როგორ გადავიდა ეკა გელაშვილი სიყვარულის გამო საცხოვრებლად თურქეთსა და არაბეთში და რა სირთულეების შემდეგ დაუბრუნდა ის ხელოვნებას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 34 წუთის წინ
უცხო ქვეყანაში გატარებული წლები, პირადი სირთულეები, რადიკალური გადაწყვეტილებები და დაბრუნება საკუთარ ფესვებთან – თურქეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, ორი შვილის დედა, მსახიობი და მომღერალი ეკა გელაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე გვიყვება.
ეკა გელაშვილი: პანდემიამდე აქტიური შემოქმედება მქონდა, მაგრამ შემდეგ გათხოვება გადავწყვიტე და თურქეთიდან სხვა ქვეყანაში გადავედი საცხოვრებლად, რასაც შემოქმედებითი პაუზა მოჰყვა. არაბეთში დაახლოებით ორი წელი გავატარე. შემდეგ იყო მეუღლესთან დაშორება. კარიერაში ხელს არანაირად არ მიწყობდა, პირიქით – პაუზა იმიტომ მქონდა, რომ მას არ სიამოვნებდა ჩემი აქტიურობა. წელიწად-ნახევარია, რაც დავშორდით. სცენას ვუბრუნდები, მაგრამ უკვე არა როგორც მსახიობი. ორი შვილის დედა ვარ, უმცროსი საკმაოდ პატარა – ოთხი წლისაა და მე ვზრდი, მამამისი კი საზღვარგარეთაა. უფროსსაც ყურადღება სჭირდება. თეატრსა და გადაღებებს ჩემი ცხოვრების მრავალი წელი უკავშირდება და ვიცი, რომ ეს სფერო დიდ დროს, საღამოობითა და, შესაძლოა, ღამის საათებში მუშაობასაც მოიცავს. მე კი ჩემი შვილების მარტო დატოვება არ მინდა, ამიტომ ხელოვნების სხვა მიმართულებით – სიმღერით დავიწყე ოცნებების ასრულება.
– პანდემიამდე შემოქმედებითად აქტიური იყავი, ოცნებებს იხდენდი და ამ დროს გამოჩნდა სიყვარული, რამაც ძალიან შეცვალა შენი ცხოვრება, არა?
– კი, ასე გამოვიდა. პანდემიის მიუხედავად, პროექტები მაინც მქონდა. მერე ყველაფერი ძალიან ცუდად წავიდა – დეპრესიული პერიოდი იყო, იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა და უკეთესობისკენ აღარაფერი შეიცვლებოდა. იმ უიმედო პერიოდში ყველაზე კაშკაშა რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ეს ურთიერთობა და სიყვარული იყო. ჩემი ქმარი თურქი ინგლისელი იყო. იმ პერიოდში ჩემ გამო ჩამოდიოდა თურქეთში და იმ რთულ დროს ცხოვრება გამიფერადა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.
ამ ურთიერთობამდე ქორწინებას ნამდვილად აღარ ვაპირებდი – მაშინ ჩემთვის კარიერა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ სიყვარულმა ბევრი რამ შეცვალა, რაც მერე უფრო გამოჩნდა. უფროსი შვილი ბიჭი მყავს და ძალიან მინდოდა, გოგონაც მყოლოდა; ეს ჩემი დიდი ოცნება იყო. ისე მოხდა, რომ დავორსულდი და, რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა, ეს ოცნება ამესრულებინა. პანდემიიდან გამომდინარე, პროექტები არ იყო და ვიფიქრე, სანამ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ბავშვსაც წამოვზრდიდი და ჩემს საქმესაც დავუბრუნდებოდი.
– მანამდე მეუღლეს არ ჰქონდა პრობლემა შენს კარიერასთან დაკავშირებით?
– არა, არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ამიტომაც ვთქვი, რომ ცვლილებები მერე გამოჩნდა. როგორც კი ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი, მდგომარეობაც შეიცვალა. ამ თემის განხილვას ყოველთვის უსიამოვნო დიალოგი მოჰყვებოდა ხოლმე. არაბეთში ვცხოვრობდით და პირველ პერიოდში თავს ოჯახურ გარემოში კარგად ვგრძნობდით, თუმცა მერე ნელ-ნელა პრობლემებმა იმატა.
მანამდე სახლის მეორე სართულზე ატელიე გავაკეთე და ხატვა დავიწყე. ჩემთვის ხელოვნებასთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია – ეს ჩემს სულს სჭირდება. ბავშვს რამდენიმე საათით ძიძას ვუტოვებდი, ატელიეში ვიკეტებოდი, მუსიკას ვრთავდი და ვხატავდი. არაბეთში წასვლაც დადებითი გამოდგა ჩემთვის: ხელოვანისთვის მრავალფეროვანი გარემო უმნიშვნელოვანესია, არაბეთი კი ცხოვრების წესით სრულიად განსხვავებული ქვეყანაა და ჩემთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა. იქაც გავაკეთე ატელიე, სადაც ხატვა ერთგვარ თერაპიად იქცა – სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთად ვხატავდით და, თან, ჩვენს ტრავმებზე ვსაუბრობდით. ძალიან საინტერესო გარემო გვქონდა. მეუღლეს არც ეს მოსწონდა და არც ის, რომ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. მას აშკარად არ სურდა, მისი ცოლი სოციალურად ასეთი აქტიური ყოფილიყო. ერჩივნა, სახლში ვყოფილიყავი და მხოლოდ ოჯახსა და შვილზე მეზრუნა.
არადა, როდესაც ვქორწინდებოდით, ჩემი პირველი პირობა ის იყო, რომ სახლში სტუდია უნდა მოეწყო, სადაც ჩემს მიერ დაწერილ ლექსებზე სიმღერებს ჩავწერდი. ბავშვობიდან ვწერდი ქართულად, შემდეგ უკვე – თურქულადაც. თეატრის პარალელურად, ვმღეროდი კიდეც. პატარაობიდანვე ვამბობდი, რომ მინდოდა, მომღერალი მსახიობი ყოფილიყავი – ეს ორი სფერო ერთად ჩემთვის განსაკუთრებულია, მით უმეტეს, ყოველთვის მინდოდა, საკუთარი დაწერილი სიმღერა მემღერა.
– ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ დაიწყე სიმღერასთან დაკავშირებული ოცნების ასრულება?
– დიახ, რაც გულში მქონდა, იმ ოცნების ახდენა დავიწყე. მე მიყვარს რთული პერიოდები – კომფორტის ზონიდან თუ არ გამოხვედი, სიახლისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამ. მე კი ახალი გზა ყოველთვის მაინტერესებს. თუმცა კიდევ ბევრი სირთულე აღარ მინდა, მეყოფა, რაც აქამდე გამოვიარე. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერად და წარმატებულად მინდა გზის გაგრძელება (იცინის).
– მუსიკალური თვალსაზრისით როგორი გეგმები გაქვს?
– მაისში დავიწყე აქტიურობა. ჩემს სიმღერებზე საავტორო უფლებებს თავად ვფლობ და ჩემს საქმეს თვითონვე წარვმართავ შესაბამის კომპანიებთან თანამშრომლობით. ახლა ჩემი მესამე სიმღერა გამოდის. პირველი ორი ნამუშევრის შედეგით კმაყოფილი ვარ – არ ველოდი ისეთ გამოხმაურებას, როგორიც მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ მათ შედარებით ვიწრო წრე ნახავდა, თუმცა ორივე კომპოზიციას ათობით ათასი გამოხმაურება მოჰყვა ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე.
მესამე სიმღერა ქართულ-თურქულ ენაზეა, კავკასიური მოტივებით – ეს ჩემი იდენტობის ნაწილია, რომელიც ჩემს ფესვებს უკავშირდება. ვფიქრობ, ამ ნამუშევარს კიდევ უფრო კარგი შედეგი მოჰყვება და ამისთვის შრომას არ დავიშურებ.
– თურქი მაყურებელი რამდენად კრიტიკულია?
– მარტივად იღებენ იმას, რაც უბრალო და კომერციულია, ნამდვილ ხელოვნებაზე კი ნაკლები მოთხოვნაა. „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით ძალიან მასშტაბურად ვრცელდება ყველაფერი, რაც შედარებით ზედაპირული, მარტივი ან რიტმულია. ვფიქრობ, ეს საპნის ბუშტივითაა – უცებ აიტაცებენ, თუმცა მერე უცებვე ავიწყდებათ.
როცა ვიწყებდი, ყველა რაღაცას მასწავლიდა და მეუბნებოდნენ: გააკეთე რაღაც ისეთი მარტივი, რომ ხალხმა უცებ აიტაცოსო. ეს ის არ არის, რაც მე მომწონს და მაბედნიერებს. ამ საქმეს მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის არ ვუყურებ – ეს ჩემი სულის საკვებია და რასაც ახლა ვაკეთებ, ძალიან მაბედნიერებს. ვქმნი მუსიკას, რომელსაც თვითონაც სიამოვნებით მოვუსმენდი. ვწერ ისეთ ტექსტებს, რომლებიც რომ არ ვთქვა, შეიძლება ტვირთად ვატარო. ჩემთვის ხელოვნება არაკომერციულია. ზუსტად ვიცი, შეიძლება, შედარებით მეტი დრო დამჭირდეს ფესვების გასადგმელად, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღწევ.
– თურქეთში ცხოვრობ და საქმიანობ, საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– ეს სიმღერა იმ დროს დავწერე, როდესაც ჩემი ყოფილი შეყვარებულის გარდაცვალების შესახებ შევიტყვე. ასეთი ახალგაზრდა ადამიანის წასვლა მძიმე მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა დასრულებული იყო. გრძნობები ხომ არსებობდა?! კვალი მაინც რჩება, თუნდაც ადამიანები შენი ცხოვრებიდან მიდიოდნენ. როცა მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე, დავფიქრდი და მომინდა, ჩემი განცდები როგორც თურქულად, ისე ქართულად გამომეხატა. ეს ისეთი გრძნობებია, რომელთა სიტყვებით აღწერაც მართლა რთულია, ამიტომ გადავწყვიტე, ორივე ენა გამომეყენებინა.
– ორ შვილთან ერთად, მით უმეტეს, მარტოხელა დედის ამპლუაში, როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს?
– ბევრი მეკითხება ამას. ალბათ, ყველაფერი დიდი მოტივაციის დამსახურებაა: როცა მიზანი გაქვს, ახერხებ კიდეც მის განხორციელებას. როცა რამე ახალს დავწერ, იმდენად მეჩქარება მისი მოსმენა, ვცდილობ, რაც შეიძლება, მალე გავქანდე სტუდიაში. ყველაფერი ისე ჰარმონიულად ეწყობა, მგონია, რომ ღმერთი მეხმარება. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მიზანიც ესაა – აქ იმისთვის ვარ, რომ რაღაც შევქმნა. ეს განცდა და, რაც მთავარია, დედობა ჩემთვის უდიდესი სტიმულია.
ამასთან, სიამაყე ის გრძნობაა, რომელიც ქალს ძალიან უხდება. მე ხშირად ვიღებ ცხოვრებაში მკვეთრ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს – ეს ჩემთვის უკვე მეორე დაშორებაა. ბევრი ასე იოლად ვერც დაქორწინების ნაბიჯს გადადგამს და ვერც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლას გაბედავს. თითქოს წინასწარ ბევრს არ ვწონი, რა იქნება ხვალ. შეიძლება, ეს კარგიც იყოს და ცუდიც. ზოგჯერ ვდარდობ კიდეც ამაზე, მაგრამ როცა დავფიქრდები, ვხვდები, რომ წლებს ნაყოფიერად ვიყენებ. შეიძლება, ამას სტრესიც მოაქვს, თუმცა მოსაწყენი ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს – ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.
– ორჯერ დასრულდა სერიოზული ურთიერთობა: ერთხელ საქართველოდან თურქეთში გადახვედი სიყვარულის გამო, მეორედ – უკვე თურქეთიდან არაბეთში... ახლა ორი შვილის დედა ხარ და დიდი გამოცდილებაც დაგიგროვდა. როგორი განწყობა გაქვს პირადი ცხოვრების მიმართ დღეს?
– რაზეც მითქვამს, ამას აღარასდროს გავაკეთებ-მეთქი, ზუსტად ის გამიკეთებია ცოტა ხანში, ამიტომ აღარაფრის თქმა არ მინდა. არ ვიცი, რას მომიტანს ცხოვრება, უბრალოდ, აღარ მინდა, ვინმეს ისე ვენდო, რომ მერე იმედი გამიცრუვდეს. აღარ ვარ იმედგაცრუებების ასაკში.
ყველაფერს თავისი დრო აქვს – 36 წლის ვარ და ეს ეტაპი უკვე გამოვცადე, განვლილი გზაა. ღმერთმა იცის, რა იქნება მომავალში. დღეს კი ჩემთვის მთავარი ჩემი შვილები და შემოქმედებაა.
გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. დღეს სრულიად აღარ მაინტერესებს, რას იტყვის სხვა. ერთია, როცა ხალხს მიაჩნიხარ წარმატებულად და მეორე – როცა შინაგანად გრძნობ ნამდვილ აღმასვლას. ახლა ჩემთვის სწორედ ესაა მთავარი. ეს არის ჩემი გამოწვევა. ჩემი მთავარი კონკურენტი წარსული და დღევანდელი ეკაა – არავინ სხვა. მჯერა, რომ აუცილებლად შევძლებ იმის განხორციელებას, რაც ჩანაფიქრში მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





