შოუბიზნესი

რის გამო წყევლიან მეგობრები კახა კუხიანიძეს და ვისთან ერთად გეგმავს ის იბიცაზე განტვირთვის დღეების მოწყობას

№38

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 28.09, 2022 წელი

კახა კუხიანიძე
დაკოპირებულია

შვებულების სეზონი დასრულდა, ხალხი კურორტებიდან ჩამოვიდა და დასვენებული გონებით შეუდგა მუშაობას, თუმცა კახა კუხიანიძე პირიქითაა – მთელი ზაფხული მუშაობდა და ახლა აპირებს დასვენების სეზონის მოწყობას. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილი აქვს საკუთარი თავის შეცვლა და საზოგადოებისთვის თავისი იმ მხარის დანახვება, რითაც ჯერ არ ვიცნობთ.

კახა კუხიანიძე: ზოგადად, ზაფხული ჩემი პერიოდია, რადგან შუა ზაფხულში ვარ დაბადებული – 17 ივლისს. სკოლის პერიოდში არ მიყვარდა ჩემი დაბადების დღე, რადგან მთელი ჩემი სამეგობრო დასასვენებლად იყო წასული. ახლაც მინდოდა დიდი დაბადების დღის გადახდა და ყველა გახიზნული იყო (იცინის). 39 წლის გავხდი, თუმცა ამდენის თუ ვარ, ვერ აღვიქვამ, ვერ ვგრძნობ. ვიღაცამ რომ მითხრას, რომელ ასაკში გინდა, მითხარი და დაგაბრუნებო, არცერთ ასაკში არ მინდა დაბრუნება. ყველა ჩემი ასაკი მიყვარს და მგონია, ახლა იწყება ცხოვრება – ეს შეგრძნება მაქვს.

– ესე იგი, თუ სარკეში არ ჩაიხედე, ისე ვერ გრძნობ ასაკს?

– ისეთი ტიპაჟი ვარ, ბევრს ჰგონია სულ სარკის წინ ვდგავარ. არადა, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ისე ჩამიცვია და გავსულვარ სახლიდან, სარკეში არ ჩამიხედავს, ლიფტის სარკეში დამინახავს, რა მეცვა, დაბვრუნებულვარ და გამომიცვლია. ან, თუ სახლში ასვლა დამზარებია, მაღაზიაში შევსულვარ, მიყიდია ტანსაცმელი და გამომიცვლია. ასე ექსპრომტად ნაყიდი ტანსაცმლითაა ჩემი კარადა გამოტენილი.

– კარგი რუჯი გაქვს, ალბათ, ზაფხული მშვენივრად გაატარე, მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ, ასეა?

– გეთანხმები, მიყვარს რუჯი და ზაფხულის პერიოდის ზღვაზე გატარება, თუმცა წელს ბევრი საქმე მქონდა და დასვენება ვერ მოვასწარი. მხოლოდ სამი დღე გავედი ქალაქიდან. რუჯს მარტივად ვიღებ და მთელი ჩემი მეგობრები მწყევლიან (იცინის). საკმარისია, სამი დღე მივეფიცხო მზეს და ჩვეულებრივი ფერადკანიანი ვხდები. ჩემს მეგობრებს კი კვირები სჭირდებათ, მაგრამ ჩემამდე მაინც ვერ მოდიან (იცინის). მაგალითად, სალომე გოგიაშვილი სულ მწყევლის რუჯის გამო (იცინის). ასე რომ, გინდ ეწყინოთ, გინდ არა, ხმამაღლა ვამბობ: ჩემს მეგობრებს ჩემი შურთ (იცინის). ერთმა მეგობარმა მითხრა: უნდა გაგასწრო ფერში, მთელი დღე უნდა დავწვე მზეზეო. მართლა დაწვა, მაგრამ ფერში ვერ გამასწრო, მზის დარტყმა მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა (იცინის). დასვენებას სექტემბრის ბოლოს ვაპირებ, ჩემს თავს გავუკეთებ სიურპრიზს, რომ მთელი წელი დასვენებულმა მივხედო ჩემს კარიერას, სიმღერას, საბავშვო სტუდიებს. ამისთვის კი აუცილებლად მესაჭიროება დასვენება, რადგან პანდემიის დროს, მთელი სამი წელი არ დამისვენია, თბილისში ვიყავი.

– საქართველოს კურორტებზე დასვენებას აღარ კადრულობ?

– დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კურორტებზე დავისვენო, მაგრამ მე კარგი და კომფორტული დასვენება მიყვარს. მთელი წელი ჩემი სამუშაო გრაფიკის გამო ისე ვიღლები, ამას ვიმსახურებ. ბათუმი ისე მიყვარს, ვგიჟდები, მაგრამ იმიტომ გადავწყვიტე სხვა ქვეყანაში დასვენება, რომ აჭარაში თუ წავედი, ამინდზე უნდა ვილოცო, ისეთი ადგილი მოვძებნო, სადაც კანალიზაცია არ ჩადის, სანაპიროზე თავში სიმინდი გაქვს და ირგვლივ კამერები, გესმის წიოკი... ანუ ვერ ისვენებ და რეალურად ესპანეთში დასვენების ფულს ხარჯავ. ორი კვირა ჩავდივარ და ცამეტი დღე წვიმს, ამას არ მირჩევნია, თბილისში ჩემს სახლში ვიყო და „ბასეინზე“ ვიარო? ამიტომ, ბოლო პერიოდია, დასასვენებლად ზღვაზე აღარ დავდივარ. როცა ვისვენებ, რაღაცები არ უნდა მიშლიდეს ხელს და ირგვლივ მეორედ მოსვლა არ უნდა ხდებოდეს. მირჩევნია, ბათუმში ახალ წელს ჩავიდე და მშვიდად დავისვენო, ვიდრე კივილ-წივილში ზაფხულში. ამ ლამაზ ქალაქს, რაღაცნაირად ვაფუჭებთ, თუნდაც იმ ფასებით, რაც წელს იყო იქ. 25 ლარი „აჭარული“ არ უნდა ღირდეს. იმ ტურისტსაც სხვანაირად უნდა დავხვდეთ და არა ფულზე დახამებულებივით.

– სად აპირებ დასვენების დღეების მოწყობას და თუ საიდუმლო არ არის, ვისთან ერთად?

– მინდა, ბარსელონაში და იბიცაზე დავისვენო, მეგობარ გოგონასთან ერთად. ასე რომ, ამ თვის ბოლოს ჩემს საკუთარ თავს სიურპრიზს მოვუწყობ და გავანებივრებ. ვიცი საითკენაც მიგყავს კითხვა, მაგრამ პირადზე არ ვსაუბრობ, არ მიყვარს. მეგობრებთანაც კი ვარიდებ თავს პირადზე საუბარს, წლებთან ერთად, ვისწავლე, რომ უნდა გავჩუმდე.

– რატომ, გათვალვის გეშინია?

– არაფრის არ მეშინია, მაგრამ ავი თვალი ნამდვილად არსებობს. ხშირად ურთიერთობა სწორედ ავი თვალის გამო ამერია. უცებ, მოწმენდილ ცაზე რომ ქარიშხალი დატრიალდება, აბა, რას უნდა მიაწერო? უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, მაგრამ ძლიერი აურა მაქვს, ვხვდები დისკომფორტს და ვეცლები იმ ადგილს. მძიმე აურის ადამიანებთან კონტაქტს გავურბიარ და ვერიდები.

– ამისგან თავის დასაცავად ხომ არსებობს გიშერი, თილისმები, ამულტები. თუ გიცდია მათი ტარება?

– სამაჯური მაქვს გიშრის, ძალიან მომწონს და იმიტომ მიკეთია, ალბათ, მიცავს კიდეც. ზოგადად, გიშერს დამცავ თილისმად მოიაზრებენ.

– რაც წლები გემატება, უკან რომ იხედები, რაზე ნანობ?

– არაფერზე ვნანობ. სინანულის გრძნობა ცუდად მოქმედებს ადამიანის მომავალზე, ძლიერებაზე, ხასიათზე. ამიტომ, წარსულში არასოდეს ვიხედები. თუ რამე გამიკეთებია, იმ მომენტში ასე ჩავთვალე საჭიროდ და იმის გაკეთება მინდოდა. ახლა რომ ვინანო, რა აზრი აქვს? ასე რომ, უკან რომ დამაბრუნოთ, იმავე გზას არ გავივლი, მაგრამ ახლა იმაზეც არ ვფიქრობ, ეს რატომ გავაკეთე-მეთქი.

– თქვი, იგივე გზას არ გავივლიდიო. რას შეცვლიდი?

– ბევრ რამეს შევცვლიდი. უფრო მეტად წარმატებული ვიქნებოდი, ჩემი ის ადგილი მექნებოდა, რომელიც ჩემთვის წარმომიდგენია და ადრე თუ გვიან აუცილებლად მექნება, მეტ რამეს გავაკეთებდი და მივაღწევდი. ბევრი დრო მაქვს დაკარგული, სამყაროს ბევრ სიურპრიზზე მითქვამს უარი, არ ჩავეჭიდე, არ მივიღე, გავუშვი. რაც იყო – იყო, ამას ვერ დავაბრუნებ, თუმცა, ახლა ასე არ მოვიქცეოდი.

– ეს მხოლოდ კარიერას ეხება თუ პირადსაც?

– რასაკვირველია კარიერასაც და პირადსაც. პირველად პირადს დავაყენებდი სათანადო ადგილზე, სადაც უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული და ბევრი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს. ერთადერთი, სამეგობროს წრეს არ გამოვცვლიდი. წლები მემატება, მაგრამ მეგობრები იგივე მყავს. ერთადერთი მეგობარი მოვიკელი, რადგან მეგობრობას ცუდად შეეხო. ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, ნერვიულობით შვიდი კილო დავიკელი, მაგრამ ამოვიგლიჯე გულიდან. ასე რომ, თუ ამ გამონაკლისს არ ჩავთვლით, ჩემი მეგობრები ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ჩემს თავს გამოვუცხადე: უნდა შევცვალო ჩემი თავი, რადგან გაცილებით მეტი შემიძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი