რით დაეხმარა ოთო ნემსაძე ახალდაქორწინებულ ძმას და როგორ დაოჯახდა ბესიკ ნემსაძე რეკორდულად მცირე დროში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 21.11, 2022 წელი
ბესიკ ნემსაძე „იმედზე“ პროექტ „მიმღერეს“ ერთ-ერთი მონაწილეა თავის დიდ ოჯახთან ერთად. სიმღერა ბავშვობიდან უყვარს და ამ საქმით ყოველთვის იყო დაკავებული, თუმცა, ბოლო პერიოდში, ფინანსურ ვალდებულებებთან გასამკლავებლად, სხვა სამსახურის შეთავსებაც დასჭირდა.
ბესიკ ნემსაძე: ძალიან რთულია ამ პროექტში მონაწილეობა. ის, რომ მთელ ოჯახს გვიყვარს სიმღერა, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ქართული სიმღერის შესრულება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ ქართველი ხალხი ძალიან კრიტიკულია შეფასებებში. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჰანგებს, რომელსაც ბავშვობიდან ვისმენთ, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. თან, ოჯახის წევრები ერთმანეთზე უფრო ვნერვიულობთ, ვიდრე საკუთარ თავზე. თუმცა ჩვენს ოჯახს შოუებსა და კონკურსებში მონაწილეობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ასე რომ, ვიცოდით, ცუდი რომ არ იქნებოდა. მხოლოდ ერთ რამეზე ვნერვიულობთ, გვინდა, მსმენელამდე კარგად მივიდეს ჩვენი ნამღერი. ჯერჯერობით ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს. კომენტარებს ვკითხულობ და ერთი ცუდი შეფასება არ შემხვედრია. ამისთვის უდიდესი მადლობა ჩვენს მსმენელს. საერთო ჯამში, ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტში მონაწილეობა. ეს არ არის კონკურსი, ეს არის ქართული ოჯახების ჩახუტება და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ.
– სიმღერასთან ერთად, რით ხართ დაკავებული?
– გორში ვმღერი ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში. რაც შეეხება მეორე სამსახურს, გაყიდვების სფეროში ვარ დაკავებული, თუმცა არა საბროკერო, კომერციული ფართების გაყიდვებში და ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, გვიან ღამე ვრჩები სამსახურს. აქ პანდემიის დროს დავიწყე მუშაობა, ყველა რესტორანი, კაფე-ბარი რომ დაიკეტა. ხელოვან ადამიანებს ყველანაირი შემოსავალი შეგვიწყდა. მე პატარა მყავს და მეუღლე. ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი და ყველაფერი ჩემს კისერზე იყო. ამიტომ დამჭირდა სხვა სამსახურის მოძიება. გაყიდვები მომწონს იმდენად, რამდენადაც ძალიან კონტაქტური ადამიანი ვარ, რაც ამ სამსახურში გამომადგა. მე პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ, თუმცა ამ სფეროში ერთი დღე არ მიმუშავია. რთულია აქ თავის დამკვიდრება. სიმღერით კი ბავშვობიდან ვმღერი. ეს ჩემთვის იმხელა ბედნიერებაა, მას, როგორც მხოლოდ შემოსავლის წყაროს, არ ვუყურებ. თუმცა, მხოლოდ ეს დიდი სიამოვნებით იქნებოდა ჩემი შემოსავლის წყარო. სამწუხაროდ, საქართველოში მუსიკოსები ვერ ვშოულობთ იმდენ ფულს, რომ ჩვენივე თავი დავაფინანსოთ. ანუ, ჩავწეროთ ახალი სიმღერა, გამოვუშვათ ალბომი და წავიდეთ წინ. ეს სფერო არ გაძლევს ამდენ ფინანსებს. მხოლოდ კარიერული წინსვლაც ხომ არ არის, ცხოვრება ხომ გვჭირდება, ოჯახის წინაშე ვალდებულებები ხომ გვაქვს. ყველას ჩვენ-ჩვენს პრობლემებთან გვიწევს გამკლავება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შემოსავალი კი არ გვყოფნის, შემოსავალს ვყოფნით ჩვენ და ამიტომ, თუ მინდა, როგორც მუსიკოსმა, აქტიურობა გავაგრძელო, რის გარეშეც არ შემიძლია და ოჯახსაც მივხედო, სხვა სამსახურშიც უნდა დამეწყო მუშაობა და ასეც მოვიქეცი. ასეა, საქართველოში მუსიკოსებს აუცილებლად უწევთ მეორე-მესამე სამსახურის შოვნა, რომ პროფესიულ განვითარებასთან ერთად, ოჯახსაც მიხედონ. მე რომ გორში დავრჩენილიყავი, განვითარების ნაკლები შანსი მექნებოდა. ამიტომ გადმოვედი თბილისში და ვიქირავე ბინა.
– როგორი ძმაა ოთო?
– ძალიან რთული ეტაპები გაგვივლია ცხოვრებაში მეც და ოთოსაც. ყველაზე მთავარი რამ მახსენდება. არც მე და არც მას დღემდე არ გვაქვს ბინა თბილისში. მე რომ დავქორწინდი, მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობდით, ოთო – გირით. მას რაღაც თანხა ჰქონდა დაგროვებული კონკურსებიდან. საკუთარი ნაგროვები ფული მე მომცა და ამ თანხით მე მაშინ ბინა ვიგირავე. ეს იყო ძალიან დიდი ფინანსური დახმარება ჩემთვის. შეიძლება, ბევრმა თქვას, ძმა არის და რატომ არ უნდა დაგხმარებოდაო, მაგრამ თვითონაც გირით ცხოვრობდა და შეეძლო, ეს თანხა საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოეყენებინა. მე ასეთ რამეს ვერასდროს მოვთხოვდი, საკუთარი ძმაც კი არ არის ვალდებული ასეთი რამ გაგიკეთოს, როდესაც თვითონაც ზრდასრული ადამიანი ხარ. ეს ყველაზე რთული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმ ქირას გადავიხდიდი, მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ, მაგრამ ეს ნაბიჯი მისი მხრიდან ძალიან დამეხმარა. ის თანხა უკან არ მოუთხოვია. ძმურად, თხილის გულივით ყოფს ყველაფერს, მხოლოდ ფინანსურ არა, ურთიერთობაშიც.
– ერთმანეთს კონკურენტებად არ აღიქვამთ?
– არასდროს მქონია მომენტი „ოთო უფრო კარგად მღერის, ოთო უფრო ცნობილია“. ოთოს ძმობა ძალიან ბევრ რამეში გამომადგა. ძალიან ვამაყობ ამით. უდიდეს მადლობას ვუხდი ქართულ საზოგადოებას, რომელიც ჩემს ძმას უსმენს და ძალიან უყვარს. როცა იგებენ, რომ მისი ძმა ვარ, ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ. ადამიანს რომ მაცნობენ და ამბობენ: იცი, ეს მომღერალ ოთო ნემსაძის ძმააო, ყოველთვის ძალიან სასიამოვნო შეფასებები მოდის ხოლმე ოთოს მისამართით. ისეც მომხდარა, გაცნობისას ჩემი სახელი ავიწყდებოდათ ხოლმე და ამბობდნენ, ეს ოთოს ძმაა, გაიცანი (იცინის). ამას რაღაც მომენტში, ნეგატიურად უმოქმედია ჩემზე, ჩემი სახელი მაინც უთხარი ადამიანს, მაგრამ ჩვენ სხვანაირად გაგვზარდეს, სხვანაირი ძმობა გვასწავლეს, ამიტომ კონკურენცია არასდროს მიგრძნია. ამ ქვეყანაში ერთი ოჯახიდან ორი ვარსკვლავი ძალიან ძნელია. ამისთვის პატარა ქვეყანა ვართ.
– მოვყვეთ ოჯახზეც. ვინც სოციალურ ქსელში გადევნებთ თვალს, ხშირად მოხვდება თვალში მეუღლისადმი თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება. როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– ჩემი ცოლი ბარბარა ხორნაულია, ხევსური, შესაბამისი ხასიათით (იცინის). არაჩვეულებრივი მეუღლე და დედაა, ძალიან გამიმართლა მასში. გარშემო სულ მესმის დანგრეული ოჯახების შესახებ, რაც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ მე ბაბი გაცნობიდან სამ თვეში მოვიყვანე ცოლად. უსწრაფესად. თუ ვინმეს ამაზე დიდი რეკორდი აქვს, თქვას და შევეჯიბროთ (იცინის). მეგობრებთან ერთად ვიყავი კარაოკე ბარში, როცა ბაბი დავინახე და ძალიან მომეწონა. ერთი ნახვით შეყვარება იყო. პირდაპირ მივედი და გავიცანი. ამ სამ თვეში სამჯერ ვთხოვე ხელი, მესამე ჯერზე გამომყვა. ალბათ, იფიქრა, მეტს აღარ მთხოვსო (იცინის). საერთოდ, ასე სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება ხოლმე, მაგრამ ჩვენთან პირიქით მოხდა. გვყავს არაჩვეულებრივი გოგონა – ბაია, რომელსაც 5 დეკემბერს აქვს დაბადების დღე და ხუთი წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ – ქირით ვცხოვრობთ, თან, ოჯახი რომ გაქვს, ბევრი წვალება გიწევს და მუდმივი ჭიდილი ყოველდღიურ პრობლემებთან, მაინც ყველაფერს ჩვენით ვუმკლავდებით, როგორც შეგვიძლია, ისე ვიკვალავთ გზას და ექვსი წლის შემდეგაც უბედნიერესი ოჯახი გვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან