შოუბიზნესი

როგორ გახდა ლილე-ბარბარე მაისურაძე „მის ევრაზიის“ საერთაშორისო კონკურსზე „მის სილამაზის“ ტიტულის მფლობელი და როდის აქცია მან გამოწვევები ძალად

№26

ავტორი: ანკა რობაქიძე 22:01 11.07

ბარბარე მაისურაძე
დაკოპირებულია

18 წლის ლილე-ბარბარე მაისურაძე, „მის ევრაზიის“ საერთაშორისო კონკურსიდან გვირგვინით დაბრუნდა.

– ბავშვობაში საკმაოდ ცნობისმოყვარე ვიყავი, მაინტერესებდა სხვადასხვა სფერო, ამიტომ დავდიოდი უამრავ წრეზე – ქართულ ცეკვაზე, ბალეტზე, სიმღერაზე და სწორედ ამის დამსახურებით, პატარა ასაკიდანვე გამოვიმუშავე დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომის უნარი. დედ-მამა დამოუკიდებელ პიროვნებად მზრდიდნენ, მუდამ ცდილობდნენ ჩემი აზრი მოესმინათ, გაეთვალისწინებინათ და თავს ყოველთვის მნიშვნელოვნად მაგრძნობინებდნენ, რისიც ძალიან მადლიერი ვარ. სწორედ ამიტომ არასდროს მეშინოდა ჩემი განცდებისა თუ აზრების გადმოცემის და საკუთარი პიროვნების დაცვის. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მყავს უაღრესად მისაბაძი დედმამიშვილები. ჩემთვის, როგორც ყველაზე პატარა დისთვის, მათი თითოეული წარმატებული ნაბიჯი სტიმულის მომცემია, რომ არ შევწყვიტო ყოველდღიური მცდელობები და ბრძოლა წარმატებისთვის.

ამჟამად ჩემი ინტრესის სფეროა განათლების მიღება და იმ გზაზე აღმასვლა, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებონდი. ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანგლისტიკის პროგრამაზე. ამასთანავე, ვმუშაობ და ვარ მოდელი. ეს უკანასკნელი კი ვფიქრობ, რომ ჩემი ნამდვილი მისწრაფებაა. ეს საქმიანობა მანიჭებს განცდას, რომ ვარ ცოცხალი, მაქვს უშრეტი ენერგია და პოდიუმზე დგომისას დარწმუნებული ვარ, რომ სამყარო ჩემს ხელშია. არ ვიცი, ეს გრძნობა სხვანაირად როგორ უნდა გადმოვცე. ამ საქმიანობისგან გამოწვეული ენდორფინებით ვიკვებები. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო ინდუსტრია საკმაოდ სტრესულია, ეს სტრესიც კი მანიჭებს ბედნიერების განცდას, რადგან ვიცი, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ, არ ვარ კომფორტის ზონაში გამომწყვდეული და საკუთარი ოცნების გზაზე დიდ ნაბიჯებს ვდგამ.

– როგორ გახსენდებათ სკოლის პერიოდი?

– ამ პერიოდში საკმაოდ მეამბოხე ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ღიად გამოვხატავდი საკუთარ აზრებს, არ მახასიათებდა უსიტყვოდ დამორჩილება, ამიტომ ვსვამდი შეკითხვებს და ვიცავდი საკუთარ პოზიციას, რაც ზოგჯერ კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნიდა. ვერ ვიტანდი და ხშირად ვუპირისპირდებოდი უსამართლობას. ჩემი ასეთი ხასიათის გამო მასწავლებლებს ეგონათ, რომ კლასში არეულობის ორგანიზატორი მე ვიყავი და ეჭვი ჩემზე მოდიოდა ხოლმე. ზოგჯერ ასეც იყო, მაგრამ არა ყოველთვის.

– როდის დაგაინტერესათ სამოდელო სფერომ?

– სამოდელო სფეროთი დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ, თუმცა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად გარკვეული დრო დამჭირდა. მინდოდა, რომ ამ სფეროში სრულიად თავდაჯერებული და მომზადებული მოვსულიყავი. როდესაც დავრწმუნდი, რომ მზად ვიყავი ახალი გამოწვევებისთვის, ჩემს თავს შემოვუძახე და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა დავიწყე. ასევე, ძალიან დამეხმარა დედაჩემი – თამარ ტაბატაძე, რომელიც ყოფილი მოდელია. ყოველთვის დიდი სიყვარულითა და აღტაცებით იხსენებს თავისი აქტიური მოდელობის წლებს, თავის მეგობრებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მისი ისტორიების მოსმენა. მან მომცა მოტივაცია, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯები და საკუთარი თავი მოდის ინდუსტრიისთვის გამეცნო.

ჩემი პირველი გამოცდილება სილამაზის კონკურსს უკავშირდება. 17 მარტს მიმიწვიეს „მის ევრაზიის“ საერთაშორისო კონკურსზე, ანტალიაში, როგორც საქართველოს წარმომადგენელი. უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, რადგან გამოვდიოდი არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ჩემი ქვეყნის სახელითაც. სწორედ ამიტომ, როგორც ქართველებს შეგვეფერება, ღირსეულად და თავდაჯერებულად წარვადგინე ჩემი თავიც და ჩემი ქვეყნის კულტურაც. ჩემი შრომისა და მონდომების შედეგად დავიმსახურე „მის სილამაზის“ ტიტული და საქართველოში გვირგვინით, ამაყად ჩამოვედი. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ამდენ გამოცდილ კონკურსანტს შორის, როგორც დამწყებმა და ყველაზე პატარა კონკურსანტმა, თანაც წარმომადგენლის გარეშე, მარტომ, უფლის წყალობით შევძელი და მოვიპოვე ეს ნომინაცია, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ამ წარმატებამ დამარწმუნა, რომ შრომა, თავდადება, მონდომება და საკუთარი თავის რწმენა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. ეს გამოცდილება იყო ჩემი პირველი ნაბიჯები მოდის სფეროში და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

– ახსენეთ, რომ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე გამარჯვებამ დიდი შესაძლებლობები გადაგიშალათ, გვიამბეთ ამ კონკურსის შესახებ...

– 17-დან 25 მაისის ჩათვლით თურქეთში, ანტალიაში გაიმართა საერთაშორისო კონკურსი – „მის ევრაზია 2026“. მე კი მერგო პატივი, ამ დონის მასშტაბების კონკურსზე საქართველო წარმედგინა. ეს ჩემში დიდი პასუხისმგებლობისა და იმავდროულად, სიამაყის განცდას იწვევდა. კონკურსი მრავალეტაპიანი იყო, პროცესი კი – ინტენსიური, რომელიც მოითხოვდა უაღრესად დიდ შრომას, დისციპლინასა და მენტალურ მზაობას. პროგრამისთვის ყოველდღე გვქონდა მოსამზადებელი რეპეტიციები, რომლებიც 4-5 საათი და ზოგჯერ მეტიც გრძელდებოდა. ამ დროს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ფსიქოლოგიური გამძლეობა, ვინაიდან მუდმივად, საათობით ქუსლებზე დგომა, მოძრაობა და დეტალებზე მუშაობა, რომ იდეალურები ვყოფილიყავით, საკმაოდ დამღლელი და სტრესული იყო. მე კი ეს სტრესიც ბედნიერების განცდას მანიჭებდა, რადგან ვფიქრობდი, რომ წარმატების გზაზე ვიდექი და ჩემი ოცნების პროფესიაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამდი. ცხოვრებას სწორედ ასეთი მომენტები ქმნის. ყველა გავდივართ რთულ და დამღლელ მომენტებს, რათა ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ სტრესული ვითარებითაც კი უნდა ვისიამოვნოთ. კონკურსში ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყვარელი ნაწილი იყო ტრადიციული კაბების ჩვენება და ფოტოგადაღება, სადაც შეგვეძლო საკუთარი ეროვნული იდენტობა და ქვეყნის კულტურა წარმოგვეჩინა. ჩემი კაბის დიზაინი ჩოხის მოტივებზე იყო შექმნილი, რომელიც დედაჩემმა და მისმა მეგობარმა საკუთარი ხელითა და დიდი სიყვარულით შემიკერეს. სიყვარულით შექმნილი სამოსის ტარებისას კი მოგეხსენებათ, მომაჯადოვებელი ენერგია დაგვსდევს თან. ძალიან მიხარია, რომ სცენაზე ასე ლამაზად, დახვეწილად წარვადგინე ეროვნული ტანისამოსი, რომელმაც უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. საქართველოს წარმოჩენა ასეთ ფორმატში განსაკუთრებული იყო ჩემთვის. კონკურსის განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა გამოსვლები პოდიუმზე, მათ შორის საღამოს კაბების გამოსვლა, რომელიც საბოლოო შოუს ნაწილი იყო და ისიც დედაჩემმა შემიკერა, მინდოდა, რომ სცენაზე მისი ხელით შეკერილი კაბები წარმედგინა. სწორედ ამ კაბაში გამოწყობილს დამადგეს თავზე გვირგვინი და გადმომცეს „მის სილამაზის“ ტიტული. ჩემთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერც კი აღვწერ. მე ვიყავი უცხო ქვეყანაში, წარმომადგენლის გარეშე, გამოუცდელი და დამწყები მოდელი ამდენ გამოცდილ და ულამაზეს კონკურსანტში. რა თქმა უნდა, ეს რეაქცია ლოგიკური იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ამას ვიმსახურებდი.

სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ საკუთარი თავი საქართველოს მოდის ინდუსტრიისთვის არ გამიცნია, ვინაიდან ჩემი პირველივე ნაბიჯები საერთაშორისო დონეზე, უცხოეთში გადავდგი. ახლა, შემოთავაზებები, ძირითადად, უცხოეთიდან მაქვს სხვადასხვა გადაღებებსა და კონკურსებზე, ამიტომ ამ ეტაპზე საზღვრებს გარეთ ვაპირებ სამოდელო მოღვაწეობის გაგრძელებას. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, საქართველოს მოდის ინდუსტრიაშიც გამოვჩნდები და მივიღებ მონაწილეობას მოდის კვირეულებსა თუ გადაღებებში.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩემი სამომავლო გეგმები ახლაც გაწერის პროცესშია, ვინაიდან ვიღებ და ვფილტრავ შემოთავაზებებს, თუმცა შემიძლია იმის თქმა, რომ ისინი სრულიად სამოდელო სფეროსა და განათლების მიღებას უკავშირდება. ახლახან მომივიდა მოწვევა და დამამტკიცეს ერთ-ერთ საერთაშორისო და მასშტაბურ კონკურსზე, სადაც 40-60 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. თუმცა კონკურსის სახელს კონფიდენციალურობის გამო ჯერჯერობით ვერ დავასახელებ. მინდა, რომ ღირსეულად წარვადგინო ჩემი ქვეყანა, ეროვნება, საკუთარი თავი და მსოფლიოს გავაცნო ჩვენი საუკუნებრივი კულტურა, ამიტომ ძალიან მალე ვიწყებ უდიდეს მზადების პროცესს და ვდგამ რამდენიმე ქართულ ცეკვას, სიმღერას, ვიკერავ ნაციონალურ სამოსს, რათა საერთაშორისო სცენაზე ჩემი სამშობლოს შესაფერისად წარვდგე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი