლობაში უამრავი ადამიანი მწერდა, რომ მარტო არ ვიყავი, რომ გვერდით მედგნენ და გულწრფელად ვამბობ, რომ ეს ძალიან დიდი ძალა აღმოჩნდა. ვფიქრობ ხოლმე, ალბათ, ცხოვრებაში რაღაც სწორად გავაკეთე, თუ ამდენი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე-მეთქი. ამ სიტუაციაში ბევრი რამ გადავაფასე. არა მხოლოდ ეს ურთიერთობა დასრულდა, ბევრ მეგობართანაც დავასრულე კონტაქტი. ამ პერიოდში კარგად დავინახე, ვინ მედგა გვერდში და ვინ არა. სრულიად უცხო ადამიანები გვერდით მედგნენ, მაგრამ იყვნენ მეგობრები, რომლებმაც ამ პერიოდში ხმა არ ამოიღეს. ხანდახან სიჩუმე ძალიან საწყენია.
– დიდი საერთო სამეგობრო გყავდათ და არც ამ მხრივ იქნებოდა მარტივი
– კი, საკმაოდ დიდი საერთო სამეგობრო გვყავდა. სხვათა შორის, შემიძლია, ვთქვა, რომ მისი ძალიან ბევრი მეგობარი დამიდგა გვერდით და სრულიად ჩემი მხარე დაიჭირეს.
– ახლა როგორ გრძელდება ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ შვილი გყავთ?
– კი, საერთო შვილი გვყავს. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს არ იბოღმება. არავინ მეზიზღება. პირიქით, ყველას ბედნიერებას ვუსურვებ.
ამ ეტაპზე არ გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა, ალბათ, ოდესღაც გვექნება. ყველაფერს თავისი დრო სჭირდება და გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია შეძლო. ამ ეტაპზე დისტანცირებულები ვართ, მხოლოდ ოჯახები კონტაქტობენ.
– ახლა უკვე პატარაზე მოვყვეთ, როგორი ბავშვია?
– იკა უკვე წლის და სამი თვის არის. ზღვა ენერგია აქვს და ჰიპერაქტიულია (იცინის). ჩემი დროის 99 პროცენტი მას ეთმობა. მხოლოდ მაშინ ვისვენებ, როცა მას სძინავს (იცინის). მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში სწავლა განვაგრძე. ეს სემესტრი ძალიან ნაყოფიერად დავხურე, სხვათა შორის, საკმაოდ მაღალ ქულებზე. ეს იმის ხარჯზე, რომ ოჯახი მაქსიმალურად გვერდით მიდგას, ბავშვს ბებია იტოვებდა და ლექციებზე წასვლას ვახერხებდი. ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ, მენეჯმენტის განხრით. გარდა ამისა, საქმიანობასაც დავუბრუნდი და გადაღებებიც აქტიურად მაქვს. ბავშვს ამ დროსაც ბებია იტოვებს, ძიძა არ მყავს.
– როგორ შეგცვალა დედობამ?
– ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის ელენე აღარ არსებობს. მართლა აღარ ვარ ის ადამიანი, ვინც ვიყავი. დღეს საერთოდ სხვანაირად ვაზროვნებ. თუ რამეს ვაკეთებ, პირველ რიგში, დედობრივი ინსტინქტი მამოძრავებს და სულ იმაზე ვფიქრობ, ჩემი თითოეული ნაბიჯი იქნება თუ არა სწორი დედის გადმოსახედიდან და მერე ვიწყებ მოქმედებას.
– საკმაოდ პატარა, 20 წლის ასაკში გახდი დედა, გაგიჭირდა პასუხისმგებლობასთან გამკლავება?
– სამშობიაროდან გამოწერის დღიდან მარტო ვიყავი ბავშვთან და მეუღლესთან ერთად, თან მეუღლე მუშაობდა. ძალიან ადვილად გავართვი თავი და 7 თვემდე ყველაფერს დამოუკიდებლად ვახერხებდი. ბევრს ვკითხულობდი, ვცდილობდი, რაღაც ახალი მესწავლა, ყველაფერი სწორად გამეკეთებინა. ფეხმძიმობიდან მოყოლებული ასე იყო.
– რასაც მიუჩვეველი იყავი, ეს, საქმიანი კუთხით, პასიური ტემპია, რადგან ბუნებრივია, ძირითადად, სახლში გიწევდა ყოფნა.
– ძალიან რთულად შევეგუე იმ ფაქტს, რომ საქმეს მოვწყდი. თუმცა, რასაც ვაკეთებდი – იქნებოდა ბავშვის მოვლა თუ სახლის საქმეები, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებდი და ეს ფარავდა სხვა შეგრძნებებს. ამის გამო დეპრესია არ მქონია. უფრო სტრესული საქმეში დაბრუნების მომენტი იყო, ვიდრე ის პერიოდი, როცა სულ სახლში ვიყავი.
– რამდენ ხანში დაუბრუნდი საქმეს და რა სირთულეს გულისხმობ?
– დაშორების შემდეგ, მალევე გადავწყვიტე, საქმეს დავბრუნებოდი. პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ ჯერ ორსულობის და მერე პატარასთან ყოფნის გამო ჩემს სფეროში აღარ ვჩანდი, გამიჭირდა დაბრუნება, რადგან ამასობაში თითქმის ორი წელი გავიდა და ბაზარზე, რომელიც ძალიან კონკურენტულია, უკვე ახლებური მდგომარეობა იყო, ახალი მენეჯერებით, კომპანიებით, რომლებსაც არ ვიცნობდი და რომლებთანაც არ მქონდა კომუნიკაცია. ამასობაში ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. მოკლედ, კონტაქტების მოპოვება მარტივი არ არის. სამოდელო საგენტოსთანაც აღარ ვთანამშრომლობდი. საქმიანობა დავიწყე, როგორც დამოუკიდებელმა მოდელმა და თავიდან ძალიან რთული იყო. უარს არცერთ პროექტზე არ ვამბობდი, სხვადასხვა კომპანიასთან ანაზღაურების გარეშეც ვთანამშრომლობდი და ნელ-ნელა, ისევ დავაგროვე ბაზა. დღეს კვირის განმავლობაში, მინიმუმ, 4-5 გადაღება მაინც მაქვს. მნიშვნელოვანი კონტაქტები შევიძინე, კარგ კომპანიებს დავუმეგობრდი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობები გავაფორმეთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩემი საქმე მაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ ისეთ სტაფთან მაქვს გადაღება, რომელსაც ვიცნობ და ვიცი, რომ დახმარებას შეძლებენ, ბავშვიც თან მყავს. როცა უცხო გარემოში მივდივარ, მხოლოდ მაშინ რჩება ბებიასთან, მაგრამ ძირითადად, მაინც სულ ბავშვთან ერთად ვარ.
– ემოციური დედა აღმოჩნდი?
– პანიკიორი დედა არ ვარ. ვცდილობ, ყველანაირ მდგომარეობას სიმშვიდით მოვეკიდო. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეების შეცნობის პროცესში ბევრი რამის გაფუჭებასაც ახერხებს, მე მაინც მშვიდად ვუდგები (იცინის). მინდა, ჩემი მშვიდი ხასიათი მის ფსიქიკაზეც აისახოს და თვითონაც მშვიდი და გაწონასწორებული იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან