შოუბიზნესი

როგორ გახდა ნუცა თოფურია სასურველი სარძლო და როგორ დაიწყო მისი ცხოვრების ყველაზე მაგარი ამბავი

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 18.01, 2023 წელი

ნუცა თოფურია
დაკოპირებულია

მომღერალ ნუცა თოფურიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია. მან 22 წლის ასაკში შეძლო, სოლო ალბომი ჩაეწერა და სოლო კონცერტიც გამართა, რამაც მისი გულშემატკივრების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.

ნუცა თოფურია: ჩემი სოლო კონცერტის შემდეგ, ისრაელში, ქალაქ აშკელონში, რომელსაც ქართველების ქალაქს ეძახიან, მქონდა გასტროლი „ნიუტონთან“ ერთად. იქიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. დარბაზში აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველი ებრაელები წარმოადგენდნენ და ძალიან ემოციური, ნამდვილი კონცერტი გამოვიდა.

- ცოტა ხნის წინ, პირველი ალბომი ჩაწერე და სოლო კონცერტიც გქონდა. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- ყველაფერი „მხოლოდ ქართულიდან“ დაიწყო... ადამიანი, ვინც მე დამასპონსორა, საქართველოში, როგორც ქველმოქმედი, ძალიან ბევრ კულტურულ ღონისძიებას ასპონსორებს ამ სფეროს განვითარებისთვის. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რომელიც მოულოდნელად დამატყდა თავს.

მას „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი ტური უნახავს და ჩემი ალბომისა და სოლო კონცერტის დაფინანსება გადაუწყვეტია. როდესაც ზაზა შენგელიამ შეხვედრაზე დამიბარა, წარმოდგენა არ მქონდა, იქ რისთვის მივდიოდი (იცინის). ხუთი ადამიანი დამხვდა მოსმენაზე, ვმღერი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის ან ეს ადამიანები ვინ არიან. ზაზამ მითხრა, მიდი და შენი მაქსიმუმი გააკეთეო. თვალები დავხუჭე და სიმღერა დავიწყე, ასე ვიყავი სიმღერის დასრულებამდე. მერე იყო გარკვეული საუბრები, მაგრამ კონკრეტულად, ისევ არაფერი უთქვამთ. მხოლოდ მეორე დღეს დამირეკა ზაზამ და მითხრა, მოემზადე, შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდებაო (იცინის). თან, მართლა საოცარი პროფესიონალები შემოიკრიბნენ ჩემი პირველი ალბომის გარშემო. ვხვდები, რომ ყველაფერში ძალიან გამიმართლა.

- აქტიურად წერდნენ, რომ ეს ყველაფერი შენმა თაყვანისმცემელმა დააფინანსა. ასეა?

- არა, როგორც გითხარით, ეს ადამიანი ძალიან დიდი გულშემატკივარია ქართული კულტურის და ძალიან ბევრი კულტურული ღონისძიების სპონსორია. ჩემი პროექტიც საქველმოქმედო ხასიათისაა. ეს ადამიანი საპასუხოდ არაფერს ითხოვს. ის ჩემს თაყვანისმცემლად პრესაში მოინათლა, რეალურად, მსგავსი არაფერია. გამოვიდა, რომ ფულიან თაყვანისმცემელს დავაფინანსებინე ალბომი, როდესაც მსგავსი არაფერია. ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან უხერხულია.

- ახლა რეალურ თაყვანისმცემლებზე მოვყვეთ, რომელთა სიუხვეც სოციალურ ქსელშიც კარგად იგრძნობა. როგორ გამოხატავენ შენდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას?

- სხვადასხვანაირად (იცინის). ზოგი ზედმეტ ყურადღებას იჩენს, ზოგი თვითონ არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, ვისი გაკეთებულია. როდესაც საჩუქრებს მჩუქნიან, როცა ვიცი, რომ ადამიანი ტყუილად იხარჯება, ანუ, ურთიერთობას პერსპექტივა არ აქვს, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ - არ მიყვარს ასეთი საჩუქრის აღება. ყველა იტყვის, რატომაც არა, ეს ხომ ძალიან სასიამოვნოაო... ზოგჯერ უხერხულობასაც იწვევს უარი, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ, როცა ვიცი, ამ ადამიანთან ურთიერთობას პერსპექტივა არ აქვს, მისგან თავს შორს ვიჭერ. ჩემთვის გამაღიზიანებლები არიან გოგონები, რომლებიც ადამიანებს იყენებენ.

- პირდაპირ არას ეუბნები?

- დიახ. უხეშად შეიძლება არ ვუთხრა, მაგრამ ჩემი ქცევით, იუმორითა და ასე შემდეგ, ვაგრძნობინებ ჩემს დამოკიდებულებას, მივახვედრებ, რომ ტყუილად დრო არ დაკარგოს.

- რომ შეგიყვარდეს, ამისთვის რა არის საჭირო?

- ვერ ვიტყვი, ბიჭმა რამე კონკრეტული უნდა გამიკეთოს იმისთვის, რომ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდეს. ისეთი უნდა მომეწონოს, როგორიც არის. მით უმეტეს, საჩუქრებისა და სიურპრიზების მოწყობა არ მჭირდება ადამიანის შესაყვარებლად. სულ მეკითხებიან, როგორი ბიჭი მოგეწონებაო, მაგრამ ასე კონკრეტულად, ვერაფერს ვიტყვი. მგონია, რომ, როცა დავინახავ ადამიანს და გავიცნობ, მერე მივხვდები, ის არის თუ არა. მე ამის მჯერა.

- ერთადერთი და ზღაპრული სიყვარულის არსებობის გჯერა?

- აუცილებლად მჯერა. მე ძალიან რომანტიკული ვარ. არსებობს თუ არა, მთავარია, რომ მე მჯერა. მგონია, რადგან მჯერა, რეალურადაც ზღაპარში და რომანტიკულ გარემოში ვიცხოვრებ. როცა გჯერა, გარემოსაც შესაბამისს იქმნი, თან, მე შემიძლია, ისეთი გარემო შევიქმნა, როგორისაც მჯერა. რაღაც ცუდიც რომ ხდება, ყოველთვის ვამბობ, არა უშავს, ამას აუცილებლად კარგი მოჰყვება-მეთქი. ძალიან ძლიერი და მყარი ფსიქიკა მაქვს. ზოგჯერ ისეთ რთულ მდგომარეობაში მითქვამს, არა უშავს, ყველანი დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რომ გაოცებულან. ეს ჩემი ხასიათია. ადამიანებს ისედაც არ აკლიათ პრობლემები და შენ დამატებით არ უნდა შექმნა. ყველანაირად ვცდილობ, სასიამოვნო გარემო შევქმნა და მგონია, რომ კარგი შედეგიც მაქვს (იცინის).

- სასურველი სარძლოს ტიტული მოიპოვე...

- ეს რომ მითხრეს, სიცილისგან ვკვდებოდი (იცინის). გულწრფელად რომ ვთქვა, ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ ალბათ, სასიამოვნოცაა.

- ბიჭების გარდა, ალბათ, მათი დედები და ბებოებიც ხშირად აქტიურობენ, არა?

- ბევრჯერ ყოფილა ასეთი სიტუაცია. უსაყვარლესი ქალები რომ გიყურებენ, გიყურებენ და გეუბნებიან, ძალიან კარგი ბიჭი მყავს, კარგი დისშვილი მყავს, ჩემი ბიძაშვილის შვილი ისეთი კარგი ბიჭიაო. რაიონებში მიყვარს ყველაზე მეტად კონცერტები. იქ საოცრად გულწრფელი ადამიანები გხვდებიან, მართლა მთელი გულით რომ გიყვარებენ. ერთხელ, ერთი ბებო მოვიდა და გვეუბნება, ჩემთან წამოდით, კარგად უნდა გაჭამოთ, ნუცას განსაკუთრებით, ძალიან კარგი მეზობლის ბიჭი მყავს და უცოლოდ დადისო. ასეთი შემთხვევა, არ ვაჭარბებ, ძალიან ბევრჯერ მქონია (იცინის). ცოტა ხნის წინ ჩემი დაქალის მეგობრები გავიცანი და ჩემზე უთქვამთ, ეს რა კარგი ცოლი იქნებოდაო (იცინის). არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს, მაგრამ ასე შემაფასეს (იცინის).

- ესე იგი, დიდზეც და პატარაზეც, ქალზეც და ბიჭზეც, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებ და დადებითი ემოციები აკავშირებთ შენთან.

- კი, კი ამას ვგრძნობ და ალბათ, აქედან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ ჩემზე თქვას, ვაიმე, როგორ შემხვდა, რა რაღაცნაირი გოგოაო. ვინმემ თუ რამე ცუდად თქვა, ძალიან განვიცდი. ხომ შეიძლება, რამე სწორად ვერ გაიგონ და ნეგატიურად შემაფასონ, ეს ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ვერ წარმომიდგენია, რატომ ან როგორ უნდა ვაწყენინო ადამიანს - იმდენი აღიქვამს ჩემს ხასიათს სწორად, იმდენად კარგად ხედავენ, რომ ჩემში ნეგატივი არ არის, ძალიან განვიცდი თუ ვინმეს მცდარი აზრი ექმნება. საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად მქონია ასეთი შემთხვევა.

- დაბოლოს, ახლა ხარ შეყვარებული?

- შეყვარებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ქალს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ობიექტი, ვინც მოსწონს, ვისთვისაც იპრანჭება, ვის გამოც განსაკუთრებულ ხასიათზეა და ჩემს ცხოვრებაშიც არის ასეთი ადამიანი, მაგრამ ჯერ მეტს ვერ ვიტყვი. თუ მომწონს, სერიოზულად უნდა მომწონდეს, რომ ამას გაგრძელება მოჰყვეს. „ცოტა ხანი გავერთობი“ - მე ასე არ შემიძლია. სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, რომ მომწონს, სანამ არ გავიგებ, როგორი ადამიანია, მანამდე არავის არაფერს ვაგრძნობინებ. თან, შორიდან ვაკვირდები სხვებთან ურთიერთობაში, თორემ ჩემთან შეიძლება, იდეალური და ანგელოზი იყოს. ამიტომაც უნდა დააკვირდე შორიდან სხვადასხვა სიტუაციაში და მეც ამ დაკვირვების პროცესში ვარ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი