როგორ გამოიყვანა ბელა ნოზაძემ მეუღლე რთული მდგომარეობიდან და რით ანებივრებს მას ლაშა რამიშვილი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 01.05, 2023 წელი
ბელა ნოზაძე მსახიობ ლაშა რამიშვილის მეუღლე გახლავთ. წყვილს მრავალწლიანი და განსაკუთრებული სიყვარულით სავსე ურთიერთობა აკავშირებს, რომელზედაც ბელა თავად მოგვიყვება.
ბელა ნოზაძე: ლაშა ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია, მას დიდი სიყვარულის გაცემა შეუძლია. ჩემ მიმართ კი გამძაფრებულად და გაასმაგებულად აქვს ეს განცდები. ვერ ვიტყვი, რომ გაცნობის წუთიდანვე ასეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის სიყვარული გაჩნდა, დღემდე 18 წელი გავიდა და ეს ემოცია არ განელებია. შეიძლება ითქვას, პირიქით, უფრო ამდიდრებს ამ გრძნობას. იმიტომ კი არა, რომ მე ვიმსახურებ ამას, ალბათ, ცოტა ესეცაა, მაგრამ ლაშა თვითონ არის ბუნებით ასეთი ადამიანი, ბევრი სიყვარული უნდა გასცეს, სხვანაირად არ შეუძლია.
– ამდენი წლის შემდეგაც, არც სიყვარული გაკლიათ, არც სიურპრიზები და ასე შემდეგ...
– უთქვამს კიდეც ბევრჯერ, რომ ეს მას ავსებს. თუნდაც, თავის პროფესიაში რომ იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული, სჭირდება, რომ გასცეს სიყვარული, რომელიც გულში აქვს. რომ ვთქვა, მთლიანად სიყვარულია და მასში სხვა არაფერია-მეთქი, არც ეს იქნება მართალი. ჩვეულებრივი ადამიანია და გაბრაზებაც იცის, გაბუტვაც, მკაცრიცაა და მომთხოვნიც, მაგრამ ამ ყველაფერს წონის ის უდიდესი სიყვარული, რომელიც მასშია და მზრუნველობა ოჯახისა და მეგობრებისადმი.
– ცოტა ხნის წინ სამოგზაუროდ იყავით, ესეც სიურპრიზი იყო თუ დაგეგმილი მოგზაურობა?
– ეს დაგეგმილი მოგზაურობა იყო. ლაშას კონცერტი ჰქონდა და მეც თან ვახლდი. ასეთ მომენტებში ურჩევნია, ერთად ვიყოთ. საპასუხისმგებლო მომენტებში ძალიან ემოციურია და უნდა, გვერდით ვყავდე, რომ ცოტა გავანეიტრალო (იცინის). როცა პრემიერა აქვს, კონცერტი თუ სხვა ღონისძიება, პატარა ბავშვი ხდება. ისეთ მღელვარებაშია, ბალანსისთვის გვერდით ვჭირდები. მე შემიძლია ეს და ამიტომ ამჯერადაც თან ვახლდი.
– თუმცა, ხშირად ასეთ სიურპრიზებსაც ხომ გიწყობთ?
– კი, მაგალითად, ახალ წელს საგზური მაჩუქა ჩემი დაბადების დღისთვის და ამ დღეს პარიზში შევხვდით. არა მხოლოდ ეს, ბევრი ასეთი მომენტი ყოფილა. არ შეუძლია, უბრალოდ წავიდეს და რაღაც შეიძინოს ჩემთვის. ამას სადღესასწაულო სახე უნდა მისცეს. პირველი მანქანა რომ მიყიდა, წარმოდგენაც არ მქონდა. მსგავსი გეგმა თუ ჰქონდა ისიც არ ვიცოდი. ჩემი დაბადების დღის ღამეს მიმიყვანა ერთ ადგილას, სადაც ჩვენი ორმოცდაათამდე მეგობრის მანქანა დამხვდა ანთებული ფარებით და შუაში ჩემი მანქანა იდგა (იცინის).
– ესე იგი, საჩუქრების ჩუქებაც უყვარს და სიურპრიზის მოწყობაც არაჩვეულებრივად გამოსდის.
– გამოსდის. ეწყინება, მაგრამ ახლა პირველად გავამხელ – ხშირ შემთხვევაში, წინასწარ ვხვდები ხოლმე რაღაცებს (იცინის). ძალიან კარგად ვიცნობ და ბუნებრივია, მაგრამ მაინც ისე ვაჩვენებ თავს, თითქოს წარმოდგენა არ მქონდა (იცინის). ვიცი, რომ მასაც ძალიან უხარია და მეც, რატომაც არა, ბოლომდე ვიფერებ, რომ მოულოდნელი იყო. სხვათა შორის, რამდენიმე დღეში ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გავხდი. ბავშვებიც გაფრთხილებული ჰყავს, ვერცერთს ვერაფერი დავაცდენინე (იცინის).აქამდე უმცროსს ვათქმევინებდი ხოლმე რამეს, მაგრამ ახლა მასთანაც არაფერი გამომივიდა (იცინის). ლაშა თვითონ ისეთი სახით დადის – „უი, ახლა შენ დაბადების დღე გაქვს?“ – გაოცებული მეკითხება, ვითომ არ ახსოვს (იცინის). მე ბავშვებს მაინც ვაფრთხილებ, მამა თუ რამის ყიდვას დააპირებს, უთხარით, რომ ეს კი არა, ეს მირჩევნია-მეთქი (იცინის). ასე რომ, ამჯერად მართლა არ მაქვს წარმოდგენა და უფრო მეტად მაინტერესებს.
– გაბრაზებული ლაშა როგორია?
– ძალიან უცნაური. რადიკალურად სხვა ადამიანი ხდება. ზოგადად, ლაშა არის ადამიანი ემოცია. გაბრაზებაზე მეტად სწყინს და მერე წყენა ბრაზში გადასდის. ძალიან ბევრს გასცემს და საპასუხოდ სულ მცირედი სჭირდება. ძალიან ცოტა სწყინს და ძალიან პატარა უხარია. ფიცხია და თუ წყენა სიბრაზეში გადაუვიდა, შეიძლება, უცებ აენთოს. ამ დროს უნდა აცადო. სულ ვეუბნები ხოლმე, მიდი, ბოლი გამოუშვი-მეთქი (იცინის). მაქვს ჩემი მიდგომები, თვითონ ამბობს ხოლმე, ბელას ჯადოსნური სამი წუთი აქვსო (იცინის). ის სამი წუთი გაჩერებული ვარ და მერე ლაშაც მშვიდდება.
– სულ ასეთი ენერგიულია?
– თავის საქმეში ძალიან ენერგიულია, უზომოდ უყვარს საკუთარი პროფესია. არ იმჩნევს დაღლას და ენერგიის ნაკლებობას, მაგრამ დღის ბოლოს სახლში რომ ბრუნდება, საერთოდ აღარ აქვს ენერგია. რომ შემოვა, ვხვდები, რომ ლაპარაკის თავიც არ აქვს და მხოლოდ იმას ვეკითხები, დღემ როგორ ჩაიარა. თუ თავი დამიქნია, ესე იგი, კარგად. დღის განმავლობაში ისედაც ვიცით ერთმანეთის ამბები და ბევრი ლაპარაკიც აღარაა საჭირო. ამ დროს ძალიან სჭირდება დასვენება. ეს ბავშვებმაც იციან. დღის განმავლობაში, გარდა სამი სამსახურისა, აქტიურია ყველაფერში. ოჯახი მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ ვართ. კარგი გაგებით კონტროლს ვგულისხმობ. ყოველთვის იცის, ჩვენი შვილები რომელ წრეზე არიან, სახლში როდის და რით ბრუნდებიან, მე როგორ ვარ სამსახურში, მივირთვი თუ არა სადილი, როგორ არიან მისი მეგობრები და ასე შემდეგ. ამას დიდი ენერგია სჭირდება.
– ქართველი კაცებისგან ხშირად გვესმის, რომ ოჯახში კაცი არის უფროსი. თქვენს ოჯახში როგორ არის როლები გადანაწილებული?
– ამ თემაზე საუბარიც არ გვჭირდება, ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ხელოვნურად მიჩენილი ადგილი. ყველა ორგანულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამპლუაში. არც ბავშვებს სჭირდებათ იმის მტკიცება, რომ დედ-მამა უფროსები არიან და არც ჩემსა და ლაშას შორის არის უფროს-უმცროსობისთვის ბრძოლა. ლაშა თავისი ფუნქციებითა და ხასიათით, ენერგიითა და ძლიერებით ნამდვილად არის ოჯახის უფროსი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უფროსობას ცდილობს და ამის დემონსტრირებას ახდენს, ბუნებრივად დალაგდა ასე. ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს და ამ მოცემულობაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ.
– რომელიმე თქვენგანი თუ არის ეჭვიანი?
– კი ბატონო, ჩემსა და ლაშას შორის ლაშა არის ძალიან ეჭვიანი. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური ნდობა აქვს, ჩემთან თუ მეგობრებთან ურთიერთობაში ძალიან ეჭვიანია. რაც მისია მისია, ძალიან მესაკუთრეა. მეც ვარ ეჭვიანი, მაგრამ ზომიერად. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვიეჭვიანო, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან უტაქტო ვხდები (იცინის). ვაკონტროლებ თავს, რაც უარესია, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან ცოტას ვამბობ და ძალიან ცუდს (იცინის). მისი პროფესიიდან გამომდინარე, ლაშა სულ ყურადღების ცენტრშია. ვიცი, რომ სწერენ კიდეც, რაც მისი პროფესიის განუყოფელი ნაწილია, რასაც აბსოლუტურად ჯანსაღად ვუყურებ, მთავარია, ლაშასგან უკუკავშირი არ იყოს ძალიან ზღვარგადასულ მონაწერებზე (იცინის).
– ლაშას ნათქვამი აქვს, ძალიან ახალგაზრდულ წლებში ქალებთან ურთიერთობაში დიდი არეულობა მქონდა. ბელამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, წუმპედან ამომათრია და ჩემი ცხოვრება შეცვალაო. ეს გააზრებული ბრძოლა იყო თუ ბუნებრივად წარიმართა ყველაფერი?
– ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. მე ეს ყველაფერი არც კი ვიცოდი. ვფიქრობ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და მას ზუსტად ჩემნაირი თანამგზავრი სჭირდებოდა. მე მაშინ კიდევ უფრო პატარა ვიყავი, 17-18 წლის და ყველაფერი უნებლიეთ, ყოველგვარი გათვლის გარეშე მოხდა. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ დროს გამოვჩნდი მის ცხოვრებაში, როცა მას ეს ძალიან სჭირდებოდა და ჩვენ ერთმანეთი შევავსეთ. ეს ყველაფერი რომ გავიგე, ჩვენ უკვე შეყვარებულები ვიყავით. მერე და მერე საუბრებში მიყვებოდა რა და როგორ იყო და მეუბნებოდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვათრიე. თვითონ ამბობს ხოლმე, სამაშველო რგოლივით ხარო და ასე გამოვიდა, ერთად გამოვედით იმ მდგომარეობიდან და დღემდე მოვდივართ.
– ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდია, კრიზისულ მომენტებს როგორ უმკლავდებით?
– კი, ასეთებიც გვქონდა, ეს ყველას ოჯახში ხდება და არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისი. ალბათ, მოთმინება და ერთმანეთის მოსმენა დაგვეხმარა. ნამდვილად ძალიან რთული პერიოდები გვქონია და ამ დროს ყველაზე დიდი წამალი განმარტოება და ერთმანეთის აზრის მოსმენა მგონია. მოთმინება და მოთმინება, რაც მე დიდი დოზით მაქვს. ამას ვერ დაგეგმავ, ყველაფერში არც სხვისი გამოცდილების გაზიარება დაგეხმარება, მაგრამ როცა მეორე ნახევარს კარგად იცნობ, ზუსტად იცი, რას გამოიწვევს შენი ერთი სიტყვა, გაამწვავებს კრიზისს თუ სასიკეთოდ შემოაბრუნებს სიტუაციას და გინდა, ისევ მასთან ერთად იყო, გამოსავალსაც იპოვით.
– პროფესიით ვინ ხართ, რას საქმიანობთ?
– პროფესიით ვარ კინომცოდნე, ტელეჟურნალისტი. უკვე 14 წელია, თეატრალურ უნივერსიტეტში ვმუშაობ, თვითონაც თეატრალური მაქვს დამთავრებული. ჩემი შვილები, მეუღლე, სამსახური – ეს არის ჩემი ყოველდღიურობა.
– თქვენს შორის, რომელი უფრო ხშირად ჩხუბობს და შერიგების ინიციატორი, რომელი ხართ ხოლმე?
– მოჩხუბარიც ლაშაა და შერიგების ინიციატორიც (იცინის). მე უფრო ვიბუტები ხოლმე, ჩხუბი არ შემიძლია და ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, ვერც ვჩხუბობ. ამიტომ, ორივეს მაგივრად ლაშას უწევს ჩხუბი და მერე იცის, რომ თვითონვე უნდა გამოიჩინოს ინიციატივა შესარიგებლად, თორემ მე საერთოდ არ შევურიგდები (იცინის). ყველა ჩხუბის მერე ვამბობ ხოლმე, მე ერთი სიტყვაც არ მითქვამს-მეთქი და გიჟდება, ზუსტად ეგაა, რომ ერთი სიტყვაც არ გითქვამსო (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან