შოუბიზნესი

რა არის მომღერალ მარიამ ოქროპირიძის წარმატების ფორმულა და როგორ ემზადება ის საერთაშორისო კონკურსისთვის

№18

ავტორი: ნონა დათეშიძე 17:13

მარიამ ოქროპირიძე
დაკოპირებულია

მარიამ ოქროპირიძე 2 წლის ასაკიდან მღერის. მასში ეს ნიჭი ბებიამ აღმოაჩინა, ინსტრუმენტზეც თავად უკეთებდა აკომპანემენტს და ყოველთვის ერთად მღეროდნენ. მარიამი რამდენიმე სიმღერის, 100-ზე მეტი ლექსისა და ასევე, წიგნის, სახელწოდებით – „ოცნებიდან რეალობაში“ ავტორია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ცხოვრება სწორედ ისე წარიმართა, როგორც მან ამ ფერადი თავგადასავლებით მოცულ წიგნში აღწერა. მარიამმა თითოეული ნაბიჯი ფრთხილად, დაკვირვებულად, ხშირად იმედგაცრუებებით, მაგრამ მაინც შემართებით გადადგა.

მარიამ ოქროპირიძე: ბავშვობიდანვე მომღერლობაზე ვოცნებობდი, რაც ვინატრე, უმეტესად ამისრულდა, თუმცა ბევრი ოცნება ჯერ კიდევ ასახდენად ემზადება. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, სიმღერის გარეშე ვერ ვსუნთქავ. ის ისე მესაჭიროება, როგორც თევზს წყალი, ადამიანს – საკვები და ყვავილებს – მორწყვა. მე ძალიან მადლიერი ვარ ბებიის, რომლის დამსახურებითაც მუსიკის უსაზღვრო სიყვარული არასდროს გამნელებია, სულის სიმები შემერხა და სიცოცხლე სულ სხვანაირად შევიგრძენი.

თავად გერმანულის მასწავლებელი გახლდათ, მღეროდა გუნდში, დამთავრებული აქვს შვიდწლედი. არ მავიწყდება, დაღლილი როგორი მონდომებით მიუჯდებოდა ხოლმე პიანინოს და როგორ ცდილობდა ავეყოლიებინე. ჩვენ მიერ ერთობლივად შესრულებული პირველი სიმღერა იყო ყველასთვის საყვარელი ქალბატონის, ნუნუ გაბუნიას ღვთაებრივი ჰანგებით შეზავებული – „როცა ჩაქრება ჭადრებში“.

– რა ასაკში დადექი დიდ სცენაზე?

– დიდ სცენაზე, დაახლოებით, 10 წლის ასაკში დავდექი გამოუცდელობის კვალობაზე, რა თქმა უნდა, ცოტათი ვინერვიულე, ხელების კანკალი დამეწყო. თუმცა, საბოლოოდ ამ საოცარმა გამოსვლამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. სხვათა შორის, მიუხედავად ჩემი უზარმაზარი მუსიკალური გამოცდილებისა, მაყურებლის წინაშე წარდგომამდე, ახლაც თან მდევს გარკვეული შიშები, მაგრამ ვცდილობ, გავმაგრდე. როდესაც სიმღერას ვიწყებ, ამ დროს თითქოს მთელი დედამიწა ბრუნვას წყვეტს. ზოგადად ადამიანი თავდაუზოგავი შრომისა და დაუსრულებელი ბრძოლის გარეშე დამსახურებულ წარმატებას ვერ მიაღწევს. მე ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ მაქვს უნარი, სიზარმაცესა და გაჭირვებას არ მივცე თავისუფლად განავარდების საშუალება და მუდმივად ვვითარდები.

– თუ საიდუმლო არ არის, რომელი კონკურსისათვის ემზადები?

– აგვისტოს თვეში მაკედონიაში ტარდება საერთაშორისო კონკურსი, სადაც ვაპირებ, რომ ჩვენი ულამაზესი საქართველო წარვადგინო. როგორც ვიცი, 23 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და იმედია, რომ გამიმართლებს. 2 შესარჩევი ტურის შემდეგ უკვე ორკესტრთან ერთად გიწევს მათი გამოგზავნილი სიმღერების სიიდან ერთ-ერთის შესრულება, ჩემს შემთხვევაში ჯაზი შევარჩიეთ, ხოლო ქართულ სიმღერას რაც შეეხება, მსურს „კახეთო“ შევასრულო. ვნახოთ, რა იქნება.

– წარმატებებს გისურვებთ! მანამდე თუ მიგიღია კონკურსებში მონაწილეობა, ამ მხრივ, გაქვს გამოცდილება?

– საბერძნეთის „ახალ ხმაში“ გავემგზავრე მეუღლესთან ერთად ხალხის შეგროვილი თანხით. მათ შემირჩიეს სიმღერა, რომელიც ბლაინდის ტურზე უნდა შემესრულებინა, თუმცა, სრულფასოვნად მომზადება ვერ მოვახერხე, რადგანაც ამისთვის დრო მხოლოდ ერთი დღე მომცეს და სცენაზეც დილის 11 საათზე დაბარებული ღამის 12-ზე გამიყვანეს, შესაბამისად, მწვრთნელებსაც ყველა გუნდი შევსებული ჰქონდათ, ამიტომ არ შემომიბრუნდნენ, თუმცა ელენასა და პანოსს ძალიან მოვეწონე, როგორც ვიზუალურად, ისე მუსიკალური თვალსაზრისით, აღნიშნეს, რომ ამ კონკრეტული სიმღერით ჩემი რეალური მონაცემი და პოტენციალი, სამწუხაროდ, ვერ გამოჩნდა და, რომ ბევრად მეტი შემიძლია! ამ ყველაფრის უკან იდგა საშინლად სტრესული გარემო, მაგრამ სამაგიეროდ, ის სასარგებლო გამოცდილება მივიღე, რომელზეც ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ მუსიკოსების უმრავლესობა ოცნებობს. უბედნიერესი ვარ იმიტომ, რომ „მე ვარ საქართველოდან“ წარმოთქმის გამო გავიარე ის ეკლიანი გზა, რომელმაც მუსიკის ზღაპრულ სამყაროში გაღვიძების საშუალება მომცა. თუმცა, რატომღაც ვერ წარმომიდგენია სხვა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრება და საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება. მივესალმები მხოლოდ დროებით გასვლებს.

– საქართველოში არ გიცდია კონკურსებზე გასვლა?

– საქართველოში მუსიკალურ კონკურსებზე, სამწუხაროდ, არ მიმართლებს, რამდენიმეჯერ ვცადე ბედი, 2020 წელს ყავარჯნებით გავედი საქართველოს „ახალი ხმის“ შესარჩევ ქასთინგზე, იმდენად მაწუხებდა ტკივილები, რომ მეგონა, საერთოდ ვერ შევძლებდი სიმღერას, მაგრამ ჩემი შემტევი ხასიათის გამო მაინც გავრისკე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ დიდი შანსი იყო, შემდეგ ტურში არ გადავეყვანე, რადგანაც დამჯდარმა ვიმღერე. ამ მხრივ, ბედი არ მწყალობს, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. გულით მინდა, რომ ჩემი საავტორო სიმღერები საზოგადოებამდე მივიტანო, ტელევიზიასა და რადიოში უკვე მქონდა უნოტებოდ შექმნილი სიმღერის – „საქართველოს“ – პრემიერები, სამომავლოდ ქართული ტრადიციული ჩოხით საქართველოს კუთხეების მოვლით საინტერესო და ღირებული კლიპის გადაღებას ზუსტად იმავე თანმიმდევრობით ვფიქრობ, როგორითაც სიმღერაშია ჩამოთვლილი. დავამატებ იმასაც, რომ მუსიკის ყველა ჟანრს ვმღერი და შევიგრძნობ, რთულია ამის მოხერხება, თუკი მუსიკოსს მრავალფეროვანი ხმა არ გააჩნია, ალბათ, ესეც ერთგვარი ნიჭია უფლისგან.

– შესაძლებლობა რომ გქონდეს, ვისთან ჩაწერდი დუეტს?

– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით შევასრულებდი ქალბატონ თამარ გვერდწითელთან ერთად დუეტს. ჩემი აზრით, სწორედ საქართველოზე დაწერილი სიმღერით აგიზგიზდებოდა ის ცეცხლი, რომლის დანთებასაც 28 წელიწადია, ვცდილობ. ამ სიმღერის ხარისხის სწორად გამოხატვა კი მხოლოდ ორკესტრის მეშვეობით მოხერხდებოდა, რადგანაც სამშობლო იმდენად ტკბილი, სათუთი და წმინდაა, რომ ცოდვად მიმაჩნია მასზე შექმნილი სიმღერის რაღაც დამახინჯებული ფორმებით გაჟღერება.

– მარიამ, ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

– ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, იმავდროულად, საყრდენი კედელი და სტიმულის მომცემი ჩემი მეუღლეა. ის ყოველთვის გვერდში მიდგას და ყველაფერს აკეთებს ორივეს წარმატებისათვის, რადგანაც ჩემი წარმატება მისიც არის! სულ რაღაც ერთი წელიწადია, რაც ჯვარი დავიწერეთ, ოჯახი შევქმენით და თამამად აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში. ეს ადამიანი ჩემი თილისმა გახდა, მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ კიდევ უფრო მეტად გამაფერადა და წარმოუდგენლად ამამღერა. სიყვარული აკეთილშობილებს და ახალ იდეებს ბადებს. ჩემი სიმღერები მისთვის სტაფილოსფერი მზესავით ანათებენ. ჩვენი წარმატების ფორმულა უფლის რწმენა, პატიოსნად შრომა და ყოველთვის სამართლიანი ბრძოლაა. ასეთ ადამიანებთან მარტივად არასდროს არაფერი მოდის, სხვებისგან განსხვავებით, გაცილებით დიდი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი გვჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი