შოუბიზნესი

რისთვის ადგენდა ცისანა სეფიაშვილი ბანკის გატანის გეგმას და როდის ხდება ის ყინულის დედოფალი

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 01.03, 2023 წელი

ცისანა სეფიაშვილი
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი ცისანა სეფიაშვილთან 👇

– ვინ არის ცისანა სეფიაშვილი?

ცისანა სეფიაშვილი: დედა.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩემი, ჩემი შვილებისა და ახლობლების კარგად ყოფნის სურვილით. ვერაფრით ვერ შეირგებ კარგად ყოფნას, იქნება ეს მატერიალური, მორალური თუ ფიზიკური თვალსაზრისით, თუ შენ ირგვლივ მყოფი ადამიანებიც კარგად არ არიან. ნაცნობის თუ უცნობის, ზოგადად, ყველა ადამიანის ცხოვრება მადარდებს და ვოცნებობ.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– თურქეთის მიწისძვრის კადრების ხილვისას. ვუყურებდი, როგორ ამოიყვანეს ბავშვი ნანგრევებიდან. საერთოდ, ნეგატიურ ინფორმაციას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ და რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ, ავისხლიტო. მე თვითონაც არ მიყვარს ნეგატიური ამბების მოყოლა. ამჯერადაც შევეცადე, მიწისძვრის შედეგების ამსახველი კადრები ნაკლებად მენახა. ყველა განიცდის მომხდარს, მაგრამ მგონია, რომ მე კიდევ უფრო ძალიან მტკივა. მთლიანად მომიცავს ხოლმე ეს ემოცია.

– გულჩვილი ხართ?

– ძალიან. 12 წელი ვმუშაობდი „ტოიოტა კავკასიაში“ იაპონელებთან. პიარი, მარკეტინგი და ლოგისტიკა მებარა. ჩემი ერთ– ერთი მოვალეობა იყო პრეზიდენტისთვის ამიერკავკასიის რეგიონის შესახებ რეპორტის მომზადება. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი ძალიან მძიმე იყო და კარგად მახსოვს, როდესაც ეს საქმე სხვამ გადაიბარა, მე როგორ ამოვისუნთქე.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– გაგეცინებათ და ვიცი, რასაც გავაკეთებდი (იცინის). ცოტა ხნის წინ ძალიან კურიოზული ამბავი შემემთხვა. მე მჯერა სასწაულების და მგონია, რომ თუ ადამიანი დადებითისკენ ხარ მომართული და შიგნიდან ხარ სავსე პოზიტივით, ასე წარიმართება შენი ცხოვრებაც. ამიტომაც, სულ მგონია, რომ რაღაცას მოვიგებ, უცებ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ ჩემმა წინაპარმა დიდი თანხა დამიტოვა და ასე შემდეგ (იცინის). უცებ მომდის შეტყობინება სოციალურ ქსელში და ვკითხულობ, რომ გარდაიცვალა ვიღაც სეფიაშვილი და მე დამიტოვა 12 600 000 დოლარი. რა თქმა უნდა, დავიჯერე. ამ წერილის გამომგზავნს მივწერე, რომ მეორე დღეს იურისტთან ერთად დავუკავშირდებოდი. გავიქეცი და ჩემს მეგობარს, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, ვაღვიძებ ღამის სამ საათზე. ვეუბნები, მე ხომ სულ ვამბობდი, რომ ეს მოხდებოდა და აი, ნახე-მეთქი. ჩემი მეგობარი ჩემსავით მეოცნებეა და მანაც დაიჯერა (იცინის). დილის 6 საათამდე ამ 12 600 000 დოლარს ვანაწილებდი იმ ადამიანებზე, ვისაც ბინა არ აქვს, კრედიტი აქვს დასაფარი და ასე შემდეგ. ისე მოხდა, რომ არ მეყო ეს ფული, ვერ გავანაწილე ამ ადამიანებზე და ხელახალ წრეზე წავედი. ცოტ-ცოტა ფული ყველას ჩამოვაკელი, რომ ყველასთვის საკმარისი ყოფილიყო. ისეთ აჟიოტაჟში ვიყავით, რომ ჩემმა შვილმა, რომელიც 20 წლისაა და ჩემი მეგობრის შვილმა, რომელიც 25 წლისაა, გაიღვიძეს და როცა გაიგეს, რაში იყო საქმე, დაგვცინეს (იცინის). გვითხრეს, რომ ეს აფიორა იყო და ჩვენი ტყუილში ჩათრევა უნდოდათ. ძალიან გავბრაზდით და ეს ორივე მაშინვე გამოვრიცხეთ იმ ადამიანების სიიდან, ვისზეც ეს ფული უნდა გადაგვენაწილებინა (იცინის). მეორე დღეს სერიოზულ, მეტად გამოცდილ ადამიანებს მოვუყევით ყველაფერი და მათაც რომ იგივე გვითხრეს, ჩვენი შვილების გზას გავუყენეთ, გადავწყვიტეთ, აღარც მათთვის მიგვეცა მიღებული ფულის ნაწილი (იცინის). რეალურად, სხვა გზა აღარ გვქონდა, უნდა დაგვეჯერებინა, რომ ეს სიმართლე არ იყო (იცინის). ასე რომ, მილიონები არ არის, თორემ გეგმა, როგორ უნდა დავხარჯო ის, უკვე მაქვს (იცინის). მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, იმ ღამეს ისეთი სასიამოვნო ემოციები, ისეთი სიხარული და ბედნიერება მოგვიტანა ამ წერილმა, რომ იმ იმედგაცრუებასაც არა უშავს (იცინის).

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი, რომელსაც ნანობთ?

– საერთოდ არაფერს არ ვნანობ. იმ მომენტში ასე მიმაჩნდა საჭიროდ და შესაბამისად მოვიქეცი. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება, ბევრი რამ შემეცვალა, მაგრამ არა უშავს. თუ მაინცდამაინც სინანულს შევეხებით, მაშინ ვიტყვი, რომ სამსახური, რომელიც წეღან ვახსენე, არ უნდა დამეტოვებინა. წამოვედი და პოლიტიკაში წავედი. მგონია, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. თავდაყირა დავაყენე ჩემი ცხოვრება. ორი წელია, უმუშევარი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან რთულია. ეს ნამდვილად არის გამოუსწორებელი შეცდომა და ვნანობ კიდეც. სხვა მხრივ, რადიკალურად არაფერს შევცვლიდი.

– თუ მოგიპარავთ რამე?

– ბაღში დავდიოდი, ოთხი წლის ვიქნებოდი, ძირს დაგდებული ფანქარი ავიღე და სახლში წამოვიღე. დედამ და მამამ მითხრეს, რომ ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო, მოპარვის ტოლფასი. ვეუბნებოდი, რომ არ მომიპარავს, რომ დაგდებული ავიღე, მაგრამ... არა, უნდა გეკითხა, ვისი იყო, თუ პატრონი არ გამოუჩნდებოდა, მაინც იქვე უნდა დაგეტოვებინაო. ბებოს ნათქვამიც არ დამავიწყდება: აქლემის და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო. მითხრეს, რომ ფანქარი უკან უნდა წამეღო და მისი პატრონი მომეკითხა. არ მახსოვს, რა მოხდა მეორე დღეს, მაგრამ კარგად მახსოვს, რა ძლიერად იმოქმედა ჩემზე მშობლების სიტყვებმა. მგონია, რომ ასეთ მომენტში მშობლის რეაქციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როცა გავიზარდე და ვუყურებდი, როგორ გაჰქონდათ ბანკები, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მეც იგივე გამეკეთებინა (იცინის). ბევრი ბავშვი მყავს, ვითომ მძევლად ავიყვან ამათ და ნეტა თითო რამდენ კილოგრამ ოქროს გამოიტანს-მეთქი, სერიოზულ გეგმებს ვადგენდი, რა თქმა უნდა, ხუმრობით (იცინის).

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

– არ მიყვარს ტყუილი. როდესაც მატყუებენ, იმდენად ცუდად ვხდები, ვერც აღვწერ. ჩემთვის ტყუილი ყველაფრის დამანგრეველია. მირჩევნია, ყველაზე მწარე სიმართლე მითხრა და მე შენ გვერდით დაგიდგები, ოღონდ ნუ მომატყუებ. ბევრჯერ მომიტყუებია თავი – ვიცი, რომ შენ მატყუებ და გაცდი, მაგრამ შენ ჩემთვის აღარ არსებობ. პატარა და უმნიშვნელო ტყუილებზე არაფერს ვამბობ, ეს ყველას გვითქვამს და ამით არავინ დაზარალებულა, მაგრამ დიდი ტყუილი საშინელებაა. ჩემთვის ადამიანი მაშინ მთავრდება, როდესაც ჩემს მოტყუებას იწყებს. ჩემ გარშემო ყველამ იცის, ოღონდ არ მომატყუონ და ყველაზე მწარე სიმართლეს მივიღებ.

– რომ გაიგოთ, თქვენს მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, სიმართლეს ეტყვით?

– მითქვამს. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი მომენტი. თუმცა, გააჩნია ქალს. ზოგს ვერ ეტყვი, იმიტომ, რომ ის არაფერს შეცვლის, ღალატში იცხოვრებს, არ ენდომება სიმართლის გაგება. შეიძლება, მისთვის ეს ჩვეულებრივი მომენტია, ურჩევნია, ტყუილში დარჩეს. მაგრამ მე ჩემი თავიდან გამოვდივარ. არ მითხრა, რომ არ ვინერვიულო? ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ მე ამ ადამიანისთვის არ ვარ მნიშვნელოვანი და მას ჩემი პირადი არ აღელვებს. მას თუ მე ვაინტერესებ და ვუყვარვარ, სიმართლეს არ დამიმალავს და ასეთ ტყუილში არ მაცხოვრებს. რადგან თვითონ ასე ვფიქრობ, შესაბამისად ვმოქმედებ. წლების წინ დავისვი მეგობარი და სიმართლე ვუთხარი. ისეც მომხდარა, რომ სხვისთვის არ მითქვამს, იმიტომ რომ, ვიცოდი ვერ ან არ შეცვლიდა მოცემულობას და თქმის აზრი ვერ დავინახე.

– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?

– არც ისეთი ფაფუკი ვარ, როგორიც ვჩანვარ. მე შემიძლია, ვიყო ძალიან კარგი და მომთმენი ძალიან დიდხანს, მაგრამ არის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო, თუ გინდა, რომ ძალიან სასტიკი არ გავხდე და ნამდვილ ყინულის დედოფლად არ ვიქცე. თუ ეს მოხდა, მერე ერთ წამში შემიძლია, ადამიანი გულიდან ამოვირეცხო და ჩემი ცხოვრებიდან წავშალო, თუმცა, მანამდე ძალიან ბევრი რამ „გავატარო“, მოვითმინო.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ეს, ალბათ, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ემოციური ვარ, მაგრამ განცდები გარეთ არასდროს გამომაქვს. პანიკა და კივილ-წივილი არ მახასიათებს. ერთი თვის წინ დედა გახდა ცუდად. მიზეზი თრომბოემბოლია იყო, თუმცა ეს მერე გავიგეთ. ქუჩაში გავედით და მოულოდნელად ძალიან ცუდად გახდა. ვერც დავიყვირე, რომ დახმარება მეთხოვა, უბრალოდ, ვიდექი და დედას ვთხოვდი, ესუნთქა. უფლის ნებით, გადავრჩით. არადა, შეიძლებოდა, იმ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, საიდანაც გადარჩენის შანსი ასიდან ერთია. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როცა ასეთი რამ ხდება, იმ წუთას ვმოქმედებ, არ ვიბნევი, მობილიზებული ვარ, არ ვკივი, არ ვყვირი, მაგრამ ყველაფერი რომ მთავრდება, მერე „ვიშლები“.

– დიდ უსამართლობას შეჯახებიხართ?

– ძალიან ბევრჯერ. ალბათ, ამიტომაც მეუბნებიან ჩემი მეგობრები, რომ ჭკუას ვერ ვსწავლობ. საერთოდ, ადამიანები ჩვენი თავიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ სხვის ქცევებსაც. ვერასდროს დავუშვებთ, რომ ისინი ისეთი რამის გაკეთებას შეძლებენ, რაც ჩვენ წარმოუდგენლად გვეჩვენება. მეც ყველაფერს ჩემი გადმოსახედიდან ვუყურებ და ამიტომაცაა, რომ დღემდე ძალიან ბევრ უსამართლობას ვაწყდები. არ ვბრაზდები, მაგრამ გული ძალიან მტკივა. მიკვირს, ეს ადამიანები მერე როგორ აგრძელებენ ლაღად ცხოვრებას. ვფიქრობ ხოლმე, რამდენჯერ შეიძლება ასე მოხდეს? მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ მე ვერ შევიცვლები. არც მინდა შევიცვალო, მინდა, ბოლომდე ისეთი ვიყო, როგორიც ვარ. ადამიანები მოდიან და მიდიან. ამის გამო გული მტკივა, მაგრამ მიხარია, რომ გვერდით მხოლოდ ნამდვილები რჩებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი