როგორ აოცებს ყველას თამაზას ახალი ბინა და რატომ ეძახიან მის სახლს მეგობრები ტუტანხამონის სამყოფელს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 18.11
პოპულარული ინფლუენსერი თამაზა საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა, სადაც ყველაფერი თავის გემოვნებით მოაწყო და ახლა ახდენილი ოცნებით ტკბება.
თამაზა ლოხიშვილი: ძალიან გახარებული ვარ, ბინა შევიძინე და ზუსტად ისე გავარემონტე, როგორც მინდოდა. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ახლა ისეთი ბინა მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი. ბინის ყიდვა და ნორმალური რემონტის გაკეთება ხუთი წლის წინაც შემეძლო, მაგრამ ვარჩიე, მომეთმინა და ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რის გამოც, ძალიან ბედნიერი ვარ. ახალ სახლში თავიდან ბოლომდე ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე, თუმცა, მეგობრების რჩევებიც გავითვალისწინე. მინდოდა, ყველასგან განსხვავებული ბინა მქონოდა. ისეთი, აქამდე რომ არასდროს მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის თვალიერება ძალიან მიყვარს და ყველგან ყველა დეტალს ვაკვირდები, არ მინდოდა, ვინმეს სახლის კოპირება გამეკეთებინა. მინდოდა, ჩემი ბინა თამაზისეული ყოფილიყო და გამომივიდა კიდეც. ვფიქრობ, რომ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მამაკაცი ვარ და რატომაც არა?! (იცინის) ტექნიკის კუთხით კი, ძალიან მინდოდა, ბინა თანამედროვე ყოფილიყო. ამიტომ ყველაფერი ისეთი ვიყიდე, რაც ბოლოს გამოვიდა. რაც შეეხება, ავეჯს, მინდოდა, ისეთი შემერჩია, რომ წლების მერეც აქტუალური და მოდური ყოფილიყო და თან, რაც მთავარია, მეც მომწონებოდა.
– ბინა როგორ მდგომარეობაში იყიდე?
– თეთრი კარკასი ვიყიდე, მაგრამ ყველაფერი დავანგრიე და კედლები ხელმეორედ, ჩემი გემოვნებით გადავტიხრე. ცენტრალური გათბობის გაყვანილობაც გავაუქმე და თავიდან გავაკეთე, იმიტომ, რომ მინდოდა, იატაკის გათბობაც მქონოდა და კედლისაც. ყველაფერი თავიდან გავაკეთე ისე, რომ არცერთი თეთრი არ დამნანებია. საბოლოო ჯამში, ისე გავაკეთე, რომ შოკი-პიკი-პანიკა გამოვიდა (იცინის).
– ახლა ყველას გაუჩნდება კითხვა – საიდან ამდენი ფულიო?
– როგორც იცით, საქართველოში ერთ-ერთი მოთხოვნადი ინფლუენსერი ვარ. ამას ემატება ისიც, რომ მიმყავს კორპორაციული საღამოები, ასევე, ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ვმუშაობ განვითარების მენეჯერად. დილის 7-იდან ღამის 12 საათამდე ვმუშაობ. ეს მე სიამოვნებას მანიჭებს. მინდა, ყოველთვის ძალიან დატვირთული ვიყო, რომ ფიქრისთვის დრო არ მქონდეს. როცა ამის დრო მაქვს, მაშინ დეპრესიაში ვვარდები. ამიტომ საკუთარ თავს ზედმეტი ფიქრის საშუალებას არ ვაძლევ (იცინის). ბევრს ვშრომობ და აქედან გამომდინარე, შევძელი ამ ყველაფრის გაკეთება.
დედა ემიგრაციაშია და ფინანსურად ისიც ძალიან აქტიურად მეხმარებოდა ბინის შეძენასა და გარემონტებაში, მიუხედავად იმისა, რომ მანაც იყიდა ცალკე ბინა თავისთვის, რომელსაც ახლა არემონტებს. ეს ჩემთვის თბილისში პირველი ბინაა, მანამდე ნაგირავებში ვცხოვრობდი და მიხარია, რომ ზუსტად ისეთი გამომივიდა, როგორიც ბედნიერებას მანიჭებს.
– რემონტი სიამოვნებაცაა და დაძაბულობის მიზეზიც. როგორ გახსენდება ეს ყველაფერი?
– ვანგრევდი ყველაფერს და თავიდან ვაკეთებდი, რამაც ორი თვით გამიწელა პროცესი. თან, მე სახლში ქანდაკებები გავაკეთე და მოქანდაკესაც დასჭირდა ორ თვემდე დრო. თან, მინდოდა, ჩემს სახლში ისეთი მოქანდაკის ნამუშევრები ყოფილიყო, რომელიც საქართველოში ყველაზე ნიჭიერია, ნამდვილი ხელოვანი. მოვძებნე ასეთი და საოცარი სილამაზეები გამიკეთა. მანამდე წარმოსახვაში სულ სხვანაირი სახლი მქონდა, მაგრამ მერე პრაღაში ვიმოგზაურე და იქიდან დაბრუნებულმა, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს სახლში ქანდაკებები უნდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, პრაღა განთქმულია თავისი არქიტექტურითა და ქანდაკებებით. საბერძნეთშიც ვიმოგზაურე, მაგრამ იქ დიდად ვერ მოვიხიბლე გადაქცეული ბოძებით, პრაღამ კი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩემი ინსპირაციის წყარო გახდა.
– სხვებს არ აკვირვებთ შენი გადაწყვეტილება სახლში ქანდაკებების შესახებ?
– მეგობრები მეხუმრებოდნენ, ტუტანხანმონი გყავს სახლში და შენთან ვერ დავჩებით, საშიშია. ასე გვგონია, რომ ანქსუნამუნი უნდა წამოდგეს, ანქსუნამუნის სასაფლაოს ჰგავს აქაურობაო (იცინის). თუმცა, დასრულებული რომ ნახეს, გადაირივნენ. სანამ ყველაფერი ბოლომდე არ მივიყვანე, არცერთი მეგობარი არ შევახედე სახლში. რომ ნახეს, შოკში იყვნენ. ეგ კი არა, ხელოსნებს კარი რომ ღია რჩებოდათ, მთელი კორპუსის მცხოვრებლები სათითაოდ ამოდიოდნენ სანახავად. გვერდზე კორპუსიდანაც მირეკავდნენ, გვანახეო. ყველას ყველაფერი ვანახვე, მაგრამ ხელზე გადასახვევი არაფერი მოიტანეს, ნახეს და წავიდნენ, არ შეიძლება ასე, ხელცარიელები ნუ მოდიან, რამე უნდა მოიყოლონ (იცინის).
– მეგობრები ხომ არ მოდიან ხელცარიელები?
– არა, მეგობრები დაზურგულები მოდიან. ჯერ მე მირეკავენ და მეკითხებიან, რა მჭირდება. მეც პირდაპირ ვეუბნები და ზუსტად იმას მყიდულობენ.
რამდენიმე მეგობარს ერთად ვაჯგუფებ და ერთად ყიდულობენ ჩემთვის საჩუქარს. რაღაც „ფინთიკლუშკების“ ყიდვას, ერთი და კარგი მირჩევნია, ამიტომ ჯობს ხუთმა ააგროვოს თანხა და არც ძალიან დაიხარჯონ. მე უხარისხო არაფერი მიყვარს.
– ამ პროცესში ინფლუენსერობა არ გამოიყენე?
– რა თქმა უნდა, გამოვიყენე. ძალიან ბევრი რეკლამაც გადავიღე, უამრავი შემოთავაზება მქონდა და ვარჩევდი, რომელ კომპანიასთან დამეჭირა საქმე. საბედნიეროდ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ზუსტად ოთხი თვე დამჭირდა დაგეგმარებისა და დიზაინისთვის, საბოლოო ჯამში კი ცხრა თვე მოვუნდი. 21 ხელოსანი მუშაობდა სახლში. ისე შემიყვარდნენ ჩემი ხელოსნები, რომ არც კი ვბრაზდებოდი არაფერზე. დავმეგობრდით, მათი ბავშვების ნათლობებზე დავდიოდი. საერთოდ, მე თუ ადამიანი არ დავიმეგობრე, ისე ვერ ვეურთიერთები. წარმოიდგინეთ, ადამიანს კედელი ამოშენებული რომ აქვს და ამ დროს ვეუბნები, ვაიმე, ერთი ნახევარი მეტრით უნდა გადმოვწიოთ-მეთქი და მოსანგრევი აქვს ყველაფერი, როგორ ჭკუაზე იქნება, მაგრამ სულ სიცილ-კისკისში ვაკეთებდით ყველაფერს. რემონტს რომ მოვრჩი, ბოლოში გავედი და არ დამადგნენ თავზე უცხოელები, ხომ არ ყიდითო? ვიღაც ბრიტანელი ცოლ-ქმარი იყო და მეკითხებოდნენ, რას აფასებო და რას ამბობთ, ჩემი ბინა შეუფასებელია-მეთქი.
სახლი რომ მოვრჩი, მერე ტერასაზე გადავედი. ჩემი ტერასა არის ნამდვილი დაცემა, დაგდება და ჩრდილში წამოწოლა (იცინის). სახლის რემონტს რომ ვგეგმავდით, პირველ რიგში, გამწვანებული ტერასა ჩავხატე. ზოგადად, მე ძალიან მიყვარს დილის რუტინა. დილით რომ თურქული, კარგი ნალექიანი ყავა არ დავლიო, გამორიცხულია, მაგრამ ლამაზ გარემოში უნდა დავლიო და არა გადარბენაზე. ამიტომ ჩემს თავს ვუთხარი, თამაზ, ყოველ დილით კაფეში გასვლას, ისეთი აივანი გააკეთე, რომ არსად გასვლა არ დაგჭირდეს-მეთქი და ზუსტად ასეთი გამომივიდა. იქ ჩიტის ბუდეებიც დავკიდე და არ ვიცი, რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ დილით გაღვიძება მიხარია. რომ ვიღვიძებ, თავი ათვარსკვლავიან სასტუმროში მგონია (იცინის). როგორც სასტუმროში იქცევიან ადამიანები, ზუსტად ისე ვარ მეც. საწოლი მაქვს სასწაული, ასე მგონია, ღრუბლებში ვნებივრობ, ავდგები კოხტად, ჩემს თეთრ ფითქინა ხალათს ჩავიცვამ, რომელიც ლენუკა ყიფშიძემ მაჩუქა, შევალ, წყალს გადავივლებ, მოვწესრიგდები, ყავის აპარატს ხელს მივაჭერ, გავალ აივანზე და თავი მართლა ფარაონი მგონია, თავის გადაპარსვაღა მაკლია (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან