შოუბიზნესი

რის გამო თქვა უცხოეთში კარიერის აწყობაზე უარი კახა კუხიანიძემ და როგორ კითხულობს ის ადამიანის ფიქრებს

№26

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 04.07, 2023 წელი

კახა კუხიანიძე
დაკოპირებულია

მომღერალ კახა კუხიანიძის ცხოვრებაში იყო ურთულესი პერიოდები, რომლებიც ძლიერი ხასიათის წყალობით გადალახა და მიაჩნია, რომ მისთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ბუნებით ერთგულს და პოზიტიურს, არ უყვარს „მოთამაშე“ და ნეგატიური ადამიანები. როგორც მისი მეგობრები აღნიშნავენ, კახას თვალდახუჭული ენდობიან და მის რჩევებსაც ხშირად ითვალისწინებენ. თავად მომღერალს, საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, თუმცა, მეგობრებისთვის ყოველთვის სცალია და მათ დასახმარებლად უკან არასოდეს იხევს.

კახა კუხიანიძე: ამინდებიდან გამომდინარე, ზაფხულის შეგრძნება არ მაქვს. უბრალოდ, კალენდარი მახსენებს, რომ ზაფხულია (იცინის). თუმცა, დასვენება უკვე მოვასწარი, მაისში ვიყავი ლივერპულში, მანჩესტერსა და პრაღაში. ამით არ დასრულებულა ჩემი დასვენება, კიდევ უნდა განვაგრძო და ახლა ზაფხულში მოვიწყო დასვენების დღეები. რთულია საბავშვო სტუდიების მმართველი იყო. მართლა რთული საქმე მაქვს, საპასუხისმგებლო, რომელიც ძალიან დამღლელია. ამიტომ, ზაფხულში კარგად უნდა დავისვენო, რომ სექტემბრიდან ახალი ენერგიითა და ძალებით განვაგრძო მუშაობა. მთელი წელი რთული, სტრესული რეჟიმი მაქვს, გადარბენები, ამიტომ დასვენება აუცილებლად მჭირდება.

– კახა, ვიცი რამდენიმე კარგი შანსი გქონდა, რომ კარიერა უცხოეთში გაგეგრძელებინა, თუმცა უარი თქვი. რატომ?

– გეთანხმებით, რამდენიმე კარგი შანსი მქონდა, კარიერა უცხოეთში გამეგრძელებინა და მეცხოვრა, მაგრამ არ შემიძლია. მოგზაურობიდან უკან რომ ვბრუნდები და თვითმფრინავი ჩემი ქვეყნის მიწაზე ჯდება, უკვე ბედნიერი ვარ. საქართველო არ გიყვარდეს, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანას აქვს ისეთი მაგნიტი, ვერ შორდები და მე, პირადად, მიჭირს. უცხოეთში დროებით ვიცხოვრებდი, ორი თვე, მაქსიმუმ, სამი, მაგრამ იქ ვერ გადავცხოვრდები. ბინა რომ მქონდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ სამუდამოდ საცხოვრებლად ვერსად წავალ. ზოგადად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და როცა დრო მაქვს, ვცდილობ, ეს დრო გამოვიყენო და უცხოეთში წავიდე დასასვენებლად და სამოგზაუროდ. თითქმის ყოველთვის დაუგეგმავად ვმოგზაურობ, რადგან ჩემი საქმის გადამკიდე, წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ.

– ამბობენ, მეგობრებს ენერგეტიკულად ირჩევ და მართალია?

– ყველა ადამიანთან არ გამომდის მეგობრობა. თუ ადამიანი ნეგატიურია, ვცდილობ, ვესაუბრო, უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი ცხოვრება, თავი დააღწიოს ნეგატივს, პოზიტივისკენ შეიცვალოს და თუ ის არ მომყვება, ისევ ჩაკეტილია თავის თავში და ურჩევნია, ნეგატივში დარჩეს, ბუნებრივია, ჩვენ შორის მეგობრული ძაფების გაბმა ვერ ხდება და მისგან შორს მივდივარ. ასე რომ, ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობა არ მიყვარს. სხვათა შორის, მზრუნველი ვარ და მყავს ისეთი მეგობრები, ვინც გაითვალისწინა ჩემი რჩევები, გვერდით დავდგომივარ და გამომიყვანია რთული სიტუაციიდან. ასე რომ, თუ ადამიანი ჩემს მზრუნველობას იღებს და მომყვება, მის გვერდით ვარ და თუ არადა, ვწყვეტ ურთიერთობას, აზრი არ აქვს.

– სხვათა შორის, შენი მეგობრები აღნიშნავენ, კახა კარგი ფსიქოლოგიაო...

– არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობარი დეპრესიული ფონიდან გამომიყვანია. სხვათა შორის, ზოგადად, კარგი თვისებაა, მეგობარს ბოლომდე მოუსმინო, მისი ტკივილი გაითავისო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად კარგია, რადგან რაღაც კუთხით, ამით შენს თავს ვნებ. ადამიანს რომ ვუსმენ, მასზე მეტად ემოციურად აღვიქვამ მის ამბავს და ეს მანგრევს. მერე ვიწყებ ფიქრს, როგორ გამოვიყვანო სიტუაციიდან, რადგან ჩემთვის გამოუვალი მდგომარეობა, ჩემი გადმოსახედიდან, არ არსებობს. ერთი სიტყვით, ოცდაოთხი საათი ვფიქრობ, როგორ გავხადო ის ადამიანი კარგად და ამით შეიძლება, ჩემი საქმე დავაზარალო. თუმცა, ბევრი ადამიანი გამომიყვანია სიტუაციიდან. გარდა იმისა, რომ ინტუიცია მაქვს ძალიან განვითარებული, ასევე ადვილად ვხვდები, რას ფიქრობს ადამიანი და რადგან ამას ვხვდები, მის მდგომარეობასაც ზუსტად აღვიქვამ.

– როგორც მივხვდი, შეგიძლია, ადამიანის ნეგატიური ფიქრები პოზიტიურისკენ შეცვალო.

– კი, თუ მომისმენს და ჩემს რჩევებს გაითვალისწინებს. თვითონ უნდა უნდოდეს ეს, თორემ არის ადამიანების კატეგორია, ვისაც ის მდგომარეობა მოსწონს, იკეტებიან, ილუზიებში ცხოვრობენ და ამ ყველაფერს საკუთარ თავს აჯერებენ. ამ შემთხვევაში რთულია რამე ურჩიო.

– საკმაოდ პოზიტიური ადამიანი ხარ. თუმცა, ალბათ, იყო შენს ცხოვრებაში რთული პერიოდებიც.

– არასოდეს ვიმახსოვრებ, ვის რა სიკეთე გავუკეთე, ალალად ვაკეთებ და თავად მსიამოვნებს. მაგრამ დაუნახაობა, ცუდი ქმედებები და ღალატი, შენ რომ გაზარალებს, რათა თავად კარგად იყოს, მანგრევს. იმდენად ვიცი ადამიანის მიღება, მერე იმის გულიდან ამოგლეჯაზე დიდი დრო მჭირდება. ჩემი საუკეთესო მეგობარი ამოვიგლიჯე გულიდან, რადგან მეგობრობაში შეეშალა, თან, არაერთხელ. არ მიჩხუბია, რამდენიმეჯერ გავაფრთხილე და საბოლოოდ, მაინც გააგრძელა და დავამთავრე მასთან ურთიერთობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ნერვიულობისგან შვიდი კილო დავიკელი.

– ბევრი გყავს გულიდან ამოგლეჯილი?

– საბედნიეროდ, ბევრი არა. ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა, რომ ღმერთს ვუყვარვარ. ურთულესი პერიოდები მქონია ცხოვრებაში, გამოუვალი მდგომარეობა რომ ჰქვია, მაგრამ გამოჩენილა გზა, საითკენაც უნდა წავსულიყავი. ვგრძნობ, რომ იღბლიანი ვარ. ყველაზე დიდი გამართლება ჩემთვის ის არის, რომ არ მეშინია, ზუსტად ვიცი, ურთულეს სიტუაციაშიც ვიპოვი გამოსავალს. ზოგადად, ძლიერი ადამიანი ვარ. თუმცა, 27 წლამდე არ მეგონა, რომ ძლიერი ვიყავი, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, როცა საკუთარი თავი გავზარდე, გავაძლიერე, გარდატეხა მოხდა და მას მერე, არაფრის მეშინია.

– თუ საიდუმლო არ არის, რა იყო ის ფაქტი, რამაც შენში ასეთი გარდატეხა და გაძლერება გამოიწვია?

– ძალიან ბევრი ღალატი იყო. ურთულესი პერიოდი გავიარე. კადრებად მახსოვს ის დრო. მოკლედ, ცუდი პერიოდი იყო, სხვა ჩემს ადგილას მტკვარში გადახტებოდა. თუმცა, მივხვდი, მეტი გამოსავალი არ მქონდა, ჩემს თავზე უნდა მემუშავა და უნდა გავძლიერებულიყავი. მაქვს თვისება, ჭაობში რომ ჩამაგდო, იქიდან აუცილებლად ამოვალ. ზოგადად, ბუნებით ერთგული ვარ და მეგობართან სიტყვის აწონვა არ უნდა მჭირდებოდეს. „თამაში“ არ მიყვარს ადამიანებთან, მოთამაშე ადამიანებსაც ეგრევე „ვშიფრავ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა