როდის მიხვდა საკუთარ სიძლიერეს გიორგი შალვაშვილი და რის გამო მიიღო მან თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილება
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებისეული ბარიერები, წინაღობები და დაბრკოლებები არა თუ აშინებთ, არამედ პირიქით, ოპტიმისტურ გრძნობას უმძაფრებს და წინსვლისკენ უხსნით გზას. სწორედ ასეთი ადამიანია გიორგი შალვაშვილი.
– დედაჩემისა და მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ ვარ ძალიან ძლიერი, იმიტომ, რომ მე თუ სცენაზე დავბრუნდებოდი, არც მე მეგონა და არც სხვებს. მე მაშინ ხმაც დავკარგე და რომელ თეატრსა და სცენაზე იყო საუბარი. ჩვენმა რეჟისორმა, კიაზო ჯობავამ, სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ ორი თვით გააჩერა, სანამ დედას და მამას ორმოცებმა ჩაიარა, რადგან სპექტაკლს ვერანაირად ვერ ვითამაშებდი. თან, ეს სპექტაკლი, განსაკუთრებულად მტკივნეული იყო ჩემთვის, რადგან სწორედ მისი თამაშის დროს გარდაიცვალა დედაჩემი. ყოველთვის ანშლაგები იყო, როცა მე ამ სპექტაკლში ვმონაწილეობდი. იყო პერიოდი, როცა უცხოეთში ვიყავი გასტროლზე და რამდენიმე სპექტაკლში დუბლმა შემცვალა. არ დავასახელებ მის სახელს და გვარს, თუმცა, ამის შემდეგ იკლო მაყურებელმა ამ სპექტაკლზე. ხალხი კითხულობდა, ხომ არ წავიდა, როდის დაბრუნდება გიორგი და ითამაშებსო და უცხოეთიდან რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ისევ დავდექი სცენაზე და მაყურებელიც მოგვემატა. მაგრამ მივიღე თეატრიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. როცა სპექტაკლში – „ეზოში ავი ძაღლია“ – ფოფიას როლი ვითამაშე, ჩემსავე დასში გამიჩნდა მტრები. როცა შემოთავაზება მომივიდა, რომ ეს როლი უნდა მეთამაშა, რამდენიმე თვის წინ, თან რეჟისორმა მითხრა: შენზე ვართ აწყობილებიო. დავთანხმდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი. ლუარსაბის როლი ნათამაშები მაქვს და სასწაულები ჩავიდინე, ვითამაშე გოძიაშვილისა და მანჯგალაძის, ამ შეუდარებლი მსახიობების როლები და ამ სპექტაკლზე დღემდე სასწაული სისწრაფით იყიდება ბილეთები. როგორც ყველამ იცის, ვმუშაობ „დამოუკიდებელ თეატრ ნომერ ერთში“ და თეატრ „ვერიკოში“. მოკლედ, თეატრმა „ვერიკომ“ დადგა სპექტაკლი „ეზოში ავი ძაღლია“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი კიაზო ჯობავა გახლავთ. მოლაპარაკებაც იყო თეატრის ხელმძღვანელობასთან, რომ უნდა მეთამაშა ფოფიას როლი და დუბლში კი იყო სოფო ფერაძე, არაჩვეულებრივი გოგო, სასწაული პიროვნება. ვიყავი გასტროლებზე სალონიკში და რომ ჩამოვფრინდი, სამ დღეში იყო პრემიერა. სოფოს ვუთხარი: შენ ითამაშე ამ პრემიერაზე, რომ მე კარგად დავაკვირდე სცენოგრაფიას, შორიდან ვუყურო, მაინც კაცი ვარ, შვიდსანტიმეტრიან ქუსლებზე უნდა შევდგე, სილიკონის როლინგი მეცვას, პარიკი მეხუროს, მოკლედ ქალის ტყავში უნდა შევძვრე და მინდა, გონებაში ჩამიჯდეს ყოველი სცენური მოძრაობა და დეტალი-მეთქი. ზოგადად, ადრე ქალის სცენები ნათამაშები მქონდა, მაგრამ პატარა სცენებზე, ასე მასშტაბურზე – არა. ძალიან რთული კი არა, ურთულესია ქალის როლის თამაში, თან ელენე ყიფშიძის როლის. თან, ბარიტონი ვარ, ქალის ხმაზე უნდა მესაუბრა და ვნერვიულობდი, უცებ ხმა არ გამექცეს-მეთქი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გავედი სცენაზე, ვფიქრობ იმაზე, რომ 48 წლის კაცი არ გადმოვვარდე ქუსლებიდან ან ხმა არ გამექცეს და უცებ კულისებიდან მესმის ის, რისი გაგებაც არ მინდოდა არასდროს. მესმის: ვაიმე, ღმერთო ჩემო, ეს ახლა ჩაგვიგდებს სპექტაკლსო და წავიდა დუდუნი ორ „ვიღაც“ მსახიობს შორის, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობდა და „ვითომ“ კოლეგები ერქვათ. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ღალატი, შური, ბოღმა. ვერ აიტანეს მე რომ „პაკლონზე“ გამოვედი და დარბაზი ტაშით დაინგრა. ფარდა რომ დაიხურა და სცენიდან გამოვედი, სწორედ ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება და მივწერე ჩემს მეგობარს და რეჟისორს – კიაზო ჯობავას: მე მივდივარ თეატრიდან. უდიდეს პატივს ვცემ ჩემს მაყურებელს, მაგრამ მე ამხელა ტკივილების გადატანის მერე გადაწყვეტილება მივიღე. ქალები არ ითვალისწინებენ, რომ გენიალური ელენე ყიფშიძის შემდეგ კაცმა ქალის როლი ითამაშა და იმის მაგივრად, იმაზე ილოცონ, კიბეზე ასვლა-ჩასვლის დროს ფეხი არ მოიტეხოს ამ საცოდავმა კაცმაო, გაბოროტებული სახით მიყურებდნენ. მე მსახიობი ვარ და არავის შეუმჩნევია, რომ ასე განვიცადე ეს ყველაფერი, რაც კულისებიდან მესმოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავდგები იმ მსახიობების გვერდით სცენაზე, რომლებსაც წამოსცდათ: იმიტომ იყო ასეთი ტაში შალვაშვილზე და იმიტომ დაინგრა დარბაზი, რომ მაყურებელი დებილიაო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა შეიძლება? ასეთი მსახიობები არ უნდა იდგნენ სცენაზე, არასდროს! ერთი სიტყვით, ძალიან მეტკინა გული. სხვათა შორის, როგორც კი გაიგეს მე მოვდივარ, უამრავი თეატრიდან მქონდა შემოთავაზება. თუმცა, იმ „ვითომ“ მსახიობებს, არ ვათქმევინებ, ვითომ მე იმიტომ წამოვედი, რომ შემდეგ იმ თეატარში გადავსულიყავი. მე არ ვარ მოღალატე ადამიანი, თუმცა არც დაუფასებლობას ავიტან. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მე რომ გიჟური ამბიციები მქონოდა, იმხელა მსახიობი და მომღერალი ვიქნებოდი, ყველა არხსა და ეკრანზე მე გამოვჩნდებოდი, მაგრამ არ მინდა. ბევრმა ჩვენმა დიდმა არტისტმა დამიეკა და მომილოცა: ეს რა ჩაიდინე, ბიჭო, როგორ გაბედეო. მაპატიოს დიდმა ელენეს სულმა, მე რომ გავბედე და მისი ფოფიას როლი მოვირგე, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი, რომ დიახ, მე ეს შევძელი, დიახ, მე ძალიან ძლიერი ფოფია ვითამაშე. ვინც ნახა ჩემი შესრულებული ფოფია, ამაში დამეთანხმება. გეტყვით იმასაც, რომ ფოფიას კოსტიუმი, თვიდან ბოლომდე ჩემი შექმნილია, მხატვარს ჩემზე არ უმუშავია.
კახი კავსაძემ რომ თქვა: ნეტავ, იქ თეატრი არისო, მე ვიტყვი, რომ იქ თეატრი ნამდვილად არ იქნება, რადგან იქ არის სამოთხე და სამოთხეში ჯოჯოხეთი ვერასოდეს გაიჭაჭანებს. ჯოჯოხეთია თეატრი იმ მხრივ, რომ მსახიობები ერთმანეთს არ ინდობენ.
– ნიჭიერი ადამიანი არ დაიკარგება, თუმცა, ნამდვილად საწყენია, როცა არ აფასებენ შრომას, რომელსაც როლში დებ და სცენაზე გასვლის მომენტში მაყურებლისთვის ბოლომდე იხარჯები. რეჟისორთან საუბრის შემდეგ, ხომ არ შეგიცვლიათ აზრი?
– რასაკვირველია, დამირეკა რეჟისორმა, კიაზო ჯობავამ, გვქონდა შეხვედრა თეატრში და ვილაპარაკეთ. ყველაფერი გავარკვიეთ, რაც გვქონდა გასარკვევი. მე ჩემი ვთქვი, მან თავისი მითხრა. კიაზო კარგად ხედავს ნიჭიერებას ადამიანში და აფასებს პროფესიონალ მსახიობს. მასთან შეხვედრის შემდეგ წამოსვლის გადაწყვეტილება შევცვალე, გადავწყვიტე, ამ სეზონზე დავისვენო და სექტემბრიდან ახალი შემართებით ვითამაშო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





