როგორ აკონტროლებს სალომე უშხვანი ქმრის ერთგულებას და რატომ დაჰყვება ის სამსახურში ნიკოლოზ ქართველს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.01
როგორ ხვდება ახალ წელს სალომე უშხვანი, რით არის გამორჩეული მისთვის ეს დღესასწაული და როგორია მისი და ნიკოლოზ ქართველის ოჯახური ცხოვრება – ამაზე თავად მოგვიყვება.
სალომე უშხვანი: ახალი წლის დღეებს, ალბათ, ახლობლებთან ერთად გავატარებთ. ნიკო სამსახურში იქნება, მაგრამ მუშაობის დასრულების შემდეგ, უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, ყველასთან ერთად გავიზიარებთ ამ დღესასწაულს. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ დღესასწაულს უფრო შვილებთან ერთად აღვნიშნავთ.
– როგორი დიასახლისი და მზარეული ხარ?
– ერთადერთი, რაზეც შემიძლია, თავი დავდო, ფელამუშია. რაც მიყვარს, იმის კეთება, გამომდის (იცინის). ნიკოც აღფრთოვანებულია ჩემი ნახელავით. ჩურჩხელასაც შევეჭიდები, მაგრამ აქამდე არ მიცდია. ჯერ არც გოზინაყი გამიკეთებია, მაგრამ არა მგონია, რთული იყოს. სალათები გამომდის, საცივსაც გავართმევ თავს. ოსტრი მიყვარს და აუცილებლად გამომივა. ჩიხირთმა და ბოზბაში შეიძლება, არ გამომივიდეს, მაგრამ ელემენტარულებს ვაკეთებ.
– ამ დღესასწაულს სახლურად ხვდები თუ ძალიან ბრჭყვიალა და გაპრანჭული უნდა იყო?
– მირჩევნია, სახლში ვიყო და ხალათი მეცვას. არანაირი გაპრანჭულობა და სიბრჭყვიალე. ძალიან მიყვარს შინაურულად ყოფნა ოჯახურ გარემოში, მაგრამ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას ვერ ავცდები და რა თქმა უნდა, საახალწლო განწყობის შესაბამისად უნდა გამოვიყურებოდე. საერთოდ, ეს დღესასწაული ჩემთვის იმდენად უბრალო და საოჯახოა, რომ მგონია, სახლში უნდა ფუსფუსებდე, ტკბილად, ყოველგვარი გასვლა-გამოსვლების გარეშე. რომ შემეძლოს, ყველა მეგობარს ჩვენს სახლში შევკრებდი და მათთან ერთად შინაურულად აღვნიშნავდი. ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც მიყვარს.
– წინა ახალ წელს რა სურვილი ჩაიფიქრე?
– ბავშვობიდან მქონდა ეს ფიქრი – მინდოდა, რომ ცნობადი ვყოფილიყავი. ცუდი კუთხით არა, მაგრამ მინდოდა ადამიანებს გავეცანი ისეთი, როგორიც ვარ. სულ ვგრძნობდი, რომ ოდესღაც ჩემს ოჯახსა და სამზარეულოს გავცდებოდი. ამ თვალსაზრისით ეს წელი ჩემთვის ნამდვილად კარგი აღმოჩნდა.
– და რაც ხალხმა გაგიცნოთ, თქვენი ოჯახი მას შემდეგ სულ ყურადღების ცენტრშია.
– სხვათა შორის, საზოგადოებას მე და ნიკო ჩვენი ოჯახით ერთად უფრო ვუყვარვართ, ვიდრე ცალ-ცალკე. რასაც არ ვუკარგავ ქართველ ხალხს, ეს არის ის, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახურ სიტუაციას. იშვიათად, რომ ოჯახის მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელი წამოვიდეს. ეს ჩემთვის ძალიან დასაფასებელია, რადგან ქართველმა ხალხმა იცის ოჯახის პატივისცემა. ყველანაირად ცდილობენ, ოჯახს არ შეეხონ.
– სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებს დებთ ხოლმე, მართლა ისეთი ეჭვიანი ხარ, როგორიც იქ?
– მე ძალიან ეჭვიანი ვარ. ნიკოს ეჭვის ნატამალიც არ აქვს. მეუბნება, რომ მენდობა და იმიტომ. მეც ვენდობი, მაგრამ მაინც ფხიზლად ვარ. მას ვენდობი, მაგრამ სხვებს – არა (იცინის). ყველაფერი ხდება და ამიტომ მირჩევნია, მიწაზე მყარად ვიდგე. „მოხვალ შენ სახლში“ – მსგავსი ფრაზები მაქვს ხოლმე, თუმცა სახის მიმიკითაც კარგად ვახვედრებ, როცა ვეჭვიანობ. როდესაც საქმე სადმე წასვლას ეხება, ვეუბნები: წადი, მაგრამ მერე მე ვიცი (იცინის). როლში ღრმად არასდროს ვიჭრები, რეალურად არ მაძლეს ეჭვიანობის საბაბს, მაგრამ ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ვარ. მარტო ნიკოს მიმრთ კი არა, ზოგადად არ მაქვს ნდობა მამრობითი სქესის მიმართ. ჩვენ ერთმანეთის ტელეფონის პაროლებიც ვიცით. ჩემს ტელეფონს ხელი არ მოჰკიდო, ამას როგორ მკადრებ და ასე შემდეგ, მსგავსი ტექსტები არ გვაქვს. მაგრამ იმდენჯერ მაქვს ყველაფერი გადამოწმებული, ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემოსული თუ გაგზავნილი ესემესებიც კი მაქვს ნანახი, მაგრამ რამდენჯერაც გადავქექე იმის „იმედით“, რომ რამეზე წამოვიკიდებდი, საბაბი ვერ ვიპოვე და უკვე ისე მომბეზრდა, ვიცი, ტელეფონს რომ გავხსნი არაფერი დამხვდება და ამ ეტაპზე ხელს აღარც ვკიდებ (იცინის). ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და რა ვქნა? არ ვფიქრობ, რომ ამით ნიკოს პირად სივრცეს ვარღვევ. ამ ამბავს ძალიან იუმორით ვუყურებ. ნიკოს თვითონაც არ აქვს გართულება, ეცინება ხოლმე ჩემი ეჭვიანობის გამოვლინებებზე. თვითონ ნიკო საერთოდ არ ჰკიდებს ხელს ჩემს ტელეფონს.
– ბრაზდები, როცა შენ გარეშე სადმე მიდის?
– რეალურად, პირიქითაა. ძირითადად, ნიკო მთხოვს, რომ ყველგან გავყვე. მე ისეთი დაღლილი ვარ ყველგან სიარულით, რომ უარს ვეუბნები ხოლმე, რაზეც ნიკო მებუტება და გაბრაზებული მიდის. მივაჩვიე, რომ სულ მივყვები და თუ დამეზარა უკვე ძალიან სწყინს, არადა სახლის ადამიანი ვარ და ჩემი ნება რომ იყოს, თვეში ერთხელ წავიდოდი გასართობად (იცინის). რომ სწყინს, მერე უარს ვეღარ ვეუბნები და ამიტომ მივყვები ხოლმე. ჩემი ხასიათი მისმა ძმაკაცებმაც იციან და როცა არ მივდივარ, მეხუმრებიან ხოლმე, სალო, ჩვენთანაა და ნუ გეშინია. ჩვენთან ერთად ხომ გამოუშვებო (იცინის). ეს ყველაფერი იუმორით ხდება, მაგრამ თან რეალობაც არის შეფარული (იცინის).
ეს ნიკოს სამსახურია და მას უხარია, როცა მის გვერდით ვარ. როცა შეგიძლია, ადამიანს არ აწყენინო, რატომ არ უნდა მოიქცე ასე?! ბევრს ჰგონია, იმიტომ დავყვები, რომ ეჭვიანი ვარ. ხშირად ვკითხულობ კომენტარებს, თითქოს დაცვასაცვით დავყვები გასაკონტროლებლად, არადა, რეალურად, ეს ჩემი სურვილი სულაც არ არის, მე სახლში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ ნიკოს სწყინს და ამიტომ ვარ მის გვერდით. კონტროლიორად ნამდვილად არ ვუდგავარ, რომ სადმე რამე არ მიქაროს. კაცის ასე კუდში დევნა თუ მომიწია, რომ რამე არ მიქაროს, ეს ნორმალური ურთიერთობა არ არის. მე მაქვს ეჭვიანობის გამოვლინებები და პრობლემა ჩემშია და არა ნიკოში. ამიტომ ნიკოს კუდში დევნას არასდროს დავიწყებ. სიმართლე რომ ვთქვა, მე მომწონს ეჭვიანობის პროცესი, ცოტა მაზოხისტური მომენტი, თორემ ობიექტურად რომ შევხედოთ მდგომარეობას, საეჭვიანო ნამდვილად არ მაქვს.
– თუ დაინახე, რომ სხვა გოგო ზედმეტ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, რა ხდება?
– ჩხუბს ხომ არ დავიწყებ, ღიმილიანი სახით ვუახლოვდები, მაგრამ სახლში რომ მოდის, მერე მე ვიცი, რაც ხდება (იცინის). სხვათა შორის, ვაფასებ ნიკოს დამოკიდებულებას, თუ რამე ზედმეტს შეატყობს სხვა ქალს, თუ ვინმე რამეს ცდილობს, ნიკო მაშინვე თბილად აგრძნობინებს, რომ მხოლოდ გულშემატკივრად აღიქვამს. მსგავსი სიტუაციებიდან მარტივად გამოძვრება ხოლმე. არ გამოძვრება და მოვა სახლში (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან