როგორ დაემსგავსა მალიბუს ცხოვრება „ჰოლივუდურ“ ფილმს და რით გააოცა მან ამერიკელი პროდიუსერი
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 05.03

მომღერალი მალიბუ უკვე სამი წელია, რაც ამერიკაში წავიდა, ნიუ-იორკში ცხოვრობს და კარიერის აწყობა იქ გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ნამდვილად არ ყოფილა ეს გზა ადვილი გასავლელი, უამრავი წინაღობისა და ბარიერის გადალახვა მოუწია, თუმცა, მიზნისკენ სვლა არ შეუჩერებია და უცხო ქვეყანაში პირველ წარმატებასაც მიაღწია.
მალიბუ: რთული იყო იმ წერტილამდე მისვლა, სადაც ახლა ვარ. სამი წელია, რაც ამერიკაში ვარ და დრომ სწრაფად გაირბინა. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს სამი წელი რთული იყო, მაგრამ ჩემთვის ღირდა ამ გზის გავლა. როცა ადამიანი ემიგრაციის გზას ირჩევ, უნდა იცოდე, რომ ეს არ იქნება ადვილი, დიდი გარდასახვა და წინაღობა გექნება და ამისთვის მზად უნდა იყო. მოკლედ, ამერიკა მომიხდა, მაგრამ აქამდე მოსვლა არ იყო მარტივი.
– პირადად შენთვის, რა ბარიერი და წინაღობა შეგხვდა ამ სამ წელიწადში?
– მე ჩემი კარიერული ზრდისთვის წამოვედი აქ და ყველაზე დიდი სირთულე, რასაც შევეჩეხე იყო ის, რომ ორი წელი, საერთოდ, მუზა არ მქონდა, არ მოდიოდა არანაირი მელოდია, არანაირი ტექსტი, სიმღერას ვერ ვწერდი. რაც აქ ჩამოვედი, იმდენად მყარად მქონდა გააზრებული ჩემი მიზანი, ნოსტალგია არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ერთი სული მაქვს, ჩამოვიდე. თუმცა, უცხო ქვეყანაში იმდენად იცვლები ადამიანი პიროვნულად, რომ სულ სხვა ადამიანი ყალიბდები. საქართველოდან რომ წამოვედი, ვიყავი მალიბუ ტუღუში, მაგრამ სხვა, ახლა კი, სულ სხვა ვარ, ოღონდ – კარგი მხრივ. მოკლედ, ამერიკაში ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გავჩერდი. ვფიქრობდი, მუსიკოსი აღარ ვარ, ეს ყველაფერი, რასაც წლები შევალიე, დავკარგე-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, ესეც დროებითი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ეს სტრესისგან იყო გამოწვეული. უარი ვთქვი ქართველებთან მუშაობაზე, ვარჩიე მხოლოდ ამერიკელებთან მქონოდა შეხება.
– ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა შენი ახალი სიმღერა და კლიპი, რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ორი წლის მერე რა ფაქტმა შეცვალა შენი ცხოვრება, რომ ისევ გეწვია მუზა და კვლავ ამღერდი?
– ზოგადად, მჯერა და მწამს, რომ ცხოვრებაში არაფერი ტყუილად არ ხდება და სამყარო აუცილებლად იქ და იმ ადამიანებთან მიგვიყვანს, ვისთანაც უნდა ვიყოთ. გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც გახდა ჩემი მუზა და მიზეზი იმისა, რომ სიმღერა დავწერე და გამოვუშვი. ვინც მიცნობს, იცის, რომ არ მიყვარს და არ ვგიჟდები ბარებში სიარულსა და გართობაზე. თუმცა, ერთ დღეს გადავწყვიტე ბარში წასვლა, იქ გავიცანი ეს ბიჭი და დღეს ახლო მეგობრები ვართ. ის არის არტისტი, მღერის, წერს სიმღერებს... მკითხა, რას აკეთებ, ვინ ხარო. მეც ყველაფერი ვუთხარი, და ეს ბიჭი, სახელად – ლიამი, აღმოჩნდა ჩემი მუსიკალური ანგელოზი. სანამ ჩემი სიმღერა გამოვიდოდა, მანამდე ერთად დუეტიც კი გამოვუშვით. მოკლედ, ამ ბიჭმა გამაცნო ამერიკელი პროდიუსერი, გამაცნო ადამიანები, ვინც მუშაობს მომღერლებზე, აკეთებს შოუებს და სასწაულ გარემოში აღმოვჩნდი, რომელიც მხოლოდ ფილმებში მენახა. დავიწყე პროდიუსერთან მუშაობა, რომლის სახელია ქრისი და ახლა ალბომზე ვმუშაობ. ეს სიმღერა – „უგულო“ კი, რომელიც სოციალურ ქსელში ნახეთ, ამ ალბომის მთავარი სიმღერაა, ანუ მთავარი სინგლი. ქრისთან პირველად რომ მივედი და ჩემი სიმღერები მოისმინა, მითხრა: შენ იმდენად პროფესიონალი ჩანხარ, ჩვენ იმაზე მეტი დრო უნდა გავატაროთ ერთად, ვიდრე ეს მე წარმომედგინაო. რომ ვუთხარი, სიმღერა მაქვს დაწერილი-მეთქი, გაუკვირდა. კლავიშთან დავჯექი, დავუკარი, ვიმღერე, მოეწონა და პირველი, რაც მკითხა: ვინ იყო მუზა, ვინ დაგაწერინა ეს სიმღერაო (იცინის). ლიამი ჩემი ამერიკული ცხოვრების ნაწილია. ასე რომ, მთელი ალბომი ეძღვნება ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს და ამ ადამიანს, რომელიც ჩემი მუზა გახდა. კიდევ ვამბობ, მთელი ორი წელი სიმღერის დაწერა კი არა, მელოდიაც კი არ მომდიოდა თავში. ეს ძალიან რთულია მუსიკოსისთვის, მომღერლისთვის და კომპოზიტორისთვის. წარმოიდგინეთ, ჯდები კლავიშთან, უკრავ რაღაცებს, მაგრამ ხვდები, არაფერს უკრავ, ვერაფერს აკეთებ. წამში კი, ჩნდება ადამიანი, რომელიც აღვიძებს შენში მუსიკალურ გრძნობებს და შენი მუზა ხდება. ასე რომ, ჩემი ახალი სიმღერა რომ ჩავწრეთ, კლიპი გადავიღეთ და გაგიზიარეთ, კიდევ არ მჯერა, რომ ეს გამომივიდა და ამერიკაში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, დადგა ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. აქვე მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი მეტრეველს – კამერის მეფეს, საოცარ რეალობად რომ აქცია კადრები და თამია ტატალაშვილს, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია და ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. ნინო გაჩეჩილაძეს – რომ ჩვენთან ერთად იზიარებდა მუშაობის ყოველ წამს და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ამერიკელ პროდიუსერს, ქრის მორონტას, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
– შეცვლილი გაქვს იმიჯი და საკმაოდ ბევრი კილოგრამი – დაკლებული. ამისთვის ბევრი მუშაობა და ძალისხმევა დაგჭირდა?
– ახლა როგორი ვიზუალიც მაქვს, დიდი ხანია, ასეთზე ვოცნებობდი. ახლა რომ პატარა მალიბუმ დამინახოს, იტყვის: ვაუ! ვერ წარმოიდგენდა. ამერიკაში რომ ჩამოვედი, არასწორი კვების რეჟიმის გამო წონაში მოვიმატე. ერთ დღესაც, გავიღვიძე, საკუთარ თავს ვუთხარი: მოდი, ეს ყველაფერი შევცვალოთ და მარტივად გადავწყვიტე, კვება შემეზღუდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მივირთმევდი ცოტას და ვაკონტროლებდი საათებს, 18 საათი არ ვიღებდი საკვებს. საკმაოდ ბევრი დავიკელი, დაახლოებით, 24 კილო. მინდოდა, ჩემი სხეულის ნაწილებისა და ქალურობის გამოკვეთა და ამაში პილატესი დამეხმარა. ერთი წელია, პილატესზე დავდივარ, ჩემი ცხოვრების წესი გახდა, ჩემი ცხოვრების ნაწილი, მის გარეშე აღარ შემიძლია და პარალელურად, კვებასაც ვაკონტროლებ. სხეულზე ლამაზი ტატუები მაქვს და ჩემი ოცნება იყო მცმოდა ჯინსის შარვალი, ტოპი და მუცელი გამომეჩინა. კომპლექსიანი არ ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მომწონს და არაესთეტიკურია. ახლა ამის პრობლემა არ მაქვს და ყველაფერთან ერთად, ეს ოცნებაც ავიხდინე - შემიძლია, ჩავიცვა ის, რაც მომწონს და ვიყო ის, ვინც მინდა. რომ მეუბნებიან, იღბლიანი ხარო, მეცინება. არ ვარ იღბლიანი. იღბლიანი რომ ვყოფილიყავი, არ მომიწევდა იმ გზის გავლა, რაც გავიარე. იღბლიანი – არა, უბრალოდ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს სათავისოდ ირგებს. ის რთული პერიოდი რომ იყო, წამით არ მიფიქრია, რატომ ხდება ასე-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, იმიტომ მემართებოდა, რომ ეს იყო გზა აქამდე მოსასვლელად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან