ლევან წვერავა: მინდა, მრავალშვილიანი მამა ვიყო - მე და ნინი გაჩერებას არ ვაპირებთ
ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00
ახლახან, 29 მაისს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, მეორე შვილი შეეძინათ. ისინი ორი ვაჟკაცის მშობლები გახდნენ. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს წყვილს ოჯახში მატებას, მათ პატარას კი ბედნიერ, ლაღ, წარმატებულ და რაც მთავარია, იღბლიან მომავალს უსურვებს.
ლევან წვერავა: პირველად მამა 38 წლის ასაკში გავხდი, როცა ნოე შეგვეძინა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება ორად გაიყო – მამობამდე და მამობის პერიოდად. შვილის დაბადებამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. ხშირად ვამბობ, ნოეს დაბადებას თან მოჰყვა ბრჭყვიალა, წარმატებული პერიოდი. მე და ნინი შემოქმედებითადაც წინ წავედით და ფინანსურადაც წინსვლა გვქონდა, თითქოს ამ ყველაფერში ნოეს დაბადებამ შემოანათა და წარმატების კარი გაგვიხსნა. ახლა კი, მეორე შვილი რომ გაჩნდა, ნინის ვეუბნებოდი: ეს ბავშვი, კიდევ უფრო სხვა ტალღაზე გადამიყვანს, ზუსტად ვიცი, ღვთის წყალობით, გაასმაგებულად გაგვიხსნის გზებს წარმატებისკენ და ჩემს იდეებს კიდევ გახსნა უნდა-მეთქი? (იცინის) მე ხომ სულ სიახლეების ძებნაში ვარ და ზუსტად ვიცი, მის დაბადებას, წარმატების გასაღებთან ერთად, ბევრი კარგი სიახლე მოჰყვება. ზოგადად, წარმატება, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს, მიყვარს ამ ზონაში ყოფნა და სულ ვეძებ მისკენ მიმავალ გზებს. ახლა, როცა მეორე შვილის მამა გავხდი, 44 წლის ვარ და იესემ, ნოესთან ერთად, გააორმაგა ჩვენი წარმატება. პირდაპირ ვამბობ, გიმხელ და არ ვმალავ, რომ მინდა, ვიყო მრავალშვილიანი მამა და მე და ნინი გაჩერებას არ ვაპირებთ. თავიდანვე გვინდოდა, ვყოფილიყავით მრავალშვილიანი ოჯახი და ღვთის წყალობით, იმედია, ამ ოცნებას ავიხდენთ.
– ვის ჰგავს იესე და სახელის არჩევისას ბევრი ფიქრი მოგიწიათ?
– იესე ძალიან საყვარელია, დედასაც ჰგავს, მამასაც და ნოესაც. ნოეც ასე იყო, რომ დაიბადა და თვალი გაახილა, მამას, ანუ მე, მგავდა, თვალს რომ ხუჭავდა, დედას ჰგავდა. იესეც ასეა, თვალდახუჭული მე მგავს, თვალგახელილი – დედას, მომენტებში კი – თავის ძამიკოს. ასე რომ, შვილები დედ-მამის მიქსები გვყავს (იცინის). რაც შეეხება სახელს, მოგვწონდა შიო, ელია და მესამე სახელს, რომლისკენაც უფრო ვიხრებოდით, ვმალავდით და ხმამაღლა არ ვამბობდით. ნინის ძალიან მოსწონდა იესე, თუმცა, მე უფრო შიოსკენ ვიხრებოდი, რადგან ნოე და შიო მოკლე სახელებია და ერთმანეთს უხდება. ელიაზე კი იმიტომ ვიკავებდით თავს, რომ ილია მყავს ძმისშვილი, სხვადასხვა სახელებია, მაგრამ რაღაცნაირად ერთმანეთს ჰგავს. იესე კი, იშვიათი და ლამაზი სახელია და ჩემი მოძიებულია. პოსტებს ვკითხულობდი და უცებ ამომივარდა სახელი იესე, მივაქციე ყურადღება, დავფიქრდი და ძალიან მომეწონა. ნინის რომ ვუთხარი, ეს სახელი მალამოსავით მომხვდა გულზე-მეთქი, მივხვდი, იმ წამს მასზე შეაჩერა არჩევანი, ძალიან მოეწონა.
– როგორც ვიცი, პირველი შვილის დაბადებას არ დასწრებიხარ, თუმცა იესეს დაბადების მომენტში სამშობიარო ბლოკში იყავი. როგორი განცდაა იმის ნახვა, რომ ახალი სიცოცხლე დაიბადა და ის შენი განუყოფელი ნაწილია?
– ნოეს დაბადების პერიოდში კოვიდი მძვინვარებდა და მის დაბადებას ვერ დავესწარი, არ შეიძლებოდა. იესეს დაბადებას კი დავესწარი. ცოტა შიშები კი მქონდა, მაგრამ გიორგი ექიმი მეუბნებოდა: სახეზე გატყობ, ძალიან ნერვიულობ, მაგრამ მერწმუნე, ნამდვილად არ გაქვს სანერვიულოდ საქმეო. მოკლედ, მშობიარობას დავესწარი და ის კადრიც მაქვს, საკეისრო კვეთის შედეგად, რომ ამოიყვანეს, პირველად შევხვდით ერთმანეთს და ვუთხარი: გამარჯობა! ნოეც საკეისრო კვეთით არის დაბადებული და იესეც. სასწაული ყოფილა სამშობიარო ბლოკში ყოფნა და იმ განცდის გააზრება, როცა ამ სასწაულ კადრებს შენი თვალით უყურებ. რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალმა იცოდა ვინც ვიყავით და იესეს დაბადების მომენტში ჩვენი სიმღერები ჰქონდათ ჩართული. ასე რომ, ბავშვმა პირველად დედ-მამის ხმა გაიგო და პატარა ბიჭი იესე დუეტ „ლეონის“ სიმღერების ფონზე დაიბადა.
– პატარასთან შესახვედრად მისთვის ნაყიდი ნივთებითა და სახლში მორთული სივრცით ემზადებოდით?
– ოთახი წინასწარ გვქონდა მორთული, სადაც ბავშვის საწოლი იდგა. როცა ნინი და იესე სამშობიაროდან გამოვიყვანეთ, სახლში მხოლოდ ოჯახის წევრები ვიყავით. მასშტაბურად სახლის მორთვა არც გვქონია დაგეგმილი, უბრალოდ, ოთახი მოვრთეთ ლამაზად. იესე 29 მაისს დაიბადა, ზოდიაქოთი ტყუპებია და სხვათა შორის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული არცერთი არ ვართ ოჯახში. ნოე თევზებია, მე – ვერძი და ნინი – მერწყული და ახლა ტყუპებიც შემოგვემატა. სხვათა შორის, ნოეს გაზრდაში დიდი წვლილი მიმიძღვის და ჩვილი ბავშვის მოვლის გამოცდილება რომ მაქვს, ამას თავადაც ვხვდები. ნოე, ასე პატარა ხელში არ ამიყვანია, დიდხანს მეშინოდა, რამე არ ტკენოდა. იესე კი, რომ დაიბადა, დედაზე ადრე მე ვნახე, გულზე დამაწვინეს და ჩამახუტეს და იმ დღიდან მისი ხელში აყვანა არ გამჭირვებია. რა თქმა უნდა, ჩართული ვარ ბავშვების გაზრდასა და მოვლაში და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ორი დღე სამშობიაროს პალატაში მეც ვიყავი და ერთი სიამოვნებაა, როცა ჩვილსა და დედას ჯანმრთელებს უყურებ. ხვდები, რომ ოჯახში უდიდესი სიხარული შემოვიდა და პატარას დაბადებამ კიდევ უფრო მეტი სიხალისე შემოიტანა სახლში.
– მამიკომ თუ აჩუქა საჩუქარი დედას ასეთი საოცარი ბიჭის დაბადებისთვის?
– ჩემი პირველი საჩუქარი ნინისთვის თაიგული იყო, თუმცა, დანარჩენ საჩუქრებს აუცილებლად ეტაპობრივად გავუკეთებ. სხვათა შორის, სამშობიარო ბლოკში ვერ შევიკავე ცრემლები, როცა გავიაზრე, რომ კიდევ ერთი ახალი ადამიანი მოდის ჩემს ცხოვრებაში, კიდევ ერთი ბედნიერება და კიდევ ხელახლა იწყება ახალი ეტაპი. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში იესეს დაბადებით ისევ ახალი ეტაპი, ისევ ახალი ათვლა დაიწყო და ზუსტად ვიცი, ფეხბედნიერი იქნება მისი შემოსვლა ჩვენს ოჯახში – სიყვარულსა და წარმატებებს მოგვიტანს. სხვათა შორის, ძალიან მინდა, კიკინებიანი გოგოს მამობაც.
მე ორი ბიჭის მამა ვარ, ჩემი ძმისშვილებიც ბიჭები არიან და დედაჩემი ხუმრობს: დაირღვა გენდერული ბალანსი, სრული პატრიარქატია ჩვენს ოჯახშიო (იცინის). ექიმებიც გვგულშემატკივრობენ და მე და ნინი აუცილებლად ვეცდებით, აღვადგინოთ ეს დარღვეული გენდერული ბალანსი და მომავალში კიკინებიანი გოგონას მშობლები გავხდეთ. ორ ბიჭსაც ხომ უნდა დაიკო?(იცინის)
– ნოეს პატარას სახლში გამოჩენაზე ხომ არ უეჭვიანია?
– ნოეს მხრიდან პატარა ეჭვიანობა იყო, მაგრამ სანამ იესე დაიბადებოდა, მანამდე ვამზადებდით ძამიკოსთან შესახვედრად, მაქსიმალურად ავუხსენით, რატომ უნდა ყვარებოდა და მიეღო პატარა. საოცარი იყო ძმების პირველი შეხვედრა სამშობიაროში. ნოემ ღიმილიანი სახით დახედა ძამიკოს. თან გაიაზრა, თან ვერა, საოცრად გულწრფელი ემოციები გამოხატა. თუ ბავშვი ტირილს იწყებს, ნოე იღვიძებს და დაბნეული გვეუბნება: ტირის, ჩქარა აჭამეთ, შია (იცინის).
– ნინიმ, ორსულობის ბოლო თვეში საოცარი ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში დადო. პატარას ფოტოების დადებას, ალბათ, ნათლობამდე მოერიდებით, ხომ ასეა?
– ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ სოციალურ ქსელში ფოტოების დადებისგან ჯერ თავს ვიკავებ. ორმოც დღემდე მოვნათლავთ და მერე გამჩნდება მისი ფოტოები სოციალურ ქსელში.
– ნათლიები უკვე შერჩეული გყავთ?
– ბევრმა გამოთქვა იესეს მონათვლის სურვილი და ზუსტად ვიცი, საუკეთესო ნათლიები ეყოლება. ნოეს 12 ნათლია ჰყავს, იესეს, სავარაუდოდ, ამდენი ნათლია არ ეყოლება. სხვათა შორის, ამ დღეებში იმდენი სიყვარული, მილოცვა და კეთილი სურვილი მივიღეთ უცნობი ადამიანებისგან, რომ გული მადლიერებით აგვევსო. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენი სიკეთეა ადამიანებში. მე და ნინი გულით გიხდით მადლობას, რომ ჩვენს ბედნიერებას საკუთარივით იზიარებთ, გვილოცავთ, გვამხნევებთ და ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ. დამიჯერეთ, თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





