შოუბიზნესი

როგორ აწყვილებს ადამიანებს თაკო ვადაჭკორია და ვინ უკონტროლებს მას ნაბიჯებს

№53

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 06.01, 2021 წელი

თაკო ვადაჭკორია
დაკოპირებულია

მომღერალი თაკო ვადაჭკორია გამოუსწორებელი ოპტიმისტია და სჯერა, ახალი წელი მისთვის უამრავი ბედნიერებისა და სიურპრიზის მომტანი იქნება. მართალია, ,,თბილისელებთან" საუბარში აღიარებს, რომ კარიერისტია და ამის გამო, პირად ურთიერთობებზე არაერთხელ თქვა უარი, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ალბათ, ჯერ მის ცხოვრებაში ის ერთადერთი საოცნებო მამაკაცი არ გამოჩენილა, ვის გამოც ნაბიჯს გადადგამს.

თაკო ვადაჭკორია: საერთოდ არ ვარ ზამთრის გოგო, რადგან ისედაც სულ მცივა (იცინის). ჩემი სეზონი ზაფხულია, თუმცა ყველაზე მეტად ახალი წლის დღესასწაული მიყვარს და მე უფრო მიხარია სახლისა და ნაძვის ხის მორთვა, ვიდრე ჩემს შვილს. ასე რომ, სიცივე და ზამთრის სეზონი ახალი წლის არსებობით გადამაქვს. საახალწლოდ, ტრადიცია გვაქვს – ნაძვის ხე კარგ განწყობაზე უნდა ავაწყოთ და ახალი სათამაშო უნდა დავკიდოთ ტოტზე, ასევე, ნაძვის ხის ქვეშ აუცილებლად ვდებთ იმ წლის მბრძანებელი ცხოველის სტატუეტს.
– შენთან რამდენ წლამდე მოჰქონდა თოვლის ბაბუას საჩუქრები და თუ გჯეროდა მისი არსებობის?
– საჩუქარს თუ მიმიტანს, დღესაც დავიჯერებ თოვლის ბაბუის არსებობას (იცინის). მახსოვს, მოზრდილ ასაკამდე მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა საჩუქრები. ასე რომ, რაც შვილი მყავს, ყოველ ახალ წელს მე ვარ თოვლის ბაბუა.
– ამბობენ, საახალწლო სუფრასთან თუ სურვილს ჩაუთქვამ და თან, პატარა „ეშმაკობებსაც“ ჩაიდენ, აგიხდებაო. ასეთი „ეშმაკობები“ თუ ჩაგიდენია სურვილის ასახდენად?
– საახალწლო „ეშმაკობა“ ერთადერთხელ გავაკეთე – თინეიჯერობის ასაკში, მაგრამ არ გამომივიდა (იცინის). მასწავლეს, თუ გინდა სურვილი აგიხდეს, 12 საათს რომ წუთები დააკლდება, დაწერე სურვილი ფურცელზე, მერე დაწვი, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარე და დალიეო. სასმელს საერთოდ ვერ ვსვამ, დავწერე, ჩავყარე და წყალს გავაყოლე ჩემი დაფერფლილი სურვილი (იცინის). ზოდიაქოთი „კირჩხიბი“ ვარ, ალბათ, ამიტომ – ძალიან მეოცნებე. ღმერთს მადლობა, რომ ოცნებების უმრავლესობა მიხდება. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ოცნებაშიც რეალისტი ვარ და არარეალურზე არასოდეს მიოცნებია. იღბლიანიც ვარ და ღმერთიც მწყალობს. თუმცა, რაღაც-რაღაცები მარტივად არ გამომდის. ვიღაცა რომ იოლად გააკეთებს, მე ასჯერ უნდა ვიწვალო, რომ გამოვიდეს. ჩემამდე ყველაფერი რთულად მოდის, თუმცა, მაინც მოდის, ვერ ვიტყვი რაც მინდოდა, არ ამიხდა-მეთქი. თან, დრაკონის წელში ვარ დაბადებული და თუ ოცნებებით ძალიან ასტრალში გავედი, ჩემს „აფრენებს“ მისი გამოშვებული ცეცხლი ანეიტრალებს (იცინის). გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, თუმცა, არასოდეს მიოცნებია მილიონებზე, წვრილმანებით ვბედნიერდები. მინდა, იმდენი მქონდეს, რომ არ ვნერვიულობდე. ზუსტად ვიცი, 2021 წელს შევძლებ, რომ ბედნიერი ვიყო და ველოდები სიურპრიზებს.
როგორი ფეხი გაქვს და მეკვლედ თუ გეპატიჟებიან? და თავად თუ გყავს ადამიანი, ვისი ფეხბედნიერობისაც გჯერა?
– რაც სანდრომ ფეხი აიდგა, ისაა ჩემი ოჯახის მეკვლე და არ ვუჩივით მის ფეხს. გააგდებდნენ ოჯახის წევრები სახლიდან და ის შემოდიოდა მეკვლედ, მე კი კონცერტიდან დილისკენ ვბრუნდებოდი. რასაც კი ვიშოვიდი ფინანსურად, შემოვყრიდი სახლში და ვყვიროდი – ბარაქა და ხვავი! ამართლებდა, თუმცა, შარშან ეს ცერემონია დამავიწყდა და კი დავჯექი სახლში (იცინის). ნათესავებთან დავდიოდი მეკვლედ და თუ არაფერი გამიკეთებია, არც გამიფუჭებია. ასე რომ, კარგი ფეხი მაქვს.
– რას გულისხმობ კარგ ფეხში?
– ალბათ, მატერიალურს, თორემ ჩემი თავი ვერ გამითხოვებია და სხვას როგორ გავათხოვებ? (იცინის) ეს ხუმრობით, თორემ ზოგადად, კარგი მაჭანკალი ვარ. თუ ვინმეს ვინმესთან „დაჯახება“ მომინდომებია, „დამიჯახებია“ და გამომდის. ჩემთვის, ალბათ, არ ვინდომებ და ამიტომაც არ გამომდის. ხუთი დავაწყვილე და ახლახან – მეექვსე წყვილი, ჩემი ახლო მეგობრები.
– ისე, სამაჭანკლო ბიზნესი რომ წამოგეწყო, კარგ ფულს იშოვიდი.
– (იცინის) ფულის საშოვნელად ვერ ვაქცევ ჩემს მაჭანკლობას, რადგან ამ საქმეში სხვანაირი ფლუიდები იდება და ბიზნესად რომ ვაქციო, აღარ გამომივა.
– თაკო, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პერიოდულად მეცვლება მამაკაცებზე შეხედულებები. თუ ადრე ვამბობდი, რომ საყვარელი მამაკაცი სტიმულისთვისაა საჭირო, ახლა ვფიქრობ, სულაც არ არის საჭირო. ვარ ძლიერი ქალი და ბედნიერებისთვის სულ არ მჭირდება, მამაკაცს დავაყრდნო მხარზე თავი. ვაღიარებ, კარგი „დანამატია“ ქალისთვის მამაკაცი, თუმცა თუ ის ნამდვილი მამაკაცია. თან, ხშირ შემთხვევაში, ქალები უფრო იტანენ კარიერისტ ქმრებსა და საყვარელ ადამიანებს, ვიდრე კაცები. როგორ არ მინდა მამაკაცი გვერდით და კარგი ოჯახი, მაგრამ არ ვარ ის ქალი, რომელიც დღე და ღამე სახლში იჯდება, მხოლოდ დაალაგებს, შვილებს მიხედავს და საჭმელს გააკეთებს. იყო პიროვნება, ვისთან ურთიერთობაშიც პირველივე ეტაპზე გაჩნდა პრობლემა, რადგან ის არ იყო მზად ჩემი ფოტოსესიებისთვის, საყვარელი საქმიანობისთვის, ტელევიზიაში ყოფნისა თუ სცენაზე დგომისთვის. მას მხოლოდ სახლში, დიასახლისად წარმოვედგინე, ბავშვების გამზრდელ მეუღლედ. ესეც მიყვარს და მეხერხება, თუმცა, დალაგებისა და საჭმლის მომზადების მერე, სალონშიც უნდა მოვასწრო წასვლა, გაპრანჭვაც, გადაღებებიც და სცენაზე დგომაც. მე ჩემს თავს ვერ დავკარგავ და ვერ მოვიკლებ ამ ბედნიერებას. ასე რომ, ყოველთვის არიან თაყვანისმცემლები და ყურადღებასაც იჩენენ, მაგრამ რეალურად, მე არ ვინდომებ. ვაღიარებ, კარიერისტი ვარ და პირადში სერიოზულ ნაბიჯებს ვერ ვდგამ. თუმცა, არც ისეთი ადამიანი ჩანს, ვისზეც სერიოზულად დავფიქრდები და ვხუმრობ ხოლმე: ვერ გავიგე, რითი ვაშინებ ამ კაცებს თუ ჯადო მაქვს გაკეთებული და ვერ მოდიან ჩემამდე-მეთქი (იცინის). ალბათ, უფრო არ ვინდომებ და უკვე დიდი ხანია, ჩემი მთავარი მამაკაცი გახდა სანდრო – ჩემი შვილი. ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებს. უყვარს, როცა ფორმაში ვარ და თუ სავარჯიშოდ გავრბივარ აწეული თმითა და ელასტიკით, მაჩერებს და გაოცებული მეკითხება: სად მიდიხარ ასე, რატომ არ ხარ გაპრანჭულიო? უკვე სასწაულად მაკონტროლებს (იცინის). „ფეისბუქზე“ იმატებს ჩემს სოციალურ მეგობრებს და თუ ვინმემ დამიკომენტარა, ესეც უწერს რაღაცებს და მერე წაშლა მიწევს. ასე რომ, სერიოზულ კონტროლში ვარ. ჩემს შვილზე მეტად არავინ მიყვარს, თუმცა, მივხვდი, ზედმეტი არაფერში ვარგა. შვილის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ და თუ რამე გამაჩნია, მათ შორის წარმატებაც, მისი დამსახურებაა. სანდრო ჩემი მოტივაციაა. თუმცა, ვფიქრობ, შვილის სიყვარულშიც, გაზრდაშიც და თავდადებაშიც ბალანსის დაცვაა საჭირო.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის გიორგი კიკუაშვილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი