შოუბიზნესი

როდის გამოჩნდა ბზიკოს ცხოვრებაში ახალი სიყვარული და როგორ გახდა ის ყველა ქალისთვის სასურველი ბიჭი

№42

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 22.10

ბზიკო
დაკოპირებულია

დავით გაფრინდაშვილი, რომელსაც ყველა ბზიკოს სახელით ვიცნობთ, შეყვარებულია. სკანდალური პირადი ისტორიების შემდეგ ბზიკომ გარკვეული პერიოდი ჩრდილში ყოფნა არჩია, თუმცა ახლა მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია, რასაც არ მალავს.

დავით გაფრინდაშვილი: როდესაც „თბილისელებში“ ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ვამბობდი, რომ ურთიერთობაში ვიყავი, მაშინ ეს გამოგონილი ამბავი იყო და არა სიმართლე. პროექტიდან ახალი გამოსული ვიყავი, ჩემ გარშემო ისევ თის ამბები ტრიალებდა და მინდოდა, ყურადღება რაღაცით სხვა თემაზე გადამეტანა. ამიტომაც გამოვიგონე ეს ისტორია. მინდოდა, ყველას დაენახა, რომ მე კარგად ვიყავი და ჩემი ცხოვრება მქონდა.

რამდენიმე თვის წინ კი მართლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა დავიწყე. სერიოზული ჯერ არაფერი ხდება, მაგალითად, როგორც წინა ურთიერთობებში, მაგრამ სიყვარული არის. არც ვიმალებით, მაგრამ ძალიან აქტიურადაც არ ვჩანვართ და ჩვენი ურთიერთობის შესახებაც არ ვყვებით. თითქოს, არ გვინდა, რომ თვალი გვეცეს.

– რომ ამბობ, როგორც წინა ურთიერთობებში, აქაც ისეთი არაფერი ხდებაო, არ ეწყინება?

– არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობთ. ჩემგან ყველა მიეჩვია, რომ თუ ვინმესთან ურთიერთობა მაქვს, მაშინვე ოჯახს ვქმნი. შეყვარებული მე არავის ვახსოვარ, მაშინვე ცოლი მომყავს. ახლა თამამად ვიტყვი, რომ ბზიკო შეყვარებულია და ჯერ ოჯახს არ ქმნის.

– ანუ, აქამდე შეყვარებულობას გამოტოვებდი და პირდაპირ ოჯახს ქმნიდი?

– არ შემეძლო არასერიოზული ურთიერთობები. როცა ზუსტად ვიცი, რა მინდა, უნდა ვცადო. მერე კი ისე გამოდის, რომ ამდენ მცდელობა-მცდელობაში სახელი გამიტყდა (იცინის). არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ეს ურთიერთობა სრულიად განსხვავებულია წინა ურთიერთობებისგან. ამიტომ ძალიან ფაქიზად ვუდგები და გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არ ვჩქარობ.

– რა არის ამ ურთიერთობაში განსაკუთრებული?

– რადიკალურად შევიცვალე, უფრო პროდუქტიული გავხდი. ბევრი რამ გადავაფასე. ვცხოვრობ ჩემი შვილისთვის, კარიერისთვის და ამ ურთიერთობაშიც დინებას მივყვები, აჩქარების გარეშე. აქამდე ყველა გადადგმული ნაბიჯი ცუდად შემომიბრუნდა და ვცდილობ, მშვიდად ვიყო და ბედნიერი. ვიტყვი, რომ ახლა, 28 წლის ასაკში, პირველად მყავს შეყვარებული (იცინის). ეს მოგონილი არ არის, ეს რეალური ამბავია. ყვითელ პრესაში არასწორი ინფორმაციაც გავრცელდა: თითქოს, მე და თი ამ გოგოს გამო დავშორდით. რეალურად, მე ეს გოგონა 6-7 თვის მერე გავიცანი, ამიტომ, ვინც ეს მოიგონა, ცოტა აცდნენ დროში (იცინის).

– შვილი ახსენე. ნათქვამი გაქვს, არ ვარ ისეთი მამა, როგორიც მინდა, ვიყოო. რამე შეიცვალა?

– აქამდე პატარა იყო, ჩემთვის ცოტა გართულებული იყო მისი ნახვა და მზრუნველობის გამოჩენა. ასაკი რომ ემატება, რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება. ამასობაში მეც ვიზრდები და ვიცვლები. მგონია, მთავარი მონდომებაა, დანარჩენი სწავლებადი და მოგვარებადია. დრომ ბევრი რამ შეცვალა. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით ვინ გყავს. ეს მარტო კარიერას არ ეხება. შეყვარებულს გადამწყვეტი როლი აქვს. ქალს მართლა შეუძლია, აგაშენოს ან დაგაქციოს. ახლა, ჯერჯერობით შენებისა და განვითარების ეტაპზე ვარ. იმედია, ასე გაგრძელდება. ამიტომაც ვცდილობ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მივიღო. ზუსტად ვიცი, რომ ეს ის არის, ვინც მინდა, მაგრამ ყველაფერს დროის შესაბამისად ვაკეთებ. ხალხი ჩემგან სხვა რამეს მიეჩვია – გავქრებოდი ნახევარი წელი და მერე უცებ ცოლით გამოვჩნდებოდი (იცინის). თუმცა, ჩემს მეგობრებს სარძლო ძალიან მოსწონთ (იცინის).

– გამორიცხავ, რომ ორ თვეში ცოლიანი გამოგვეცხადები?

– ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავ (იცინის). რა ვქნა, რომ შევხედავ, მაშინვე ვხვდები, რა მინდა. წინა ურთიერთობებშიც, ურთიერთობის დასაწყისშივე ვიცოდი, რამდენ ხანს გავტანდით ერთად, უბრალოდ, მცდელობები მქონდა. თუ დავინახე, რომ მცდელობა ორმხრივია, მაშინ ბევრს გავაკეთებ. თუ ვიგრძენი, რომ ცალმხრივია, მეორე მხარე იმავეს არ აკეთებს, მერე ცოტა გულგრილი ვხვდები და ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ურთიერთობას ვანგრევ.

– ვინ არის შენი შეყვარებული და როგორი გოგოა?

– სახელსა და გვარს ჯერ არ ვიტყვი (იცინის). ერთადერთი და განუმეორებელია. მთავარი ის არის, რომ ჩემს პროფესიასთან ახლოსაა, მომღერალია. ზუსტად იცის კარიერისა და სცენის ფასი. კარგად ხვდება, რას და რატომ ვაკეთებ და ისიც იცის, რა არის საჭირო განვითარებისთვის. ეს ყველაზე მეტად მომწონს. ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ.

– შენს შეყვარებულს ეცოდინება წინა ურთიერთობების შესახებ, განვლილ სკანდალებზეც გაიგებდა. ამას არ მოუხდენია მასზე გავლენა?

– რა თქმა უნდა, გავლენა იყო. დღეს ბზიკო რომ დაგუგლო, წინა ურთიერთობის დეტალებს ამოგიგდებს. მის ადგილას რომ ჩემი თავი წარმოვიდგინო, რა თქმა უნდა, ძნელი იქნებოდა, ამიტომაც მესმის და არ ვაჩქარებ. ვცდილობ, ყველაფერი ერთად გავიაროთ. უკვე მიხვდა, რომ ეს ურთიერთობა რადიკალურად სხვაა, ცა და დედამიწასავით განსხვავდება წინასგან. ხომ გაგიგიათ, სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობსო, მაგრამ სულ ვეუბნები, არაფერი დამიჯერო, არ მენდო, უბრალოდ, ჩემს საქციელებს დააკვირდი და ყველაფერი თვითონ შეაფასე-მეთქი. რაც მეტი დრო გადის, მეტ პროგრესს განვიცდი. მასთან ურთიერთობის განმავლობაში ჩემს თავში რეგრესი არ დამიფიქსირებია და ამიტომ განსაკუთრებული შემართებით ვარ.

– თქვენი ურთიერთობა მალე განვითარდა?

– არა. თავიდან ერთმანეთს ზრდილობის გამო ვეუბნებოდით გამარჯობას. შემდეგ საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე გადავიკვეთეთ. იქ უკვე ქიმია ვიგრძენით. მერე დიდხანს ვდიე და რაღაც ეტაპამდე მივედი. თუმცა, ჯერ მე ყველაფერში წინ ვარ (იცინის). ასე მგონია, სკოლაში დავდივარ, თინეიჯერი ვარ და საყვარელ გოგოს ვეფლირტავები. ეს აქამდე არცერთ ურთიერთობაში არ მქონია. ძალიან მომწონს, ერთიანად ვინაზღაურებ დანაკლისს.

– თავიდან შენი წარსული ურთიერთობების გამო იკავებდა თავს თუ უბრალოდ, ჯერ იმავეს არ გრძნობდა?

– უფრო შორიდან ვეტრფოდი. ახლაც ვასწრებ გრძნობებით. ვეუბნები ხოლმე, არა უშავს, თუ შენ ჯერ საკმარისად არ გიყვარვარ, მე იმდენად მიყვარხარ, რომ ორივეს გვეყოფა-მეთქი (იცინის). გრძნობა მისგანაც არის, მაგრამ მე ამაში ყოველთვის წინ ვიქნები, სიყვარულში ვერასდროს დამეწევა, უფრო ძლიერად ყოველთვის მე მეყვარება.

– როგორი შეყვარებული ხარ?

– ყველა ქალს რომ ჰკითხოთ, როგორ შეყვარებულს ისურვებდიო, რა თვისებასაც დაგისახელებდნენ, ჩემში ეს ყველაფერი ერთად არის (იცინის). ეს სიტყვები ჰაერიდან მოსული არ არის, ვიცი, რომ ასეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა