როგორ დაიწყო ახლიდან თამარ ადამიასა და ალეკო მახარობლიშვილის ოჯახური ცხოვრება და რა სიახლემ გაახარა ისინი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:55 31.12, 2025 წელი
თამარ ადამიასთვის და მისი ოჯახისთვის წლევანდელი წელი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა. მიზეზებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამარ ადამია: ხომ გაგიგიათ, „არასოდეს თქვა არასდროსო“, ამ გამოთქმის სიმართლეში ახლა დავრწმუნდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას. მეშინია კონკურსებისა და შეჯიბრებების. ახალგაზრდობაშიც კი არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, მაგრამ კულინარიული კონკურსის – „შეფების ლიგის“, მონაწილე გავხდი. ეს გუნდური პროექტია და ალბათ, ამან დამამშვიდა და გადამაწყვეტინა მონაწილეობის მიღება.
სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ კარგადაც ვამზადებ. როცა ამ სტილის გადაცემები პირველად გავიდა ეთერში, ყველა ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, მიიღე მონაწილეობაო, მაგრამ მე მეცინებოდა. ახლობლებს თუ ჩემი გაკეთებული კერძები მოსწონთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე საოცარს ვაკეთებ, ბევრი რამ არ ვიცი და ამიტომაც, ყოველთვის თავს ვიკავებდი. მერე ვუყურე ქართულ პროექტებსაც, უცხოურსაც და ვხედავ, ზოგი ამბობს ოხრახუშსა და ნიახურს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგანო, ზოგმა დღეს პირველად ვაცხობ ხაჭაპურსო, სხვამ პირველად ვაკეთებ ხინკალსო და ვიფიქრე, ასეთი კონკურსანტები თუ მონაწილეობენ, მე რატომ არ უნდა ვცადო, როცა ამ ყველაფრის გაკეთება მშვენივრად ვიცი-მეთქი (იცინის).
ბავშვობიდან მიყვარდა კერძების მომზადება. ბებიებთან, მამიდასთან თუ დეიდებთან ერთად ვიჯექი ხოლმე სამზარეულოში და ვეხმარებოდი, როცა ისინი ფუსფუსებდნენ. მეათე კლასში ვიყავი, ასფურცლიანი რვეული ავიღე და ბებიაჩემის რეცეპტები ჩავიწერე.
ჩემს ახალგაზრდობაში მზარეულის პროფესია არ იყო ისე გაპიარებული, როგორც დღეს არის, თორემ ალბათ, სიამოვნებით გავხდებოდი პროფესიონალი კულინარი.
– თქვენი მომზადებული რომელი კერძები უყვართ გამორჩეულად თქვენი ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს?
– არაჩვეულებრივად ვწვავ გოჭს, ფანტასტიკურად გამომდის, ეს დედისგან ვისწავლე. ასევე, ძალიან ცნობილია ჩემი გამომცხვარი ტორტი. ერთი პერიოდი ერთ-ერთ საკონდიტროში ვაბარებდი და თავს ამით ვირჩენდი.
– საერთოდ, ასეთ შესაძლებლობას შემოსავლის წყაროდ არ იყენებთ?
– როგორ არა, ტორტებს წლების განმავლობაში ვაბარებდი, სახლშიც მქონდა შეკვეთები. ჩემი მეგობრებისა და ახლობლების დაბადების დღეებზე ხომ სულ ჩემი გამომცხვარი ტორტები მიმქონდა და ეს იყო ყველაზე კარგი საჩუქარი მათთვის (იცინის). ასევე, არაჩვეულებრივ კაკლუჭებს ვამზადებ და ამასაც ვაბარებდი. მოკლედ, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი კულინარიული შესაძლებლობები ფინანსური კეთილდღეობისთვისაც გამომიყენებია (იცინის).
– კონკურსისა და შოუს ფორმატს როგორ შეეგუეთ?
– ძალიან სტრესული სამუშაოა და საოცარ ადრენალინს იწვევს, ამიტომ ძალიან მომწონს. სახლში მშვიდად ამზადებ კერძს, არსად გეჩქარება, არც დროს ინიშნავ და აქ დრო რომ გაქვს შეზღუდული, ფანტაზიას რთავ, რომ როგორმე მოასწრო – ძალიან სასიამოვნო პროცესია.
– თქვენს მეუღლეს აქვს ნათქვამი, არ ვარ პრეტენზიული, მარტივი საჭმელები მიყვარსო. მას რამდენად ანებივრებთ გემრიელობებით?
– დიდი სიამონებით გავანებივრებ, მაგრამ სადილს რომ მოვამზადებ, ერთხელ მიირთმევს, იტყვის, რომ ძალიან გემრიელია, რომ ასეი არავის გაუკეთებია, მაგრამ მეორე დღეს ისევ ძეხვეულს, შემწვარ კვერცხს ან კარტოფილს მიირთმევს (იცინის). ასეთი საჭმელები უყვარს. სანამ ჩვენი გოგო ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, მისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ახლა, რადგან მარტოები ვართ, როცა სტუმარი მოდის, მაშინ ვაკეთებ გემრიელ საჭმელებს. სხვა დროს ამისთვის არც გვცალია.
– ახლობლებს ეყვარებათ თქვენთან სტუმრობა.
– კი, ისედაც ძალიან უხარიათ ჩვენთან მოსვლა, გულთბილი და მხიარული მასპინძლები ვართ. ჩვენც ვგიჟდებით სტუმრებზე.
– კიდევ ერთი კარგი ამბავი გაქვთ – ახალ სახლში გადახვედით საცხოვრებლად... მარტივი არ არის სახლის შეძენა და ალბათ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი
– 41 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. თავიდან ჩემს მეგობარ ნანა ლორთქიფანიძესთან და მის მეუღლე ილიკო წიქვაძესთან ვცხოვრობდით. მაშინ ახალი დაქორწინებულები ვიყავი, ეკაზე ვიყავი ფეხმძიმედ. საუკეთესო პერიოდი იყო. მახსოვს, როგორ შევხვდით ახალ წელს, მე და ნანა ერთად ვალაგებდით სახლს და ვამზადებდით კერძებს. ნანა სულ ამბობს ხოლმე, რომ გოზინაყის მომზადება და გოჭის შეწვა მე ვასწავლე. იქ მოდიოდნენ საოცარი ადამიანები, ქეიფობდნენ, მღეროდნენ.
მაგალითად, გია ფერაძე, რომელიც იუმორის ზღვას წარმოადგენდა და მასთან ერთად ყოფნას არაფერი სჯობდა. დათო გომართელი, რომელიც მაშინ ჯერ ესტრადის მომღერალი არ იყო, მაგრამ ბუნებრივია, არაჩვეულებრივად მღეროდა, გიო ხუციშვილი და ასე შემდეგ. ერთი ზეიმი, ცეკვა, სიმღერა და სიხარული გვქონდა.
შემდეგ ჩემს მშობლებთან, ვერაზე გადავედით საცხოვრებლად. უცნაური სახლი გვქონდა, მამაჩემის ხელით აშენებული, სადაც ჩემი ძმები, რძლები, ახლობლები – მოკლედ სტუმრები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ჩვენი კარი არ იკეტებოდა. იქიდან ჩემი მეუღლის მშობლებთან გადავედით. ცოტა პატარა ბინა იყო და ბევრი ვცხოვრობდით, ამიტომ ამხანაგები დიდად ვერ მიგვყავდა, მაგრამ ნათესავებს უყვარდათ მოსვლა. ამასობაში ალეკოს მშობლებმა გვიყიდეს ბინა ნუცუბიძის პლატოზე, სადაც 31 წელი ვიცხოვრეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე-15 სართული იყო და რომ გადავედით, არც ლიფტი, არც შუქი, არც წყალი არ გვქონდა, ფეხით ამოდიოდნენ მეგობრები, ხან სიბნელეში, ხან სინათლეში... ჩვენთან სულ მხიარულება და ქეიფი იყო. ეს სახლი რომ ვიყიდეთ, მაშინაც არ იყო ახალი გარემონტებული და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო სარემონტო გახდა. ვერა და ვერ გავარემონტეთ, მოგეხსენებათ, მსახიობებს რა შემოსავალი გვაქვს და უკვე აღარ მოგვწონდა.
– არადა, ხალხი ეკრანზე გიყურებთ და ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ მსგავსი პრობლემები თქვენთვის უცხოა.
– ერთმა ჩვენმა მეზობელმა გვითხრა, ფულის მეტი რა გაქვენ თქვენო და მე და ალეკო დღემდე სიცილით ვიხსენებდით ამას. ასე ჩანს, მაგრამ... ახლა კიდევ ნორმალური ხელფასებია. ალეკოს, საერთოდ, 9 ლარი ჰქონდა ხელფასი, თეატრალურ ინსტიტუტში ლექტორი იყო. ზუსტად მაშინ ვაცხობდი ტორტებს. რა რემონტი, რის რემონტი (იცინის). ახლა, ამ ასაკში, უკვე ძალიან გვერიდებოდა. თან, ეს ახლად აშენებული ბინები რომ წამოვიდა, ძალიან მინდოდა. ბოლო პერიოდში იმდენად გვრცხვენოდა, სახლში უკვე ჟურნალისტებსაც არ ვიღებდი და უახლოეს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, არ მოხვიდეთ, მე მოვალ თქვენთან-მეთქი, (იცინის). ძალიან მინდოდა გარემონტებული ბინა, რომ ჩვენს სახლში ისევ სტუმრიანობა და მხიარულება ყოფილიყო. როგორც იქნა, მოვახერხეთ. ის გავყიდეთ და შედარებით პატარა, მაგრამ გარემონტებულ-გაწიკწიკებული ბინა ვიყიდეთ. ახლახან გადმოვედით და ხალისი დავიბრუნეთ – ისევ სტუმრები და მხიარულება. იმ სახლში აღარაფრის ხალისი აღარ მქონდა. ჩვენს ქალიშვილსაც ძალიან კარგი ბინა აქვს, აქეთ – ჩვენ და მოკლედ, ძალიან კარგად ვართ. ძველი ყველაფერი გადავყარე. დავდივარ მაღაზიებში და ძალიან მომწონს ახალ-ახალ ჭურჭელს რომ ვყიდულობ. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ (იცინის). ასე მგონია, თავიდან დავქორწინდი.
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება ამდენი წლის შემდეგ?
– 41 წელი რომ ერთად ვართ, ესე იგი, კარგად ვართ (იცინის). ერთი დღე არ მქონია, რომ ჩხუბის მერე სადმე წასვლაზე მეფიქრა. ჩხუბით, რა თქმა უნდა, ვჩხუბობთ, მაგრამ გულში არაფერს ვიდებთ, წამიერი კამათი ვიცით. ალეკო ხშირად იხსენებს ხოლმე მამაჩემის სიტყვებს, სახლი ფილარმონია კი არ არის, რომ სულ კონცერტი იყოს, ხანდახან ჩხუბიც ხდებაო და მართალიცაა. თუმცა, დრამები და გაბუტვები არც მე შემიძლია და არც ალეკოს.
– თქვენი მეუღლე როგორი ხასიათისაა, ეკრანიდან ყველას რაღაც წარმოდგენა აქვს და რეალურად?
– ნახევრად რაჭველი, ნახევრად კახელი. რაჭული სისხლის მიხედვით – ბუნჩულა და კარგი ქმარი, კახური სისხლის მიხედვით ხანდახან გაჯიქდება ხოლმე (იცინის). ისე, ძალიან კარგი იუმორი აქვს და მასთან ერთად ყოფნას არაფერი სჯობს. ამბის მოყოლა დაწყებული არ აქვს, რომ გარშემო მყოფები უკვე იცინიან. ამ ბოლო დროს გულსისხლძარღვთა დაავადების გამო ვეღარ სვამს, ძველებურად ვეღარ ქეიფობს, ერთ ჭიქას თუ მოწრუპავს, წამლები, ის, ეს და ცოტა გაუფუჭდა ხასიათი, მაგრამ მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ვცდილობ, ჩვენს ოჯახში მხიარულება იყოს და სიცილ-კისკისი ისმოდეს.
– როგორ იხსენებთ ხოლმე თქვენი ურთიერთობის დასაწყისს?
– ალეკოს ვიცნობდი, მე სტუდენტი ვიყავი, ის – მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. იქ რეპეტიციები გვქონდა ხოლმე და ყველას ვიცნობდი. მისთვის სხვა თვალით არასდროს შემიხედავს. ვიცოდი, რომ ნიჭიერი მსახიობი იყო. შალვა გაწერელიამ რომ „ირინეს ბედნიერება“ დადგა, ალეკომ იქ სასწაულად ითამაშა აბესალომი და ეს სპექტაკლი რომ ვნახე, გამოვაცხადე, რომ მიყვარდა, თავიდან – ხუმრობის დონეზე, მაგრამ მერე სერიოზულ ამბავში გადაიზარდა. ისიც მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი. ამბობს, ჯერ არ მჯეროდა, ვფიქრობდი, ამისთანა კარგ გოგოს მე როგორ შევუყვარდებოდიო, მაგრამ მერე დარწმუნდა და ორმხრივად შეგვიყვარდა ერთმანეთი. მშობლები წინააღმდეგები იყვნენ. ალეკოს ხომ ჰყავდა ცოლი და შვილები, ვის უნდა ასეთი სიძე, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. ამიტომაც ვცხოვრობდით ხან მეგობართან, ხან იქ და ხან აქ, ორი ნაქირავები სახლიც გვაქვს გამოცვლილი.
– თქვენი შვილი რომ თქვენს გზას გაჰყვა, როგორ შეხვდით მის გადაწყვეტილებას?
– მეგონა, რომ ამქვეყნად ალეკო მიყვარდა ყველაზე მეტად, მაგრამ შვილი რომ გამიჩნდა, მერე მივხვდი, ვინ იყო ნომერ პირველი. ჩემი ეკა დაბადებიდან დღემდე ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. პატარაობიდანვე ძალიან კარგი ბავშვი იყო. ყველეგან თან დავაპროწიალებდით, ხან ერთ მეგობარს ჰყავდა ზურგზე მოკიდებული და ხან – მეორეს (იცინის). ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ტექნიკურ საგნებშიც ძლიერი იყო. მსახიობობა რომ გადაწყვიტა, მე ვეუბნებოდი, რადგან შესაბამის საგნებსაც კარგად სწავლობ, იქნებ სამედიცინოზე ჩააბარო-მეთქი და უარი მითხრა. არ შევწინააღმდეგებივარ. თან მართლა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიბადა და გაიზარდა. შალვა გაწერელიას რეპეტიციებზე გვერდზე ეჯდა და სხვაზე არც არაფერზე უფიქრია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





