რის მერე გახდა ლიზი ქონიაძე ძალიან ემოციური და როგორია მისი იდეალური მეორე ნახევარი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 06.08, 2024 წელი
„პრაიმჰაუსელი“ ლიზი ქონიაძე დაქორწინდა. მისმა ულამაზესმა ქორწილმა დიდი ყურადღება მიიპყრო და მოწონებაც დაიმსახურა.
ლიზი ქონიაძე: ქორწილისთვის ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ დავგეგმეთ. ორივე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ესთეტიკურ მხარეს და ვეცადეთ, ყველაფერი ლამაზი ყოფილიყო. ამ დღეს ჩვენ გვერდით ჩვენთვის ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანები იყვნენ. ძალიან კარგი გამოვიდა, ყველამ განსაკუთრებულად ვისიამოვნეთ.
– ულამაზესი ტორტი გქონდათ, განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა...
– დიზაინები მე მოვიძიე და მერე ერთად ავარჩიეთ. მართლა ყველაფერი შეთანხმებულად დავგეგმეთ. გვინდოდა, ხელის მოწერის ცერემონიაზეც ყველაფერი ლამაზი ყოფილიყო და შევეცადეთ. ხელის მოწერის, ვახშმისა და ყველა ცერემონიისთვის ერთი ლოკაცია შევარჩიეთ – ულამაზესი შატო მუხრანი და ყველაფერი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
– ალბათ, კაბაზეც განსაკუთრებულად იზრუნე.
– სხვათა შორის, კაბის შერჩევა არ გამიჭირდა. ზუსტად ვიცი, რა მიხდება და შესაბამის სტილს ვეძებდი. როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს კაბა უნდა მცმოდა. ძალიან მომწონს კორსეტები, მაგრამ ვინაიდან ორსულად ვარ, ცოტა გამიჭირდა. ისეთი ავარჩიე, რომ ძალიან არ შევეწუხებინე. თავისუფლად, ლამაზად და კომფორტულად ვიყავი ჩემს დიდ, თეთრ კაბაში.
– ორსულობიდან გამომდინარე, ფიზიკურად ხომ არ გაგიჭირდა?
– იმდენად ველოდი ამ დღეს, ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რომ დავიღლებოდი და კი, მართლა ძალიან დავიღალე. ეს ბოლო წუთებში უფრო გავაცნობიერე. მანამდე, მთელი დღე ისე დადებითად დავიმუხტე ამ ატმოსფეროთი, იმ ფაქტით, რომ ჩემს საყვარელ ადამიანზე ვქორწინდებოდი, საუკეთესო დღე იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ეს დამეხმარა, რომ დაღლაზე მეტად სიამოვნებაზე მეფიქრა და ასეც გამოვიდა. სხვა დღეებში ელემენტარული რომ გავაკეთო, ვიღლები და ქორწილის დღეს მთელი დღე ისეთი დატვირთული იყო, შეიძლებოდა, ძალიან დავღლილიყავი, მაგრამ გარემო იმდენად სასიამოვნო იყო, რომ თავს უბედნიერესად ვგრძნობდი. თამამად ვიტყვი, რომ ჩემი ოცნების ქორწილი მქონდა, ზუსტად ისეთი, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. სხვათა შორის, წინასაქორწინო პერიოდმაც ძალიან მშვიდად და ნერვიულობის გარეშე ჩაიარა. ალბათ, ეს ჩემი მეუღლის, გიორგის დამსახურებაა. ყველაფერი ერთად გავაკეთეთ – წვრილმანი იყო თუ ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ, ამიტომაც გამოვიდა ასე. მადლობა გიორგის, ერთად ავასრულეთ ჩვენი საერთო ოცნება. ალბათ, უფრო ჩემი, მაგრამ ისიც ყველაფერში ამყვა (იცინის). თვითონაც ძალიან ისიამოვნა ამ ყველაფრით და მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც მე მესიამოვნებოდა.
– ვინ არის ლიზი ქონიაძის მეუღლე, გიორგი?
– ბევრი წერს სოციალურ ქსელებში, ვინ არის ლიზას ქმარიო. გიორგი 29 წლის არის, გვარად ბუაძე, თბილისელი ბიჭია, ძალიან ღირსეული ადამიანი. ჩემთვის ყველაზე მამაკაცურია, პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ის იდეალური მამაკაცია. ჩემი ცხოვრების სიყვარულია, ზუსტად ჩემი გემოვნების მამაკაცი.
– ცოლისა და ქმრის სტატუსი თქვენთვის ახალია, როგორი აღმოჩნდა?
– სასიამოვნო, იდეალური, ჰარმონიული. სიყვარულით სავსე ოჯახში ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.
– ვიცით, რომ სამზარეულო გიყვარს, მაგრამ ვინც შორიდან გიყურებს, ალბათ, არ ჰგონიხარ გოგო, რომელიც სახლში ხშირად ფუსფუსებს, საქმეებს აკეთებს, ალაგებს და ასე შემდეგ.
– არადა, მართლა ძალიან ბევრს ვაკეთებ, მით უმეტეს, საყვარელი ადამიანისთვის. სამზარეულოში ფუსფუსი ნამდვილად ძალიან მიყვარს, ვერ ვშორდები და ძალიან მინდა, ჩემს საყვარელ ადამიანს სულ მე მოვუმზადო საჭმელი და ჩემთვისაც მოვიმზადო ისე გემრიელად, როგორც მიყვარს. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ზოგადად, სახლი ძალიან მიყვარს, მით უმეტეს, ჩვენი საერთო სახლი და დიდი სიამოვნებაა, როცა ერთმანეთზე ვზრუნავთ. გიორგი მართლა იდეალური მეუღლეა, ყველანაირად საუკეთესოა. ყველაფერში გვერდით მიდგას, სულ ფიქრობს, როგორ გამაბედნიეროს, რით მასიამოვნოს და ყველაფერში მითვალისწინებს.
– არ უნდოდა გამოჩენა, მაგრამ მგონი, ნელ-ნელა ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ეჩვევა.
– მხოლოდ ერთი დღით (იცინის). გააზრებული ჰქონდა, რომ ქორწილის დღეს, ამ ერთხელ, მოუწევდა კამერების ობიექტივში ყოფნა და ხუთი ფოტოგრაფის წინაშე უწევდა პოზიორობა (იცინის). დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მიეჩვევა. რაც მისი არ არის, რისი სურვილიც არ აქვს, არც მე დავაძალებ. ზოგადად, ძალიან აფასებს პირად სივრცეს, არ უყვარს საკუთარ პირად ცხოვრებაში ბევრი ადამიანის ჩარევა. მე ამას ვაფასებ და ყოველთვის გავითვალისწინებ, უბრალოდ, ეს ერთი დღე გამონაკლისი იყო (იცინის).
სხვათა შორის, მასში ეს თვისებაც ძალიან მიყვარს. ჩემნაირი სოციალურად აქტიური ადამიანი რომ იყოს, ალბათ, ასე ძალიან არ მომეწონებოდა. მომწონს, რომ ასეთია.
– როგორ გახსენდება ის წამები, როცა გაიგე, რომ დედა ხდებოდი?
– ეს საუკეთესო მომენტი და შეგრძნება იყო. მე და გიორგიმ ამის შესახებ ერთად გავიგეთ. ვერაფერს შევადარებ ამ სიხარულს. ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და ისე მეთქვა ამის შესახებ, მაგრამ როცა მიხარია, ვერაფრით ვუმალავ (იცინის). ჩვენი შვილი უკვე ძალიან მიყვარს. მგონია, რომ ძალიან მზრუნველი მშობლები ვიქნებით.
– ქორწილის ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილი სქესის გაგების ცერემონია იყო. როგორი მოლოდინები გქონდათ და სახელი თუ შეარჩიეთ?
– მე მართლა ვერ ვხვდებოდი, საერთოდ, კარგი ინტუიცია არ მაქვს. გიორგის კი კარგი ინტუიცია აქვს, მაგრამ ისიც ვერ ამბობდა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. რომ გავიგეთ, შვილი გვეყოლებოდა, ისე გაგვიხარდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს. მთავარია, რომ შვილი გვეყოლება. სახელი ჯერ ვერ შევარჩიეთ, ცოტა ძნელი ყოფილა ისეთი სახელის შერჩევა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ეძახო ყველაზე ძვირფას ადამიანს. პირადად მე ყველაზე მეტად გიორგის სახელი მომწონს, მაგრამ ცრურწმენებს თუ დავუჯერებთ, შვილისთვის მამის სახელის დარქმევა არ არის კარგი აზრი (იცინის).
– როდის ელოდებით?
– ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ასე რომ, მოსაფიქრებლად დრო ჯერ კიდევ გვაქვს (იცინის).
– როგორი ორსულობა გაქვს?
– ძალიან კარგი ორსულობა მაქვს, ტოქსიკოზი არ მაწუხებს. ძირითადად, ვისვენებ, ვწევარ, თავს არ ვიტვირთავ. ვერ ვვარჯიშობ, ზედმეტს არ ვმოძრაობ, მაგრამ ცოტა ემოციური და სენსიტიური გავხდი, გასამმაგებულად. გიორგის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა მაქვს და საერთოდ, ყველასგან, ვინც ჩემ ირგვლივ არის. ზოგჯერ ცოტა განსაკუთრებული სურვილები მაქვს, მაგრამ ეს მე კი არ მინდა, ორგანიზმი ითხოვს, უფრო სწორად, ბავშვი და ამ მდგომარეობაში ვაძლევ თავს უფლებას, თუნდაც, იმ ყველაფრის ჭამის, რასაც ადრე ცოტა ვზღუდავდი (იცინის). გარშემო მყოფებიც მაქსიმალურად მიწყობენ ხელს და ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:09 18.12, 2024 წელი
22:09 18.12, 2024 წელი
15:16 17.12, 2024 წელი