შოუბიზნესი

როგორ გაიგო პატრიარქმა ბექა ჩხაიძის პრობლემის შესახებ უთქმელად და როდის ვერ ახერხებდა ის სინანულის ცრემლების შეკავებას

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 16.11, 2021 წელი

ბექა ჩხაიძე
დაკოპირებულია

ბექა ჩხაიძე არაერთი სასწაულის მომწრე გამხდარა. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც მას სწორად ცხოვრებაში ეხმარება.

ბექა ჩხაიძე: წლების წინ მოხდა ეს ამბავი: მეგობარმა დამირეკა ციხიდან, გამზრდელი ბებო გარდამეცვალა და შენი იმედი მაქვს, იქნებ პატარა ქელეხი გაუკეთოო. მაშინ რთული პერიოდი მქონდა, ფინანსურად მყარად არ ვიდექი ფეხზე, მაგრამ რაიონში ქელეხის გაკეთებას ბევრი ფული არ სჭირდება და დავფიქრდი, სად შეიძლებოდა მეშოვა საჭირო თანხა, ვისგან მესესხა. ამ დროს მირეკავენ საპატრიარქოდან, პატრიარქი დასალოცად გიბარებთო. პატრიარქმა იცის ხოლმე შეხვედრის დროს ტკბილის შემოთავაზება. წინ დიდი კალათი უდევს ხოლმე და ტკბილეულს გაწვდის, წამოსვლისასაც გეუბნება, სიტკბო წაიღეთ ჩემგანო. ამჯერადაც ისე მოიქცა, როგორც ყოველთვის. იქ ვარ და ჩემთვის ვფიქრობ, საპატრიარქოდან რომ გამოვალ, ვინმეს ფულს ვესესხები-მეთქი. პატრიარქი ადგა, ახლავე მოვალო მეუბნება და გავიდა. შემოვიდა და კონვერტი მომაწოდა. ეს – ჩემგან, სიტკბოებაში მოიხმარეო. კონვერტში ათასი ევრო იდო. არ ვიცოდი, რა მექნა, ან რა მეფიქრა. გამორთმევა ვიუხერხულე, მაგრამ ერთ-ერთმა მოძღვარმა მითხრა, ნაკურთხიაო. ცრემლები მომდიოდა იმის გაცნობიერებისას, რაც იმწუთას მოხდა.

ჩემი მოძღვარი ძალიან ძლიერი ბერია, ის პატრიარქმა თავისთან დაიბარა – ზოვრეთის მამათა მონასტრის წინამძღოლზე ვსაუბრობ, მამა იოანეზე. პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს, პატრიარქმა უთხრა, მე შენ გიცნობ, მაგრამ არა ხალხისგან, ბედნიერი ვარ შენ რომ არსებობ შენი ბერებითო. ჩაიხუტა და დილის ხუთ საათამდე ლაპარაკობდნენ.

ერთხელ მამა იოანეს გამოქვაბულში მივაკითხეთ. გვითხრა, წინ არ მიხვიდეთო. რატომ-მეთქი, ვკითხე. იქ ის არის, ვინც კაცობრიობას ყოველდღე ებრძვისო. ერთი ბიჭი გვახლდა, რომელსაც თან ფოტოაპარატი ჰქონდა და ამ ადგილს სურათები გადაუღო. ფოტოზე ჩაცუცქული ეშმაკი გამოჩნდა. ამაზე არ ვლაპარაკობ ხოლმე, ზოგი მეუბნება, გააფრინეო.

არადა, იცით, მამა იოანე როგორი მოძღვარია? შეიძლება, უცებ დამირეკოს და მითხრას, მაგ მანქანიდან გადადიო და გადავსულვარ კიდეც. ერთხელ ბიჭებთან ერთად მივდიოდი მანქანით, რომ დამირეკა. ბიჭებს ვუთხარი, ძალიან ძლიერი მოძღვარი მყავს და ის რომ მეუბნება, მანქანიდან გადადი, ესე იგი, ასეა საჭირო და ჩავიდეთ-მეთქი. არ დამიჯერეს, დამცინეს. მე ჩამოვედი მანქანიდან, ისინი კი წავიდნენ. ნახევარ საათში მირეკავენ და მეუბნებიან, მაგრად დავილეწეთო.

– მამაომ შენი ასეთი ნდობა როგორ დაიმსახურა?

– დედაჩემი მონაზონია – დედა მარიამი. ბიოლოგიურს არა, გამზრდელ დედას ვგულისხმობ. ბიჭბუჭობის პერიოდი მქონდა ცოტა არეული, თორემ დანარჩენი დრო საეკლესიო პირების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მამა იოანე დედაომ გამაცნო. პირველად რომ ვნახე, თბილისში მოვდიოდი. მეუბნება, ჩემი თხოვნა იქნება, არ წახვიდე თბილისშიო. აუცილებლად უნდა ჩავიდე, საქმე მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. თუ შეგიძლია ორ დღეში წადიო. რაებს მეუბნება-მეთქი, ვიფიქრე და არ დავუჯერე, წამოვედი. ჩამოვედი თბილისში და ორ დღეში დამიჭირეს.

ზოვრეთის მამათა მონასტერში სასწაულები ხდება. შენთვის რომ ხარ და რაღაცაზე ფიქრობ, მამაო მოვა და გეტყვის, ასე ნუ ფიქრობო. 17 ბერი ჰყავს უმაღლეს ხარისხში, ორი განდეგილად წავიდა. ყველას ასე ზრდის, ადრე წმიდა მამები რომ განდეგილად მიდიოდნენ, ზუსტად ასეთ ღვაწლში ჰყავს მთელი მონასტერი.

ერთხელ მონასტერთან ვიდექით, ვიღაც ქალი მოვიდა და მამა იოანე იკითხა. ბერებმა დაურეკეს მამაოს, გკითხულობენო. მამაო თვალს რომ დახუჭავს და თავს ზემოთ ასწევს, ვიცი, რომ ანგელოზებს ელაპარაკება. ვისაც უნდა, დამცინოს, რა ვქნა, ვიცი, რომ ასეა. მაშინ იქ ჩემს გარდა ბევრი იყო და ეს ყველაფერი მათაც ნახეს. მამაომ ბერს უთხრა, არ მიეკაროთ ამ ქალს, ორ წუთში მოვალო. ამოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა, გამოიქცა და ამ ქალს პირდაპირ თმაში ჩაავლო ხელი. თმიდან გალესილი დანა ამოუღო. ჯვარი გადასახა და ამ ქალმა არაამქვეყნიური ხმები ამოუშვა, თან, ფორთხვა-ფორთხვით გაიქცა. მამაომ გვითხრა, ეს ქალი შეპყრობილი იყო, მანქანიდან რომ გადმოვედი და შევხედე, მის თავზე ეშმაკს ვხედავდი. რომელიმესთვის შესაძლოა, რამე დაეშავებინაო.

ძალიან ბევრ ადამიანს კურნავდა, ინვალიდები წამოუყენებია ეტლიდან. მონასტრის ასასვლელთან სამკილომეტრიანი რიგი იდგა და ყველას ეხმარებოდა. ერთ დღეს თქვა, მორჩა, აღარავის განვკურნავო. მიზეზით რომ დავინტერესდით, გვითხრა, ხალხმა ჩემი განდიდება დაიწყო, ეს არასწორია, იმას აღარ ამბობენ, რომ ეს ღმერთისგან არისო და დაამთავრა ყველაფერი. იმდენად ძლიერია, ხელს რომ მოგკიდებს ვერ გაჩერდები, სინანულის ცრემლები თავისით მოგდის.

– რა გავლენა მოახდინა მასთან ურთიერთობამ შენზე?

– ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე მისი მწამს, ის ჩემთვის ყველაფერია, ყველანაირი გაჭირვებიდან გამოვუყვანივარ. ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შემხვდა და მან და დედა მარიამმა მიჩვენეს სწორი გზა. ამის მიუხედავად, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს. ცხოვრების ფერხული ასეთია, ბოლომდე სუფთად ვერ იცხოვრებ. მით უმეტეს, ჩემნაირი ბოჰემური ადამიანი. თორემ კაცი მე არ მომიკლავს, არ მიყაჩაღია და მამათმავალი არ ვყოფილვარ. თუმცა, მე ზუსტად ვიცი ჩემი ცოდვები, ვიცი, რასაც ვაშავებ, მე კარგად ვიცი, რა არის ცოდვა და ვინც არ იცის, იმათზე მეტად მე მომეთხოვება. დალევა, სხვისი განკითხვა, სამწუხაროდ, ეს ცხოვრების ნაწილია. მამაო მეუბნება ხოლმე, გემუდარები, ნუ იზამ ამას, მე შენთვის ვლოცულობ და ნუ მიასმაგებ ტკივილსო.

– ალბათ, ძალიან გაგიმართლა მას რომ შეხვდი.

– ძალიან, მე რომ მამა იოანე და დედა მარიამი არ მყოლოდა, პირდაპირ ვამბობ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი.

ცოტა ხნის წინ მამაოს ტრაქტორი მოჰყავდა მონასტერში საქმისთვის და პატრულმა გააჩერა. ამ ტრაქტორს რაღაც საბუთი არ ჰქონდა და პატრული, სწორედ, იმას სთხოვდა მამაოს. ორნი იყვნენ. ერთმა მეორეს უთხრა: ბიჭო, მამაოა, დაანებე თავიო და პირველმა, აქ მამაოების მეტი რა არისო და ჯარიმას უწერდა ასი მეტრის რადიუსში რაღაც საბუთის გარეშე ტრაქტორით გადაადგილების გამო. მამაომ უთხრა, ჩათვალე, რომ ამ ფულს ეკლესიის შესაწირიდან იღებ და ნუ იზამ ამასო. უფ, კარგი ერთიო, – პატრულმა და ჩეკი ამოარტყა. შვილებს ვფიცავ, ცარიელი ფურცელი ამოვიდა. მეორე პატრული ეუბნებოდა, ბიჭო, ხომ გეუბნებოდი, დაანებე თავი-მეთქი. ამან კიდევ ერთხელ ამოარტყა ჩეკი და ისევ ცარიელი ამოვიდა. დაანებეს თავი ბოლოს და გამოუშვეს მამაო. ის ბიჭი რამდენიმე თვეში მამაოსთან ამოვიდა ბოდიშის მოსახდელად და სამსახურიდანაც წამოვედიო, უთქვამს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი