შოუბიზნესი

როდის უქმნის პრობლემას ნიკა არაბიძეს არისტოკრატიული კანის ფერი და რა სტკივა დილით გამოღვიძებულს

№30

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 03.08

ნიკა არაბიძე
დაკოპირებულია

მართალია, 16-წლიანი მუშაობის შემდეგ, ნიკა არაბიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა, თუმცა, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გააგრძელა თავისი მოღვაწეობა და როგორც თავად ამბობს, თავს მშვენივრად გრძნობს. „ნიკა არაბიძის შოუს“ ერთი სეზონი მთავრდება და წამყვანი უკვე მეორე სეზონისთვის იწყებს მზადებას. თუმცა, მანამდე აქტიურ დასვენებასა და სამყაროსგან მოწყვეტას გეგმავს.

ნიკა არაბიძე: 16 წელი ვიმუშავე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“. ამ არხზე დაიწყო ჩემი კარიერა, განვითარება და ის ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებ, სწორედ, ამ არხზე მივაღწიე. ფაქტობრივად, ამ ტელევიზიამ შექმნა ნიკა არაბიძე და ძალიან გული დამწყდა, იქიდან წამოსვლა რომ მომიწია. თუმცა, ახლაც ვგულშემატკივრობ „რუსთავი 2-ს“ და მიმაჩნია, რომ მის განვითარებასა და წინსვლაში ჩემი წილი ერთი აგური ნამდვილად დევს. გული მწყდება, რომ ისეთი „რუსთავი 2“ აღარ არის, როგორიც მახსოვს.

– ტელეკომპანია „ფორმულაზე“ „ნიკა არაბიძის შოუ“ მიგყავს. როგორ მოერგე ახალ ტელევიზიას, მიგაჩნია, რომ შენი ადგილი იპოვე?

– მადლობა მინდა, ვუთხრა „ფორმულას“ – ხელმძღვანელობიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, რომ აქ თავს გადასარევად, კომფორტულად ვგრძნობ და მაქვს ყველა პირობა, „კომედი ჯგუფმა“ საინტერესო გადაცემა ვაკეთოთ. ასე რომ, ადაპტაცია არაჩვეულებრივად გავიარე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა, რაც აქ ვარ. ახლა სეზონი სრულდება და მომავალი სეზონიდან ტელეეკრანზე უფრო ადაპტირებული, შემართებითა და ენერგიით დატუმბული, კრეატიული იდეებით სავსე დავბრუნდები.

– ახალ სეზონამდე, სად და ვისთან ერთად აპირებ დასვენებასა და ძალების აღდგენას?

– მე, როგორც ყოველთვის, სულ დავივარ, მივდივარ-მოვდივარ და ვისვენებ ჩრდილში, გზაზე, სადაც შემხვდება. ზღვა არ მინახავს დიდი ხანია. კი მინდოდა, მენახა, მაგრამ ამჯერად მთაში დასვენებას ვამჯობინებ. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად და როგორ დავისვენებ, თუმცა ზუსტად ვიცი, ჩემს მშობლიურ თერჯოლას არ ვუღალატებ, აუცილებლად ჩავალ რამდენიმე დღით. დიდი ხანი ისედაც ვერ დავისვენებ, რადგან მეტრო, პატრული და მე, სულ ვმუშაობთ. თუმცა, მეტროც შეიძლება, გაჩერდეს და მე და პატრული – ვერა, არ ვჩერდებით (იცინის). ზოგადად, დასვენება ჩემთვის აუცილებლად ასოცირდება თევზაობასთან და მიყვარს აქტიური დასვენება. თუმცა, წელს, მეგობრებთან ერთად, ისეთ ადგილას მინდა, დავისვენო, სადაც კარავს გავშლი, მთაცაა, ტბაცაა, ვითევზავებ და დროებით მოვწყდები სამყაროს, გამოვერთვები ყოველდღიურობას. მთელი წლის დასვენების შემდეგ აუცილებელია, ადამიანმა ენერგეტიკა დასვენებით აღიდგინო, ძალები მოიკრიბო და ახალი შთაბეჭდილებებით დაიმუხტო. იმერეთში იციან: მიცვალებულს რომ მიასვენებენ, სამჯერ ასვენებენ გზაში. ჰოდა, სამჯერ თუ არა, ცოცხალმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ აღარ უნდა დაისვენოს? (იცინის).

– ესე იგი, როგორც მივხვდი, თევზაობის გარეშე დასვენება შენთვის წარმოუდგენელია?

– ძალიან მიყვარს თევზაობა და რა ვქნა? ამ დროს ვისვენებ და თან, აზარტშიც ვარ. სხვათა შორის, ყველაზე დიდი – 6-კილოიანი თევზი მყავს დაჭერილი. ჯერ ნახევარი საათი ვეჭიდავებოდი და „ვეკაჩავებოდი“ წყლიდან ამოსაყვანად და მერე, ნახევარი საათი დავრბოდი ამ თევზით ხმელეთზე, ბედნიერი და გახარებული (იცინის). ერთხელ მეგობრებთან ერთად წავედი სათევზაოდ. ლაშა გაბუნიას არ უყვარს თევზაობა, მაგრამ სიტუაცია მოსწონს. დავავალეთ, სანამ ანკესებს გავშლით, გავაწყობთ და გადავაგდებთ, ჭიები მოიძიეო. ერთმა „პროფესორმა“, ყველაფერი რომ იცის, დაიჟინა: ამ ადგილას იქნება ბევრი და მიდი, ამოთხარეო. დაიწყო ლაშამ თხრა და კი ამოთხარა გაბუმ მეტრ-ნახევრიანი ორმო, მაგრამ ერთი ცალი ჭიაც ვერ იპოვა. ჩაჯდა ორმოში ბედნიერად და სვამდა არაყს და მიირთმევდა მისაყოლებელს (იცინის). ასეთებიც ხდება.

– საკმაოდ ღია ფერის კანი გაქვს, თევზაობის დროს კი, ალბათ, დიდხანს გიწევს ჯდომა და თევზის ანკესზე „მოკიდების“ ლოდინი. თუ დამწვარხარ ამ ლოდინში?

– როგორ არა! არისტოკრატული ფერის კანი მაქვს, ძალიან თეთრი ვარ. მალე ვიწვები, ზღვაზე რუჯსაც ვერ ვიღებ. სულ მიკვირს იმ ხალხის, ზღვის სანაპიროზე რომ კოტრიალობენ, მზის გულზე. მე ფიზიკურად არ შემიძლია, ეგრევე მესამე ხარისხის დამწვრობას ვიღებ. კი ვიცვამ გრძელსახელოიან პერანგს თევზაობისას, მაგრამ ერთხელ ისე დავიწვი კახეთში ტბაზე თევზაობის დროს, მართლა მესამე ხარისხის დამწვრობა მქონდა. თან, სასაცილოდ დავიწვი, სახლიდან ვერ გამოვდიოდი – ორივე ხელი მქონდა წითელი და მაჯებს ზემოთ ქათქათა თეთრი ვიყავი (იცინის).

– ბოლო პერიოდში ზედმეტი კილოგრამები დაიკელი. ეს, უბრალოდ, ფორმაში ჩადგომის სურვილის შედეგი იყო თუ, ჯანმრთელობის მხრივ, რაიმე პრობლემის წინაშე დადექი?

– დიეტებზე არ ვგიჟდები, მაგრამ მომიწია. ინსულინის გამოყოფა მაქვს ორგანიზმში მაღალი და ამის დასარეგულირებლად ენდოკრინოლოგიურ დიეტაზე ვიყავი. სამ თვეში 14 კილო მოვიკელი. თორემ, ეგრეთ წოდებული, პოპულარული დიეტა – ორი მოხარშული კვერცხი რომ უნდა ჭამო, 1 სალათის ფურცელი და 4 გრამი სტაფილო, ნამდვილად არაა საჩემო, თუმცა, ჩემმა მეგობარმა, ნამდვილად დაიკლო 34 კილო. ორგანიზმი მაქვს ისე მოწყობილი, თუ ჯანსაღად ვიკვებები, ვერიდები ღამე დანაყრებას, მალე ვიკლებ ზედმეტ წონას და ადვილად ვდგები ფორმაში. თავი ხელში უნდა აიყვანო, თორემ, აბა, თუ ღამით უკანალი გიჩანს მაცივრიდან ადამიანს, ასე ვერ მოიკლებ და ვერც ფორმაში ჩადგები. ხორცი და მწვადი მიყვარს, მაგრამ უფრო მსუბუქ და გრილ კვებაზე ვარ. ზაფხულში არ მიჭირს ასე კვება და ეს ჩემს წონასაც დაეტყო. კიდევ 7 კილო მოვიკელი. ნებისყოფაც მაქვს, რადგან დიეტაზე ყოფნის დროს ისეთ სუფრებზე მომიწია ყოფნა, სადაც ჩიტის რძე არ აკლდა და მე მარტო კიტრი და პომიდორი მივირთვი. მერე, ღამე მესიზმრებოდა ღომი, საცივი და ხაჭაპური (იცინის). ასე რომ, ძილში ვიკვებები, ვნაყრდები, იმდენს ვჭამ, დილით გაღვიძებულს ყბები მტკივა და დღე ნებისყოფა მყოფნის, თავი შევიკავო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...