შოუბიზნესი

როგორ აღმოჩნდა მარკუს მეტრეველი ათენში ქართველების გამო უხერხულ მდგომარეობაში

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 17.01

მარკუს მეტრეველი
დაკოპირებულია

მარკუს მეტრეველის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მარკუს მეტრეველი?

მარკუს მეტრეველი: როდესაც მისვამენ ამ შეკითხვას, თუ ვინ არის „მარკუს მეტრეველი”, აზრები ყოველთვის უსასრულობაში მოგზაურობს. შემიძლია, ერთი სიტყვით ვთქვა – მარკუს მეტრეველი არის ადამიანი. იყო ადამიანი დღევანდელ სოციუმში – ეს უკვე დიდი მიღწევაა! ეს გადარჩენის ტოლფასია.

სამწუხაროდ, გაბატონებული ბოროტების, შურის, ბოღმის, ზიზღის, ღვარძლისა და ბულინგის ფონზე არსებული სოციუმის გარკვეული ნაწილი ადაპტირდა ამ გარემოებაზე და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს ამ ბოროტების ფონზე და თვითონაც ღირსეულად, მედროშეებივით იკვალავენ გზებს ბოროტების კარიბჭემდე.

მარკუს მეტრეველი არის ადამიანი მისი „ინით და იანით“ მისი დამოკიდებულებებით ადამიანებზე, არაადამიანებზე, სიყვარულზე, ცხოვრებაზე, ცხოველებზე, ფრინველებზე, არსებულ თუ არარსებულ სამყაროზე, პლანეტებსა თუ გალაკტიკებზე!

მარკუს მეტრეველი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გააზრებული საკუთარი თავის „იკიგაი” (შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევა. ასევე, იმ პატარა წვრილმანებით ტკბობა, რასაც ბედნიერება მოაქვს) და ცხოვრობს მისი კანონებით, სამყაროს კანონებთან ადაპტირებული.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– უამრავჯერ მიფიქრია ამაზე. ჩემი საოცნებო ცხოვრება ბევრჯერ განმიცდია, რაზეც დიდ მადლობას ვუხდი სამყაროს, ზოგჯერ პირიქითაც მომხდარა. ძირითადი ჩემი საოცნებო ცხოვრება მაინც საქართველოს უკავშირდება, ამიტომაც ვარ ახლა აქ! მინდა, ჩემი სამშობლო იყოს ევროპაში წამყვანი ქვეყანა, ეკონომიკით, კულტურით, სპორტით, მეცნიერული მიღწევებით. მინდა, ყველა ქართველის თვალში ვკითხულობდე სიყვარულსა და ერთმანეთის პატივისცემას. მინდა ვამაყობდე, რომ ვარ ქართველი!

– გიკეთებია საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა?

– რასაკვირველია. როდესაც ხარ თინეიჯერი და ცდილობ, ცხოვრების რელსებზე დადგე, თავი რომ გადაირჩინო, გიწევს ისეთი საქმეების კეთება, რაც არ მოგწონს, არ გიყვარს. ეს დარწმუნებული ვარ, არავინ იცის, რასაც თქვენ გაგიმხელთ. 14-15 წლის ასაკში, სწავლასთან პარალელურად, ყველის ქარხანაში ვმუშაობდი, სადაც ტონობით „ფეტას”-ბერძნულ ყველს ვამუშავებდით, ვფუთავდით და ევროპაში ვგზავნიდით. ზამთარში, დილის 5 საათზე ვდგებოდი, რომ მოტოციკლით 8-ზე სხვა ქალაქში წასვლა მომესწრო და არ დამეგვიანა. ეს არაჩვეულებრივი წლები კუნძულ „ლიმნოსზე” იყო. ასევე, ვმუშაობდი ჩემი მშობლების ტავერნაში მიმტანად და გამოვიმუშავებდი იმდენ თანხას, რომ ჩემს მოთხოვნილებებს ჩემივე გამომუშავებული თანხით ვიკმაყოფილებდი. მამაჩემი ხშირად მიმითითებდა ხოლმე, გინდა კარგი ველოსიპედი? იმუშავე და გექნება. გინდა ნაყინი? იმუშავე და გექნება. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში ოჯახს არასდროს ჰქონია ეკონომიური პრობლემა, მეც და ჩემს ძმასაც, სწავლის პარალელურად, მაინც გვიწევდა მუშაობა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– შეიძლება, ითქვას, რომ ზეექსცენტრიკულად ემოციური და მგრძნობიარე ვარ ყველა მოვლენაზე. ხშირ შემთხვევაში, ეს საკმაოდ დიდ დისკომფორტს მიქმნის. რაც შეეხება გულჩვილობას, ჩვეულებრივი ბავშვი ვარ არაჩვეულებრივად გაზრდილ სხეულში!

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ბოლოს ძალიან ვიტირე რამდენიმე მოვლენაზე. ეს იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასევე, როდესაც ჩვენმა საამაყო ფეხბურთელებმა მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და საქართველო ვიხილე ევროპის ჩემპიონატზე. ასევე, როდესაც მოკლეს ჩემი უსაყვარლესი მეგობარი კესარია აბრამიძე. ეს იყო სასოწარკვეთა ჩემს ცნობიერში. და ბოლოს, როდესაც რუსთაველზე სპეცრაზმი ვერაგულად და არაადამიანურად გაუსწორდა მომიტინგეებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– მილიონი არ არის დიდი თანხა, მისი დახარჯვა მარტივად არის შესაძლებელი. ყოველთვის მეფიქრება ერთი რამ და პირველად საკუთარ ეზოში ავაშენებდი ეკლესიას, სადაც დიდ დროს გავატარებდი მედიტაციასა და საკუთარი თავის განვითარებაში. შევქმნიდი დაწესებულებას, სადაც ყველა უსახლკარო ადამიანს დავაპურებდი, გავათბობდი სიყვარულით და გავუწევდი ყველა იმ მომსახურებას, რაც ადამიანს სჭირდება, რომ იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– ყველა გავლენა და ცნობადობა წარმავალია! ეს ყველაფერი გამოგონილია ადამიანებსთვის, რომ არ მოვიწყინოთ და გავერთოთ მატერიალური ნივთებით, ქმედებებითა და ყოფით. ცხოვრებაში მთავარი მიღწევა არ არის ცნობადობა და გავლენის მოხდენა ადამიანებზე, მთავარი მიღწევაა, იყო და დარჩე ადამიანად. ეს უკვე დიდი ხანია გამომივიდა. გავლენიანი, ცნობილი თუ უცნობი ყველა ერთი კარიბჭის შვილი ვართ. ვის რა ხიბლავს, ვის რა უმაღლებს ვიბრაციას – ეს ინდივიდუალურია. ჩემი გავლენა გამოიხატება მაღალი ვიბრაციული მდგომარეობით რაც უკვე განვიცადე! რაც შეეხება ცნობადობას, რაც მაქვს, ამისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი სამყაროს და ჩემს მსმენელს.

ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ერთხელ ათენში ყველაზე დიდ „ბუზიკებში” დავიწყე მუშაობა, რაც ბერძენი მომღერლებისთვისაც კი საოცნებო იყო. ქალაქში გამოიფინა ჩემი ლაითბოქსები. ამან გამოიწვია ქართველების ინტერესი და გახსნაზე პირველი მაგიდა სწორედ ქართველებმა დაიკავეს, 6-კაციანი მაგიდა იყო. კარგად გაერთნენ, მოილხინეს უამრავი ყვავილი მესროლეს და თეფში დაამტრვიეს. მოგეხსენებათ, რომ ეს ბერძნული კულტურაა, როდესაც მომღერალს ფეხებში ყვავილებს აყრიან და თეფშებს ტეხენ. მე სიხარულისგან აღფთოვანებული ვიყავი. საღამოს ბოლოს კი მიმტანი შემოვიდა, ლანგარზე ედო 6 000-ევროიანი ჩეკი და მეუბნება, ეს თქვენმა ნათესავებმა დატოვეს და მითხრეს, რომ ანგარიშს მარკო დაფარავსო. რაც დამემართებოდა, დანარჩენი თქვენ გაიაზრეთ. ეს იყო ჩემთვის ძალიან სამარცხვინო გამოცდილება ჩემს ხალხზე. რასაკვირველია, დავეთანხმე მიმტანს, ნამდვილად ჩემი ნათესავები იყვნენ-მეთქი, და საქართველოზე ცუდი წარმოდგენა რომ არ შექმნოდათ, მე თვითონ დავფარე ანგარიში. ეს ადამიანები იმის შემდეგ არასდროს მინახავს.

– რა მიაგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი ყველაზე დიდი მარცხი არის ის მდგომარეობა, როდესაც წყობიდან გამოვდივარ და ჩემს თავს ვახტები, ანუ, როდესაც ვერ ვახერხებ ემოციისა და ბრაზის კონტროლს. ასევე, ჩემი დიდი მარცხი იყო საბერძნეთის დიდი შოუ-ბიზნესიდან წამოსვლა და ლავირება იმ, ეგრეთ წოდებულ, შოუ-ბიზნესში, სადაც ელემენტარული „დისკოგრაფია” არ არსებობს.

ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ჩემი თავის იკიგაის პოვნა ამ სამყაროში! ჩემი დიდი გამარჯვებაა ჩემი შვილების – ლუკა და ვივიენ მეტრეველები. ჩემი დიდი გამარჯვებაა, რომ მიუხედავად დიდი ბოროტებისა ამ სამყაროში ადამიანად დავრჩი. ასევე, ხალხის – მსმენელის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ დიდი დოზით, როცა ამის საშუალება მეძლევა.

– რა გამოსცადეთ ბოლო დროს ცხოვრებაში პირველად?

– ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ორკაციანი თვითფრინავის მართვა თანაპილოტთან ერთად, რაც საოცრად შთამბეჭდავი იყო. გადავუფრინეთ თბილისს, ნატახტარს და დიდი ადრენალინი მივიღე.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ყველაზე დიდი შიში და ცხოვრებაზე იმედგაცრუება იყო ჩემთვის 2017 წელს. ჩემთვის ერთი ცხოვრება დასრულდა და დავიწყე მეორე! რასაც, ცხადია, მკითხველს ვერ გავუზიარებ. ეს მხოლოდ მე მეკუთვნის, ამის შემდეგ კვლავ მყარად დავდექი ფეხზე!

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ყველაზე მეტად ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ მაქვს კეთილშობილი ოჯახი, მყავს პატივსაცემი დედა, მამა, ძმა, მეუღლე. თითოეული მათგანი არის გამორჩეული ინდივიდი. ასევე, დიდი მიღწევაა, რომ ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს და ვიღებ უსაზღვროდ დიდ ენერგიას ვიბრაციის დონეზე. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ვიპოვე ჩემი თავი! მიყვარხართ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა