შოუბიზნესი

როდის სჯის ჯულიანა ბარ-გნარი საკუთარ თავს და როგორ აძლიერებს მას მარცხი

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 05.09, 2022 წელი

ჯულიანა ბარ-გნარი
დაკოპირებულია

მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარისთვის ზაფხული და დასვენება ისევ და ისევ საყვარელ საქმესთან და ვარჯიშთან ასოცირდება, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ჯულიანა ბარ-გნარი: საკმაოდ პროდუქტიული ზაფხული მაქვს. ბოლომდე დასვენება არ გამომივიდა, თუმცა, ვარჯიში და პროფესიული ხარვეზების გამოსწორება შევძელი, რაც ძალიან მახარებს. საერთოდ, მე დიდი ხანი ვერ ვისვენებ. სადაც არ უნდა წავიდე დასასვენებლად, ყველგან სპორტდარბაზს ვეძებ, რომ იქაც ვივარჯიშო. თუ ვარჯიშის გარეშე ერთ კვირაზე მეტს გავატარებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ჩემს თავს ვსჯი (იცინის). როცა შემიძლია, თან განვიტვირთო და თან ვივარჯიშო, ყველაზე კარგად მაშინ ვისვენებ. ჯერჯერობით თბილისში ვარ, მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით გავდივარ ქალაქგარეთ და ჩვენი სტუდიის მოსწავლეებთან ერთადაც ძალიან ლაღად დავისვენე.

– ვარჯიშის გარდა, კიდევ რა გჭირდება კარგი დასვენებისთვის?

– ზღვა, განსაკუთრებით ზაფხულში. წყალი ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსია, ენერგიით მავსებს. ძალიან მიყვარს ბუნება, ვგრძნობ, რომ ბუნებაში ისე ვივსები ენერგიით, როგორც სხვაგან არსად. ასევე, მჭირდება ახალი გარემო და ინფორმაცია. ძალიან მიყვარს საზღვარგარეთ, ქუჩებში სიარული, უცხო კულტურისა და ახალი ადამიანების გაცნობა. საქართველოშიც ბევრი ამოუცნობი ადგილია, სადაც შეგიძლია, ემოციებით შეივსო.

– ზაფხულში გაქვს დაბადების დღე, როგორ აღნიშნავ ხოლმე ამ დღეს?

– ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. მაგრამ ბავშვობაში, ამ დროს, ჩემი ყველა მეგობარი დასასვენებლად იყო წასული, ასევე, მეც და ირგვლივ მეგობრები არ მყავდა, რასაც განვიცდიდი. საბედნიეროდ, დიდ ასაკში ეს პრობლემა აღარ არის. დაბადების დღეზე ვგრძნობ, რამდენად ვუყვარვარ ადამიანებს... ეს დღე განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან გარშემო სულ სიყვარულია, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.

– გოგოების უმეტესობის მსგავსად, ასაკის მატებას თუ განიცდი?

– არა, ვფიქრობ, რომ ყველა წელი ჯილდოა, რომელსაც ცხოვრება გვჩუქნის. პირიქით, კიდევ ერთ მომატებულ წელს, ძალიან ღირსეულად და მადლიერების გრძნობით ვხვდები. მინდა, კიდევ მრავალი წელი აღვნიშნო ჩემი დაბადების დღე და ჩემს ტორტზე მაქსიმალურად დიდი ციფრი დავინახო (იცინის). მთავარია, ეს წლები ღირსეულად გავატაროთ. მე მადლიერი ვარ, რომ აქამდე მოვედი და დღეს ასეთი ჯული ვარ.

– როგორი ხარ, რა გასწავლა დრომ?

– პატარა ჯულის როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო, ალბათ, ისეთი ვარ დღეს და ეს ძალიან მიხარია. ბავშვობაშიც ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. არ ვიყავი დაბნეული ბავშვი. ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, ჩემი საქმის პროფესიონალი და ფეხზე მყარად უნდა ვმდგარიყავი. იმ საქმეში, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, ანუ ცეკვაში, მაქსიმალური შედეგისთვის უნდა მიმეღწია. ბოლო წლებში მართლა ხშირად ვიხსენებ ხოლმე, როგორი მინდოდა, ვყოფილიყავი და ვხვდები, რომ ჩემი ოცნებებიდან ბევრი რამ დღეს უკვე ჩემი რეალობაა. ახლა ახალ მიზნებს ვისახავ და მომავალში, იმედია, ისეთი ვიქნები, როგორსაც დღეს ვხედავ ჩემს თავს იმ დროისთვის. დროც გვცვლის და მეც ხელს ვუწყობ, რომ გავიზარდო და საკუთარ თავს იმედები გავუმართლო.

– რამხელა იყავი, როცა ცეკვა შენს მთავარ მიზნად იქცა?

– კონკრეტულ ასაკს ვერ ვიტყვი. ცეკვის სწავლა არ ყოფილა ჩემი ოჯახის სურვილი. ჩემთვის არავის უთქვამს, გინდა თუ არა, ცეკვაზე უნდა იარო და აუცილებლად ჩემპიონი უნდა გახდეო. ეს თავიდან ბოლომდე ჩემი არჩეული გზაა. ცეკვა რომ დავიწყე, ვიგრძენი, რომ ეს ჩემი სამყარო იყო. მე ძალიან სპორტული ხასიათი მაქვს. მიყვარდა და მიყვარს პირველობა. აბსოლუტურად ყველგან, სკოლაშიც, ცეკვაშიც, სადაც ვიყავი, აუცილებლად ლიდერი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან ჯანსაღად ვუყურებდი ყველაფერს. თუ წავაგებდი, სამყარო თავზე არ მენგრეოდა.

ცეკვა, როგორც პროფესია, დრომ მოიტანა. თავიდან სულ სხვა პროფესიას დავეუფლე. ვგულისხმობ სტომატოლოგიას. ეს საქმე სრულიად განსხვავდება ჯულისგან. ეს იყო რჩევა, რომელიც მე მივიღე, რადგან იმ მომენტში პროფესიულად ვერსად ვერ ვხედავდი საკუთარ თავს. ძალიან მომწონდა დიზაინერობაც, მაგრამ რატომღაც, უფრო სამედიცინოსკენ გადავიხარე. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ცეკვამ სძლია. მერე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“, ცნობადობა, მშობლების სურვილი, რომ მე და ოთოს მათი შვილები აგვეყვანა და ცეკვა გვესწავლებინა, მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი თავისით მოხდა, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგად.

– იმედგაცრუებები და ხელის ჩაქნევაც იყო?

– იყო რთული მომენტები, თუმცა, ხელი არასდროს ჩამიქნევია. იმედია, არც არასდროს მოხდება ასე. ეს მე არ მახასიათებს. როცა ვგრძნობ, რომ ვაგებ, ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს გაზრდისთვის. როდესაც ვაგებდი, მერე კიდევ უფრო მეტს ვაკეთებდი მოგებისთვის. წაგებას გულისტკენა ახლავს, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამაზე არ უნდა ჩაიციკლო.

– სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებსაც ასეთი შემართებით ხვდები?

– ვცდილობ, პრობლემაზე არ გავამახვილო ყურადღება. რა თქმა უნდა, მაქვს რთული პერიოდები და შეიძლება, მეორე დღესვე ძლიერმა ვერ გავიღვიძო, მაგრამ ყოველთვის ვეძებ გამოსავალს. გამოუვალი სიტუაცია მხოლოდ მაშინაა, როცა ადამიანი იმქვეყნად მიდის. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. შეიძლება, ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაც გაივლის და მერე შეძლებ, ყველაფერს სხვანაირად შეხედო, ასე რომ, ადრე თუ გვიან, ყველა პრობლემას ეშველება.

– ვიცი, რომ პირად ამბებზე საჯაროდ საუბარი არ გიყვარს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ შენი და ოთოს ურთიერთობაზე, სხვადასხვა ინტერვიუებიდან ამონარიდებით ცდილობენ, დაამტკიცნობ, რომ შეყვარებულები ხართ, გკითხავ – როგორ აისახება თქვენს ურთიერთობაზე საზოგადოების ასეთი ინტერესი?

– ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჩვენზე, არა მხოლოდ ჩემსა და ოთოზე, ცალკე ჩემზე და ცალკე ოთოზეც ბევრს ლაპარაკობენ. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, რადგან ხშირ შემთხვევაში ხალხისგან ძალიან პოზიტიურ ემოციებს ვიღებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომელიც გვეუბნება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ჩვენს პირად ცხოვრებას, არც მე და არც ოთო მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ეს აქტიურობა და ინტერესი, ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. გააზრებული გვაქვს, რომ როცა ცნობილი სახე ხარ, ბუნებრივია, ამ თუ სხვა მიზეზით, შენზე ისაუბრებენ. ჩვენ ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლული და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ (იცინის).

– საკუთარი გამოცდილებიდან, რა პლუსები და მინუსები აქვს პოპულარობას?

– მე მინუსებს ვერ ვხედავ. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან დიდ სიყვარულს ვიღებ, რასაც ძალიან ვაფასებ. მგონია, რომ ასეთი სითბო და სიყვარული ყველასთვის სასიამოვნოა. რომ ვთქვა, რამით შემაწუხებელია-მეთქი, მგონია, ეს ცოტა სამარცხვინოდ ჟღერს. როცა ადამიანი შენ მიმართ ასეთ სიყვარულს გამოხატავს, როგორ შეიძლება, ეს შემაწუხებელი იყოს?! პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივარს ამ სიყვარულისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა