შოუბიზნესი

რეზი ჭიჭინაძე: ძალიან შემეშინდა, რომ ყველა და ყველაფერი დავკარგე

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

რეზი ჭიჭინაძე
დაკოპირებულია

რეზი ჭიჭინაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის რეზი ჭიჭინაძე?

რეზი ჭიჭინაძე: საკუთარ თავზე საუბარი ძალიან რთული და უხერხულია. ჯობს, ამ კითხვას სხვამ უპასუხოს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის მთავარი ყოველთვის იყო, არის და იქნება მეგობრები, მათ გარეშე ვერ ვცოცხლობ.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ემოციური ვარ და ალბათ, გულჩვილიც, მაგრამ ამას სხვებს არასდროს ვაჩევენებ. ძალიან ხშირად ელემენტარულ საკითხებზეც კი დიდი ხნის განმავლობაში მიდარდია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთან რჩება. გამოხატვა არ მჩვევია, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ეს შესამჩნევი არ იყოს.

– როდის გიტირიათ ბედნიერების ან ტკივილით გამოწვეული ცრემლით?

– სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ბოლოს როდის ვიტირე, ალბათ, ბავშვობაში. რაც შეეხება ბედნიერების განსაკუთრებულ შეგრძნებას, ელემენტარული რამეებიც მახარებს და მაბედნიერებს. ეს შეიძლება, იყოს მცირე ადამიანური ყურადღება და მადლობა ღმერთს, ეს ხშირად ხდება.

რაც შეეხება იმედგაცრუებას, აქაც უფრო მეტად ადამიანური ფაქტორია მნიშვნელოვანი. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ როდესაც ვხვდები, ადამიანში შევცდი, ეს ძალიან მტკივნეულია. ზოგადად, მტკივნეულია ადამიანების დაკარგვა.

– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს, ზოგს შეუძლია ემოციების თავისუფლად გამოხატვა მათ შორის საჯაროდაც...

– მე არ შემიძლია. ეს არ არის დამოკიდებული მინდა-არ მინდაზე. საჯაროდ ემოციების გამოხატვა არ მახასიათებს ან ვერ. ასე მოეწყო ჩემი ხასიათი. იმიტომ არა, რომ ემოციებს ვმართავ, ასე არ არის, უბრალოდ, ბევრი ადამიანის გარემოცვაში ვცდილობ, ჩემი ემოციები ჩემთან დარჩეს. ზოგადად, არ მგონია, რომ ადამიანებმა საჯაროდ უნდა აფრქვიონ საკუთარი ემოციები, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან ახლო ადამიანების გარემოცვაში არ არიან.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში ბევრი მილიონი რომ მოიგოთ?

– დაუსრულებლად ვიმოგზაურებდი. ეს არის ის, რაც ძალიან მიყვარს. სხვა პატარ-პატარა სიამოვნებებიც არსებობს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც მოგზაურობაა, რადგან როდესაც სხვადასხვა ქვეყანას ვათვალიერებ, ისეთ შთაბეჭდილებებს ვიღებ, რომელიც წარუშლელია. ძალიან მიყვარს უბრალოდ ქუჩებში სეირნობა. მაგალითად, პარიზს უკვე კარგად ვიცნობ, მაგრამ ამის მიუხედავად, როცა იქ ვარ, ვცდილობ, „დავიკარგო“ და აღმოვჩნდე იქ, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სახვითი ხელოვნების გალერეების დათვალიერებაა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ძალიან რთულია გამოყოფა. კონკრეტულ მოცემულობაში კონკრეტული ამბავი შეიძლება, იყოს. ჯერ სკოლის პერიოდში გვაქვს პატარ-პატარა მარცხები და გვგონია, რომ ამაზე მეტი აღარაფერი არსებობს, შემდეგ იზრდები და ეს ყველაფერი ღიმილით გახსენდება. ფიქრობ, ნეტავ ამაზე რა მანერვიულებდაო და შენ წინ ახალი გამოწვევები დგება. ამიტომ მიჭირს კონკრეტული მარცხის გამოყოფა ან შეიძლება, ის ბედნიერი გამონაკლისი ვარ, ვისაც ძალიან დიდი სიმწარე არ განუცდია. კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, კონკრეტული შფოთვები ყოფილა, ისე, როგორც სიხარული. როცა რაღაც ძალიან გინდა და მას მოიპოვებ, მერე უკვე იმდენად ჩვეულებრივად მიიჩნევ, უკვე აღარ ფიქრობ, რომ ოდესმე ამაზე ოცნებობდი. ასეთიც ბევრი მქონია ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ერთი კონკრეტულის გამოყოფა აქაც მიჭირს. კონკრეტულ მომენტში რაღაც გიხარია, მაგრამ რაღაც მიზეზით მუდმივად გახარებული და აღტაცებული იყო და ამით შენი პროფესიული ცხოვრება, ანუ განვითარება, დაასრულო, არ მგონია, სწორი იყოს.

სიმართლე რომ გითხრათ, პროცესი უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე მიღებული ბენეფიტები.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...

– ასეთი რამ არ მახსენდება. თუ ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, რომ პაემანი ისე წარიმართება, როგორც მე მინდა, სხვა შემთხვევაში არ შედგება, ამიტომ კურიოზებს დასაწყისშივე გამოვრიცხავ.

– რა გამოცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– მართალი გითხრათ, საკმაოდ დიდი ვარ, 50 წლის და მგონია, რომ უკვე ყველაფერი გამოცდილი მაქვს (იცინის).

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ და ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით?

– ოცდამეერთე საუკუნეში, სოციალური მედიის სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ვცდილობ, რომ ნეგატიური კომენტარები, რომელიც დღეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის, არ შევიმჩნიო და მართალი რომ გითხრათ, არ ვკითხულობ. უხეშად რომ ვთქვათ, სხვისი ჭორაობის მოსმენა არასდროს მყვარებია და დაახლოებით, იგივე განცდა მაქვს, როდესაც ურთიერთკომენტარებს ვხედავ – ძალიან უსიამოვნო განცდაა. ამიტომ არ ვკითხულობ, ამას სერიოზულად არ ვუდგები.

რაც შეეხება დადებითს, ბავშვობიდან მსიამოვნებს, როდესაც მიცნობენ და იციან ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი წინაპრები ახსოვთ და თან ძალიან კარგად.

– თქვენი თავგადასავლები ყოველთვის მშვიდობიანად სრულდებოდა?

– არა. ძალიან მიყვარდა სკეიტბორდით სწრაფად სიარული. ხშირად დავშვებულვარ კუს ტბიდან და რამდენჯერმე ძალიან სერიოზული ტრავმა მივიღე. საკმაოდ ხიფათიანი ბავშვი და თინეიჯერი ვიყავი (იცინის). არაერთხელ მომიტეხავს ხელი, ფეხი, მიმიღია მძიმე ტვინის შერყევა. თითქმის ორ კვირაში ერთხელ მოვდიოდი ხელმოტეხილი სახლში. მიყვარდა ექსტრემალური სპორტი. დღეს რომ ვიხსენებ, რასაც ბავშვობაში ვაკეთებდი, მიკვირს, როგორ არ მეშინოდა, რადგან რეალურად ძალიან საშიში იყო (იცინის).

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– აფხაზეთის ომის პერიოდში ამერიკაში ვიყავი, გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი. ზუსტად იმ მომენტში, როცა ენგურის აფეთქების საფრთხე დადგა, ისეთი განწყობა იყო, რომ საქართველო აბსოლუტურად მოწყდა გარე სამყაროს. კონტაქტის დამყარება შეუძლებელი იყო. თან ამერიკაში მარტო ვიყავი. არანაირი ინფორმაცია არ იყო. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, რომ ყველა და ყველაფერი დავკარგე. სასწრაფოდ ავიღე ბილეთი და წამოვედი. ეს იყო ყველაზე დიდი სასოწარკვეთის მომენტი ჩემს ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი