როგორ ემზადება მარი ნატროშვილი ჩინეთში საქართველოს წარსადგენად და ვინ იცავს მას აბეზარი თაყვანისმცემლებისგან
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 02.10
21 წლის მარი ნატროშვილი წარმატებული მოდელია, რომელიც მალე ჩინეთში გაემგზავრება და კონკურსზე ჩვენს ქვეყანას წარადგენს. მოდელობა მისი ერთადერთი პროფესია არ არის, საკუთარი ინტერესებისა და საქმიანობის შესახებ მარი თავად მოგვიყვება.
მარი ნატროშვილი: ეს საქმიანობა ფოტომოდელობით დავიწყე. ფოტოგრაფები თავად მწერდნენ „ინსტაგრამზე“ და უფასოდ ვიღებდი მონაწილეობას მათ ფოტოსესიებში. შემდეგ გადავწყვიტე, ამ საქმიანობას უფრო პროფესიონალურად მივდგომოდი და სამოდელო სააგენტო „კატრინში“ მივედი. იქ ვისწავლე, რაც საჭირო იყო და შემდეგ საქართველოს მოდის კვირეულზეც გამოვედი. ამჟამად არცერთ სამოდელო სააგენტოში აღარ ვარ.
ზაფხულში თურქეთში ვიყავი საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე, სადაც ტოპ-ფინალისტებს შორის გავედი, საუკეთესო ათეულში მოვხვდი. ამ ტიპის კონკურსებში გადამწყვეტი მხოლოდ გარეგნობა არ არის. ყურადღებას აქცევენ პიროვნულ თვისებებს, ჰობის, მიზნებს, ინგლისური ენის ცოდნის დონეს და ასე შემდეგ. მე ასევე, აღვნიშნე ისიც, რომ ვარ არაფორმალური ორგანიზაციის წევრი, ჩამიტარებია „ერასმუსის“ პროექტები სომხეთში, ჩეხეთში და წელს ესპანეთშიც მივდივარ. ეს ჩემი ჰობია.
გარდა ამისა, ვარ სტუდენტი. თავდაპირველად სამართალზე ჩავაბარე. პირველი კურსი რომ დავხურე, მივხვდი, რომ ჩემს თავს ამ სფეროში, ოფისში საბუთებში თავჩარგულს ვერ წარმოვიდგენდი. ამიტომ ნახევარწლიანი აკადემიური ავიღე და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. მივხვდი, რომ მხოლოდ კარგი შემოსავლის გამო ვერ შევარჩევდი პროფესიას. ძმა მყავს, რომელიც პროფესიით პროგრამისტია და შემომთავაზა, ეს საქმე მეცადა. შესაბამისი კურსი ავიღე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი არც ეს არ იყო და საბოლოოდ, ბიზნესადმინისტრირებაზე გადავწყვიტე გადასვლა. ვფიქრობ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მთავარია, აღმოაჩინო, რა მოგწონს და სად ხედავ შენს თავს. აუცილებელი არ არის, სკოლის დამთავრებისთანავე უმაღლესში ჩააბარო. ჩემს შემთხვევაში ეს შეცდომა იყო. სამართალი არ შემეფერებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმეცადინეობდი. ჩემი თავი ბიზნესადმინისტრირებაში ვიპოვე.
ცხოვრებაში მხოლოდ მოდელობასთან დაკავშირებული გეგმები არ მაქვს. მინდა, სხვანაირადაც განვვითარდე, მარკეტინგიც მიზიდავს. დაახლოებით, ხუთ წელიწადში საკუთარი ბიზნესის წამოწყებასაც ვგეგმავ.
– დავუბრუნდეთ სამოდელო კარიერას. ცოტა ხანში ჩინეთში მიდიხარ მნიშვნელოვან კონკურსზე...
– მალე მივდივარ ჩინეთში Beauty of The World-ზე, სადაც, როგორც მოდელი, ასევე, დავესწრები „ლამბორჯინის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალს. იქ საქართველოდან მარტო მე ვიქნები. ამ ფესტივალს „ლუი ვიტონიც“ დაესწრება.
კონკურსს რაც შეეხება, მასში საკმაოდ ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ეს არ არის მის სამყაროს მასშტაბის კონკურსი, მაგრამ პასუხისმგებლობა დიდია, საქართველო უამრავი ქვეყნის წინაშე უნდა წარვადგინო. მეგობარი მყავს, რომელსაც საცეკვაო დარბაზი აქვს და ყოველ დილით მასთან მივდივარ ჩემი ქუსლებით სავარჯიშოდ (იცინის). ჩინეთიდან რომ ჩამოვალ, იტალიაში მივდივარ, ისევ და ისევ ჩემი საქმიანობით და წინ საინტერესო თანამშრომლობა მელოდება.
– დასაწყისი გავიხსენოთ: რით მოგხიბლა მოდელის პროფესიამ?
– ეს პროფესია პატარაობიდანვე მომწონდა. „ფეშენ-თივის“ ყოველთვის ვუყურებდი, მაგრამ რატომღაც თავდაჯერებულობა მაკლდა. ჩემს ბავშვობაში მოდის სამყაროში ქერა და ცისფერთვალება გოგონები იყო მოდაში. მე ამის გამო დაბალი თვითშეფასება მქონდა. როცა გავიზარდე, ჩემი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ. გადავწყვიტე, რომ მოდელობა კარგი პროფესიაა. მხოლოდ გარეგნობაზე დაყრდნობას არ ვემხრობი და ამიტომ, როგორც უკვე ვთქვი, სხვა პროფესიასაც ვეუფლები, მაგრამ კამერასთან და საერთოდ, ფოტოგრაფებთან მუშაობით იმხელა სიამოვნებას ვიღებ, შემდეგ კი – ლამაზი ფოტოების ხილვით, რომ ყოველ ჯერზე ვრწმუნდები საკუთარი არჩევანის სისწორეში. მოდელობასთან ერთად, კონტენტკრეატორიც ვარ – საერთაშორისო ბრენდებთან ვთანამშრომლობ. შეიძლება, ითქვას, რომ მთელი ჩემი გარდერობი უცხოური ბრენდებით არის სავსე, რაც მათგან საჩუქრად მივიღე. შარშან, პირველად მივაღწიე იმას, რომ „რალფ ლორენთანაც“ მოვახერხე თანამშრომლობის დაწყება და მისი სუნამოებიც მივიღე.
– ესე იგი, ნაკლებად გეხარჯება თანხა იმაში, რაშიც გოგონები სტანდარტულად ვხარჯავთ.
– დიახ, ასეა. მეცინება ამაზე, მაგრამ „ინსტაგრამი“ ჩემი შემოსავლის წყაროდ ვაქციე და მისი დამსახურებით გარდერობიც შეივსო უცხოური ბრენდებით (იცინის).
– სამწუხაროდ, დღემდეა სტერეოტიპული დამოკიდებულება მოდელების განათლებასთან დაკავშირებით. გიგრძნია ასეთი რამ?
– სამწუხაროდ, ასეთი რამ ბევრჯერ მიგრძნია. ვიდეოს, რომელიც „ინსტაგრამზე“ დავდე და რომელშიც ვამბობ, რომ ჩინეთში კონკურსზე მივდივარ, ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წერდნენ, ბევრად უფრო განათლებული და ლამაზი გოგონები არსებობენ და ეს რატომ მიდისო. ფეთქებადი ხასიათი მაქვს და არცერთი ნეგატიური კომენტარი არ დამიტოვებია პასუხის გარეშე. ცხოვრებაშიც ასეთი ვარ, ყველას შესაბამის პასუხის ვცემ. არ ვბრაზდები, არც ნერვები მეშლება და არც განვიცდი, მხოლოდ სარკასტულად ვუდგები და მათთვის სარკასტული პასუხების გაცემით სიამოვნებას ვიღებ (იცინის).
უნივერსიტეტშიც შემხვედრია ბიჭი, რომელიც სერიოზულად არ აღმიქვამდა, თუმცა საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვარ. განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ სხვანაირად ფიქრობენ მოდელებზე. როცა გამიცნობენ ხოლმე, მაშინვე ეცვლებათ წარმოდგენა ჩემ შესახებ. თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ მოდელის პროფესია ზოგჯერ სწავლის პროცესში ხელს მიშლის. მაგალითად, წელს თურქეთში რომ ვიყავი, ამის გამო გამოცდის გადაბარებაზე მომიწია გასვლა. ასეა, ყველაფერი ერთად არ გამოდის, რთულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ მოვინდომებთ, მაინც შესაძლებელია.
– შეყვარებული თუ ხარ?
– არა, შეყვარებული არ ვარ, ჩემი გული სრულიად თავისუფალია (იცინის). ჯერჯერობით მოწონებითაც არავინ მომწონს.
– რთულია, რომ ვინმე მოგეწონოს და შეგიყვარდეს?
– კი, ძალიან რთულია. ძირითადად, უფრო ჩამოყალიბებული ადამიანები მიზიდავენ, ვიდრე ჩემი ასაკის ბიჭები, რომლებიც ძალიან ცვალებადები არიან და არ იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. კაფეში ყავაზე დაპატიჟებით რომ ცდილობენ მოხიბვლას, ეს არ მიზიდავს, მე უფრო მომწონს ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა ცხოვრებაში და ჩემი ოცნებების განხორციელებაში შემიწყობს ხელს. გვერდით ისეთი ადამიანი მინდა მყავდეს, ვისთანაც ჩემს მომავალს წარმოვიდგენ.
– ყოფილა გამორჩეული სიურპრიზები?
– აბეზარი თაყვანისმცემელიც ყოფილა (იცინის). გადამრია, მაგრამ ჩემი სიყვარული მაინც ვერ დაიმსახურა. ვალენტინობას შოკოლადები და საათი დამიტოვა კართან. შემდეგ გაკვეთილებზე მოჰქონდა შოკოლადები. ადამიანი რომ არ მიცნობს, არ ვიცნობ, რაც არ უნდა გააკეთოს, მატერიალური ღირებულების საჩუქრებით ვერ მომხიბლავს. ძალიან ცუდად დამთავრდა ეგ ამბავი. რადგან ყველგან თან დამდევდა, წყობიდან გამომიყვანა (იცინის). ასეთ თაყვანისმცემლებთან ჩემი ძმა მეხმარება. ის ბევრი არასერიოზული ადამიანისგან მიცავს, თუმცა ძირითად შემთხვევებში ამის გაკეთება მე თვითონაც შემიძლია (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან