როგორ დაამყარა გიორგი შერმადინმა რეკორდები სხვადასხვა მიმართულებით და რა სუპერღილაკი აქვს ანი ამაშუკელს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 24.06
ანი ამაშუკელი და გიორგი შერმადინი უკვე ხუთი შვილის მშობლები არიან. ანისთან პატარაზე, ოჯახში ცვლილებებსა და ხუთი შვილის დედობაზე ვისაუბრეთ.
ანი ამაშუკელი: მეხუთე შვილის დაბადებამ კიდევ უფრო გაგვახალისა. ჩვენს ოჯახს ხალისი არც აქამდე აკლდა, მაგრამ ამან მთლად შეგვშალა ჭკუიდან (იცინის). ბუნებრივია, რომ ჩვილი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ უფროს შვილებთან დაკავშირებული აქტივობები, უფრო გიორგის პასუხისმგებლობაში გადავიდა. თუ საშუალება მაქვს, ვცდილობ, მეც შევეხიდო, მაგალითად, როცა პატარას ვაძინებ, უფროს შვილებთან მაქსიმალურად ვაქტიურობ მშობლის ამპლუაში, მაგრამ გიორგი ძალიან ბევრს აკეთებს (იცინის).
- როგორც ჩანს, გიორგისაც მეტი თავისუფალი დრო აქვს. ამის ფუფუნება კი იშვიათია ხოლმე?
- კი, ზოგჯერ ისე გადაებმებოდა ხოლმე, რომ მთელი კვირა ვერ ვხედავდით. ახლა, რადგან ამათი ჩემპიონატი დასრულდა და ასე ვთქვათ, ზაფხულის არდადეგები დაეწყოთ, რა შედარებაა, მეტი თავისუფალი დრო აქვს. მეც ძალიან კარგად ვსარგებლობ ამით (იცინის). ყველაფერი კარგად დაემთხვა. მთლად კარგსაც ვერ დავარქმევ, ტრავმის გამო დროზე ადრე მოუწია დამთავრება - დაეცა და ნეკნი გაიტეხა. ახლა ნელ-ნელა აღდგენითი ვარჯიშებით, თერაპიებით, მცირედი დატვირთვით იბრუნებს ფორმას, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ აქტიური მამა იყოს. ძალიან მიხარია გიორგის ასეთი ჩართულობა. გარდა იმისა, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო აქვს, ვატყობ, თვითონვეა მეტად მოწადინებულია, რომ ჩართული იყოს ბავშვის აღზრდაში. სხვა ბავშვებთან ცოტა შიშიც ჰქონდა, როცა ძალიან პატარები იყვნენ ხელში დაჭერა უჭირდა, ახლა ეს მომენტიც გადალახული აქვს და თითქოს, მამობით ტკბება. ეს ძალიან მახარებს. საოცრად სასიამოვნოა ამის ყურება.
- პირველი პერიოდი ცოტა რთული გამოვიდოდა. ბავშვები, ჩვილი და მეუღლის ტრავმა...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, სადღაც რაღაც ღილაკი მაქვს და მას რომ ხელს დავაჭერ, დიდ დატვირთვაზე უპრობლემოდ ვმუშაობ (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ვუღრმავდები ჩემს დატვირთულ რეჟიმს. რა თქმა უნდა, სულ რომ არაფერი ვთქვა, ხუთი ბავშვის და მეუღლის ყოლა, ისედაც გასაგებია, რომ დატვირთული იქნები, მაგრამ იმდენად გათავისებული მაქვს ეს რეჟიმი, არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ. ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა და მინდა გითხრა, რაც უფრო დატვირთული ვარ, უფრო მეტად ვაქტიურობ. დასვენების დღეებში უფრო მოდუნებული ვარ. როცა ვიცი, რომ დილის 7 საათზე უნდა ავდგე და ბევრი საქმის გაკეთება მოვასწრო, უფრო მობილიზებული ვარ. კი, თავიდან რთულია, როცა ასეთი პატარა - დღეების გყავს, მეძუძური ხარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ერთად ყველაფერს მშვენივრად ვართმევთ თავს.
- გიორგის ტრავმა ვახსენეთ, თუმცა, მანამდე ძალიან კარგი ამბავი იყო - მეცამეტე თასი...
- კი, კი. ამ წელს ბევრი რეკორდი დაამყარა გიორგიმ სხვადასხვა მიმართულებით. ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მივიღეთ და ძალიან გახარებულები ვართ. მადლობა ღმერთს ამისთვის.
- ახლა მოვყვეთ იოანაზე, როგორი გოგონაა?
- ზღაპრული. ვინც ნახა, ყველა ამბობს, პირველი ოთხიც ხომ უსაყვარლესი ბავშვები არიან, მაგრამ მათთან თუ რამე ლაფსუსი გაგეპარათ, ამასთან ყველაფერი ზედმიწევნით გაქვთ შესრულებულიო (იცინის). ჯვარი სწერია, იმედია, ზნე არ შეეცვლება უარესობისკენ. მეშინია კიდეც რომ ვამბობ, მაგრამ მადლობა ღმერთს, არაჩვეულებრივი ზნის ბავშვია. ჭირვეული რომ იყოს, ძალიან გამიჭირდებოდა.
- მგონი, მანაც გადაწყვიტა, მშობლებს ხელი შეუწყოს.
- მგონი, მართლა ასეა. მისი დაბადება დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. ძალიან დაუგეგმავი და მართლა ღმერთის საჩუქარია, ეტყობა, თავიდან ბოლომდე ყველაფრით უნდა, გვასიამოვნოს (იცინის).
- უფროსები როგორ შეეჩვივნენ პატარას?
- თავიდან ძალიან ვნერვიულობდით, ეგოისტური მომენტები არ ჰქონოდათ. ჩვენი ტყუპებიც არ არიან ჯერ დიდები, რომ გაგებით მოეკიდონ გარკვეულ საკითხებს და ვშიშობდით, არ ეეჭვიანათ. მადლობა ღმერთს, ეჭვიანობენ კი არა, გიჟდებიან პატარაზე. ბავშვს თავისუფალი ადგილი არ აქვს, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე უკოცნიან. ასეა ოთხივე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთზე გიჟდებიან. პატარაც როგორ შეხარის უფროსებს, უნდა ნახოთ: როგორ უხარია, ამათი დანახვა და როგორ კისკისებს. არ ვიცი, საოცარი შესახედავები არიან. ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა.
- ხუთივეს ერთად ცქერა, ალბათ, საოცარი ბედნიერებაა.
- ეს ყველაზე აღმატებული გრძნობაა, რაც შეიძლება არსებობდეს, ყველაზე დიდი დალოცვა ღმერთისგან. მადლობა ღმერთს, ყველანი ჯანმრთელები არიან და ერთმანეთის მოსიყვარულეები - ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!
- სანამ დაიბადებოდა, და-ძმას გადანაწილებული ჰქონდათ მოვალეობები, იცოდნენ, ვის რა უნდა გაეკეთებინა პატარისთვის და ასრულებენ დანაპირებს?
- მოვალეობები ცოტა შეეცვალათ, მაგრამ ხომ იცით, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება (იცინის). მთლიანობაში, ნება რომ მივცე, ძალიან დამეხმარებიან. მთლად ბოლომდე ვერ ვენდობი, ჯერ თვითონაც არ არიან იმხელები, რომ დიდი ხნით ვანდო ბავშვი. მაგრამ მაგალითად, როდესაც გარკვეული დროით ოთახიდან გასვლა, საჭმლის გამზადება, ან სხვა საქმის გაკეთება მჭირდება, თამამად შემიძლია, ოთხივეს დავუტოვო. ბავშვიც გვაძლევს ამის საშუალებას, მტირალა არ არის, ესენიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს. ხშირად ვუხსნი, რომ ბავშვთან ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. მე ან მამამისიც რომ ვართ ოთახში, მაინც დიდი ყურადღებაა საჭირო და მადლობა ღმერთს, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თუმცა, მაინც ოცი თვალია საჭირო.
- იოანას სახელის შერჩევაში თუ მიიღეს უფროსებმა მონაწილეობა?
- რატომღაც გვეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა და ჩვენი უსაყვარლესი მოძღვრის, მამა იოანეს პატივსაცემად, გვინდოდა, რომ იოანე დაგვერქმია. რადგან გოგო აღმოჩნდა, იოანა დავარქვით.
- შეიძლება ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, ალბათ, უკვე ბევრმა იკითხა, კიდევ ხომ არ ფიქრობთ ერთ შვილსო?
- კი, კი, ძალიან ბევრმა მითხრა: შენ, ალბათ, ამაზე არ გაჩერდებიო (იცინის). არა, ჩემი „ქარხანა“ მაგ მხრივ დახურულია. ტყუპების შემდეგაც იგივეს ვამბობდი, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს ძალიან დიდი სიურპრიზი და მოულოდენლობა იყო. თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ არა, ხომ უნდა შემეძლოს ფიზიკურად დროის გადანაწილება, ამიტომ, მეექვსეზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილი ამბავია და დანარჩენი როგორ იქნება, ეს უკვე ღმერთმა იცის.
- პატარას დაბადების შემდეგ, სასურველი ფორმის დაბრუნებაში მოწესრიგებული ცხოვრების რეჟიმი დაგეხმარებოდა, რასაც, როგორც ვიცი, დიდ ყურადღებას აქცევ...
- მე ჩემი ოქროს წესები მაქვს. პირველი წესია ძილ-ღვიძილის სწორი რეჟიმი. ადრე გაღვიძება და ადრე დაძინება. ახლა ზედმიწევნით არ გამომდის, პატარას ხშირი კვება სჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვცდილობ, რეჟიმიდან ძალიან არ ამოვვარდე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 11-ის ნახევრიდან 11-მდე უკვე მეძინოს. ყველაზე პროდუქტიული ძილი 11 საათიდან დილის 4-5 საათამდეა და ვცდილობ, ეს დრო მეძინოს. 7 საათზე მთელი ოჯახი ვიღვიძებთ, სკოლა ადრე იწყება და ასეთია ჩვენი რეჟიმი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება. მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და მეც მინდება არაჯანსაღი საკვები, მაგრამ ასიდან 80 პროცენტს ჯანსაღს ვიღებ და ასე ვცდილობ ბალანსის დაცვას. საღამოს 6 საათიდან მეორე დილამდე, ფაქტობრივად, არაფერს ვჭამ და რაც ამ ინტერვალურ კვებაზე გადავედი, თავს ძალიან კარგ შედეგს ვატყობ. საღამოს მხოლოდ წყალს თუ დავლევ. ამას ემატება ფიზიკური აქტივობა შეძლებისდაგვარად. დღის განმავლობაში იმდენს დავდივარ, რომ ჩათვალეთ, ძალიან აქტიური ვარ (იცინის).
მეხუთე შვილის დაბადების შემდეგ, ჩემი რეჟიმის მეშვეობით, სწრაფად შევძელი სასურველ წონაზე დაბრუნება. ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე კილოგრამი დასაკლები, მაგრამ ბავშვი სამი თვის არ არის და ფაქტობრივად, იმავენაირად გამოვიყურები, როგორც ორსულობამდე.
- იოანა ჯერ არ ყოფილა საქართველოში?
- ჯერ არა, მაგრამ მალე წამობრძანდება. სკოლის დასრულებას ველოდებით და წამოვალთ. უკვე დღეებს ვითვლით, ჩემოდნებს ვუცქერით და ერთი სული გვაქვს. საქართველოშიც ყველა მოუთმენლად გველოდება, განსაკუთრებით პატარა იოანასთან შეხვედრას ელიან და ღვთის წყალობით, იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან