ნათია ზარანდია: უფალთან ძალიან არაოფიციალური, ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00
მომღერალი ნათია ზარანდია ახლახან სასწაულებრივად გადაურჩა ავტოსაგზაო შემთხვევას. მანქანა, რომელშიც ის იჯდა, საშინლად დაზიანდა, თუმცა, საბედნიეროდ, მას და მის თანმხლებთ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.
ნათია ზარანდია: ახალციხეში კონცერტი მქონდა გია სურამელაშვილთან ერთად, მეორე დღეს სახლში ვბრუნდებოდი. ჩემი საყვარელი ადამიანი საჭესთან იჯდა, მე – მის გვერდით, მეგობარი კი – უკან. ხაშურის გზაზე, გარკვეულ მონაკვეთში საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოგვივიდა. ვხედავდით, რომ წინ ავტომობილი იყო გაჩერებული, რომელიც ჩვენ რომ მივუახლოვდით, ზუსტად მაშინ დაიძრა და ჩვენს ზოლში გადმოვიდა. დარტყმის თავიდან ასარიდებლად ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და ხეს შევეჯახეთ.
– ვინც ნახა ავტომობილის ფოტო, მიხვდება, რაზე ვსაუბრობთ, ავტომობილს წინა მხარე, ფაქტობრივად, აღარ აქვს...
– წარმოიდგინეთ, ხეს რომ დაეჯახები, წინა მხარე მართლა აღარ შერჩა ავტომობილს. რა თქმა უნდა, აირბაგებიც გაიხსნა. S-Class-ის „მერსედესია“, ახალი „მაიბახი“ და ამან გადაგვარჩინა. გერმანიაში აწყობილი „გემია“, უსაფრთხო და სხვა მანქანაში რომ ვმსხდარიყავით, დღეს ცოცხალი არცერთი არ ვიქნებოდით. ჩემმა საყვარელმა ადამიანმა თავის თავზე მიიღო ყველაზე ძლიერი დარტყმა და მადლობა ღმერთს, ხეც კი, რომელსაც შევეჯახეთ, მანქანას არა, გვერდზე დაეცა.
მახსოვს, როგორ ვყვიროდი განწირული და სასოწარკვეთილი. ჯერ ასეთი შეჯახება, შემდეგ კვამლი დავინახე და მეგონა, ავტომობილი აფეთქდებოდა. ჩემი საყვარელი ადამიანი მამშვიდებდა: პირიქით, ეს ასეთ შემთხვევაში არ აფეთქდებაო. თვითონ საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა. წინა კარებები არ გაიღო და სამივე უკანა კარიდან გადმოვედით.
შეიკრიბა ხალხი, სასწრაფო, პოლიცია და მადლობა ღმერთს, არცერთს არაფერი გვჭირდა, თუმც,ა რამდენიმე წუთში ჩემს შეყვარებულს წელი ასტკივდა ძალიან. ყველაზე მეტად ის დაზიანდა. საბედნიეროდ, ოპერაცია არ გახდა საჭირო. კლინიკიდან მეორე დღესვე გაწერეს, ტრავმა მსუბუქია, თუმცა დაჟეჟილობისგან ძლიერი ტკივილები აქვს.
მე მხოლოდ სილურჯეები მაქვს, ტკივილი არ მაწუხებს. მეგობარს ნეკნები აქვს დაზიანებული. მანქანა რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ სასწაულია ჩვენი გადარჩენა. ჩემმა დადებულმა ფოტომ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. პორტალები, ტელევიზიები, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა. მეუბნებიან, ისეთი რა გააკეთე ამ ცხოვრებაში, რომ ღმერთმა გადაგარჩინაო. ისეთი დატყმის შემდეგ, ჩვენი გადარჩენა დაუჯერებელია. ხალხმა დაზიანებული ავტომობილის ფოტო რომ ნახა, არ სჯეროდათ, ნუთუ მართლა აქ ისხედით და გადარჩითო?! ფეიქიაო, ბევრი წერდა. მეც ვერ ვიაზრებ, რაც მოხდა. სასწაულების ვისაც არ სჯერა, ისიც დაიჯერებს ამ ამბის შემხედვარე.
– მთავარია, ფიზიკურად ყველა კარგად ხართ, თუმცა, ალბათ, ის წამები უმძიმესი იყო...
– რომ ამბობენ ხოლმე, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარაო, ასე არ დამმართნია. ღმერთო, გადაგვარჩინე-მეთქი, – ვფიქრობდი და განწირული ხმით ვყვიროდი. საშინელი შიში განვიცადე. მორჩა, დავიღუპეთ-მეთქი. წამებში მოხდა ყველაფერი. როცა გავჩერდით, მერეც კი მიჭირდა დაჯერება, რომ გადავრჩით და საფრთხე აღარ გვემუქრებოდა. ჩემი საყვარელი ადამიანი ძალიან მშვიდია და არც იმ მომენტში დაუკარგავს წონასწორობა, რომ დაინახა, რომ ცოცხლები და საღსალამათები ვიყავით, მამშვიდებდა და მიხსნიდა, რომ საფრთხე აღარ იყო.
– იმ ადამიანთან გქონდათ კომუნიკაცია, ვინც მეორე ავტომობილის საჭესთან იჯდა?
– იქ იყო. მისიანები საავადმყოფოშიც მოვიდნენ, რამე ხომ არ გჭირდებათო – ყურადღება გამოიჩინეს. უშუალოდ ამ ადამიანთან არ გვისაუბრია იმაზე, თუ რატომ დაარღვია წესები, რატომ დაგვღუპა, რა უნდოდა... მაგ დროს იქ ეშმაკი იყო, მაგრამ უფალმა გვიხსნა.
მე მჯერა სასწაულების. ჩემს ცხოვრებაში არაერთი სასწაული მომხდარა, მაგრამ ეს მათ შორის ყველაზე დიდი სასწაულია. უმძიმეს მდგომარეობას გადავურჩით ისე, რომ არაფერი დაგვშავებია და როგორ არ უნდა მჯეროდეს?! განწირულები ვიყავით, მაგრამ ფაქტობრივად, არაფერი დაგვმართნია.
– სასწაულის ძალა აქამდეც გიგრძნია?
– მე არ ვარ ეკლესიური ადამიანი. არ დავდივარ წირვაზე, ლოცვებიც კი არ ვიცი და მოძღვარიც არ მყავს, მაგრამ ეკლესია გულში მაქვს. ჩემთვის ვლოცულობ და უფალთან ძალიან არაოფიციალური, ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. შემიძლია, ოთახში მარტო ყოფნისას ველაპარაკო. ვეკითხები, რა უნდა გავაკეთო, ვთხოვ, სწორი გზა მაჩვენოს...
მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც მარხვასაც იცავს, ტაძარშიც დადის, სანთლებს ანთებს და ლოცულობს, მაგრამ ყოველ წუთს და წამს სცოდავს. ასეთი რწმენის მე არ მჯერა. უფალი ყველგან არის, მხოლოდ ტაძარში არა, უფალი ჩვენს სულშია და მე მჯერა ამის. ღმერთმა გადამარჩინა. მან საჭიროდ ჩათვალა, რომ მე სიცოცხლე უნდა გავაგრძელო. ხელში ამიყვანა და კატასტროფიდან გამომიყვანა. როგორ შეიძლება, მე უფლის რწმენა არ მქონდეს?! სასწაულად მწამს და ამიტომაც ვცდილობ, ცუდი არ გავაკეთო, არავის არაფერი დავუშავო, ნეგატივისგან შორს ვიყო, პოზიტივი გავცე. მჯერა, რომ რასაც თესავ, იმას იმკი. ყოველთვის დადებითისკენ ვარ მომართული. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, უნებლიეთ ცოდვებიც ჩამიდენია. განზრახ არა, მაგრამ შეიძლება, ცუდადაც მოვქცეულვარ, შეცდომებიც დამიშვია, ცხვირიც წამიმტვრევია და მიზეზსაც მივხვედრილვარ. უფალს არასდროს მივუტოვებივარ, საოცრად რთული მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, მაგრამ 40 წლის განმავლობაში ამაზე დიდი არაფერი შემმთხვევია.
2026 წლის 15 ივნისი ჩემი მეორე დაბადების დღეა – თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეს ხელმეორედ დავიბადე. რადგან უფალმა ცოცხალი დამტოვა, მე მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. კარგად იცით, როგორ მოხშირდა ავარიები და ყოველდღე რამდენი ადამიანი იღუპება. ამ საშინელ შემთხვევას გადავურჩით და არ ვიცი, მართლა რა გავაკეთეთ ცხოვრებაში ასეთი, ამხელა წყალობა რომ დავიმსახურეთ. დიდება უფალს! რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად ვაცნობიერებ. იცით, რა დავინახე, თურმე, რამდენ ადამიანს ვყვარებივარ. ვფიქრობ, ისე უნდა იცხოვრო, როცა აღარ იქნები, ადრე თუ გვიან, ადამიანებს გული დასწყდეთ და შენ გამო ცრემლი წამოუვიდეთ. მე ვფიქრობ, მთავარი ეს არის. შენი ნაცნობი და ახლობელი გასაგებია, რომ განიცდის შენს ამბავს, მაგრამ მამის სულს ვფიცავ, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, უამრავი ადამიანი მეკითხება ჩვენს ამბავს.
რა მინდა გითხრათ, დედას და ჩვენს ორ მეზობელს დაესიზმრა მამაჩემი. მამა გვაფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ მამამ გადამარჩინა. მე დავკარგე საყვარელი ადამიანი, დავკარგე მამა, გამზრდელი ბებო, დეიდაშვილი... ვამბობ ხოლმე, რა დამამარცხებს, როცა ზეცაში ამდენი მფარველი ანგელოზი მყავს-მეთქი. მე ამის ყოველთვის მჯეროდა და ეს შემთხვევაც ამას მოწმობს. რამდენი ხანია, მამა დედას არ დასიზმრებია და ზუსტად მაგ დღეს დაესიზმრა მასაც და ჩვენს მეზობლებსაც.
მადლობა უფალს, რომ ასეთი სასწაული მოახდინა და მეორედ მაჩუქა სიცოცხლე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე უნდა გავაკეთო, მეტი სიყვარული და პოზიტივი უნდა ვთესო და არასდროს არაფერზე უნდა ვიწუწუნო. ის, რაც აქამდე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დღეს საერთოდ არ მაღელვებს. ეს ცხოვრება მართლა წუთისოფელია. შეიძლებოდა, დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ძალიან ბედნიერი ვბრუნდებოდი სახლში და ყველაფერი წამებში მოხდა. იღბლიანი, ბედნიერი და მადლიანი ადამიანი ვყოფილვარ. საოცარი მადლიერების გრძნობას განვიცდი ახლა. მე რომ გადავრჩენილიყავი და ჩემს საყვარელ ადმაიანს დაშავებოდა რამე სერიოზული, როგორ უნდა მეცხოვრა?! გასაგებია, უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ის ხომ ჩემს კონცერტზე მოდიოდა და სინდისი ხომ მთელი ცხოვრება შემაწუხებდა, დავიტანჯებოდი და საერთოდ გადავიტანდი?! მხოლოდ იმიტომ კი არ გამიმართლა, რომ მე გადავრჩი, ჩემი საყვარელი ადამიანი რომ კარგადაა და ავარიასთან შედარებით ძალიან მინიმალურად დაზიანდა, ასევე, მეგობარიც კარგადაა, ესაა ნამდვილი სასწაული. ჩემი შეყვარებული ბოლომდე რომ გამოკეთდება, დიდი სუფრა უნდა გავშალოთ და ცხვარი დავკლათ. სანთლები ავანთოთ და უფალს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ. სანამ ტრაგედიის პირისპირ არ აღმოჩნდები, არ აფასებ იმას, რაც გაქვს, თორემ ყველა დილას მართლა მადლიერებით უნდა ვიწყებდეთ. მე სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მერე მივხვდი, რა ტკბილია ეს ცხოვრება და ზოგჯერ, როგორ უაზროდ ვხარჯავთ უძვირფასეს დროს. როცა ასეთი რამ ხდება, ესე იგი, შენ უფლის რჩეული ხარ და მეტი კარგი უნდა გააკეთო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





