შოუბიზნესი

როგორ აუხდა მოულოდნელად ოცნება ოთო კოვზირიძეს და როგორ ანებივრებს ის მეუღლეს სერენადებით

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 15.03, 2023 წელი

ოთო კოვზირიძე
დაკოპირებულია

„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე სულ ცოტა ხნის წინ ახალ ამპლუაში ვიხილეთ. ოთო „პოსტივიზე“ ახალი გადაცემის – „გვიანი დილის“ წამყვანი გახდა.

ოთო კოვზირიძე: ამ გადაცემის მთავარი პროდიუსერი, თამარ მაჭავარიანი ჩემი მეგობარია. „თეატრალურის კვარტეტი“ „პოსტივის“ ხშირი სტუმარი ვიყავით და რაღაც მომენტში თამარმა ახალი გადაცემის – „გვიანი დილის“ წამყვანობა შემომთავაზა. უბედნიერესი ვიყავი, რადგან ვოცნებობდი გადაცემის წამყვანი გავმხდარიყავი. ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა – ჩემი ოცნება ახდა.

– როგორ მოგეწონათ ეს ამპლუა?

– ცოტა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის სცენა სიახლეს არ წარმოადგენს, ეკრანს მაინც სხვა დატვირთვა აქვს. ვცდილობ, წამყვანის ამპლუა კარგად მოვირგო და ყოველი გადაცემის შემდეგ ვხვდები, რომ ვიზრდები. ყოველი გადაცემის შემდეგ ვჯდები და საკუთარ თავს კრიტიკული თვალით ვუყურებ, რომ ჩემი შეცდომები გავაანალიზო და შემდეგი გადაცემისთვის გამოვასწორო, დავიხვეწო.

– როგორც წესი, შაბათ-კვირას ოჯახთან გასატარებლად ვიყენებთ. ამ მხრივ, არ შეგექმნათ დროის დეფიციტი?

– ჩემს შვილებს და მეუღლეს ძალიან გაუხარდათ, რომ ახალი საქმე დავიწყე, ახალი სამსახური მაქვს და თუ სახლში არ ვარ, შეუძლიათ, ტელეეკრანზე მადევნონ თვალი. თან, გადაცემა სულ საათ-ნახევარი გრძელდება პირდაპირ ეთერში და მისი დასრულების შემდეგ, მაშინვე სახლში, ჩემს ოჯახში მოვდივარ.

– როგორ შეგაფასეს ახალ ამპლუაში?

– ჩემი ახლობლები ყოველთვის იმას მეუბნებიან, რაც არის რეალურად. ტყუილად არ მანებივრებენ. შეცდომაზეც მიმითითებენ და მაკრიტიკებენ კიდეც, იმასაც მეუბნებიან, რომ პირველ გადაცემას მეორე სჯობდა, მეორეს კი – მესამე. ეს ძალიან მეხმარება შეცდომების გამოსწორებაში. საინტერესო პროცესია, ყოველი გადაცემის შემდეგ ვიზრდები, როგორც წამყვანი.

– რა ადგილი უჭირავს „თეატრალურის კვარტეტს“ თქვენს ცხოვრებაში?

– მთავარი ადგილი. ჩვენ უკვე 20 წელია, ერთად ვართ. საიუბილეო თარიღი წელს გვისრულდება. ერთად ძალიან ბევრი გამოვიარეთ და ვფიქრობ, რომ ღირებული რაღაც შევქმენით, რაც ხალხმა შეიყვარა. ხალხის სიყვარული დიდი შრომით დავიმსახურეთ და ეს ძალიან მიხარია. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, ვერც ვიფიქრებდი, რომ კვარტეტში მოვხვდებოდი ან თეატრში. როდესაც დავით არჩვაძის დახმარებით, „თეატრალურის კვარტეტი“ შევქმენით, ამის პარალელურად, ჩემი პროფესიით, თავისუფალ თეატრში მოვხვდი. ყველანაირად ვცდილობდი, მომღერლობისა და მსახიობობის ერთმანეთთან შეთავსებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ან უნდა იმღერო, ან ითამაშო. ორივეს ერთად ვერ გააკეთებ. სპექტაკლები და გასტროლები ერთმანეთს ემთხვეოდა და ჩემი ორი საყვარელი საქმიდან, სამწუხაროდ, ერთ-ერთის მიტოვება მომიხდა. სიმღერას გავყევი.

– დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, სწორი არჩევანია.

– კი. მე კი მენატრება ხოლმე თეატრი და სცენა – ის სცენა კიდევ სულ სხვაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ამ წლების განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ, ბევრი ტკბილი და ბევრი მწარე მოგონება გვაქვს. ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ და ერთად ძალიან საინტერესო ოცი წელი გამოვიარეთ. მიუხედავად პრობლემებისა, ერთიანობა შევინარჩუნეთ, არ მოვდუნდით.

– ამ 20 წლის განმავლობაში დაშლის რეალური საფრთხე არ ყოფილა?

– რა თქმა უნდა, იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ოთხივეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი გვაქვს, ჩვენ რეპეტიციაზე დასწრება უცხო თვალისთვის ცოტა უცნაური იქნება. მუდმივად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბოლოოდ შეთანხმებამდე მივდივართ და მაღალი ხარისხის პროდუქტი გამოგვდის. ეს ყველაფერი ღირს ამად. ძალიან ბევრი დაბრკოლება გვქონდა, ბევრი პრობლემა იყო, დაშლასაც ვაპირებდით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი კვარტეტი მაინც შევინარჩუნეთ, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენთვის. მისთვის ბევრი ვიბრძოლეთ და კომპრომისების ხარჯზე დღემდე ვარსებობთ. გვინდა, ცოტა ხანში საიუბილეო კონცერტი გავაკეთოთ ფილარმონიაში და ამით დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მსმენელს.

– ბავშვობაში მსახიობობა უფრო გინდოდათ თუ მომღერლობა?

– ჩემს ცხოვრებაში სიმღერა უფრო დიდი დოზით იყო, თეატრის სიყვარულით მოგვიანებით მოვიწამლე. გამომდინარე იქიდან, რომ მამაჩემიც მღერის, ბაბუაც მღეროდა და საერთოდ, ოჯახში ყველა მღეროდა, სიმღერის მიმართ ჩემი დამოკიდებულება თავიდანვე განსაკუთრებული იყო. ჩემი პირველი ნაბიჯები „მართვეს“ უკავშირდება. მაშინ 16-17 წლის ვიყავი. რაც შეეხება მსახიობობას, სკოლაში სწავლის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბავშვი ვიყავი და მთხოვეს, რამე სპექტაკლი დამედგა. აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ ინსცენირება გავაკეთე და თანაკლასელებთან ერთად ვითამაშე. ამის შემდეგ ყველა მირჩევდა, ამ მიმართულებით წავსულიყავი. ამან მაფიქრებინა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზე და ასეც მოვიქეცი. თეატრალურში ვმღეროდი კიდეც და მსახიობის პროფესიასაც ვეუფლებოდი. ასე ერთდროულად აღმოვჩნდი ორივე სფეროში.

– მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

– ჩემი მეუღლე რომ გავიცანი „პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტი გახლდათ და პროფესიული საქმიანობით იყო დაკავებული. ფილარმონიაში გიზო ნიშნიანიძის დაუვიწყარი კონცერტი იყო, ის ინტერვიუს ჩასაწერად იყო მოსული და ინტერვიუს რომ ვაძლევდი, მაგ მომენტში, ალბათ, რაღაც მოხდა. მომეწონა, შემდეგ მივწერე და ასე დავახლოვდით. დაახლოებით, წელიწად-ნახევარში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.

– რომანტიკული თუ ხართ მასთან ურთიერთობაში?

– ადრე უფრო რომანტიკული ვიყავი, თუმცა, ახლაც ვარ. მიყვარს მეუღლისთვის რომანტიკული და განსაკუთრებული სიურპრიზების გაკეთება. ფანჯრის ქვეშ სიმღერაც ყოფილა (იცინის). საბედნიეროდ, ჩემი სიმღერა ძალიან მოსწონს და სიამოვნებით ისმენდა. საერთოდ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი