შოუბიზნესი

როდის ცდილობს მარიტა ჯანაშია, თავს მოერიოს და როგორ გადაწყვიტეს მან და თემო საჯაიამ ერთი წლის შვილის გადაცემაში ჩართვა

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 07.09, 2022 წელი

მარიტა ჯანაშია
დაკოპირებულია

მარიტა ჯანაშიამ და თემო საჯაიამ საზაფხულო არდადეგები დაასრულეს და უკვე ტელეეკრანებს უბრუნდებიან გადაცემით - „ჩვენთან სახლში“, სადაც მაყურებელსა და სტუმრებს საკუთარ შვილთან, ბექასთან და ოჯახის კიდევ ერთ წევრთან – ძაღლთან ერთად ხვდებიან.

მარიტა ჯანაშია: პატარასთან ერთად დასვენება რთულია, რადგან მთლიანად მის საჭიროებებზე ხარ ორიენტირებული. ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს, ასე რომ, ჩვენც ისე დავისვენეთ, როგორც კრუასანისთვის (ბექასთვის) იქნებოდა უკეთესი. მაგალითად, შეიძლება მე ურეკისა და ბაკურიანის ნაცვლად, სხვაგან წავსულიყავი დასასვენებლად, მაგრამ რომელიც ბავშვისთვის იყო უკეთესი, ის კურორტები შევარჩიეთ.

– ჭირვეული ბიჭია კრუა (კრუასანი)?

– ჯერ ერთი წლის არის და დამოუკიდებლად რომ ვერ დადის, ვერ გაგებინებს, რა უნდა და შენ გიწევს გამოცნობა, ცოტა რთულია და ბუნებრივია, ისტრესები. ძალიან ვნერვიულობდით, ზღვაში ან აუზში თუ ჩავიდოდა. გაგიჟდა, ისე მოეწონა წყალი, მაგრამ ქვიშა დაიწუნა (იცინის). ფეხი არ დაუკარებია და არც ჩვენ დაგვიძალებია. საჭმელიც თუ არ მოსწონს, შეიძლება, მეორედ შევთავაზოთ, მაგრამ დაძალებით არ ვაძალებთ. ასე მოხდა ქვიშაზეც, არადა, ურეკში წასვლის მთელი აზრი ქვიშა იყო (იცინის). დიდი ადამიანისთვის არის სტრესი გარემოს შეცვლა და ერთი წლის ბავშვისთვის – მით უმეტეს. ისტრესება უცხო გარემოში და მიუხედავად იმისა, რომ ადაპტაციას ახერხებს, სახლში რომ დავბრუნდით და საკუთარ ოთახში, საკუთარ სათამაშოებთან აღმოჩნდა, ძალიან გამხიარულდა. მაგრამ ამას ბევრი პლუსიც აქვს და ყველაზე მთავარი ჰაერის გამოცვლაა. დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, გვინდოდა, შვებულება მაქსიმალურად გამოგვეყენებინა და მთაში სტუმრობაც მოგვესწრო და ზღვაზეც.

– ცალკეც თუ აპირებთ დასვენებას?

– ყველა მშობელს სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის, მარტო დასვენებაც, რაც ძალიან სწორია, მაგრამ ჩვენ არსად არ ვგეგმავთ წასვლას. არ ვიცი, სანამ ასეთი პატარაა, ვერ წარმოგვიდგენია მის გარეშე დასვენება. ზოგადად, ძალიან პანიკიორი მშობელი ვარ. მგონია, რომ დიდი ხნით დედის გარეშე ბავშვი დაისტრესება. ბევრი აკეთებს ამას და ყველაფერი მშვენივრად აქვთ, თუმცა ამას ჩვენ არ ვგეგმავთ და ამიტომაც, წლევანდელ ზაფხულს მთლიანად კრუასანზე ვიყავით ორიენტირებული.

– რაში გამოიხატება პანიკიორი დედობა?

– ძალიან შემაწუხებელი მშობელი ვარ პედიატრისთვის. ხომ შეიძლება, ბავშვს ორჯერ რომ დააცემინებს, მარტივად შეხედო, მაგრამ არა, მე აუცილებლად ექიმთან უნდა გადავამოწმო, რატომ დააცემინა (იცინის). ძალიან ცუდია, სულ ვცდილობ, თავს მოვერიო. ზედმეტი არაფერი არ არის კარგი, თორემ მშობელი რომ ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოს, ეს ყველამ ვიცით. მე ზედმეტად პანიკიორი ვარ. ალბათ, კრუას ვერცერთი ექიმი ვერ მიტანს და თქვენი საშუალებითაც ბოდიშს მოვუხდი მათ (იცინის). რეალურად, ძალიან კარგი პედიატრი გვყავს და გაგებით ეკიდება ჩემს ხასიათს (იცინის). როცა შვილის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ყველა დედა ნერვიულობს. კრუას რომ კოვიდი ჰქონდა, რომელიც მე გადავდე, ძალიან განვიცდიდი. ყველა მშობლის ჯოჯოხეთია, როცა შვილს სიცხე აქვს ან სხვა მიზეზით გრძნობს თავს ცუდად.

– თემო ამბობს, დედას ჰგავს კრუა და ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ მომწონს ჩემი ცოლიო. მარიტა რას ფიქრობს?

– მეც ანალოგიურად, ძალიან გამიხარდება თუ თემოს დაემსგავსება, რადგან გაგიკვირდებათ და, მეც ძალიან მომწონს ჩემი ქმარი (იცინის). თუმცა, ასე გამოკვეთილად ვერავის ვამსგავსებ. ცალკე პიროვნებაა და საკუთარ თავს უნდა ჰგავდეს – ახლა ასეთი პასუხი მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს (იცინის).

– პატარასთან ერთად გადაცემის წაყვანა, რასაც „ჩვენთან სახლში“ აკეთებთ, ერთგვარი ხიბლია, მაგრამ, თან, ძალიან რთული. ვისი იდეა იყო და რამდენად რთული გეჩვენებოდათ თავიდან ეს ყველაფერი?

– ჩვენი არხის გენერალურ პროდიუსერთან, შალვა რამიშვილთან მქონდა საუბარი და მან მითხრა, რამეს არ ფიქრობ – სამომავლოდ როგორ გადაცემაში წარმოგიდგენია შენი თავი. იფიქრე ამაზეო. ვფიქრობდი, მაგრამ ჩემს იდეებს ხორცს ვერ ვასხამდი, შეიძლება, გამბედაობა მაკლდა. მე და თემოს ბევრჯერ გვისაუბრია, სხვადასხვა ტიპის გადაცემაზე და იმ დღესაც, სახლში რომ მოვედი, ამ საუბრის შესახებ მოვუყევი. დავიწყეთ განხილვა და ნელ-ნელა მოგვივიდა იდეები იმის შესახებ, რომ ამ გადაცემაში ბავშვიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო, ძაღლიც და სახელიც „ჩვენთან სახლში“ ერთად შევარჩიეთ. შალვას რომ გავაცანით ჩვენი იდეა, მაშინვე გვითხრა, პილოტი გადაიღეთ და ვნახოთ, როგორი გამოვაო. პილოტის ჩაწერის დროს ბავშვი სტუდიაში ყველასთან მიდიოდა, ეხუტებოდა, ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ბუნებრივია, გადაცემის ჩაწერამდე ცოტა დრო დაგვჭირდა და ამის დრო რომ მოვიდა, კრუა ვეღარავის იტანდა ჩემსა და თემოს გარდა, ჩხუბობდა, ყვიროდა, არავის ეკარებოდა, ძალიან შეიცვალა, უცხოობა ისწავლა. აი, მერე ცოტა გაგვიჭირდა (იცინის). გადაცემას ჰქვია „ჩვენთან სახლში“ და ბავშვს აქვს თავისი კუთხე, სათამაშოებითა და ყველანაირი გასართობით, რაც ნამდვილ სახლში აქვს. როგორც ყველა, ხან კარგ ხასიათზეა, ხან ცუდზე. მეორე ბავშვიც გვყავს ჩვენი ძაღლის სახით, მას ცალკე სჭირდება ყურადღება და ცოტა რთულია, თუმცა საინტერესოა, რადგან მსგავსი გადაცემა არასდროს მინახავს და რეალითი შოუსავით გამოგვივიდა. როცა კრუა კარგ ხასიათზეა, პროცესი სასიამოვნოდ მიმდინარეობს, როცა ცუდ ხასიათზეა, ცოტა რთულია, მაგრამ ვუმკლავდებით (იცინის).

კრუა ერთი წლის არ იყო, როცა ეთერში დაჯდა, თუმცა მანამდეც, ორსულობისას, რვა თვე ვიჯექით ერთად. ვნახოთ, იმედია მოეწონება და ერთ დღეს არ მოგვიბრუნდება და საყვედურს არ გვეტყვის ამის გამო (იცინის). ამ გადაცემის იდეაც აქედან მოდის, ჩვენი ოჯახის ისტორია ხომ ამ ტელევიზიაში, მაყურებლის თვალწინ განვითარდა. ახლა უკვე „ჩვენი სახლი“ გვაქვს და მაყურებელს ჩვენს რეალობას ვუზიარებთ.

– მოკლედ, თქვენს რეალურ, ბედნიერ ამბავს აზიარებთ, არა?

– ძალიან დიდი ტყუილი მგონია ის, რომ ყველა ყოველთვის საოცრად ბედნიერია და პრობლემები არ აქვთ. ასე არ არის, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის პრობლემები, მაგრამ ეს ბუნებრივია, ლოგიკურია, ცხოვრებაა და ხან ბედნიერი იქნები, ხან პრობლემებთან მოგიწევს გამკლავება.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის გიორგი კიკუაშვილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი