როგორ დასძლია ცხოვრებისეული სირთულეები პროდიუსერმა და შოუმენმა, ჯიმი მაქაცარიამ და რა ოცნება აიხდინა მან ადრეული ასაკიდან მუშაობის დაწყებით
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:03
საქველმოქმედო ღონისძებების ორგანიზატორი, პროდიუსერი და შოუმენი ჯიმი მაქაცარია, მიუხედავად ცხოვრებაში ბევრი ბარიერისა და წინაღობისა, წარმატებული ადამიანია. წლების წინ მის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საღამოების მოწყობიდან შემოსული თანხით უამრავ ადამიანს დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი ჩამოცილებული იყო აქტიურ ცხოვრებას, დღეს ისევ მყარად დგას სცენაზე, პოზიტიური განწყობით ახალისებს მაყურებელს და ისევ უანგაროდ ეხმარება უამრავ ადამიანს.
ჯიმი მაქაცარია: საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდა, თავისი განცდებით, წარმატება-წარუმატებლობებით და თავგადასავლებით. არ იყო ამ გზის გამოვლა ადვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბანკო-კომერციულ ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი. მუშაობა მიმტანობით დავიწყე, შემდეგ ბარ-მენეჯერი გავხდი, შემდეგ ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მენეჯერი... და ერთ დღესაც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სცენაზე მიკროფონით ხელში. სულ მალე სიმღერაც ჩავწერე სტუდიაში და დავიწყე აქტიურად მღერა. თუმცა, ამ სფეროს დროებით ჩამოვშორდი და ავეჯის ბიზნესში გადავედი. მერე კი, ისევ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევდგი ფეხი ქართულ შოუ-ბიზნესში. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო სცენაზე დგომა და ეს ოცნება მოგვიანებით, 30 წლის ასაკში ავისრულე, ძალიან დიდი შრომის ფასად. როცა ძალიან ვიღლებოდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ჯიმი, არ დაიღალო, შენ გაქვს მიზანი და ამისთვის უნდა იბრძოლო! ეს მაძლევდა ძალას, ბევრი მეშრომა, საკუთარი თავი ფეხზე დამეყენებინა და ოცნებები ამეხდინა.
– შენი კარიერა საკმაოდ წარმატებულად მიდიოდა, როცა ცუდი ფაქტი მოხდა და აქტიურ ცხოვრებას იძულებით ჩამოშორდი. გაგიჭირდა ხუთი წლის მერე, ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, კვლავ გაგეგრძელებინა შენი საქმე?
– ეს ის ხუთი წელი და სამი თვეა, რომელსაც სამუდამოდ ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან. თუმცა, ვფიქრობ, ეს გზაც უნდა გამევლო, რომ ადამიანები გადამეფასებინა, მათ შორის მეგობრები, ნათესავები და ის შინაური ხალხი, რომლებმაც გამწირეს. მაგრამ მე ვიბრძოლე და არ დავნებდი. ჩემთვის ეს იყო ურთულესი პერიოდი, თუმცა ციხეში გავიცანი არაჩვეუელბრივი ადამიანები, მათ შორის იქ მომუშვე ხალხი. არავის ვუსურვებ ციხეში მოხვედრას, მაგრამ მე იქ გატარებულმა დრომ უდიდესი გამოცდილება მომცა. მქონდა დრო, ბევრი მეკითხა, გამეაზრებინა ცხოვრებისეული დეტალები და ურთიერთობები გადამეფასებინა. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის და უახლოეს მეგობრებს, ვინც იმედს მაძლევდა. მადლობა ღმერთს, ის რთული პერიოდი განვლილია, მე გადავრჩი და დღეს ისევ წარმატებულ ადამიანად ვითვლები. დიახ, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ციხეში ვიჯექი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა შემეწყვიტა, ოცნებები დამეკარგა ან აღარ მქონოდა უფლება, ღირსეულად მემუშავა და მომავალი შემექმნა. მიუხედვად ყველაფრისა, არ გავბოროტებულვარ, არ დამიკარგავს ადამიანობა. ისევ ვიცი მეგობრობისა და სიყვარულის ფასი, ვიცი ოჯახის მნიშვნელობა. სწორედ ოჯახმა, მეგობრებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ბოლომდე ჩემ გვერდით იდგნენ, მომცეს ძალა, რომ არ დავნებებულიყავი. ის, რაც მე ციხის დატოების შემდეგ, ხუთ თვეში შევძელი, ბევრისთვის ორ წელშიც რთული მისაღწევია. ჩემს წარსულს ვერავინ შეცვლის, მაგრამ ჩემი მომავალი ჩემი ხელით იწერება. მე არ ვცხოვრობ სიძულვილით. ვცხოვრობ რწმენით, შრომითა და იმედით. არასოდეს განსაჯოთ ადამიანი მხოლოდ მისი წარსულით. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ადამიანები სწორედ ყველაზე მძიმე გზას გადიან. მე იმ გზიდან დავბრუნდი, არ დავნებდი, გადავრჩი, ფეხზე დავდექი და ახლა, ჩემი პასუხი ყველასთვის მხოლოდ ერთი იქნება – შრომა, შედეგი და ღირსება. სხვათა შორის, სწორედ იმ რთულ პერიოდში ბევრმა ადამიანმა მოიხსნა ნიღაბი, მერე კი ისევ მოინდომა ჩემ გვერდით ყოფნა, მე კი ვუპასუხე: შენი ადგილი ჩემს ცხოვრებაში არ არის, იარე შენი გზით! ფაქტობრივად, 40 წლის ასაკში ისევ ნულიდან დავიწყე ცხოვრება და მესამედ დავიბადე. 2015 წელს ჩემი გადარჩენის ერთი პროცენტი არ იყო, როცა კოვიდს ვებრძოდი და ახლა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უფალმა მესამედ მომცა სიცოცხლის უფლება. კიდევ ვამბობ, გამოსვლიდან ძალიან მალე გავიარე ადაპტაცია, რაშიც ჩემი მეგობრები და ოჯახი დამეხმარა და ხუთ დღეში უკვე სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი. მქონდა ჩემი დაბრუნების დიდი საღამო, სადაც ჩემი მომღერალი მეგობრები მღეროდნენ. ასევე, ვაგრძელებ პროდიუსერობას და ჩემთვის ყველა მომღერალი პროდუქტია, რომელიც უნდა გავყიდო და გავუხსნა გზა წარმატებისკენ. ვარ წამყვანი და ჩემს თავს კარგ შოუმენად მივიჩნევ. არ ვუწოდებ ჩემს თავს მომღერალს, თუმცა საკმაოდ ბევრი სიმღერა მაქვს ჩაწერილი და ვმღერი. საკმაოდ ბევრი მიწვევა მაქვს რეგიონებიდან და ვაკეთებ ტურნეებს. კიდევ რამდენიმე პროექტს ვამზადებ. თავში არასოდეს ამვარდნია არანაირი წარმატება, ხალხს ჩემი უბრალოებით ვუყვარვარ და ხშირად ისეთი ადამიანები მწერენ თბილ სიტყვებს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ. ვფიქრობ, ჩემი მისია დედამიწაზე არის ის, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმარო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. ბევრ რამეს ვნანობ ჩემი წარსულიდან – არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი მიმნდობი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიდგები, ვისაც ვჭირდები.
– ამბობენ, სამშენებლო ბიზნესში აპირებს ძალების მოსინჯვასო და მართალია?
– ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, თითქოს მიწებს ვფლობ და საიდან მაქვს ამხელა ქონება. სიმართლე კი ის არის, რომ არანაირ მიწებს არ ვფლობ. სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს თქვენი ჟურნალის საშუალებით გავცემ პასუხს – ეს არ არის ჩემი სამშენებლო კომპანია, ეს არის უცხოელი ინვესტორის კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბური პროექტების დაწყებას გეგმავს და მე ამ კომპანიაში მხოლოდ წარმომადგენლის სტატუსით ვიქნები. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, მეგობრების გვერდით დგომით მოვხვდი სამშენებლო ბიზნესში და ზუსტად ვიცი, არც ამ საქმეში დავზოგავ ჩემს ენერგიას, ნიჭსა და გამოცდილებას. და აუცილებლად საქველმოქმედო საქმეშიც გამოვიყენებ ამ ბიზნესს. გონივრული რისკი მიყვარს და სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მთელი სამი თვე ვფიქრობდი. კომპეტენტურ ადამიანებს დავეკითხე რჩევები და ასე შევედი ამ ბიზნესში იმ ადამიანებთან, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





