შოუბიზნესი

როგორ გაუმართლა დათუნა ტატულაშვილმა საკუთარ თავს იმედები და რა იცის მან წინასწარ საკუთარი მომავლის შესახებ

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.10

დათუნა ტატულაშვილი
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის დათუნა ტატულაშვილის წარმატებაში, როგორ გახდა ის საკუთარი თავისთვის მოტივაცია და რა აძლევს რთულ პერიოდებში ძალას.

დათუნა ტატულაშვილი: მიმაჩნია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ხშირად მივმართავ მანიფესტაციებს და იღბალსაც არ ვუჩივი (იცინის). მაგალითად, ფინანსები თუ შემომაკლდა, ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე (იცინის). მანიფესტაცია მეხმარება კარიერულ წინსვლაშიც. რაც მინდა, ყოველთვის გამოდის.

– როგორ მანიფესტირებ?

– არ გასწავლით (იცინის). რეალურად, მე ძალიან მიყვარს სპილოები და მათ პატარა ზომის ფიგურებს ვაგროვებ. სამოგზაუროდ რომ მივდივარ ხოლმე, სპილოს სუვენირი აუცილებლად ჩამომაქვს. მე მჯერა მათი ძალის. ასევე, მაქვს წარმატების ჩხირები, რომელსაც ვანთებ და მოდის წარმატება და ფინანსები (იცინის). მაქვს სხვადასხვა ფერის სანთლები, ყველას თავისი დანიშნულება და ენერგია აქვს. მანტრებს ვუსმენ და ვინმეს შესაძლოაა, ხუმრობა ეგონოს, მაგრამ ამ ყველაფერს მართლა ვაკეთებ და შედეგითაც კმაყოფილი ვარ (იცინის). ავანთებ თუ არა ჩხირებს, ერთ საათში ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ თუ ამის არ გჯერა, ძალითა და ზედაპირულიად გაკეთებულით, არაფერი მოვა. მთავარი შინაგანი რწმენაა.

– რამდენად შრომისმოყვარე ხარ?

– პროფესიაში შრომისმოყვარე ვარ, მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. ზოგადად კი, ზარმაცი ადამიანი ვარ. საქმიანობის გარდა ყველაფერი მეზარება. მაგალითად, ახლა სახლში რემონტი მაქვს და ხელოსანს რომ დავეხმარო, ძალიან მეზარება. განა არ ვაკეთებ, მაინც ვაკეთებ, მაგრამ ასეთი საქმეები მეზარება. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს ვისვენებ. როცა მართლა მაქვს დრო დასვენებისთვის, მაშინაც კი რაღაც უნდა ვაკეთო. გამორიცხულია, უსაქმოდ დავჯდე. ფაქტობრივად, არ ვისვენებ. ჩემთვის არც შაბათი არსებობს და არც კვირა. ერთი საათითაც არ შემიძლია, მოვეშვა.

– ამასთან დაკავშირებით შენები რას ამბობენ?

– ჩემები ყოველთვის უკმაყოფილოები არიან ჩემით. ჩემს ოჯახის წევრებს ჰგონიათ, რომ უფრო მეტი შემიძლია და არ ვაკეთებ. მეტს მოითხოვენ ჩემგან, რადგან კარგად მიცნობენ და იციან ჩემი შესაძლებლობები. მეც ვიცი, რომ მეტი შემიძლია და ჩემს მაქსიმუმს არ ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. ეტაპობრივად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ. საერთოდ, რასაც ჩავიფიქრებ, თუ მართლა გულით მინდა, აუცილებლად შევუსრულებ ჩემს თავს. წინააღმდეგობებს არ დავნებდები. მთავარია, ძალიან მინდოდეს, თორემ ძალით ვერაფერს გავაკეთებ.

– ყველაზე მეტი რისთვის გიშრომია?

– ამაზე არ მიფიქრია, შეიძლება, სახლისთვის, არა და არ დასრულდა რემონტი, მაგრამ არა, უფრო საკუთარი თავისთვის, განვითარებისთვის ვშრომობ ყველაზე მეტს. კარიერა ავიღოთ, არ შემიძლია, მოვეშვა და ერთ ადგილას გავჩერდე. რაც სოციალურ ქსელებში კონტენტს ვქმნი, პაუზა არ მქონია. ეს მომწონს ჩემს თავში. უფრო და უფრო აქტიური ვხდები, რადგან კარგად მახსოვს ის შრომა, რამაც აქამდე მომიყვანა და ახლა ამ ყველაფრის წყალში ჩაყრა ნამდვილად არ მინდა. მირჩევნია, ყოველდღე, თუნდაც, ერთი იუმორისტული ვიდეო მაინც დავდო. რთულ მომენტებშიც კი არ ვჩერდები. მაგალითად, პაპა ახალი გარდაცვლილი რომ იყო, მაშინაც კი ვდებდი ამ ვიდეოებს, იმიტომ, რომ ამ საქმეს სამსახურივით ვუყურებ, ძალიან მიყვარს და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. შემიძლია, საქმე და ჩემი ცხოვრებისეული სირთულეები ერთმანეთისგან გავმიჯნო, თორემ განა რთული პერიოდები არ მაქვს. საერთოდ, რადგან იუმორისტული კონტენტი მაქვს და ხალხს ჰგონია, ყოველდღე კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ზოგჯერ, ძალიან ცუდ ხასიათზე მყოფიც ვდებ იუმორისტულ ვიდეოებს, იქიდან გამომდინარე, რომ ასეა საჭირო.

– რთულ პერიოდებში როგორ ეხმარები საკუთარ თავს, რომ არ დანებდე?

– საერთოდ, უამრავი ადამიანისგან მომდის შეტყობინებები. ძალიან თბილ სიტყვებს მწერენ. როცა დეპრესიული ფონი მაქვს და ამ შეტყობინებებს ვკითხულობ, როცა ვხედავ, როგორ ვუყვარვარ ადამიანებს, როცა მწერენ, როგორ დავეხმარე ვინმეს ჩემი ერთი ვიდეოთი, მაგალითად, როგორ გამოვუკეთე ხასიათი ონკოპაციენტს და ასე შემდეგ, ეს ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს.

ამას რომ ვკითხულობ, ჩემს თავს ვეუბნები, ხედავ, რამდენ ადამიანს უყვარხარ, რამდენს აძლევ სტიმულს, ახარებ და შენ თვითონ რის გამო ხარ დეპრესიაში-მეთქი?! ასე ვაძლევ სტიმულს ჩემს თავს და უცებ გამოვძვრები ხოლმე ამ მდგომარეობიდან. ამდენ ადამიანს რომ უყვარხარ და ფაქტობრივად, „ჰეითიც“ არ გაქვს, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ასევე, მყავს ძალიან კარგი მეგობრები და ისინი მეხმარებიან განწყობის შექმნაში.

– შენთვის ვინ არის ყველაზე დიდი მოტივატორი?

– ჩემი თავის გარდა, არავინ. როცა ეს ყველაფერი დავიწყე, ყველა წინააღმდეგი იყო. მახსენდება, რომ თავიდან არავის მოსწონდა, ეგონათ, უხეშად რომ ვთქვათ, „ვცანცარებდი“, ეგ ძალიან კარგად მახსოვს და ამიტომ, ჩემი ოჯახის არცერთი წევრი ჩემი მოტივატორი აღარ არის (იცინის). მერე კი შეეცვალათ დამოკიდებულება, მაგრამ ხომ იცით, ადამიანს ასეთი რამეები არ ავიწყდება. ის მახარებს, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცე და ცუდს არაფერს ვაკეთებ, თუნდაც, უკვე რამდენი ხანია, ბიჭის მხრიდან ქალის პაროდია აღარ ტეხავს.

– უფრთხილდები საკუთარ თავს ფიზიკურ თუ მენტარულ დონეზე?

– სამწუხაროდ, არ ვუფრთხილდები თავს. ვერ ვიტყვი, რომ სამედიცინო კვლევებს ვიტარებ, რომ რამეს ვიკონტროლებ. არც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ექიმთან. მგონი, ცუდად ყოფნაზე არც უნდა იფიქრო. ასე ჯობს. ხშირად, მიფიქრია, რაღაც მჭირს-მეთქი, ეგეც დეპრესიულ მდგომარეობას მოაქვს, მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ ამ ფიქრების ჩაყოლის საშუალებას. გარშემოც ისეთი ადამიანები მყავს, ფიზიკურად არ მაცდიან ცუდად ყოფნას (იცინის). ზოგადად, ჯანმრთელობის კონტროლი საჭიროა. თუმცა, რომ არ მოვიტყუო, მშიშარა ვარ, მაგრამ ექიმთან რომ მივიდე, ამის უფრო მეშინია. ჯობს, სანამ რამე არ შემაწუხებს, იქამდე თავი შევიკავო (იცინის).

– შენი ენერგიის წყარო რა არის?

– ცოტა ხანი მარტო ჯდომა ჩემს აივანზე და თურქული ყავის მირთმევა. სულ რაღაც 20 წუთი მჭირდება ამისთვის. ამაზე დიდხანს არ შემიძლია. დასვენება არ მიყვარს. ხანდახან კი ვწუწუნებ ხოლმე, დასვენება მინდა-მეთქი, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვისვენებ. ჯერჯერობით ენერგიის ნაკლებობას არ ვუჩივი. ცოტა ხნის წინ მეგობარმა მითხრა, სულ ენერგიული როგორ ხარო, მაგრამ ვარ და იმედია, მერე უცებ თრომბი არ დამემართება (იცინის).

– როგორი ინტუიცია გაქვს და თუ გეხმარება წარმატების მიღწევაში?

– მაგარი ინტუიცია მაქვს. ვიცი, სად ვიქნები მომავალში. ბავშვობაშიც ზუსტად ვიცოდი, რომ „კომედი შოუში“ ვიქნებოდი. კომპლექსები მქონდა და ქასთინგებზე ვერ დავდიოდი, მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ ამ გუნდის წევრი გავხდებოდი. კოვიდის დროს სოციალურ ქსელში რომ გავაქტიურდი, თვითონ შემეხმიანენ და ასე მოვხვდი აქ. კიდევ ბევრი რამ არის, რაც ვიცი, რომ ამისრულდება. შეგრძნებები არ მღალატობენ. სხვათა შორის, ძალიან ეზოთერიკული ადამიანი ვარ. მაგალითად, თუ ფინანსური ჩავარდნა მაქვს, ზუსტად ვიცი, რომ მეორე დღეს მოვა ჩემთან საჭირო ფინანსები ჩხირების დახმარებით, როგორც დასაწყისშივახსენე (იცინის). მართლა ასეა. რისიც გწამს, ყოველთვის ხდება. ვიღაცას რომ ვუთხრა, ჩხირი აანთე და ფულს იშოვი-მეთქი, დამცინებს, მაგრამ მე ამის მწამს და მიხდება. ვიღაცამ შეიძლება გამლანძღოს, ეკლესიაში იარეო, მაგრამ ეკლესიაშიც დავდივარ და ჩხირებსაც ვანთებ, რა ვქნა... მე ყველაფრის მწამს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა