შოუბიზნესი

როდის ხდება „დრამა ქვინი“ ლიკუნა მეტრეველი და როგორ ამთავრებს ის ურთიერთობას ემოციების გარეშე

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 01.02

ლიკუნა მეტრეველი
დაკოპირებულია

ვნახოთ, ვინ არის ზოდიაქოთი ლიკუნა მეტრეველი, იზიარებს თუ არა ის საკუთარი ნიშნის თვისებებს და რამდენად სჯერა ასტროლოგიის.

ლიკუნა მეტრეველი: დაბადების დღე 17 მარტს მაქვს. ზოდიაქოთი თევზები ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ჰოროსკოპით ვცხოვრობ, მაგრამ რაღაცების მჯერა, თვისებებში დამთხვევები არაერთხელ აღმომიჩენია და ვფიქრობ, რომ საინტერესოა.

– ამბობენ, რომ თევზები ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი ნიშანია...

– კი, მართლა ასეა. ბევრ თევზს ვიცნობ, ოჯახის წევრიც მყავს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, სამეგობროშიც და ყველა ასეთია, მეც ასეთი ვარ. ვინც გვიყვარს, მათზე ბოლომდე ვზრუნავთ. ოჯახის წევრებსა და შვილებზე ზრუნვა ისედაც ხომ ბუნებრივია, მაგრამ თევზებს უცხო ადამიანების მიმართაც გვახასიათებს მზრუნველობის გამოჩენა და შესაბამისად ვმოქმედებ ხოლმე. სულ მინდა, ადამიანებმა თავი კარგად იგრძნონ. ვცდილობ, როგორც შემიძლია, დავეხმარო. ვცდილობ, რამე არ გამომეპაროს, ვინმეს ჩემგან ყურადღება არ დააკლდეს და ასე შემდეგ. სრულიად უცხო ადამიანების მიმართაც კი, ერთხელ რომ შევხვდები და მეორედ შეიძლება, ვერსად ვნახო, გამომიჩენია მზრუნველობა და მგონია, რომ ეს არის ყურადღება, თორემ ახლობელ ადამიანებთან მიმართებით, ეს ბუნებრივი მომენტია.

– მზრუნველთან ერთად, ძალიან თბილია. ასეა?

– ნაწილობრივ დავეთანხმები. რეალურად, თბილი ადამიანი ვარ, მაგრამ სითბოს გამოხატვის უნარი ყოველთვის არ მაქვს მოწოდების სიმაღლეზე. არის მომენტები, როცა არ ვიცი რა მაბრკოლებს, მაგრამ სითბოს ვერ გამოვხატავ. ყოველთვის ასე არ არის, კონკრეტულ ადამიანებთან არ მიჭირს, თუმცა, ხანდახან მინდა, სითბო გამოვხატო, მაგრამ არ გამომდის.

– ძალიან კარგი მსმენელია, მასზე უკეთ ვერავინ გაგიგებს და შევა შენს მდგომარეობაში...

– ცოტა რთულია საკუთარ თავზე ამ კუთხით საუბარი, ამიტომ ჩემი მეგობრების გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ კი, კარგი მსმენელი ვარ. ყველაფერს მთელი გულით ვისმენ, შეგრძნებების დონეზე მათ ადგილას ვდგები და ვცდილობ, ბოლომდე გავიგო მათი.

– ზედმეტად პატიოსანი ნიშანია. რა იგულისხმება ამაში შენი გამოცდილებით?

– უბოროტო ნიშანია. ჩემთვის ადამიანის ყველაზე ცუდი თვისება ბოროტებაა. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. თევზებზე ვიტყოდი, რომ ძალიან პატიოსანზე მეტად, არაბოროტი ადამიანია. ქვეტექსტებით და ბოროტებით არაფერს გააკეთებს.

– საკმაოდ ხათრიანია...

– ასეთი არ ვარ (იცინის). უკვე 31 წლის ვარ და მქონია ცხოვრებაში მომენტები, როცა რაღაც ვიღაცის ხათრით გამიკეთებია და იმდენად მინიმალური რაღაც, რომ ხათრიანობას ვერ დავიბრალებ. ზოგადად, პრინციპული ადამიანი ვარ და სხვისი ხათრით რამის გაკეთება ძალიან მიჭირს. ალბათ, იურისტის პროფესიამაც დიდი როლი ითამაშა ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაში, ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ შემცვალა. უფრო მიზანმიმართული გავხდი, ზუსტად ვიცი, რა მინდა და სასურველი შედეგის მისაღებად ვდგამ თანმიმდევრულ ნაბიჯებს. თუ სხვისი ხათრით აკეთებ ბევრ რამეს, შენი სურვილები ავტომატურად გამოირიცხება. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, მეორე მხარეს გული არ დავწყვიტო ჩემი მიზანსწრაფულობით. მე ეს თვისება მომწონს. ჩემს შვილებსაც სულ იმას ვასწავლი, რომ ჩემი ან სხვისი ხათრით არ გააკეთონ ის, რაც არ უნდათ. ელემენტარული ავიღოთ – ჭამაც რომ იყოს, თუ რამის შეჭმა არ უნდათ, ეს ჩემი ხათრით არ უნდა გააკეთონ. სხვისი ხათრით რაღაცების კეთება ხშირად გაზარალებს. როგორც ვთქვი, ჩემთვის ეს საკუთარ სურვილს გამორიცხავს. ვიღაცის სურვილით აკეთებ და ის ვიღაც, რაც არ უნდა ახლობელი ადამიანი იყოს, არასწორია, რადგან ყველას ჩვენი ცხოვრება და სურვილები გვაქვს. როგორ არა, მეც გამიკეთებია ბევრი რამ, მაგალითად, ბავშვს რომ რაღაც ისეთი უნდა, რაც მე იმწუთას საერთოდ არ მინდა, ვაკეთებ, მაგრამ უფრო გლობალურად თუ შევხედავთ, ასე ვფიქრობ.

– თევზების გვერდით, თავს ძალიან ლაღად, მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. გეუბნებიან ხოლმე ასეთ რამეს?

– კი, მართლა მეუბნებიან ხოლმე და მეც ვგრძნობ ამას (იცინის). ძალიან კომფორტული ადამიანი ვარ, ალბათ, იუმორიც არ მაქვს ცუდი. ამიტომ მგონია, რომ ჩემ გვერდით კარგად გრძნობენ თავს. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის რაღაცებს ხელოვნურად ვცდილობ. ბუნებრივად ვიქცევი, სხვისი აზრის გათვალისწინება შემიძლია, თუმცა ხათრით, რაც არ მინდა, იმის გაკეთება – არა (იცინის). რაც მთავარია, შეთანხმებამდე მისვლა შეგვიძლია.

– თევზები ისეთი ღრმაა, მისი ბოლომდე გაგება თითქმის შეუძლებელია.

– ალბათ, კი. ალბათ, ბოლომდე მეც არ ვიცნობ ჩემს თავს კარგად. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სხვაც ვერ გამიცნობს სრულყოფილად. საერთოდ, მარტო თევზებს არა, მგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ფარული თუ ამოუცნობი. იმას არ ვგულისხმობ, რომ თავს ვინიღბავთ, უბრალოდ, ბუნებრივად შეიძლება კითხვის ნიშნები გქონდეს საკუთარ თავთან.

– არ ბრაზდებიან, უბრალოდ ცივდებიან და ახლოს აღარ გიკარებენ.

– კი, ასეთი სიმართლე არ მომისმენია (იცინის). მე მართლა ასეთი ვარ. გაბრაზება და ჩხუბი გამორიცხულია. უბრალოდ, ვცივდები და მთავრდება ყველაფერი. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვლაპარაკობ, კითხვებსაც ვსვამ, ჩემს არგუმენტებსაც ვამბობ, მაგრამ ეს ყველაფერი ბრაზის გარეშე, მერე კი ყველაფერი მთავრდება. ჩემმა პროფესიამ ბევრი კარგი მასწავლა, თუმცა, თინეიჯერობის ასაკიდანვე ასეთი ვიყავი. არც მახსენდება მეჩხუბოს, ბრაზი გამომეხატოს ვინმეს მიმართ, მაგრამ გავციებულვარ ურთიერთობაში და ყველაფერი დამისრულებია.

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მგრძნობიარე ჩანს და შეიძლება, ვინმეს სუსტი ეგონოს, ბევრი რამის დაძლევა სხვებზე უკეთ შეუძლია.

– ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს სუსტად აღვუქვივარ. საკუთარ თავს არ ვაძლევ ამის უფლებას. არ მიმაჩნია, რომ სუსტი ვარ. მგრძნობიარე ვარ, მაგრამ დროთა განმავლობაში თავდაცვის უნარი გამოვიმუშავე.

ადრე შეიძლება, გულთან უფრო ახლოს მიმეტანა რაღაცები, თუმცა დიდი ხანია, ასე აღარ ხდება. როცა ასეთი ხარ, რეალურად საკუთარ თავს ვნებ, ბევრს ფიქრობ, ნერვიულობ და ეს კარგის მომტანი არ არის. მქონია მსგავსი მომენტები, მაგრამ ძალიან ადრე და დღეს უკვე ვიცი, რომ სუსტი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები. ამიტომ, მგონია, რომ არც სხვას აქვს ასეთი აღქმა ჩემზე. არა მგონია, ვინმეს დაუცველი ვეგონო, მსგავსი დამოკიდებულება არავისგან მიგრძნია.

– საკმაოდ მარტივია მათთვის მსხვერპლის როლის თამაში.

– მოდი, აქ მხოლოდ „იცინის“ დავწეროთ (იცინის). ხანდახან ცოტა „დრამა ქვინი“ ვარ. მართლა მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ არის მომენტები, როცა გინდა, რომ ცოტა „მსხვერპლი“ იყო. მოდუნდე და ისიამოვნო. ძალიან იშვიათად, მაგრამ ხანდახან ეს როლი მითამაშია (იცინის).

– თევზებს თქვენი აზრების წაკითხვა და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ასეა?

– ეს უნარია (იცინის). არ ვიცი, რამდენად შემიძლია სხვისი აზრების წაკითხვა, მაგრამ ცოტა პროფესია და ცოტა ცხოვრებისეული გამოცდილებაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცები ამოვიცნო. აზრებზე გავლენის მოხდენას რაც შეეხება, ამის პრაქტიკა არ მქონია, თუმცა, მომავლისთვის კარგად დავფიქრდები (იცინის). საერთოდ, მგონია, რომ კარგი ინტუიცია მაქვს, რაც ცხოვრებაში მეხმარება.

– საუკეთესო მესაიდუმლეა...

– კი, ვინმე რომ გულს გიხსნის, ჩემთვის გამორიცხულია სხვასთან მისი ნათქვამის გაჟღერება. რაც არ უნდა მოხდეს, ამას არ გავაკეთებ. წეღანაც ვთქვი, რომ არ ვბრაზდები ადამიანებზე, არც ბოროტება მახასიათებს, შესაბამისად, რა დროც არ უნდა გავიდეს და რაც არ უნდა მოხდეს, არავისთან გავამხელ სხვის საიდუმლოს.

– ძლიერი სიყვარული იცის და საყვარელი ადამიანისთვის თავის განწირვაც შეუძლია, მისთვის ყველაფერს გააკეთებს.

– ეს ჩემს შემთხვევაში, ცოტა გაზვიადებულია. თუ მიყვარს და ვაკეთებ ყველაფერს, რაც თევზებში დადებითია, მაგრამ თავის გაწირვა არ მახასიათებს. თუ საქმე შვილებს არ ეხება, მთლად ასეთი არ ვარ. ბავშვებს როცა ეხება საქმე, ზოდიაქოც არაფერ შუაშია, ისედაც ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ყველა ადამიანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა