შოუბიზნესი

ვერკა ჯაჯანიძე: საკუთარ შვილზე მეტად სხვაზე ვიცი გადაყოლა

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

ვერკა ჯაჯანიძე
დაკოპირებულია

ვერკა ჯაჯანიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ვერკა ჯაჯანიძე?

ვერკა ჯაჯანიძე: ასი პროცენტიდან 80 პროცენტით უკვე შევქმენი ჩემი თავი. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მინდა, ვინმემ ამბიციურად ჩამითვალოს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდმა შრომამ მომიტანა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: საჭიროა ამდენის გაკეთება? იქნებ, უფრო კომფორტულად ცხოვრება ვარჩიო და უარი ვთქვა ამდენ სტრესზე?.. ძალიან ბევრის გაძლება მიწევს იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიო და ჩემს სფეროში თავი დავიმკვიდრო, მაგრამ მინდა ცხოვრებაში მაქსიმუმი გავაკეთო და ამისთვის, კიდევ 20 პროცენტი წინ მაქვს.

ვფიქრობ, რომ ვარ ადამიანი, რომელმაც შეძლო საკუთარ სფეროში თავის დამკვიდრება. სამწუხაროდ, საჯაროდ, ფართო საზოგადოებისთვის არ ჩანს ჩემი წარმატება. ეს პროფესია არ არის სპორტის ისეთი პოპულარული სახეობა, როგორც სხვები, მაგრამ საბედნიეროდ, საერთაშორისო ასპარეზე გავიტანე ჩემი ცოდნა და ჩემი შრომით შევძელი სახელი მომეპოვებინა.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?

– ძალიან ბევრი. ჩემ გვერდით არიან ამ პროფესიის ადამიანები, რომლებიც სხვების გამო რაღაცებს არ გააკეთებენ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ვიღაცის ხათრის გამო, იმიტომ, რომ მას არ ვაწყენინო, ბევრი რამ გამიკეთებია. მერე მიფიქრია ხოლმე, რა საჭირო იყო, რატომ დავიღალე თავი, მაგრამ ფაქტი, ფაქტია.

ასევე, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვცეკვავდი რესტორანში. ეს ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ათი წელი ვაკეთებდი ამ საქმეს შემოსავლისთვის, თორემ ნამდვილად არ მსიამოვნებდა. იქ აღებული თითოეული თეთრით ვცდილობდი, გზა წინ გამეკვალა და ეს მაძლევდა იმედს. საკუთარ თავს ყოველ საღამოს ვეუბნებოდი, რომ მიღებული შემოსავალი ჩემი მიზნების მიღწევაში დამეხმარებოდა. სარესტორნო სივრცეში ჩვენი მაყურებლის წინაშე წარდგომა საკმაოდ რთულია, მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო. საკმაოდ სტრესულად მახსენდება ის დრო. იმ ტერიტორიაზე რომ გავივლი, დღემდე უსიამოვნო შეგრძნება მაქვს.

– როდის გიტირიათ ბედნიერების და როდის ტკივილით გამოწვეული ცრემლით?

– ჩემი პირადი ცხოვრება, ოჯახი, შვილი, მეუღლე ძალიან მიწყობენ ხელს ჩემს საქმეში. ფაქტობრივად, ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული და თავიდან ბოლომდე აკადემიასა და მოსწავლეებზე ვარ გადართული. ჩემი მოსწავლეები საკუთარი შვილებივით მყავს. უფრო მეტი სიხარულის ცრემლიც მათ უკავშირდება. მტკივნეული ჩემი პირადი ცხოვრებიდან არაფერი მახსენდება, ეს ემოციები ისევ და ისევ ჩემს მოსწავლეებთანაა დაკავშირებული. ბოლო სამი წელია, საერთაშორისო ასპარეზზე გავედით. ჩემი 24-საათიანი შრომით მივიღეთ ის შედეგი, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოვდივართ. ყველასთვის უცხოები ვიყავით და საოცარი გამარჯვებები მოვიპოვეთ. თითოეული ბავშვის მოპოვებული ოქრო ბედნიერების ცრემლს უკავშირდება. ეს წელი ასეთი ცრემლებით იყო დატვირთული.

ორი თვის წინ ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით წასულები, სულ ხუთი დღე ვმონაწილეობდით. ხუთი ღამე არ მძინებია. პირველი ორი დღე მწარე ტკივილთან ასოცირდება. ორი დღის განმავლობაში ერთი ოქრო ვერ ავიღეთ და ძალიან განვიცდიდი. ძალიან ვნერვიულობდი – ჩემი ქვეყნისა და აკადემიის წინაშე პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. ტვინში მაქვს ჩაბეჭდილი, რომ კონკურსზე მოსაგებად მივდივართ და არა მონაწილეობის მისაღებად. შემდეგი სამი დღე უკვე წარმატებული აღმოჩნდა, ჩვენმა ბავშვებმა მოიგეს და სიხარულისგან ვტიროდი. საბოლოო ჯამში კმაყოფილები ჩამოვედით, მაგრამ პირველი ორი დღის განცდებმა ძალიან დამსტრესა. ფინალი საოცარი გვქონდა, მაგრამ ის დღეები მაინც ძალიან მტკივნეულად მახსენდება.

– რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მარცხად და გამარჯვებად?

– დღევანდელი რეალობა, ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ რთულია. რომ მქონდეს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, რამდენიმე წლით აუცილებლად დავბრუნდებოდი პარკეტზე, როგორც სპორტსმენი მოცეკვავე. სამი წელია, ეს ეტაპი დავასრულე და ძალიან მენანება. როგორც მოცეკვავემ და სპორტსმენმა, ჩემი მაქსიმუმი საერთაშორისო ასპარეზზე ვერ გამოვიტანე. ამან ისე დამთრგუნა, იმდენად განვიცადე, რომ ჩემს მოსწავლეებში უდიდესი მონდომება გადავიტანე. როგორც პედაგოგმა, გავაკეთე ის, რაც ჩემს თავს დავაკელი. იმ ბრძოლაში ჩემს თავთან დავმარცხდი, რადგან ცეკვა უფრო ადრეულ ასაკში შევწყვიტე. იმიტომ არა, რომ ზარმაცი ვიყავი ან ეს არ მინდოდა, უბრალოდ, საკმარისი ფინანსები არ მქონდა. როდესაც ბევრს შრომობ და გინდა, შესაბამისი შედეგი მოიპოვო, საერთაშორისო ტურნირებში მუდმივად უნდა მიიღო მონაწილეობა, რასაც არც თუ ისე მცირე თანხები სჭირდება. პარალელურად, უნდა იმუშავო და შემოსავალი ამ საქმეში ჩადო. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ასეა თუ ისე, ჩემი თავი, როგორც მოცეკვავემ და სპორტსმენმა, საერთაშორისო ასპარეზზე ვერ წარმოვაჩინე და ეს არის ჩემი მარცხი.

ყველაზე კარგი ნაბიჯი, რაც გადამიდგამს, პირველ რიგში, ოჯახის შექმნაა, მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია და მეორე – ჩემი ბავშვობის ოცნებები პროფესიასთან დაკავშირებით, გავმხდარყავი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რეალობად ვაქციე. ეს რომ გამომივიდა, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს სფეროში, ჩემს მიმართულებაში ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი ვარ, რომელმაც შეუძლებელი შეძლო – უამრავი მსოფლიოს ჩემპიონი მყავს აღზრდილი. ასევე, ვარ ქართველი მოცეკვავე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე მსაჯად იყო მიწვეული.

– გავიხსენოთ სახალისო მომენტი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...

– ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი პაემანი ძალიან სახალისო იყო. ირაკლი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი. მალევე მოინდომა პირადად გავეცანი. მაშინ ფეხბურთელი იყო და ხშირად გადიოდა თბილისიდან. ერთ დღეს ჩამოვიდა. მე სტუდიაში ვიყავი და ერთ-ერთ გადაცემაში ცეკვისთვის ვემზადებოდი. გადავწყვიტე, დარბაზში დამებარებინა. თან, ძალიან მშიოდა. კი მერიდებოდა, მაგრამ რა მექნა და საცხობში ორი ლობიანი ვიყიდე, ერთი – ჩემთვის, მეორე – მისთვის (იცინის). დავჯექი დარბაზში და ვჭამ ჩემს ლობიანს, მეორე გვერდით მედო მისთვის. რომ შემოვიდა, სახეზე ფერი შეეცვალა (იცინის). „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენიდან და ფოტოებიდან სულ სხვანაირს მიცნობდა და მე სულ სხვა ფორმაში დავხვდი (იცინის). ტუჩებზე ლობიანის ფქვილი მეცხო და გაკვირვებული მიყურებდა. შენც გიყიდე, ხომ არ გშია-მეთქი, შევთავაზე. მაგრამ, არა, რას ამბობ, არ მინდაო. სულ რაღაც ხუთი წუთი გაჩერდა (იცინის). დღემდე ვიხსენებთ ხოლმე ამ ისტორიას და ძალიან ვხალისობთ (იცინის). არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ასე. წესით ხომ უნდა გაიპრანჭო პაემანზე. მე სრულიად უმაკიაჟოდ, სავარჯიშო ფორმაში დავხვდი. ჩავთვალე, თუ მოვეწონები, როგორიც ვარ, ასეთი უნდა მოვეწონო-მეთქი – უბრალო და სადა. სცენაზე როგორიც ვარ, იმის მიხედვით არ უნდა გასჩენოდა ჩემ მიმართ სიმპათიები. ჭამას რაც შეეხება, დარბაზში ლობიანს ხშირად ნამდვილად არ ვჭამ, მაგრამ მაშინ ისე ძალიან მშიოდა, რომ სხვა გზა არ მქონდა (იცინის). მოკლედ, რაც არ უნდა ვთქვათ, ძალიან დასამახსოვრებელი და უცნაური პაემანი იყო.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და სტიმულის მომცემი და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?

– დღევანდელ რეალობაში ერთიც ბევრია და მეორეც. მე მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდე და უყვარდე. ძალიან უბრალო და საოცრად შრომისმოყვარე ადამიანი ვარ, ეს ვიღაცებს მოსწონთ, ვიღაცებს – არა. მე ისე ვიქცევი, როგორც ჩემს პროფესიასა და მოსწავლეებს სჭირდებათ. ცუდი რაც საკუთარ თავზე მსმენია ისაა, რომ ძალიან მკაცრი ვარ, არასათანადოდ ვეპყრობი ბავშვს. საერთოდ, საკუთარ შვილზე მეტად სხვაზე ვიცი გადაყოლა. იშვიათად, მაგრამ მაინც გამიგია, რომ ვიღაცას ყველაფერი გავუკეთე და ვიღაცას რაღაცაში არ დავეხმარე. ამას ძალიან განვიცდი. ვფიქრობ, რომ ასე არ არის. მე ჩემი მაქსიმუმი მაქვს, რაც შემიძლია, ადამიანს გავუკეთო. ვცდილობ, ასე მოვიქცე, ზოგჯერ ვახერხებ, ზოგჯერ – ვერ. ბოლო რამდენიმე წელია კრიტიკა ნაკლებად მესმის. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროსაც ნაკლები კრიტიკა იყო, მაგრამ ქორწილის პერიოდი მახსენდება ძალიან ცუდად. მაშინ ჩემი კაბა განიხილებოდა და ძალიან ცუდი კომენტარები იწერებოდა. ამას ძალიან განვიცდიდი და იმდენს ვტიროდი, რომ ოჯახის წევრებმა მითხრეს, საერთოდ აღარ წაიკითხო, ნუ გექნება წვდომა სოციალურ ქსელებთანო, თუმცა, მაინტერესებდა. დღემდე ასე ვარ. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ მინდა, ამით სხვაც კმაყოფილი იყოს და მისი აზრიც მაინტერესებს. თუ ყველა კმაყოფილია, ძალიან ბედნიერი ვარ. თბილი სიტყვებით უმეტესად ჩემი მოსწავლეებისგან და მათი მშობლებისგან ვარ განებივრებული, თან მყვებიან და მათგან დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობა. ასევე, ახლობლები, მეგობრები, კოლეგები ხშირად მეუბნებიან, საოცარი ხარ, საუკეთესო, ძალიან ბევრს მიაღწიეო. გობეჯიშვილის აკადემიაში ვმუშაობ და ბევრი ისეთი კომენტარი მესმის, რაც მაბედნიერებს. ნაკლები კრიტიკაა, მაგრამ მაინც არის, რაც ასევე საჭიროა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი