შოუბიზნესი

როგორ აასმაგებს დათო ლონდარიძის შესაძლებლობებს მისი მეუღლე და რით მოაჯადოვა ის ნათია დევდარიანმა პირველივე ნახვისას

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 05.12, 2023 წელი

დათო ლონდარიძე
დაკოპირებულია

მუსიკოსი დავით ლონდარიძე თანამედროვე შოუბიზნესში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მისი შემოქმედება საოცრად აქტიურ ფაზაშია. გარდა იმისა, რომ პროფესიაშია ძალიან წარმატებული, არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და მისი და ნათია დევდარიანის წყვილი მაყურებელმაც ძალიან შეიყვარა.

დათო ლონდარიძე: ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. გიტარაზე დაკვრა ჩემმა უფროსმა ძმამ შემაყვარა და მასწავლა კიდეც. ინსტრუმენტი ძალიან შემიყვარდა. ამ მიმართულებით განვითარება მინდოდა და კონსერვატორიის ათწლედში ჩავაბარე. ვმღეროდი კიდეც კლასიკურ ნაწარმოებებს, ალტერნატიული მუსიკის მოტრფიალე ვიყავი.

შემდეგ „ჯეოსტარში“ მოვხვდი. მოგეხსენებათ, სასიმღერო კონკურსია და თურმე, ესეც შემძლებია ისეთ დონეზე, რომ რამდენიმე ათას კონკურსანტს შორის ათ საუკეთესოს შორის აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, გიტარის თანხლებით ვიმღერე.

„ჯეოსტარის“ შემდეგ ჩემი მუსიკალური საქმიანობა ძალიან აქტიურად გაგრძელდა. აქამდე ბევრი შრომით, ძიებით, რთული დღეების დაძლევით მოვედი. ახლაც მუდმივად ძიება და ბრძოლაა. მადლობა ღმერთს, დღეს შრომის შედეგი უკვე ჩანს და ბედნიერი ვარ. გარშემო უამრავი ადამიანი მყავს, ჩემი სამეგობრო, მუსიკალური წრე და ერთმანეთის გვერდში დგომით ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ ამ სფეროში.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ შოუბიზნესში ასეთი მოთხოვნადი იყო? არ მახსენდება მომღერალი ჩამეწეროს და თქვენი სახელი არ ეხსენებინოს ძალიან კარგ კონტექსტში.

– მუსიკას უხდება მუსიკალური ცხოვრება. ყოველი დღე მუსიკასთან უნდა ასოცირდებოდეს. სულ ძიებასა და შრომაში უნდა იყო. ჩემთვის ეს რიტუალივითაა, საერთოდ სხვა რამეა. ბოლო სამი თვე გადაბმულად სულ კონცერტები გვქონდა და მეუღლეს ვეუბნებოდი, ჩემი რიტუალური მუსიკა დამაკლდა-მეთქი. ჩემს სტუდიაში ჩემთვის მუშაობას ვგულისხმობდი და ამის გამო კრიზისი მქონდა. შენი ანგელოზების დასი უნდა მოიწვიო ხანდახან, ეს აუცილებელია და ჩემი აზრით, ეს არის მთავარი. მუსიკით უნდა იცხოვრო, ინსტრუმენტს უნდა ემეგობრო.

– როგორი ბავშვი იყავით მუსიკალური თვალსაზრისით თუ მის მიღმა?

– ბავშვობაში ძალიან ცელქი ვყოფილვარ. დედაჩემი ჩემს შვილს რომ უყურებს, მეუბნება ხოლმე, რომ ძალიან მგავს. ისიც ძალიან ცელქია. ვერაფერი გაჩერებდა, ერთადერთი, მაგნიტოფონს რომ ჩავრთავდით, მაგ დროს ჩერდებოდიო (იცინის). ძალიან მიყვარდა მუსიკის მოსმენა, ვიჯექი და ვუსმენდი.

როცა ისეთ სამსახურში დავიწყე მუშაობა, რომელსაც მუსიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა და შესაბამისად, მუსიკა დამაკლდა, მივხვდი, რომ სამყაროში ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ამ სამსახურში მოსახვედრად მეც და ჩემმა ოჯახმაც, მაგრამ მალე მივხვდი, რომ უბრალოდ, არ შემეძლო. ერთ თვეში მამას ვუთხარი, აქ ვერ ვიმუშავებ, მუსიკის გარეშე ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. ზუსტად ამის მერე გავედი „ჯეოსტარზე“ და ჩემი მუსიკალური ცხოვრება მას შემდეგ აეწყო. ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რადგან მე მუსიკის მიღმა, სხვას მართლა ვერაფერს გავაკეთებდი.

– ბედნიერების კიდეც ერთი მიზეზი არის მეუღლე, როგორც ვიცი, ძალიან გამორჩეული ურთიერთობა გაქვთ. როგორ იპოვეთ ის?

– ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. არც მე ვარ პატარა და არც ნათიუკა. ჩვენ-ჩვენი ცხოვრება განვვლეთ და უკვე დაღვინებულები, ჩამოყალიბებული შეხედულებებით შევხვდით ერთმანეთს. მივხვდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით და ხუთი წელია, ერთად ვართ. მე, როგორც მუსიკოსი, ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებ ბგერებზე და ამით პირველივე შეხვედრისას მომაჯადოვა. მანქანაში ჩამიჯდა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით „არტგენის“ მუსიკალურ ფესტივალზე. ეს იყო ჩვენი პირველი პაემანი. მისი ვიზუალი კიდევ სხვა ამბავია, მაგრამ როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, მისი ბგერები იმდენად მესიამოვნა, მაშინვე რაც პირველი ვიფიქრე, იყო: ამ ხმას მთელი ცხოვრება მოვუსმენდი. მერე ამას დაემატა მისი ღიმილი, სიცილი და ყველაფერი ერთად. ერთი ლამაზი კომპოზიცია შეიკრა. ვიგრძენი, რომ რაღაც საოცარი ამბავი ხდებოდა ჩემს თავს და დავდუმდი. ამდენი წელი გავიარე, ბევრ ქვეყანაში ვიცხოვრე, ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, იქამდეც მყოლია შეყვარებული, მაგრამ მსგავსი გრძნობა არასდროს განმიცდია. მართლა გავგიჟდი. მერე მისი სასიმღერო კულტურა, საერთოდ სხვა რამეები დამანახვა, მისი გემოვნება, ხედვა... მერე შემოქმედებითადაც გავერთიანდით. ბოლო წლებში ჩვენმა შემოქმედებითმა ალიანსმა, ჩვენს სიყვარულთან ერთად, ბევრი კარგი ამბავი მოგვიტანა. ნათია ლოტბარების ოჯახში გაიზარდა. სისხლში აქვთ გამჯდარი მუსიკა. მისი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ჩვენმა ერთობამ ნათიუკას მუსიკალური ნიჭების გამოვლინებასაც შეუწყო ხელი და ეს ძალიან მიხარია. თუმცა, ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოუვლენია საზოგადოების წინაშე ის, რაც მას შეუძლია. ჩვენს მსმენელს გაცილებით კარგი ნამუშევრები ელოდება წინ.

– ესე იგი, ერთი ნახვით მოგაჯადოვათ. ოჯახის შექმნა რამდენ ხანში გადაწყვიტეთ?

– კი, ნამდვილად ასე იყო ორი წელი ვიყავით ერთად. ერთი დღეც არ მახსენდება ნათიუკას გარეშე. მივხვდი, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. ძალიან მალევე გადავედით ერთად. მერე შვილი შეგვეძინა და ასე სიამტკბილობაში მოვდივართ. ყოველდღე ვუკრავთ, ყოველდღე კონცერტი გვაქვს. ნათია არცერთი დღე არ მცილდება გვერდიდან. თვითონ რომც არ მღეროდეს, რომც არ იღებდეს მონაწილეობას კონცერტში, გვერდით მყავს. მერე ტელევიზიაში, გადაცემაში დავიწყეთ ერთად მუშაობა. ყველაფერი ერთად ავაწყვეთ. ის ძალიან დიდი ძალაა, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აასმაგებს და რა თქმა უნდა, მე – მის შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რომ მეუღლე ზუსტად მისნაირი უნდა გყავდეს. მეუღლე შენგან შორს არასდროს არ უნდა იყოს, ის ყოველთვის გვერდით უნდა გედგას, სულ მასთან ერთად უნდა იყო. ის უნდა იყოს მეგობარიც, ძმაკაციც და შეყვარებულიც. ჩემს სამეგობროში თუ საახლობლოში, მარტო რომ მივიდე, უკვე ყველა გაოცებული მეკითხება, ნათია სად არისო. ყველა ერთიანად აღგვიქვამს და ეს დიდი ბედნიერებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა