რის გარეშე ვერ აღიქვამს სამყაროს სილამაზეს დათო ლონდარიძე და რატომ არ უყვარს მას დასვენება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მუსიკოს დათო ლონდარიძის წარმატებაში, ამაზე ის თავად მოგვიყვება.
დათო ლონდარიძე: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ყველაფერი ისე მიეწყო, რომ სხვაგვარად ვერ ვიფიქრებ. ჩემ გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურობას მიბედნიერებენ. მყავს კარგი მეუღლე, შვილი, მეგობრები... ვემსახურები მუსიკას, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ასე თუ ისე, ჩემს შინაგან ამოფეთქვებს ფორმას ვაძლევ და მის რეალიზებას ვახდენ.
– იღბლიანთან ერთად რამდენად შრომისმოყვარე ხართ?
– ჩემი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ძალიან მიყვარს შრომა. ამის გარეშე არაფერი გამოდის. მატრიცამ, რომელშიც ვტრიალებთ, მასწავლა, რომ მხოლოდ შრომიდან გამომდინარე ხდება შედეგის მიღწევა. არავინ თქვას, რომ უცებ რაღაც მნიშვნელოვანი გამოუვიდა. ყველაფერი, რაც მე გამაჩნია, შრომის შედეგია. დროსა და გამოცდილებას თავისი მოაქვს, თუმცა აუცილებელია, სწორ რელსებზე იდგე და იმ საქმეს აკეთებდე, რისიც ძალიან მაგრად გწამს და გიყვარს.
– რისთვის გაიღეთ ყველაზე მეტი?
– ყველაზე მეტი ჩემი ინსტრუმენტისთვის გავიღე. ინსტრუმენტია ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ის არის ჩემი მედიატორი ღმერთთან, სამყაროსთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ინსტრუმენტმა მომცა შესაძლებლობა, ყველაზე უთქმელიც კი მეთქვა. ყველაზე ბედნიერ გარემოშიც კი შეიძლება, ყველაზე უბედურად ვიგრძნო თავი, თუ გვერდით ინსტრუმენტი არ მაქვს. მის გარეშე ორი-სამი დღეც რომ გავიდეს, შეიძლება, სამყაროს სილამაზე საერთოდ ვეღარ აღვიქვა, თითქოს, აღარაფერი მიხარია. ინსტრუმენტი ჩემთვის სიცოცხლის ენერგიაა.
– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ თავს?
– როცა ამას ვცდილობ, შინაგანი ხმა მკარნახობს: დათო, უკვე ზედმეტია და მიხედე შენს საქმეს. ასეთ დროს მეც და ჩემ გარშემო ყველა გრძნობს, რომ არ ვარ იმ კალაპოტში, რომელშიც უნდა ვიყო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება შემოქმედებითი აღმოჩენებია. დასვენებით ვერ ვიღებ სიამოვნებას – ეს ჩემი არ არის. მე მიყვარს დინამიკურობა – ასეთია ჩემი სამყარო. დასვენების დროსაც არ ვისვენებ (იცინის). ხანდახან ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე, არ გინდა ამდენი, მოდი, დაისვენე, წამოწექი... მოდი, ზღვაზე წავიდეთ და ასე შემდეგ. ერთი-ორი დღე შეიძლება, მაგრამ გამორიცხულია, ჩემი ცხოვრების ტემპი სამი დღით დავარღვიო. ამდენი წელია, ასე მოვდივარ, აქტიური ცხოვრება ჩემია და ძალიან მომწონს.
– გქონიათ განცდა, რომ ძალიან ბევრი იშრომეთ, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა?
– კი, იყო რამდენიმე პროექტი, თუმცა ის, რისთვისაც დიდი ენერგია გავიღე, რაღაც პერიოდი ძალიან აქტიური და შედეგიანი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ფერი იცვალა და ნელ-ნელა გაქრა. გული არ მწყდება, ალბათ, ზუსტად იმ დოზით გავიღე ენერგია, რა დროითაც გასტანა.
ყველაზე მეტად გული ერთ რამეზე მწყდება. წლების განმავლობაში ძალიან დიდი ენერგია და სიყვარული ჩავდე პროექტში, რომელსაც ლევან კბილაშვილთან ერთად ვაკეთებდი და სამწუხაროდ, ჩვენი ჩანაფიქრი ვერ განვახორციელეთ. ის, რაც საზოგადოებამ მოისმინა და შეიყვარა, მხოლოდ წინასიტყვაობა იყო. მე და ლევანმა წლები ჩავდეთ ამ საქმეში, მაგრამ საუბედუროდ, მისი ბოლომდე მიყვანა არ დაგვცალდა.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?
– ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება. მისი მხარდაჭერა ბევრ რამეში გამოიხატება: მეხმარება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეხმარება თავისი ენერგეტიკით... ძალიან ძლიერი ადამიანია და დიდ გავლენას ახდენს ჩემს სამყაროზე. ზოგადად, მე მელანქოლიკი ვარ. რაღაც პერიოდი დავითრგუნები ხოლმე, რატომღაც ასეთი ხასიათი მაქვს. სანამ ჩემს ცხოვრებაში ნათიუკა გაჩნდებოდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ფერფლიდან აღდგენის ძალა მქონდა. ბოლომდე არ ვვარდებოდი. ბოლო პერიოდში, მისი დამსახურებით, ასეთი მომენტი საერთოდ აღარ მაქვს. ადრე ეს ნამდვილად ხშირი იყო.
– მაშინ აქვე ვიკითხავ – რამდენად იღბლიანი აღმოჩნდით მეორე ნახევარში?
– მე და ნათიუკა ცოტა გვიან შევხვდით ერთმანეთს. ალბათ მთელი ცხოვრება ზუსტად ასეთ ადამიანს ვეძებდი. 37 წლის ვიყავი, როცა ის გავიცანი. იქამდე ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ, რომ საერთო მოგვეძებნა... მაგრამ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გვერდით ზუსტად ნათიუკასნაირი ადამიანი მყავს. ამ ადამიანმა ის სიცარიელე შემივსო, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი. ძალიან იღბლიანი ვარ მის გამო. ჩვენ გვყავს ულამაზესი, ცისფერთვალა გოგონა, რომელიც ასევე, კარგად მღერის. მიხარია, რომ მშობლებისგან ყველაზე კარგი თვისებები გადაიღო. მე და ნათიუკა სულ ვმოგზაურობით. საქმიანობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, გზა სახლად გვექცა, ამიტომ შვილი ძალიან გვენატრება და როგორც კი დრო გვაქვს, ვცდილობთ, მასთან ერთად გავატაროთ. ჩვენ უკვე 6 წელია, ერთად ვართ და ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გამოვიარეთ. ნათიუკა ისე მაგრად მიდგას გვერდით, ისეთი ნიუანსების დონეზე, რომ მისი დამსახურებით, სირთულეებს საერთოდ ვეღარ აღვიქვამ.
– ხართ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს?
– კი, ბატონო. ახლა 43 წლის ვხდები და ყველას გაცილებით ნაკლები ასაკის ვგონივართ და ეს ჩემი ვიზუალის დამსახურებაა. მე ვფიქრობ ჩემს ჯანმრთელობაზე, ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების რიტმი მოწესრიგებული და ჯანსაღი იყოს. შეიძლება, ხანდახან, დაბადების დღეებზე და ლამაზ დღესასწაულებზე ღვინო დავლიო, ქართული ღვინის გარეშე საქართველოში ცხოვრებას ვერ აჰყვები, თან ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ესეც ნორმის, ზომიერების ფარგლებში.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და დღევანდელი რეალობა ჰგავს იმ ოცნებებს?
– მთელი ჩემი ბავშვობა სარკესთან ვიდექი და ვიღაც გოგოს ვუმღეროდი გიტარით. ის გოგო რეალურად არ არსებობდა, ეს იყო ჩემი რომანტიკული წარმოდგენები. 90-იანი წლების ბავშვებმა საკუთარ თავს ვასწავლეთ სიმღერაც, დაკვრაც და სხვა რამეც, რადგან როგორც იცით, ამ დროს ქვეყანაში არაფერი ხდებოდა. დღეს ყველაფერი ისე სწრაფად ვითარდება, აღარაფერი გვიკვირს, თორემ ბავშვობაში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც დღეს არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





