შოუბიზნესი

რა სტრესის გადატანა მოუხდა თიკო ყაველაშვილს და როგორ ცდილობს ის ძველებური ცხოვრების დაბრუნებას

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

თიკო ყაველაშვილი
დაკოპირებულია

ინფლუენსერი თიკო ყაველაშვილის ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია. ალბათ, ბევრმა იცით, რომ თიკო პირველი შვილის მოლოდინში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. რა მოხდა, ამაზე ის თავად მოგვიყვება და მოგვიყვება მისი სიყვარულის ძალიან ლამაზ ისტორიასაც, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

თიკო ყაველაშვილი: ძალიან ბევრმა ქალბატონმა მომწერა, რომ იგივე დაემართა პირველ ორსულობაზე და მამხნევებენ. ზუსტად არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში რა გახდა ამის მიზეზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადატანილმა სტრესმა იქონია გავლენა. როცა ფეხმძიმედ დავრჩი, თავიდან არც ვიცოდი ამის შესახებ, იმ პერიოდში დიდი სირთულეები გამოვიარე. როგორც იცით, თებერვალში ომი დაიწყო, ჩვენ კი ეპიცენტრში მოვხვდით და ჩვენს თვალწინ ბომბები ცვიოდა. ამერია ძილისა და კვების რეჟიმი, ნანახმა ძალიან იმოქმედა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე, სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ძალიან რთული იყო იმ ყველაფრის გადალახვა. უცხო ქვეყანაში ვიყავი ჩარჩენილი და ათი დღე ამ დაძაბულობაში ვიცხოვრე. ვიბრძოდით, რომ თავი დაგვეღწია იქაურობისთვის. ამან ძალიან დიდი კვალი დატოვა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ სტრესიდან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა. იქიდან თავის დაღწევის შემდეგ, ცალკე პრობლემა იყო რვასაათიანი სახმელეთო გზა – არ ვიცოდით რა გველოდებოდა. შემდეგ ლოდინი, ხანგრძლივი ფრენა...

რომ ჩამოვედი და ექიმთან მივედი, თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ორ თვეზე კი უკვე მითხრეს, რომ ჰემატომა მქონდა და მკაცრი წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. ორი თვე საწოლიდან არ ავმდგარვარ, მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი ჩემს თავს და ბავშვს, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. 13 კვირაზე, ექიმთან სქესის გასაგებად რომ მივედით, გვითხრეს, რომ ბავშვი დავკარგეთ...

ამაზე დიდი ტკივილი ცხოვრებაში არ განმიცდია. ბევრი რამ მაქვს გადატანილი, მაგრამ შვილის დაკარგვაზე მძიმე არაფერია, თუნდაც მუცლად ყოფნის დროს... ძალიან მწარე იყო, თუმცა ვცდილობ, იმ სტრესიდან გამოვიდე. ალბათ, ასე იყო საჭირო, ასეთი განსაცდელი უნდა მოევლინა ღმერთს, რომ შემდეგ უკეთესი რამ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.

ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. ვცდილობ, ჩემი თავის ფსიქოლოგი თვითონ ვიყო. ოჯახის მაქსიმალური მხარდაჭერა მაქვს – მეუღლე, მისი ოჯახი გვერდით მიდგას. ჩემი აუდიტორია – სასწაული ადამიანები ყოველდღე მწერენ გასამხნევებელ შეტყობინებებს. ზოგს იგივე გადახდა თავს, ზოგი, უბრალოდ, თბილი სიტყვებით ცდილობს, გამამხნევოს.

ჩემი პირველი შვილი ჩემი პირველი სიხარული და უფლის სასწაული იქნება ჩემთვის, ეს სიხარული და ეს ტკივილიც, ყოველთვის ჩემთან დარჩება. ღვთის მადლით, ფეხზე დავდექი, მეუღლეც უკეთესად არის და სამომავლოდ ყველაფერს კარგს ველოდებით.

ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მუცელი მომეშალა. მომხდარმა თვალის არსებობაში დამარწმუნა. ომის დროს რომ დავაანონსე, მოვდივარ-მეთქი, მას შემდეგ, უამრავი რამ მოხდა და ათი დღე უმძიმეს სიტუაციაში ვიმყოფებოდი. მერე, როგორც იქნა, ჩამოვაღწიე და ცოტა ხანს არ ვახმაურებდი ჩემს ამბავს, სიხარულს ჩვენთვის ვინახავდით. სამ თვეზე ვთქვი და მდგომარეობა გამირთულდა, საბოლოოდ კი სქესის გასაგებად მისულმა ასეთი რამ გავიგე. ამიტომ ამ გამოცდილებების შემდეგ, პირველ რიგში, ჩემს თავს მოვუწოდებ, რომ მნიშვნელოვანი ამბები აღარ გავაჟღერო. შეიძლება, ვინმემ ცუდი თვალით სულ არ შემომხედოს, მაგრამ მსგავსი რამ მოხდეს, ჩემმა ცხოვრებამ აიღოს თვალი. ეს ყველაფერი გამოუცდელობის ბრალია და სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. სხვებსაც მოვუწოდებ, ვისაც ადამიანებისთვის სასიხარულო ამბების გაზიარება უყვარს: არ გინდათ ასეთი ამბების გაჟღერება, მაქსიმალურად შეინახეთ თქვენთვის სადამდეც შეძლებთ! ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობს. მე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, გადავდგი ეს ნაბიჯი. თუნდაც ემოციური კუთხითაც მინდოდა ჩემი სიხარულის სხვებისთვის გაზიარება. გარდა ამისა, თითქოს თავი ვალდებულადაც ჩავთვალე, რომ ეს მეთქვა, თუმცა ყველას ვეტყვი, რომ არაფრით ვართ ვალდებულები. პირიქით, რაც შეიძლება, ცოტამ უნდა იცოდეს ჩვენი ბედნიერების შესახებ...

როგორც გითხარით, ახლა უკეთ ვარ და ნელ-ნელა ვუბრუნდები ვარჯიშს, აღდგენით პროცესში ვარ, მუშაობას უკვე დავუბრუნდი, მოსწავლეები ამყავს და მალე თვითონაც დავიწყებ ვარჯიშს.

– ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. ახლა მინდა გთხოვოთ, ზოგადად, თქვენი ოჯახისა და სიყვარულის შესახებაც მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს. ინდოელი მეუღლე გყავთ, როგორია მათი ტრადიციები, რაც თქვენთვის სიახლე იყო, რასთან შეგუება გაგიჭირდათ ან გაგიმარტივდათ?

– დიდი მადლობა მხარში დგომისთვის. რაც შეეხება ჩვენს ოჯახს, პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი მეუღლე ნახევრად ქართველია და ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ნახევარი ბავშვობა აქ გაატარა დედულეთში, აქ მოინათლა, რაღაც პერიოდი სკოლაშიც აქ დადიოდა. ძირითადად, ჩვენი ქართული ტრადიციებით ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ინდურ ტრადიციებსაც პატივს ვცემთ და აღვნიშნავთ. მათ ტრადიციებში კი არაფერია ისეთი, რასაც ვერ შევეგუები. ჩემს მეუღლეს თანამედროვე ოჯახი აქვს, რამე განსაკუთრებულად ძველი ტრადიციების მოყვარულები არ არიან. პატივს მცემენ ისეთს, როგორიც ვარ და ასევე, მეც მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ.

– როგორ მიიღეს ერთმანეთი თქვენმა ოჯახებმა და როგორია თქვენი და თქვენი, ასევე, ქართველი დედამთილის ურთიერთობა?

– ჩვენმა ოჯახმა რომ დაინახა ჩემი და ომარის სიყვარული, გაგება, პატივისცემა, იქ უკვე ზედმეტი იყო რაიმე გაუგებრობაზე საუბარი, იდეალურად გაუგეს ერთმანეთს. ომარის ქართული მხარეც და ინდურიც იდეალურადაა ჩემს ოჯახთან. ჩემი დედამთილი კი ჩემი ახლად შეძენილი დაქალია, იდეალური გაგება, ნდობა და ერთმანეთის პატივისცემა გვაქვს, ასევე, დედაჩემთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს

– აუცილებლად უნდა მოგვიყვეთ თქვენი სიყვარულის ამბავიც, რადგან როგორც ვიცი, ზღაპრული ისტორია გაქვთ…

– მე და ომარი შევხვდით საერთო მეგობრის ოჯახში 01.01.2025 ში ერთად შევხვდით ახალ წელს და იმ წუთის შემდეგ არცერთი დღე არ ვყოფილვართ ერთმანეთის გარეშე. ამდენად თუ შევეწყობოდი ადამიანს, არც კი წარმომედგინა. სიყვარულში იმდენად მქონდა რწმენა დაკარგული, არც კი განვიხილავდი ვინმესთან შეხვედრასაც კი. მაგრამ იმდენად ერთნაირი აღმოვჩნდით, იმდენდად შევავსეთ ერთმანეთი, რომ ვიცოდი, აღარასდროს გავუშვებდით ერთმანეთს ხელს. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ზღაპრული და დაუვიწყარი შეხვედრა. ერთ კვირაში უკვე შეყვარებულები ვიყავით. შობა ერთად გავატარეთ, ყველა მნიშვნელოვან თარიღს ერთად აღვნიშნავდით, სამ თვეში, კი ჩემს დაბადების დღეზე, ხელი მთხოვა. არც კი მქონდა ასე მალე ამის მოლოდინი და რა თქმა უნდა, მოულოდნელი სიხარული ბევრად უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა. უფლის წყალობით, უამრავი ბედნიერი დღე გავიარეთ. ნიშნობის შემდეგ ინდოეთში წამიყვანა მამის გასაცნობად და მამულეთის დასათვალიერებლად. ომარის მამას იმდენად მოვეწონე და შევუყვარდი, სამ დღეში ინდური ქორწილი მოგვიწყო. რისიც არასდროს მწამდა, იმ წელს დავიჯერე. ეს არის შემდგარი, ჩამოყალიბებული ურთიერთობა, სადაც არის უზომო პატივისცემა, პრიორიტეტად – ოჯახი, სიყვარული და ჰარმონია. ჩვენი შეხვედრის შანსი 0.1% იყო. ომარი დუბაიში მუშაობდა, მე კი – საქართელოში. რა თქმა უნდა, საქართველოში ხშირად დადიოდა, თითქმის მეზობლებიც აღმოვჩნდით, მაგრამ ერთმანეთი ამ დღემდე არასდროს გვინახავს. ამ სამი თვის განმავლობაში ხშირად ჩამოდიოდა. ერთხელ მეც ვიყავი დუბაიში. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ჯადოსნური წამები გვქონდა. იმდენად ვგავართ ერთმანეთს, საჩუქრებიც კი თითქმის ერთნაირი შევარჩიეთ. ღამით იახტით გავისეირნეთ ზღვაში. იყო დიდი, ლამაზი მთვარე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ულამაზესი დუბაი და ძალიან კარგი განწყობა. ეს კადრები არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან. მაგ დროსვე აქტიურად დავიწყე ვიდეოებისა და ფოტოების გაზიარება ჩვენს დაუჯერებელ ისტორიაზე, რასაც მილიონობით ნახვები და ლაიქები მოჰყვა. ხალხს ახლა მარტო მე კი არა, ორივე ერთად ვუყვარვართ. აქვე ყველა ამ კეთილის მსურველ ადამიანს კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას.

– ორი ქორწილი გქონდათ, როგორ გახსენდებათ ეს განსაკუთრებული თარიღები?

– პირველი ქორწილი 25.04.2025-ში იყო ინდოეთში, სამ დღეში დაგეგმილი ქორწილი, ულამაზესი ტრადიციული სამოსით... ომარის ნათესავების ყურადღება და პატივისცემა არასდროს დამავიწყდება. თავი ინდურ ფილმში მეგონა, რასაც ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი. მამამისი არის უსაყვარლესი. პირველივე წამს მიმიღო, პირველ რიგში, საკუთარ შვილად შემდეგ კი – რძლად. ასევე, დედამისმა. ძალიან დავმეგობრდით და ორივეს დიდ პატივს ვცემ. ეს დღეც ერთ-ერთი დაუვიწყარი იყო ჩვენს ისტორიაში. და, რა თქმა უნდა, ქართული ქორწილი, ჯვრისწერა – 25.10.2025 – ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. აქ უკვე მეტი დრო გვქონდა დასაგეგმად, თუმცა, მოგვიწია ყველაფრის ონლაინ დაგეგმვა, რადგან უკვე დუბაიში ვცხოვრობდით. ეს დღე იყო უბედნიერესი და ულამაზესი. ოცნების ქორწილი მქონდა, თავი ზღაპრის გმირი მეგონა. დღემდე ვხედავ სხვადასხვა სტატიებსა და ფოტოებს ჩვენი ქორწილიდან. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ასევე მილიონობით ნახვა და ასი ათასობით ახალი გულშემატკივარი.

– ერთ-ერთ ქორწილში თქვენს ულამაზეს კაბას დეკოლტის გამო კრიტიკაც მოჰყვა და გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ინფლუენსერი, დიდი ხანია ყურადღების ცენტრში ხართ, მსგავს გამოხმაურებებზე როგორ რეაგირებთ?

– დიახ ჩემს კაბაზე ძალიან დიდი აჟიაოტაჟი იყო, 90 პროცენტს მოეწონა, 10 პროცენტი დეკოლტეს განიხილავდა. სინამდვილეში მე ამ კაბის ზომები ავიღე აპრილში და ჩამოვედი ოქტომბერში 15 კილოგრამით მეტი. გათხოვების შემდეგ მცირე სტრესი ყველა ქალს აქვს, განსაკუთრებით, როცა საზღვარგარეთ გიწევს წასვლა, თან, სულ სხვა საკვები, სულ სხვა ჰავა და ყველაფერმა ერთად გამოიწვია ჩემი მატება და ინსულინი. 24 ოქტომბერს ჩამოვედით, 1 დღეში ახალ კაბას ფიზიკურად ვერ შევიკერავდი, რისი გაკეთებაც შევძელი, ბრეტელის დამატება იყო. იდეაში დეკოლტე უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა, ხალხისთვის მაშინაც კი თამამი იქნებოდა, თუმცა მომატებულზე ორმაგად გამოიკვეთა ეს დეტალები. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი, რადგან ეს დღე ცხოვრებაში ერთხელ დგება და ჩემი დღით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიმეღო, მეგრძნო დედოფლობა და ნამდვილად ასეც იყო. ხალხის პოზიტივი გზაში, სასწრაფო მანქანები, საპატრულო მანქანები და სხვა, ყველა სიგნალებით გვაცილებდა, გვლოცავდა და ვიდეოებს გვიღებდა, გამომწერები მოდიოდნენ ფოტოების გადასაღებად და თავი ნამდვილი დედოფალი მეგონა. უბედნიერესი წამები იყო. მე კრიტიკას მიჩვეული ვარ, ამიტომ არცერთ კომენტარს არ ავყოლივარ. ერთადერთი განცხადება გავაკეთე ვიდეომიმართვით, კორექტულად ავხსენი ეს სიტუაცია. არც კი ვკითხულობდი გაბოროტებულ კომენტარებს. ვფიქრობ, რასაც თავად ვერ აკეთებენ და სხვას ხედავენ, ამაზე ძალიან მძაფრი და აგრესიული რეაქცია აქვთ. ბევრი ინფლუენსერი მეგობარი მყავს და ნებისმიერთან, ყველასთან, რაღაცას ეძებენ, რომ ბოღმა, შური და ბრაზი ამოიღონ და ასეთ რაღაცებზე ნამდვილად არ წამოვეგები. როგორც ადრე აღვნიშნე, ასეთ ხალხზე უკვე იმუნიტეტი მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი