ნუგზარ კვაშალი: იქ იყო ხუთჯერ მეტი თანხა, ხუთჯერ მეტი გასტროლი, მაგრამ ვამაყობ, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
ნუგზარ კვაშალის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ნუგზარ კვაშალი?
ნუგზარ კვაშალი: პირველ რიგში, მუსიკოსი. მე ვარ თბილისელი ადამიანი, რითაც ძალიან ვამაყობ. ვარ ადამიანი, რომელიც ჩემს სიმართლეზე, სიყვარულსა და სიკეთეზე ვდგავარ, ვიდექი და ყოველთვის ვიდგები.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მინდა, რომ ბავშვთა საავადმყოფოები საერთოდ არ არსებობდეს, ყველა ბავშვი ჯანმრთელი უნდა იყოს.
საოცნებოა კარგი შთამომავლობა – კარგად აღზრდილი და ჭეშმარიტად ქართველი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ასე შემდეგ.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– საკმარისად ემოციური ვარ. შეიძლება, უცბად გავცოფდე, მაგრამ ასევე, უცბად, „გამოვცოფდე“ (იცინის). თუ ადამიანი სისულელეს გააკეთებს, მაშინ მემართება ასე. როცა კაცმა იცის, რომ რაღაც არ უნდა გააკეთოს და მაინც აკეთებს, ამაზე ვცოფდები.
რაც შეეხება გულჩვილობას, თემური კი მღეროდა, გული არა ბერდებაო, მაგრამ გულიც ადამიანის ისეთივე ორგანიზმია, როგორიც ყველა დანარჩენი და ისიც იწყებს დაბერებას. ჰოდა, როცა ეს ხდება, გულჩვილობაც შემოგეჩვევა. ასაკში რომ შედიხარ, ყველაფერს უფრო სენსიტიურად აღიქვამ. მაგალითად, პატარა ბავშვი რომ მოვა და ჩაგეხუტება, მაშინვე ცრემლები მოგდის. კარგ ქართულ სიმღერას რომ მოისმენ და აიფოფრები, აი, ეს არის გულჩვილობა და რაც უფრო შედიხარ ასაკში, მით უფრო მატულობს.
– როდის გიტირიათ ბედნიერებისა და მწუხარების ცრემლით?
– ეგეც ასაკთანაა კავშირში. დრო გადის და მეგობრები მიდიან. რომელზე უფრო მაგრად ვიტირე, ნამდვილად არ მახსოვს. სხვათა შორის, ცოტა ამაყი ვარ და არ მიყვარს ცრემლების გამოჩენა. არ მსიამოვნებს, სხვამ ამ მდგომარეობაში დამინახოს. ამიტომ, რამდენადაც შემიძლია, გულში ვიკლავ. ალბათ, ეს ცუდიც არის, ჯობს, გამოხატო.
ერთ რამეს მივხვდი, მშობელი რომ მიდის, გული ძალიან გტკივა, მაგრამ ცხოვრების წესი გკარნახობს, რომ ეს ასე უნდა იყოს. ღმერთმა ყველა დაიფაროს შვილის წასვლის ტკივილისგან. ეს როგორი ტკივილია, არ ვიცი... რასაც მე შვილმკვდარ მამებს ვუყურებდი, რასაც მე განვიცდიდი, ამაზე მძიმე რა უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვერ მიხვდები, რა ტკივილს განიცდის ამ დროს ადამიანი. სამწუხაროდ, მივხვდი რა ტკივილია დედ–მამიშვილის წასვლა. თითქოს, რომელიღაც ორგანო გამომგგლიჯეს სხეულიდან. ვისაც არ აქვს გამოცდილი, ვერ გაიგებს სხვის ტკივილს.
ბედნიერების ცრემლები? – ესეც ყოველთვის დამალული მქონდა. ხანდახან თუ წამსკდებოდა უცბად ემოცია და ცრემლებს გადმოვაფრქვევდი... წივილი, კივილი და ბღავილი უფრო ბედნიერებისას შემიძლია. როცა რაღაც კარგი ხდება, მთელი ძალით ვყვირი, ისე, რომ შეიძლება, საკუთარი თავი დავაყრუო.
– რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– პრიცნიპში, არაფერს. ერთი მცდარი ნაბიჯის წინაშე ვიდექი. არ იყო ძალიან ცუდი ნაბიჯი, ერთი ანსამბლიდან მეორეში გადასვლას ეხებოდა საქმე. როცა მეგობრულ ანსამბლში ხარ და იცი, რომ მან უნდა გაიმარჯვოს და ხალხის საყვარელი ანსამბლი გახდეს, რაც შეძლო კიდეც „ივერიამ“, ეს ბევრს ნიშნავს. კინაღამ შევცდი და სხვა ანსამბლში გადავედი. არ ვიცი, ინტუიციისა თუ რა მიზეზის გამო, მაგრამ ეს არ გავაკეთე და დამიფასდა კიდეც, როგორც ანსამბლის, ისე ჩემი ბიჭების მხრიდან. სხვათა შორის, იმ ანსამბლის მხრიდანაც, სადაც უნდა გადავსულიყავი. მათაც მითხრეს, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ, რომ მათ არ უღალატეო. ამ დროს იქ იყო ხუთჯერ მეტი თანხა, ხუთჯერ მეტი გასტროლი და უკეთესი ვარიანტი ჩანდა, მაგრამ ვამაყობ, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგი.
მას შემდეგ სულ კარგი ნაბიჯებით დავდივარ, როგორც „ივერიის“ ერთ-ერთი წევრი. ეს სახელი ისეთია, რომ მისი ღალატი არ შეიძლება, არც მისი დამარცხება შეიძლებოდა. ამიტომ „ივერია“ ყოველთვის გამარჯვებული იყო. არასდროს უთქვამს ვინმეს, ეს რა ჩაიდინესო, რადგან ანსამბლი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, სამშობლოს მოყვარული.
– ნეტავ გამეკეთებინა – ეს ფიქრი თუ გაქვთ რამესთან დაკავშირებით?
– ერთს კი ვიტყვი – ნეტავ გამეკეთებინა უფრო მეტი შვილი (იცინის). ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო ადამიანმა. ორი ბიჭი მყავს და მინდოდა, კიდევ ორი გოგო მყოლოდა. მეტი არაფერი, ბედნიერი კაცი ვარ, რომ სინანული არ მაქვს. ზოგი იტყვის, ნეტა ცოლი საერთოდ არ მომეყვანაო. არა, არავითარ შემთხვევაში! პირიქით, 53 წელია, ერთი ქალბატონი მყავს მეუღლედ და ერთმანეთს ნერვებს ვუშლით (იცინის).
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– მაგის მეტი რა იყო. ხომ იცით, ცოტა თავი უნდა დაიფასო კაცმა პაემანზე რომ მიდიხარ. თან, ჩემი მეუღლე დიდუბელი იყო და დიდუბელები ცოტა მემუქრებოდნენ, მოხვალ და დავილაპარაკოთო. ერთ მშვენიერ დღეს, კინო „კოსმოსთან“ დავუნიშნე პაემანი. წავედი, იები ვიყიდე, ტაქსით მივუახლოვდი, დავინახე, დგას და მელოდება. არ მივედი, პირდაპირ სახლში წამოვედი, მაგრამ რატომ, არ ვიცი (იცინის). მობილური მაშინ არ იყო, რომ დაერეკა და ველანძღე (იცინის). მერე უკვე აღარ ჩამიდენია ეგეთი სისულელე (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს გამარჯვებად და მარცხად?
– ორივეს ერთ ადამიანს, ალექსანდრე ბასილაიას დავუკავშირებდი. ამ ადამიანის გვერდით მთელი ცხოვრება გავატარე. ლეგენდარული პიროვნება იყო. ამ ანსამბლში რომ მივედი, ეს ჩემთვის უკვე ძალიან დიდი გამარჯვება იყო. ამ ნიჭიერ ადამიანთა შორის რომ აღმოვჩნდი, ეს უბრალო საქმე არ იყო. არ მინდა თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ რატომაც არა, ვიტრაბახებ და ვიტრიპაჩებ კიდეც, ალბათ, ნიჭიერი ვიყავი და ამ ადამიანმა მომცა საშუალება ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა.
მარცხი ის იყო, რომ ბოლომდე არ ვუჯერებდი ბასილაიას. უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცოტა ვზარმაცობდი. ანსამბლს ყოფნის ის, რასაც მე ვაკეთებ ანსამბლისთვის-მეთქი, ვფიქრობდი. როგორც სოლისტი და დამოუკიდებელი შემოქმედი, ეს მე არ შემიძლია, არ მინდოდა. მერეც, ვარსკვლავები რომ გაიხსნა, ანსამბლის ვარსკვლავის გარდა, ზოგმა ინდივიდუალური ვარსკვლავიც მოინდომა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მე ვიყავი ანსამბლ „ივერსიის“ წევრი და ის დიდი ვარსკვლავიც ამ ანსამბლის დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად კარგი და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?
– სანამ მე და ვახო ჯუჯები გავხდებოდით, მანამდე იყო ინტრიგები ქალების მხრიდან, მაგრამ ჯუჯობის შემდეგ, ყველაფერი კეთილად და ლამაზად ისმის. ალბათ, ჯუჯებზე არ შეიძლება ცუდის თქმა. ყველას ვუყვარვართ. შვილიშვილებს რომ თავი დავანებოთ, ბებიებს ვუყვარვართ. ჩვენ რომ ჯუჯობა დავიწყეთ, დღევანდელი ბებიები ბავშვები იყვნენ (იცინის).
მიკვირს კიდეც, ყოველთვის კარგს ლაპარაკობენ. ადრე, წლების წინ, სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ქილიკი გავიგე. არადა, ვუყურებ, ვაკვირდები და ძალიან ბევრ ცუდს ამბობენ ხან ვისზე, ხან კი ვისზე. დღესაც ვაკვირდები, პოლიტიკურადაც – ჟურნალისტები მივლენ სხვებთან, მე ჩვეულებრივად გავივლი. ეტყობა ვუყვარვარ, გრძნობენ ჩემს სიკეთეს და არ უნდათ კეთილი ადამიანის სახე დავკარგო.
– რისი გაკეთება გიყვართ ყოველდღიურად პროფესიული საქმეების მიღმა?
– ეგეც ასაკს უკავშირდება. სახლში, შვილიშვილებთან ერთად ყოფნა მიყვარს. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბავშვებთან ერთად ყოფნა, მათებური თამაშები, ფაზლების, კუბიკების აწყობა და ასე შემდეგ. ეს ისეთ სიამოვნებას მანიჭებს, როგორც მაგალითად, ადრე, გიტარაზე დაკვრა. ახლა ოჯახთან ერთად ყოფნა და გემრიელი კერძების დაგემოვნება ყველაფერს მირჩევნია. სახლის საქმეების კეთებაც მიყვარს, ლურსმნის ჩაჭედებაც ვიცი და შალაშინის გამოყენებაც (იცინის). უამრავი ინსტრუმენტი მაქვს, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, სიფრთხილეს ვიჩენ და მირჩევნია, მეგობარს ვთხოვო დახმარება.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– 2008 წელს, აგვისტოში. მაშინ, როცა თბილისთან ახლოს ბომბი ჩამოვარდა. ვერ აღვწერ ამ გრძნობას. კიდევ რომ განმეორებულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა. ეს შიშის დასათესად იყო გაკეთებული. შიშით ცხოვრებას კი მართლა ყველაფერი სჯობს. იმას, რაც მაშინ ვიგრძენი, სახელსაც ვერ ვარქმევ.
ჩვენ მანამდე აფხაზეთშიც ვიყავით კონცერტით. იქ არ დამმართნია ასეთი რამ. იქ ისეთი მომენტი იყო, შეიძლება, ხელში კოსტიუმი გჭეროდა, მაგრამ უცებ მისი გადაგდება და ავტომატის აღება გამხდარიყო საჭირო. იქ ამას არაფერი უნდოდა, რადგან მზად ვიყავით, მაგრამ ის, რაც 2008-ში ვიგრძენი, საშინელება იყო. რომ არ ელოდები და უცებ გზაფრავს.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ყველაზე მაგარი ქვეყნის შვილი ვარ. ჩვენისთანა ხალხი, ჩვენისთანა ბუნება, ჩვენისთანა ვაზი, ისტორია, კულინარია არსად არის. ძალიან ვამაყობ, რომ ვარ თბილისელი. ბოლოს კიდევ ერთი მიზეზი დამემატა საამაყოდ, თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. რომ გადავხედე საპატიო თბილისელების სიას, ვნახე, რომ 50 წლის განმავლობაში სულ 422 კაცია არჩეული, თან როგორი ადამიანები, იცით? როგორი კოლორიტები, აკადემიკოსები, ბუმბერაზი, ლეგენდა ხალხი. ყველაზე მეტად ზუსტად ის მაბედნიერებს, რომ მე ამ ხალხის გვერდით დამაყენეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





