როგორ ემზადება „მის ნიუ-იორკი“ თეონა კბილაშვილი „მის ამერიკის“ სტატუსის მოსაპოვებლად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 08.07

ულამაზესი მოდელი თეონა კბილაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. მან ცოტა ხნის წინ განსაკუთრებით საამაყო ჯილდო მიიღო – „მის ნიუ-იორკი“ გახდა და ახლა უკვე „მის ამერიკის“ ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება.
თეონა კბილაშვილი: წინა წელს „მის ნიუ-იორკის“ ტიტულის მოსაპოვებლად ვიყავი გასული სილამაზის კონკურსზე. რამდენიმე თვის წინ გავხდი ამ სტატუსის მფლობელი და ახლა უკვე „მის ამერიკის“ ტიტულის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლო. ყველა შტატიდან გამოვლინდა თითო გამარჯვებული და ერთმანეთს „მის ამერიკაზე“ შევხვდებით.
ძალიან გრძელი და რთული პროცესი გამოვიარე. ჩემს ცხოვრებაში დიდი მოვლენა მოხდა, ასეთი სტატუსი მივიღე და კიდევ უფრო მასშტაბურ კონკურსზე გავდივარ, ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. მე და ჩემი გუნდი ყველანაირად ვემზადებით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მე ვარ პირველი ქართველი, ვინც ამ ნაბიჯებს დგამს და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. უბედნიერესი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ხდება.
კონკურსი 17-18 აგვისტოს გაიმართება. 18-ში იქნება მასშტაბური ფინალი, რომელიც აქ, ამერიკაში, გაშუქდება, ასევე, ყველას ექნება შესაძლებლობა სოციალური ქსელებისა და „იუთუბის“ მეშვეობით გვადევნონ თვალი და უბედნიერესი ვიქნები, თუ ქართველები მიგულშემატკივრებენ.
– ქართველ ხალხს როგორ შეუძლია, მხარი დაგიჭიროთ?
– მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გულშემატკივრების აქტიურობაა. ამიტომ, როცა კონკურსი ლაივრეჟიმში გავა, ხალხს შესაძლებლობა ექნება, სოციალურ ქსელებში თუ „იუთუბზე“, კომენტარებში დააფიქსირონ გულშემატკივრობა. აქტიური პუბლიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამარჯვებულის ვინაობას, გამარჯვებული მხოლოდ ხმების რაოდენობით არ ვლინდება, სოციალურ ქსელს დიდ ყურადღებას აქცევენ.
– ალბათ, ძალიან ემოციური პერიოდია.
– კი, ემოციებით ვარ სავსე. ძალიან ბედნიერი ვარ, თან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება. ბევრი ვიშრომეთ ამ შედეგისთვის. ჩემი გუნდი, ჩემი პროდიუსერი და მე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო საუკეთესო კუთხით გავაცნოთ ყველას. ვცდილობთ, სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაუროთ და ყველას ვაჩვენოთ, როგორი ლამაზი და საინტერესო კულტურის მქონე ერი ვართ.
ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა და მე ამ კონკურსში წარვდგები, როგორც ქართველი ამერიკელი. ყველგან ამაყად ვამბობ, რომ დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, ყველას ვუყვები ჩვენი ქვეყნის შესახებ, ვესაუბრები ქართულ კულტურაზე, ვაგემოვნებინებ ქართულ კერძებს, ვასმენინებ ქართულ მუსიკას. მაგალითად, იაპონიაში სტუმრობისას ამ მისიის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა საქართველოს ელჩი, ასევე, წარმატებული სპორტსმენი ლევან ტოჩინოშინი. ყველა ქვეყანაში, სადაც ჩავდივარ, ქართველები გვერდში მიდგანან, რომ ჩემი ქვეყანაც უკეთ გავაცნო ადგილობრივებს და ჩემი თავიც, როგორც კონკურსანტი, რომელსაც სურს ამერიკის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვოს. ამისთვის ყველა მათგანის ძალიან მადლიერი ვარ.
– მოდი, მოვყვეთ, როგორ მოხვედით აქამდე, ანუ, როგორ გახდით „მის ნიუ-იორკი“?
– ბევრი სირთულე გავიარეთ. მენტალურად სტრესული პერიოდი იყო. ფიზიკურადაც ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. მთელი ჩემი გუნდი ძალიან მობილიზებული იყო და ამ ყველაფრის დამსახურებით, მენტალური მზაობა მქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსზე გამარჯვების მოსაპოვებლად წავედი და არა მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, რომ ეს გვირგვინი დამსახურებულად მივიღე. რა თქმა უნდა, ველოდებოდი გამარჯვებას, მაგრამ იმ წამებში, როცა შედეგი გავიგე, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ვამაყობდი საკუთარი თავით, საკუთარი გუნდით. მიხაროდა, რომ ამის გაკეთება შევძელი საკუთარი თავისთვისა და ქვეყნისთვის. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდა და მალე „ნიუ-იორკის დედოფლის“ სტატუსით, „მის ამერიკაზე“ წარვდგები.
სიმართლე გითხრათ, ახლაც იგივე განწყობა მაქვს. ჩემი მწვრთნელი მეუბნება, ამ კონკურსზე უნდა გახვიდე იმის ასაღებად, რაც შენ გეკუთვნისო. მივდივარ გამარჯვების მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ ჩემს ხალხს ბედნიერებისა და სიამაყის მიზეზი კიდევ ერთხელ მივცე.
– ყველა შტატიდან გამორჩეული გოგო იქნება კონკურსზე წარმოდგენილი. ალბათ, დიდი კონკურენციაა.
– ყველა გოგონა განსაკუთრებულად ლამაზია, მაგრამ არც ამ და არც სხვა კონკურსებში მე მონაწილეებს კონკურენტებად არ მივიჩნევ, რადგან ყველას გვაქვს ინდივიდუალიზმი და ჩვენი თავის წარმოსაჩენად ვიბრძვით და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.
– როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში საქართველოსაც სტუმრობდით...
– დიახ, ოქტომბერში ჩამოვედი საქართველოში. ძალიან მომენატრა ჩემი სამშობლო, მით უმეტეს, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე. საქართველოში მქონდა პატარ-პატარა შეხვედრები, იმ ადამიანებთან, ვინც უკვე გამიცნო, გადაღებებიც მქონდა. ვიცი, რომ ხალხმა ჯერჯერობით მასშტაბურად ვერ გამიცნო, მაგრამ ვინც გამიცნო, მათთან შეხვედრის საშუალება მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა, უფრო მეტი უნდა გავაკეთო ჩემი საქართველოსთვის, უფრო კარგად უნდა გავაცნო მთელ მსოფლიოს და ქართველებსაც მივცე ბიძგი, რომ დაბრუნდნენ ამ სფეროში.
– ხშირად ახერხებთ ხოლმე ჩამოსვლას?
– ბოლო პერიოდში ამ კონკურსისთვის ვემზადებოდი. ეს არ არის ერთი და ორი დღის შრომა, ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე სხვადასხვა ეტაპებით. ამიტომ, ვერ ვახერხებდი საქართველოში ჩამოსვლას. შვიდი წლის წინ ვიყავი ჩამოსული და მხოლოდ წელს მოვახერხე. ამდენი ხნის შემდეგ ჩამოსვლა ორმაგად ემოციური იყო. ძალიან ამაყი ვიყავი. ამ კონკურსის შემდეგაც აუცილებლად ვესტუმრები საქართველოს. იმედია, ჩემს გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან