შოუბიზნესი

ონისე ონიანი: ბევრი ადამიანი, ვისთანაც ბავშვობიდან ძალიან ახლოს ვიყავი, ისე დაიკარგა ჩემი ცხოვრებიდან, მხოლოდ სახელი და გვარი დარჩა

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

ონისე ონიანი
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატების გზაზე და როგორია მსახიობ ონისე ონიანის დაკვირვება, ამ თემაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ონისე ონიანი: ჩემს პროფესიაში იღბალი აუცილებელია. თუ ადამიანს იღბალი არ გდევს თან, ყველაფერი გაკლდება და ვერ აღწევ დასახულ მიზნებს. იღბლის გარეშე მსახიობსაც გაუჭირდება ჩვენს სფეროში საქმიანობა. მე ჩემს თავს იღბლიანად მივიჩნევ. არაჩვეულებრივ თეატრში, არაჩვეულებრივი მსახიობების გვერდით აღმოვჩნდი, რომლებმაც ამ სფეროში გზა გამიკვალეს.

არა მხოლოდ პროფესიულად, ზოგადად, ცხოვრებისეულად იღბლიანი ადამიანი ვარ. როცა ფიქრობ, რომ პროფესიაში შემდგარი ხარ, გაქვს კარგი ოჯახი, გყავს მეუღლე და შვილები და საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობ, ეს, რა თქმა უნდა, დიდი იღბალია.

– იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში?

– შრომისმოყვარეობა აუცილებელი თვისებაა. თუ ძალიან ბევრს არ შრომობ, თუ არ ვარჯიშობ საიმისოდ, რომ პროფესიაში ცოდნა გაიღრმავო და წინ წახვიდე, მაშინ ვერაფერს მიაღწევ. მეორე მხრივ, შეიძლება, ძალიან ბევრი ვიშრომო, ვიწვალო, თავი არ დავზოგო, მაგრამ თუ იღბალი არ მაქვს, შრომა გვერდზე დამრჩება და ყველაფერი ბაც ფერებში ჩაივლის.

– რამდენად შრომისმოყვარე ადამიანად მიიჩნევთ თავს?

– თუ სტუდენტობის პერიოდს გავიხსენებ, როცა პროფესიას ვეუფლებოდი, ჩემი ხელმძღვანელი გივი სარჩიმელიძე, რომელიც მსახიობის ოსტატობას მასწავლიდა, ხშირად მეუბნებოდა, ონიანი ონისე, როგორი ზარმაცი ხარ, მაგრამ როგორ გიწყობს ყველაფერი ხელსო. მაგალითად, როცა ეტიუდი მქონდა მოსამზადებელი, წინასწარ არ მოვიფიქრებდი, მერე ყველაფერს ექსპრომტად ვაკეთებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაფერს სჭირდება შრომა. შეიძლება, ფიზიკურად არა, მაგრამ გონებრივად ნამდვილად ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს სფეროში გარკვეული ნაბიჯები გადავდგა წინ.

– ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი მცდელობა გვაქვს, არის რამე ისეთი, რაც არაერთხელ სცადეთ და ბოლოს ფარ-ხმალი დაყარეთ?

– ზოგადად, ფარ-ხმლის დაყრა არ მჩვევია. როცა რამეს ვაკეთებ, ბოლომდე მივყვები, სანამ ფინიშამდე არ მივალ. შეიძლება, მანამდე ვერც მივხვდე, გამომდის თუ არა. ბოლომდე უნდა იბრძოლო, რომ ეს დაინახო. თუმცა, თუ ჩემს ცხოვრებაში რამე მსგავს შემთხვევას გავიხსენებთ, ეს იქნება ბიზნესთან დაკავშირებული. მოგეხსენებათ, 90-იანი წლები მაქვს გამოვლილი და მხოლოდ ჩემი პროფესიიდან მიღებული ფინანსური სარგებელი ცხოვრებისთვის არ მეყოფოდა. ამიტომ შემოსავლის გასაუმჯობესებლად გარკვეული მცდელობები გვქონდა, იმიტომ რომ გადავრჩენილიყავით, იმიტომ რომ არსებობა შეგვძლებოდა. ბიზნესი ჩემი საქმე არ არის, ვცადე, მაგრამ, როცა ამას მივხვდი, მთელი ყურადღება ისევ ჩემს პროფესიას დავუთმე. მინდოდა, ჩემი საქმისგან მიმეღო მაქსიმუმი და ფინანსური თვალსაზრისითაც ჩემს პროფესიაში ვყოფილიყავი დაფასებული. ამიტომ, სხვა ყველაფერს თავი დავანებე. თუმცა, უკვე 18-წლიანი გამოცდილება მაქვს პედაგოგიკაში, სკოლაში ვასწავლი, ასევე, ვარ ტელეწამყვანი. სხვადასხვა სფეროებში მოვსინჯე თავი, ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ სხვა რამეებზე ხელი ჩავიქნიე.

– როგორი ინტუიცია გაქვთ – არის ეს თქვენი იღბალი, რაც გეხმარებათ ცხოვრებაში?

– ადამიანმა ინტუიცია აუცილებლად უნდა გააღვივოს საკუთარ თავში. ის ყოველთვის სასიკეთოდ წაგადგება. მაგალითად, მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და წინასწარ ვხვდები, რომელ მდინარეში უნდა შევცურო და რომელში არა, ანუ, რა საქმეს უნდა მოვკიდო ხელი და რას – არა. შეიძლება, ცხოვრებამაც ბევრი რამ მასწავლა და გამოცდილებაც მეხმარება, მაგრამ ინტუიციაც დიდ როლს თამაშობს. მისი დახმარებით ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ, ეს ადამიანებთან ურთიერთობაშიც მეხმარება და პროფესიაშიც. მსახიობები, პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ სიღრმისეულად ვართ ჩაფლული ფსიქოლოგიურ საკითხებში, ესეც მეხმარება ადამიანების ამოცნობაში და ვიცი, უნდა გავაგრძელო თუ არა ვინმესთან ურთიერთობა. ფსიქოლოგია, ინტუიცია, იღბალი – სამივე ერთად ძალიან მეხმარება ადამიანების შეცნობის პროცესში.

– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?

– ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით. ვიღაცები რჩებიან ჩვენს ცხოვრებაში, სხვები კი – არა. ვიღაცები ამ გზაზე ჩამოგვრჩებიან და შედარებით უკან მოგვყვებიან. ვიღაცას შენ ჩამორჩები, ვიღაცა კი ზუსტად იმავე ტემპით მოდის შენ გვერდით. ეს ბუნებრივი პროცესია და მომავალშიც ასე იქნება. ვინც რჩება, შენთან ერთად მოდის ცხოვრების გზაზე. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთანაც ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ახლოს ვიყავი, ისე დაიკარგა ჩემი ცხოვრებიდან, მეხსიერებაში მხოლოდ სახელი გვარი დარჩა, მოგონებებთან ერთად.

– ამ გზაზე რამდენად უფრთხილდებით საკუთარ თავს, ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის კუთხით?

– აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს გარშემო მყოფებს. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, ამიტომ ყველას ვუფრთხილდები, ვცდილობ, მათთან ურთიერთობაში ისეთი შეცდომა არ დავუშვა, რასაც მერე ძალიან ვინანებ.

რაც შეეხება საკუთარ მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას, მე იმ ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ საკუთარ თავზე და უფრთხილდებიან ჯანმრთელობას.

ხშირად არის მომენტები, როცა ძალიან ბევრი საქმე იყრის ერთად თავს და შესაბამისად, ყოველდღიურობაში ბევრი შრომა გჭირდება. სამსახურიდან სამსახურში დადიხარ, საღამოს სპექტაკლი გაქვს, მთელი დღე გაწერილია და ეს ყველაფერი ხანგრძლივი პერიოდი გრძელდება. შედეგად იფიტები და განტვირთვა გჭირდება. ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნო და ჯანმრთელობაზე იზრუნო, თორემ თუ შენს თავს არ მიხედავ, მერე ჩვეულ საქმეებსაც ვეღარ გაუმკლავდები. გულისხმას და საკუთარ ორგანიზმს ყური აუცილებლად უნდა დაუგდო, თორემ რაღაც მომენტში, უბრალოდ, გაითიშები და დავარდები. ორგანიზმი გაიძულებს ყურადღება მიაქციო, თუმცა კარგია, თუ ასეთ უკიდურესობამდე არ მივიყვანთ თავს.

– რთულ პერიოდებსა თუ წარუმატებელ მომენტებში რა გეხმარებათ, რომ გზა გააგრძელოთ?

– სიტუაციის რეალურად აღქმა. უნდა დააკვირდე მოვლენებს, რამაც შეიძლება, დეპრესიაში ჩაგაგდოს. ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ, ანალიზის უნარი უნდა გვქონდეს. ადამიანები ყოველთვის გამარჯვებისთვის არ ვართ მოტივირებულები. ხან დავმარცხდებით, ხან დავეცემით. როგორ წამოვდგებით ფეხზე, რამდენად მყარად, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიმყარემდე სწორედ ფიქრისა და ანალიზის უნარს მიჰყავხარ. მერე რა, თუ რთული მომენტია – შეიძლება, ერთი დღე ცუდად ვიყო, მაგრამ ბევრს ვიფიქრებ, ყველაფერს კარგად გავაანალიზებ, დავინახავ პრობლემას, დავაზუსტებ, სად ვიყავი დამნაშავე, სად – მართალი, რისი გაკეთება სჯობს ამ სიტუაციაში და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამ.

– როგორ ახერხებთ ოჯახური პრობლემები პროფესიაში და პროფესიული ოჯახში არ შეიტანოთ?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვიტყოდი, რომ აუცილებელი. როცა საქმეს აკეთებ, მით უმეტეს, 2-3 სამსახური რომ გაქვს, არაფრით არ შეიძლება, ოჯახური პრობლემები მიიტანო სამუშაო სივრცეში, თუ ამას არ გამიჯნავ, საქმე არ გამოგივა. არც ოჯახში უნდა მოიტანო სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები. ცხოვრება ასეთია, პრობლემები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ყველაფერი დავარცხნილი და გაშალაშინებული ვერაფრით იქნება, ყოველთვის ხდება რაღაც, რაც პრობლემებთან ასოცირდება, მაგრამ მისი ოჯახიდან გატანა ან სამსახურიდან ოჯახში შეტანა მხოლოდ ცუდს მოგიტანს. რთულია, თავი ხელში აიყვანო, სწორად გააანალიზო, შეაფასო და შესაბამისად იმსჯელო, მაგრამ შესაძლებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი