როგორ გაიცნო მარიამ ელიეშვილმა საკუთარი თავი შვილის დაბადების შემდეგ და ვინ ეხმარება მას ამერიკაში ბავშვის აღზრდაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 20.01
მომღერალი მარიამ ელიეშვილი რამდენიმე თვის წინ დედა გახდა, როგორ მოირგო ახალი ამპლუა, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.
მარიამ ელიეშვილი: სანამ პატარა დაიბადებოდა, ვცდილობდი, მაქსიმალურად მომეძიებინა ინფორმაცია ბავშვის აღზრდის შესახებ: ვკითხულობდი, ვუყურებდი გადაცემებს, ვეკითხებოდი გამოცდილ ადამიანებს და როცა საბა ამქვეყანას მოევლინა, ვფიქრობ, დედობისთვის მზად ვიყავი. ჩემი მეუღლისა და ჩემი ოჯახის წევრებიც თავიდანვე ძალიან მეხმარებოდნენ, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. მათი დამსახურებით ეს პერიოდი შედარებით მარტივად გამოვიარე, მიუხედავად იმისა, რომ გამოუცდელი ვიყავი. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მეუღლე ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს, ყველა ეტაპზე აქტიური და ყურადღებიანი მამაა, რაც მეც ძალიან მეხმარება და ჩვენს პატარასაც.
– როგორი ხასიათის ბიჭია საბა?
– ძალიან ხალისიანი, ღიმილიანი და პოზიტიური ბავშვია, ხელოვნებაც ძალიან უყვარს და ურთიერთობებიც. მასთან მოსვლა ყველას ძალიან უხარია, რადგან ყველას კარგად ხვდება, უცხოობა არ ახასიათებს. უკვე მეშვიდე თვეშია და ყველაფრით ინტერესდება, მუდმივად მოძრაობაშია.
– დედას ჰგავს თუ მამას?
– ყოველდღიურად იცვლება. ორივეს გვამსგავსებენ. ამბობენ, რომ ორივე ჩვენგანის ნაკვთები აქვს. მთავარია, ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. ამას ყველა პატარა იმსახურებს. ამით ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარგად ყოფნაა და მსგავსებას რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს, უფრო მეტად რომელ მშობელს ემსგავსება ან საერთოდ დაგვემსგავსება თუ არა. თუმცა, კურიოზულია ის, რომ როცა საბას დედაჩემი უყურებს, ჩემს პატარაობას ახსენებს, ხოლო გიორგის დედა – გიორგის პატარაობას ხედავს მასში. როგორც ჩანს, პატარაობაში მე და გიორგი ერთმანეთს ვგავდით (იცინის).
– როგორი ემოციები აქვს, როცა დედიკოს სიმღერას უსმენს?
– ვიდეოებიც მაქვს, ჯერ კიდევ ორი თვის იყო, როცა სიმღერაში ღუღუნით მყვებოდა. ძალიან ყურადღებით მისმენს და ცდილობს, თვითონაც ამაყოლოს ხმა. სხვათა შორის, საკმაოდ ლამაზ ხმას შემისაბამებს ხოლმე. ნამდვილად აინტერესებს მუსიკა და როცა ვიდეოებს სოციალურ ქსელში ვაზიარებ, ბევრი აღნიშნავს, რომ ძალიან მუსიკალური ბავშვია. მუსიკასთან ერთად, ცეკვაც ძალიან უყვარს.
– რას ცვლის წყვილის ურთიერთობაში პატარა?
– ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად მყარდება ორი ადამიანის სიყვარული. შვილი ხომ ორი შეყვარებული ადამიანის სიყვარულის ნაყოფი და ამ სიყვარულის დაგვირგვინებაა. მიუხედავად იმისა, რომ როცა შვილი ჩნდება, წყვილს ერთმანეთისთვის ნაკლები დრო რჩება, ბავშვთან ერთად გატარებული დრო ამასაც ანაზღაურებს. საბედნიეროდ, ძალიან გვიწყობენ ხელს ჩვენი დედები. თუ სადმე წასასვლელები ვართ, ბავშვს იტოვებენ. თუმცა ბავშვთან ერთადაც მაქსიმალურად დიდ დროს ვატარებთ, რომ ეს პერიოდი უფრო მეტად ლამაზი იყოს ჩვენს ცხოვრებაში.
– პატარას სახელი როგორ შეურჩიეთ?
– გიორგი და მე სახელის რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით, შემდეგ კი, როცა საბა გავაჟღერეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გარშემო ეს სახელი ჩვენთვის ძვირფას რამდენიმე ადამიანს ძალიან მოსწონდა. გარდა ამისა, ისიც საინტერესოა, რომ გიორგის და მე ჯვარი ამერიკაში მეუფე საბამ დაგვწერა, ასევე, ახლახან ჩვენი პატარაც მან მონათლა, ასე რომ, სახელი საბა ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენს შვილს რომ ვუყურებთ, სულ ვამბობთ ხოლმე, რომ ყველაზე მეტად ეს სახელი უხდება.
– მარიამ, შენ როგორ შეგცვალა ბავშვის დაბადებამ?
– ჩემში ბევრი ისეთი თვისება აღმოვაჩინე, რომლის შესახებაც არ მეცოდინებოდა, დედა რომ არ გავმხდარიყავი. კიდევ უფრო მეტი მზრუნველობა, ყურადღება და დაკვირვებულობა გამოვავლინე შვილთან მიმართებით, რაც ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივია. თუ აქამდე საქმიანობა იყო პრიორიტეტული, ახლა პირველ ადგილას, ბუნებრივია, შვილი დგას. მთელი ჩემი გონება საბას ირგვლივ ტრიალებს. ვცდილობ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ასი პროცენტით სწორად გავაკეთო. ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპია.
– შენიც და მეუღლის მშობლებიც ამერიკაში არიან?
– სამწუხაროდ, გიორგის მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა ჩვენთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს. რაც შეეხება დედაჩემს, ბავშვის დაბადების წინა პერიოდშიც იყო ჩამოსული და შემდეგ გარკვეული დრო ჩვენთან ერთად გაატარა. მას შემდეგაც პერიოდულად ჩამოდის ხოლმე დედაც და მამაც. ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენთან ჩამოსვლას ახერხებენ ხოლმე. გიორგის ოჯახის წევრები კი ამერიკაში ცხოვრობენ და ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩემი მეუღლის დედა ძალიან გვეხმარება ბავშვის აღზრდაში.
– საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხარ, როგორ უმკლავდები მონატრების გრძნობას?
– რა თქმა უნდა, რთულია. საცხოვრებლად სრულიად ახალ გარემოში გადმოვედი, სადაც ყოველდღიურად ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვერ ვხედავ. გარდა ამისა, ჩემს საქმიანობას დროებით მოვწყდი. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ახლა იმდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეტაპია, რომ მთელი ყურადღება ამაზე მაქვს გადატანილი. სიახლეებით ვარ დატვირთული. დედობაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! შესაბამისად, მთელი მზრუნველობა ჩემი შვილისკენ მაქვს მიმართული. თან, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც ხშირად ჩამოდიან და სატელეფონო კომუნიკაციებმაც ბევრი რამ გაამარტივა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფიზიკური სიშორის მიუხედავად, ყველა საყვარელი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ვარ. ამასობაში საბაც იზრდება და მომავალ წელს აუცილებლად ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას. ბევრი მწერს, რომ ძალიან ელიან და გაუხარდებათ ჩემი ტელეეკრანებზე გამოჩენა. მეც ერთი სული მაქვს, ეს მოხდეს. ალბათ, განსაკუთრებული იქნება ჩემთვისაც და ჩემს გულშემატკივრისთვისაც ამდენი ხნის შემდეგ საქართველოში სტუმრობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





