რა უწინასწარმეტყველა პატრიარქმა ლევან კბილაშვილს და როგორ შეიცვალა მომღერლის ოჯახის ცხოვრება მისი გარდაცვალების შემდეგ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
სალომე კბილაშვილი ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დაა. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ლევანისადმი ქართველი მსმენელის გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა, ალბათ, ყოველთვის უცვლელი დარჩება.
სალომე კბილაშვილი: ლევანიკო ოჯახში მესამე შვილი იყო. მას და ჩემ შორის 8 წელი იყო სხვაობა, შაკოსა და ლევანს შორის კი – 10. ბუნებრივია, მესამე პატარას მთელი ოჯახი ვანებივრებდით, მაგრამ მას ამით არასდროს უსარგებლია. თავიდანვე ძალიან ნიჭიერი, თუმცა ცელქი და ხიფათიანი ბავშვი იყო, ჯერ სულ ორი წლის მეზობელთან ერთი საათით დავტოვეთ, ფეხზე დიდი სკამი დასცემია და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა. მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა. ხან თავი ჰქონდა გატეხილი, ხან ფეხი მოტეხილი.
მეზობელ უფროს ბიჭებთან მეგობრობდა, ყველა მის გარშემო ტრიალებდა. მღეროდა, კარგი იუმორი ჰქონდა, ხალისიანი ადამიანი იყო და ყოველთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.
ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა და ჩვენს სახლში ხშირად იმართებოდა შეკრებები, იშლებოდა სუფრები – ყველას უყვარდა მოსვლა. ერთხელ რამდენიმე ქალბატონი მოვიდა სტუმრად, ლევანმა სუფრას რომ შეხედა, არ ვიცი, რამე დააკლდა თუ რატომ, მაგრამ უცებ ადგა, წავიდა იქვე უბნის ჯიხურში, შოკოლადის ფილები ამოიტანა და ყველა ქალბატონს დაუდო წინ, მიირთვითო.
ლევანიკო ზედმეტად ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭი იყო. ჩვენ იმ სკოლაში ვსწავლობდით, სადაც დეიდა სკოლის დირექტორი იყო. ქართულის მასწავლებელს ათიანი დაუწერია მისთვის. ალბათ, თვითონ ჩათვალა, რომ არ ეკუთვნოდა და მთელი კლასის წინაშე გამოუცხადებია, რატომ მიწერთ ათიანს, როცა არ მეკუთვნისო?! ყველა ქცევაში იმდენად განსაკუთრებული იყო, ვერ აგიწერთ. როცა ჩვენ გვერდით იყო, ვფიქრობდით, რომ გვეჩვენებოდა, რადგან ჩვენი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვა თვალით ვუყურებ და ვხვდები, რომ ლევანს ურთიერთობები ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ეშლებოდა. ალბათ, დღემდეც ასეთი აქტუალური იმიტომაა, რომ ყველა საფეხური კაცურად გაიარა.
მე სკოლაში ვმუშაობ. ერთხელ ღონისძიება მქონდა და ფონად ფანდურზე პატარა მუსიკის დაკვრა მჭირდებოდა. ლევანს ვთხოვე, დამიკარი-მეთქი და რომელი მეფანდურე მე მნახეო, ისე გამომძახა, ძალიან მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვამს. რამდენიმე საათში დამირეკა, მითხარი, რა უნდა დავუკრაო?! ჩემს ძმასთან ასულა, ჩემი ძმისშვილის ფანდური აუღია, აუწყვია მუსიკა, რაც მჭირდებოდა და გადმომიგზავნა. ასეთი იყო, იმედს არასდროს გაგიცრუებდა
– სიმღერის ნიჭი როდის გამოავლინა და როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა, რა ხდებოდა თქვენს ოჯახში?
– ძალიან პატარა იყო, როცა ცეკვაზე დაიწყო სიარული. ფილარმონიაში ჰქონდა კონცერტი, სცენაზე ფეხი აუსრიალდა, მაგრამ არ დაბნეულა, ისე გააგრძელა სოლოს შესრულება, არაფერი შეუმჩნევია. მერე ცეკვა რატომღაც აღარ მოინდომა, სცენიდან გადმოხტა და აღარ წავალო. უკვე ხალხურ სიმღერებს მღეროდა და დედამ გადაწყვიტა, მისი ხმა რობერტ ბარძიმაშვილისთვის მოესმენინებინა. რობერტმა უთხრა, ხალხურს ყოველთვის იმღერებს, მე გირჩევთ საესტრადო გააგრძელოსო. ასე მოხვდა ლევანიკო ბარძიმაშვილის სტუდიაში. რობერტს უთქვამს, ამ ბავშვში ჩემს მომავალს ვხედავო და თავის სიმღერებს ამღერებდა.
შემდეგ იყო „ჯეოსტარი“. ფინალში ძალიან მინიმალური სხვაობით სხვამ გაიმარჯვა. ძალიან დიდი გულისწყვეტა ჰქონდა და ხელი ჩაიქნია, თითქოს საერთოდ აღარ უნდოდა სიმღერა. მაშინ უკვე ძალიან პოპულარული იყო, თუმცა თავში არასდროს არაფერი ავარდნია.
შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, მაგრამ გარკვეული დრო რომ გავიდა თქვა, ჩემი საქმე სიმღერააო და გადაწყვიტა, რუსულ მუსიკალურ პროექტში მიეღო მონაწილეობა. იქ მისი შესაძლებლობები კიდევ სხვანაირად წარმოჩინდა, თუნდაც ლუბა უსპენსკაიასთან სიმღერა, ამ ყველაფრის შედეგად დიდი აღიარება მოიპოვა, მაგრამ არასდროს წარმოაჩენდა თავს იმად, რაც იყო, გაზვიადებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
კონცერტი რომ ჰქონდა, ყოველთვის ვეკითხებოდი, შეიძლებოდა თუ არა, მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში გამომექვეყნებინა. ბევრი რამის უფლებას არ მაძლევდა, არ უყვარდა თავის გამოჩენა. ახლა ძალიან მწყდება გული, რომ ბევრ რამეს არ ვაზიარებდი. რასაც აკეთებდა, თავისთვის აკეთებდა.
2022 წლის მარტში ლევანიკო მოსკოვში იყო. ოჯახის წევრის დაბადების დღე გვქონდა, მაგრამ არ ველოდით მის ჩამოსვლას, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის გამო რთული სიტუაცია იყო. რესტორანში ვისხედით და უცებ სცენაზე ლევანიკო შემოვიდა, თავის ბენდთან ერთად. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი სიურპრიზი იყო. ხშირი კომუნიკაცია გვქონდა, ვიცოდით, რომ მოსკოვში იყო, უცებ კი ჩვენ წინ გამოჩნდა. ვინც მაშინ მათ მოუსმინა, ყველა აღნიშნავდა, საქართველოში ასეთი ბენდი არ გვყავსო. სამწუხაროდ, ალბომის გამოშვებას თავად ვეღარ მოესწრო, ყველა სიმღერა ჩაწერილი იყო და ალბომი გარდაცვალების შემდეგ, მის დაბადების დღეზე გამოვუშვით.
– მერე მოხდა ის, რაც მოხდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა... როგორ გაგრძელდა თქვენი ოჯახის ცხოვრება?
– ამას თუ ცხოვრება ჰქვია, გაგრძელდა. ვეჭიდავებით ყოველდღიურობას. დღეს საქმესაც ვაკეთებთ, ვიღიმით კიდეც, მაგრამ ტკივილი არასდროს გაქრება. წარმოუდგენელია ლევანის გარეშე დილა და საღამო. დღეს მასთან ერთად ვიწყებ და ვამთავრებ. ერთი პერიოდი დანაშაულის შეგრძნება მქონდა იმის გამო, რომ ვიცინოდი. ლევანის წასვლის შემდეგ დედას და მამას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. სამი თვის წინ მამა გარდაიცვალა. ძალიან რთულად, მაგრამ გვინდა არ გვინდა, სიცოცხლეს ვაგრძელებთ, შვილები გვყავს მეც, ჩემს ძმასაც და სხვანაირად არ გამოდის. ვცდილობთ, შვილებს არ დავანახვოთ ჩვენი ტკივილი. შეიძლება, გავიცინოთ, ვიმღეროთ და ვიცეკვოთ კიდეც, მაგრამ ჩვენს ტკივილს არაფერი გაანელებს და ლევანის გარეშე ძველებურად ვეღარაფერი იქნება.
საერთო სამეგობრო რომ ვიკრიბებით, ლევანიკო ყოველთვის ჩვენთან არის, თუმცა ის ხიბლი, რაც მას ჰქონდა, ვეღარასდროს გვექნება.
– თქვით, რომ მამა სამი თვის წინ გარდაიცვალა. დიაგნოზი ლევანის ამბების შემდეგ დაუსვეს?
– მე ზუსტად ვიცი, რომ მამაჩემის დაავადება ამ ყველაფრით იყო გამოწვეული. დედა და მამა ლევანის საფლავზე დღეში ორჯერ ადიოდნენ. იმ წელს განსაკუთრებულად მკაცრი ზამთარი იყო, მაგრამ ამას არ გაუჩერებია, ისტერიულად დადიოდნენ. თავიდან გვეგონა, რომ მამა გაცივდა, კარგა ხანს არც ამბობდა საკუთარ მდგომარეობას, ალბათ, ფიქრობდა, ჩემი ამბავი რა მოსატანიაო. მერე გვეგონა, რომ ნერვის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ძალიან რომ გართულდა მდგომარეობა, თქვა. ძალიან ცუდად რომ არ ყოფილიყო, კიდევ არ იტყოდა. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დავიწყეთ. დასტაბილურდა, მაგრამ სულ მკურნალობდა. შარშან გაზაფხულზე დედა დაემატა – დედაც ონკოლოგიური პაციენტია. დედა ძალიან მძიმედ იყო. მაისში დავიწყეთ ქიმიები და ოქტომბრამდე ლოგინიდან ვერ დგებოდა. მანამდე დღეში ორჯერ მიდიოდა ლევანიკოსთან, საფლავზე და თვეების განმავლობაში რომ ვეღარ ავიდა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა. ლევანიკოს დაბადების დღეზეც კი ვერ შეძლო წამოსვლა და იმდენად ცუდად იყო, იმ საღამოს სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში გადავიყვანე. მამა რომ დედას მდგომარეობას უყურებდა, უფრო ინერვიულა და ვფიქრობ, რომ ამან დააჩქარა მოვლენები. მდგომარეობა გაურთულდა, დეკემბერში საავადმყოფოში სეფსისი დაემართა. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერ გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან.
მამა ლევანიკოზე არ საუბრობდა, უსიტყვოდ გლოვობდა. სახლში ყველგან მისი სურათები გვაქვს და დღეში სამჯერ, მივიდოდა სურათთან, სანთელს აანთებდა და უსიტყვოდ იჯდა. ამხელა დარდმა უკვალოდ არ ჩაიარა, ძალიან შეიცვალა. მამა სპორტსმენი იყო, ძიუდოისტი, ფიზიკურად იმხელა იყო, შეიძლება, ჩვეულებრივ კარში ვერ შესულიყო, მაგრამ ლევანიკოს ამბის შემდეგ, ნახევარი დარჩა.
– მამა და პატრიარქი ერთ დღეს გარდაიცვალნენო...
– 9 აპრილს, როდესაც პატრიარქი რუსთაველზე გამოვიდა და ხალხს დაშლისაკენ მოუწოდა, მამაც იქვე იყო, მაშინ პოლიციის უფროსი გახლდათ და პატრიარქის უკან იდგა. იმ მომენტში მასში ისეთი რამ დაინახა, რამაც მამაჩემში პატრიარქის მიმართ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გააღვივა. განსაკუთრებული მოწიწება ჰქონდა. ერთხელ ლევანიკოსთან ერთად სოფელში ერთ სიმღერას ვმღეროდით და მამამ თქვა, ეს პატრიარქის საყვარელი სიმღერააო. ისე დაემთხვა, რომ მამაც და პატრიარქიც ერთ დღეს შეაერთეს აპარატზე და ერთ დღეს გარდაიცვალნენ.
ლევანიკოსაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანიკოს „დაიგვიანეს“ და ლევანიც ხშირად ასრულებდა მასთან. მოსკოვში რომ მიდიოდა ლევანს უთხრა, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებო და ჯვარი უჩუქებია, რომელიც ჩემს ძმას აღარასოდეს მოუხსნია.
– დედა როგორ არის?
– ძალიან ცუდად. დეიდაჩემი ცხოვრობს მასთან, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს. ჯერ ლევანიკოს ამბავი როგორი გასაძლებია, მერე მამა იყო ძალიან დიდი დასაყრდენი დედასთვის. კერძო სახლი გვაქვს და სულ ერთად ფუსფუსებდნენ. მეც და ჩემი ძმაც ვმუშაობთ და ყოველწუთიერად მასთან ვერ ვართ. მამა და დედა ერთად აკეთებდნენ ყველაფერს, ერთად დადიოდნენ საფლავზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა მამას გარდაცვალებამ, მაგრამ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, იმიტომ, რომ ჩვენც გვჭირდება დედა და ვახსენებთ ხშირად, რომ გვერდით უნდა გვყავდეს ჯანმრთელი. ზუსტად ვიცი, რომ არ გვაჩვენებს საკუთარ მდგომარეობას. ლევანი ჯერ ჩვენთვის რამხელა ტკივილია და მერე დედისთვის – ხომ წარმოგიდგენიათ!
.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





