შოუბიზნესი

როგორ გახდნენ ბახვა ბრეგვაძე და ანდრო ჭიჭინაძე ერთ დღეში გადაღებული ვიდეორგოლით მადრიდის კინოფესტივალის გამარჯვებულები

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 08.08

ბახვა ბრეგვაძე
დაკოპირებულია

წლევანდელი მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართველებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა – მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე „საუკეთესო მამაკაცი მსახიობი“ გახდა, ბახვა ბრეგვაძე კი – „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი“.

– ბახვა, ძალიან კარგი ამბავია და მგონი, ამ მასშტაბის წარმატება პირველია საერთაშორისო დონეზე. მომიყევი, როგორ ემოციებში ხარ ახლა და რამდენად პრესტიჟული და მნიშვნელოვანია ჯილდო, რომელიც მიიღეთ?

ბახვა ბრეგვაძე: ძალიან, ძალიან მოულოდნელი იყო ის ყველაფერი, რაც ჩვენ თავს გადაგვხდა… „სარაჯიშვილისთვის“ გადავიღე 10 ვიდეო და ყველა ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩავიფიქრეთ, ამიტომ ჩვენ – გადამღები ჯგუფი, კმაყოფილები ვართ. ის სერია, რომელშიც ნინო კასრაძე, ანდრო ჭიჭინაძე და ნიკა მაჩაიძე მონაწილეობენ, ქრონომეტრაჟით ყველაზე ვრცელი გამოვიდა. ჩვენმა ოპერატორმა, გიორგი შველიძემ, რომელიც ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი ჯილდოს მფლობელია – ოპერატორების „ოსკარს“ რომ ეძახიან, აი, იმ ჯილდოსი და თან, ამერიკის კინოაკადემიის წევრიც არის, გვირჩია, ეს პატარა ფილმია და იქნებ, სადმე გააგზავნოთო. მე, რა თქმა უნდა, მომერიდა და არაფერი არ მოვიმოქმედე, თუმცა ფილმის პროდიუსერებმა – მარიამ ცქიტიშვილმა და ტატა თავაძემ, მაინც გააგზავნეს (იცინის). ასე მოხვდა ჩვენი ვიდეო მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინანტებს შორის, თან, 4 ნომინაციაზე: გიორგი შველიძე – ოპერატორი, ჯანგო, გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე – საუკეთესო მუსიკა, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორის ნომინაციაში – მე და საუკეთესო მამაკაცი მსახიობი – ანდრო ჭიჭინაძე. არაფრით არ ველოდით, მაგრამ გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო წარმატება, ყველა შემთხვევაში, ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა, გულწრფელად ვამბობ, რომ ანდროს გამარჯვება უფრო გამიხარდა, რადგან ძალიან ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც აუცილებლად კიდევ ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდება. ფესტივალს რაც შეეხება, თითქმის 20-წლიანი ისტორია აქვს და მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. გავიმარჯვეთ მე და ანდრომ, ანუ 4 ნომინაციიდან 2 ჯილდო მივიღეთ. თუმცა, კოსტიუმებზე, სეტსა და მუსიკაზე, ასევე, მსახიობების თამაშზე დამსწრე საზოგადოებიდან ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ.

– როგორ შეიქმნა ეს სარეკლამო რგოლი, თავის გამორჩეული ქასთით და პირადად შენ რა მოლოდინი გქონდა?

– ეს ვიდეო, როგორც გითხარი, კომპანია „სარაჯიშვილისთვის“ შეიქმნა და მისი, როგორც ფილმის, წარმატება, რა თქმა უნდა, არც გვიფიქრია, მით უმეტეს, საერთაშორისო მასშტაბით. ამ ვიდეოზე სუპერპროფესიონალები მუშაობდნენ – კადრს მიღმაც და კადრშიც. უდიდესი პატივი იყო ჩემთვის, მაგალითად, ჩემს ექსპერიმენტს ჩემი საყვარელი მეგობარი და უდიდესი მსახიობი ნინო კასრაძე რომ დათანხმდა, მენდო და მონაწილეობა მიიღო ჩვენს პროექტში. ზოგადად, ათივე სერიაში ფანტასტიკური ადამიანები მონაწილეობენ, თავისი საქმის სუპერპროფესიონალები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ლანა ღოღობერიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, თინა დალაქიშვილი, ვიკა კალანდია, გიორგი ბაბლუანი, გიორგი გიგაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ნინი ნებიერიძე, ნინო ანანიაშვილი, ნატო მეტონიძე, მანიკა ასათიანი და ასე შემდეგ.

ანდრო ჭიჭინაძე: ძალიან გახარებულები ვართ. როცა უცხო ქვეყნის პუბლიკა გაფასებს, ეს ორმაგად გასახარია, ორივესთვის პირველი ჯილდოა ამ სფეროში და ვფიქრობ, რომ ბოლო არ უნდა იყოს. ასეთ წარმატებას არ ველოდით, რადგან ეს იყო „სარაჯიშვილისთვის“ გადაღებული რგოლი, რომელიც ვფიქრობ, ბახვამ და გიორგიმ საინტერესოდ გააკეთეს. ამ რგოლის გამოსვლის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ პატარა ფილმივითაა და პროდიუსერებმაც რამდენიმე ფესტივალზე გააგზავნეს. როცა გავიგე ნომინაციების შესახებ, ვიცოდი, რომ ბახვა მოიგებდა, ჩემს თავზე ვერ წარმომედგინა. რაც შეეხება პროცესს, ერთ დღეში გადავიღეთ და ჩემთვის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამუშაო გარემო იყო. ძალიან საინტერესო და იმავდროულად, მსუბუქი. რაც მთავარია, სეტზე ყველა ბედნიერი იყო და გადასაღებ მოედანზე ასეთი აურის შექმნა ძალიან რთულია. ყველაფერი ერთად და – გამოვიდა, რაც გამოვიდა.

– ამ პროექტში ნინო კასრაძე გიწევთ პარტნიორობას და ეს არ არის თქვენი პირველი თანამშრომლობა, ფილმშიც გითამაშიათ ერთად. ამ და თქვენი მონაწილეობით სხვა ფილმებზე მინდა, ვისაუბროთ – როგორია თქვენი ფილმოგრაფია, რომელ რეჟისორებთან გიმუშავიათ და ვინ გიწევდათ პარტნიორობას?

– შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან როგორც კი უნივერსიტეტს მოვრჩი, სანამ ომი დაიწყებოდა, სულ გადაღებები მქონდა და ამ მხრივ, დატვირთული პერიოდი იყო. იმითაც ძალიან გამიმართლა, რომ გადასაღებ მოედანზე ძალიან კარგ რეჟისორებთან და ძალიან კარგ მსახიობებთან მოვხვდი – ნინო კასრაძესთან, თემიკო ჭიჭინაძესთან, იულია პერესილდთან, ევგენი ციგანოვთან, ანია ჩიპოვსკაიასთან... ეს არასრული ჩამონათვალია. რაც შეეხება რეჟისორებს – ლევან თუთბერიძე, დიტო ცინცაძე, უტა ბერია, რუსუდან გლურჯიძე, ოკსანა ბიჩკოვა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი და რეჟისორია, ყველას აღარ ჩამოვთვლი.

– როგორ დაიწყო თქვენი, როგორც მსახიობის, ისტორია – რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? აქვე, თქვენი ოჯახის წევრების შესახებაც მოვუყვეთ მკითხველს.

– არ ამირჩევია, რაც თავი მახსოვს სულ მსახიობობა მინდოდა, სხვა რამეზე არც მიფიქრია, გააზრებულ პასუხს ვერ გეტყვით. არავითარი გავლენა არ ყოფილა, პირიქით მეუბნებოდნენ, რომ არ ღირს, რადგან არ არის პერსპექტივა. დედაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ცოლიც მსახიობები არიან. ბიძაჩემს – თემიკო ჭიჭინაძეს ბევრი ადამიანი იცნობს, ჩემი წარდგენა არ სჭირდება.

– ცოტა ხნის წინ კარგი საქმე წამოიწყეთ – „სიცილით თერაპია“. მოგვიყევით დეტალები ამ პროექტის შესახებ.

– „სიცილით თერაპია“ მართლა ძალიან საჭირო და კარგი საქმეა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. ეს გულისხმობს, რომ სპეციალურად გადამზადებული მსახიობები სტუმრობენ სამკურნალო დაწესებულებებს, იმისთვის, რომ ძალიან მძიმედ დაავადებულ ბავშვებსა და მოხუცებს დაეხმარონ მკურნალობის პროცესის დაძლევაში, რაც ძალიან შედეგიანია, რადგან ეს ძალიან კარგად მოქმედებს პაციენტების გუნება-განწყობაზე და ასეთი განწყობა, თავისთავად, უკვე დადებით გავლენას ახდენს მკურნალობის პროცესზე. ამასთან დაკავშირებით უამრავი კვლევა არსებობს. ახლა მიმდინარეობს გადამზადების პროცესი და სექტემბრიდან პირველი ჯგუფი უკვე შეუდგება სამუშაოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი