შოუბიზნესი

როგორ გახდა ნინო თოლორდავა მეორედ დედა 24 წლის შემდეგ და როგორ ნახულობდა ის ცხრა თვის განმავლობაში სიზმარში მომავალ შვილს

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.09

ნინო თოლორდავა
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, 24 წლის შემდეგ, მეორე შვილის დედა გახდა. მისი და გიორგი დავითაიას შვილი ქვეყანას ცოტა ხნის წინ მოევლინა. რეალობად ქცეულ ოცნებასა და ამით გამოწვეულ დიდ ემოციებზე ნინო თავად მოგვიყვება.

ნინო თოლორდავა: როგორც კი ჩემი შვილი დავინახე, მაშინვე ეიფორია დამეუფლა და ამ დრომდე იმავე მდგომარეობაში ვარ. ეს ენით აღუწერელი ემოციაა – შინაგანი შფოთი, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთად ახლავს.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს პირველი და მეორე შვილის ასაკებს შორის სხვაობა 24 წელი იქნებოდა. ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას.

– ეს ყველაფერი ფილმის სცენარს ჰგავს...

– მართლა ასეა. მე ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ეს არ იყო ერთი, სამი ან ხუთი წლის სურვილი. ამიკო რომ დაიბადა, ალბათ, ოთხი წლის იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა მეორე შვილი. ეს ჩემ გარშემო ყველამ იცოდა: მეგობრებმა, ნაცნობებმა, ახლობლებმა, აბსოლუტურად ყველამ. ვოცნებობდი მეორე შვილზე, მაგრამ არა და არ დგებოდა ეს ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება და თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ შეიძინა აზრი.

ბავშვი მე და ჩემს მეუღლესაც დაგვეხმარა, სიახლეები აღმოგვეჩინა ერთმანეთში – ისეთი თვისებები, რომლებიც აქამდე, თითქოს, უხილავი იყო. მან კიდევ უფრო დაათბო ჩვენი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება.

– გადაწყვიტეთ, თქვენი პატარა ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოვლენოდა. ამ ნაბიჯის გადადგმას, ალბათ, ბევრი ფიქრი და დაკვირვება დასჭირდა.

– კი, მაგრამ მთავარია, რა მიზნისკენ მიდიხარ. როცა გინდა, მეორე შვილი გყავდეს და შენს გადაწყვეტილებაში მტკიცე და ძალიან ძლიერი ხარ, მაშინ ყველაფერი გიმარტივდება.

– როგორი იყო ეს ცხრა თვე?

– მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.

ვიცოდი, რომ ამ ასაკში ეს მოლოდინი სულ სხვა ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ რეალურად ეს ემოციები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ ვხედავ ჩემი 20 წლის ოცნება რეალობა გახდა, ვერც აღვწერ, რას ვგრძნობ.

– ალბათ, პასუხისმგებლობაც სხვაა...

– ალბათ, ამიტომაც ვღელავდი ცხრა თვე ყველაფერზე. ხომ ორი თვალი და ორი ფეხი ექნება, ხომ კარგად იქნება – ისეთ რამეებზე ვღელავდი, ძალიან ელემენტარულსა თუ მნიშვნელოვანზე, რაზეც წესით, არ უნდა იფიქრო. ვამბობდი, ოღონდ დავინახო და ჯანმრთელი იყოს-მეთქი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება და ჩემი თადა ერეკლე ზუსტად ისეთი დაიბადა, როგორზეც მიოცნებია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმდენად ლამაზია, ასეთზეც არ მიოცნებია (იცინის).

– რაზე შეთანხმდით, ვის ჰგავს?

– ამაზე სულ დავა გვაქვს. ზოგი მეუბნება, გადაჭრილი შენ ხარო, ზოგი გიორგის ამსგავსებს. პირადად მეც უფრო გიორგის ვამსგავსებ. თავის ფორმით, ტუჩებით, თვალებით მას ჰგავს. გიორგი მე მამსგავსებს და საბოლოოდ ვერ შევთანხმდით, თუმცა ბოლოს ვთქვით, რომ ორივეს გვგავდა (იცინის).

ახლა მე და გიორგი ვსხედვართ და ვსაუბრობთ ხოლმე, რას ვაკეთებდით თადა ერეკლეს გარეშე, როგორ ვცხოვრობდით. გიორგი მარტივად მპასუხობს: უბრალოდ, კარგად გვეძინაო (იცინის). მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო, ვეღარ წარმოგვიდგენია, მის გარეშე რას ვაკეთებდით.

– რამდენიმე წლის წინ, ბებია გახდი და პატარას მოვლასთან დაკავშირებით რეპეტიციაც გაიარე.

– მე იმ დოზით არ ვიყავი ჩართული ჩემი შვილიშვილის აღზრდაში, როგორც მაგალითად, ახლა დედაჩემია ჩართული თადა ერეკლეს აღზრდაში, როგორც იყო ამიკოს აღზრდაში ჩართული. როგორც არიან რეალურად ბებიები. თადა ერეკლეს ორივე ბებია, დედაჩემიც და მეუღლის დედაც, ორივე თავიდან ბოლომდე მონაწილეობენ მის აღზრდაში. სამწუხაროდ, მე ამ დოზით არ ვმონაწილეობდი ჩემი შვილიშვილის აღზრდაში. ნოა იზრდება დედის დედასთან, არაჩვეულებრივ ქალბატონთან და გამოდის, რომ მე შვილიშვილთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, ისევ და ისევ, ჩემს 24 წლის წინანდელ გამოცდილებას თუ გავიხსენებ.

ჩემი შვილი დიდია, გიორგის შვილებიც 20 და 16 წლისები არიან, თადა ერეკლე კი ძალიან პატარაა და შესაბამისად, დიდხანს იქნება ჩვენთან, ამაზე ფიქრი ძალიან გვახარებს (იცინის).

– უფროსი შვილის ემოციებზეც მინდა ვისაუბროთ...

– ზოგადად, ამიკო ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია. თადაზეც ისე ზრუნავს, როგორც შეუძლია. თითქმის, ყოველდღე მოდის და მცირე წვლილი მაქვს მის აღზრდაში. თუ ძიძა არ არის და ბებიებიც არ არიან, როცა მხოლოდ მე ვარ, ძალიან მეხმარება. მეუბნება, ნოა და თადა მეგობრები იქნებიანო. მათ შორის სამი წელია სხვაობა, მაგრამ ალბათ, რამდენიმე წელიწადში ეს სხვაობა ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

– შვილიშვილი რომ შვილზე უფროსია, ალბათ, ესეც განსაკუთრებული შეგრძნებაა...

– ესეც მართლა საოცარია. ზოგადად, ეს ისტორია, რაც ჩემს თავს ხდება, მართლაც ფილმის სიუჟეტივით არის. გამიგია სხვა შემთხვევებიც, რომ ბებიას შვილიშვილის დაბადების შემდეგ გასჩენია შვილი, ხდება ასე, მაგრამ იშვიათად. ეს ისტორია ძალიან მომწონს.

– სახელი როგორ შეურჩიეთ პატარას?

– მე ძალიან მინდოდა, ბავშვისთვის ერეკლე დამერქმია. გიორგი ბოლოს თადაზე შეჯერდა. მთელი ცხრა თვის განმავლობაში ამაზე ვდაობდით. მე ვამბობდი, რომ ერეკლე უნდა დაგვერქმია, გიორგი ამბობდა, არა, თადა დავარქვათო. მოკლედ, დიდი ბრძოლა გვქონდა (იცინის). ბოლოს, მოვილაპარაკეთ, რომ ორივე სახელი დაგვერქმია. სხვათა შორის, ეს სახელი ძალიან მომწონს. ახლა ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ვერც წარმომიდგენია თადა ერეკლეს გარდა სხვა სახელი ერქვას.

– როგორი ხასიათის ბიჭია?

– სხვათა შორის, ძალიან მშვიდია – სძინავს და ჭამს (იცინის). ახლა ნელ-ნელა ზრდის სიფხიზლის პერიოდს. მე და ჩემი მეუღლე მთელი დღეები ვესაუბრებით.

– მეუღლე რამდენად აქტიური მამაა?

– მეუღლე ძალიან კარგი მამაა. ზოგადად, უფროს შვილებთან ურთიერთობაში ვხედავდი, რომ გიორგი ფანტასტიკური მამააა და თადა ერეკლესთანაც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. ღამე ძალიან მეხმარება. მე, მაქსიმუმ, სამ საათამდე გავძლო, მერე მეძინება. თან, ძალიან ღრმა ძილი მაქვს და ბავშვის ტირილზე არ მეღვიძება. შესაბამისად, გიორგის სამ საათამდე სძინავს, შემდეგ დგება და დილამდე უვლის ბავშვს.

ზოგადად, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არცერთ ასაკში არ არის შვილის გაჩენა გვიან. ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს ამ უდიდეს ბედნიერებას საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტიგმების გამო. თუ ოდნავი შანსი მაინც გაქვთ, ჩაებღაუჭეთ მას და ყველაფერი გააკეთეთ ამ ბედნიერების შესაგრძნობად. ეს ემოციები შეუფასებელია და ვერაფერს შეადარებ. ორნი ვიყავით, ახლა პატარა ადამიანი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეგვაკავშირა, ჩვენი სიყვარული გააძლიერა და შეიძლება ითქვას, რომ მე და გიორგის კავშირი ახლა ნამდვილად არის ოჯახი. ასე ვიცით, ასე გავიზარდეთ და ასე გვინდა, რომ ოჯახს აუცილებლად უნდა აკავშირებდეს ერთი პატარა მაინც. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– უკვე მონათლეთ, თან პატრიარქის ნათლულია.

– ასეა. გიორგისთვის თადა ერეკლე მესამე შვილია, ჩემთვის – მეორე. საპატრიარქოში ვიკითხე და მითხრეს, რომ შესაძლებელი იყო, პატრიარქს მოენათლა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, ამიტომ სასწრაფოდ მოვნათლეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა