შოუბიზნესი

რის გამო ეჩხუბება ხშირად მეუღლე ნინი მასპინძელაშვილს და რატომ აღარ ეჭვიანობს გათხოვების შემდეგ ის ქმარზე

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 21.07, 2021 წელი

ნინი მასპინძელაშვილი
დაკოპირებულია

მოდელ ნინი მასპინძელაშვილისა და სპორტსმენ გიორგი ორბელაძის ოჯახური ცხოვრება უკვე სამ წელს ითვლის. წარმატებული და გამორჩეული გარეგნობის წყვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ნინი მასპინძელაშვილი: ოჯახის შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. მერე საკუთარი ბინა შევიძინეთ, აქ გადმოვედით და ძალიან შეხმატკბილებულები ვართ, ერთად კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

– მშობლებთან ერთად პასუხისმგებლობები გადანაწილებული გექნებოდათ. მარტოები რომ დარჩით, როგორ გაუმკლავდით ყველაფერს?

– არასდროს ვყოფილვარ განებივრებული ბავშვი. დედა ძალიან დაკავებული იყო სამსახურში და სახლის საქმეებს მე და ჩემი და ვაკეთებდით. ერთადერთი საჭმლის მომზადება არ ვიცოდი, ეს დედას ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული და გიორგი სულ მსაყვედურობდა ხოლმე, შენ რატომ არ ამზადებ საჭმელს, მე ჩემი ცოლის გაკეთებული მინდაო, სწყინდა ხოლმე (იცინის). თუმცა, ის არ იცოდა, რომ მე მთელი დღის განმავლობაში სახლის სხვა საქმეებს ვაკეთებდი. მარტო რომ გადმოვედით, საერთოდ არ გამჭირვებია და ყველაფერს ადვილად გავუმკლავდი. საჭმელების კეთებაც ვისწავლე და გიორგის ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული კერძები. მოხიბლულია ამით (იცინის). თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ საკმაოდ კარგი დიასახლისი ვარ.

– გიორგი თუ გეხმარება? პანდემიის დროს ბევრი დრო გექნებოდათ სახლში გასატარებლად...

– პანდემიის პერიოდში უფრო დავახლოვდით და გიორგი რომ სამსახურში გავიდა, პირველი ერთი კვირა ძალიან მოვიწყინე. მერე ფისოც მოვიყვანე, სახლში მთელი დღე მარტო რომ არ ვყოფილიყავი, რადგან დისტანციურად ვმუშაობ. მოწყენილობისგან არ მინდოდა, გავგიჟებულიყავი (იცინის). პანდემიის დროს სხვადასხვა კერძს ვაკეთებდი და გიორგი ბედნიერი იყო ამით. თვითონ სახლის საქმეებში არ მეხმარება, თუმცა არც პრეტენზიულია. თუ საჭმელი არ დახვდა, თვითონ მოიმზადებს რამეს. პრობლემური ტიპი არ არის, თუმცა, მე ვცდილობ, ხშირ შემთხვევაში სადილი დავახვედრო და სამსახურიდან დაღლილი რომ დაბრუნდება, კიდევ საკუთარი საკვების მომზადება არ დასჭირდეს.

– ძალიან ლამაზი წყვილი ხართ, გარეგნულად გამორჩეულები. დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლები არცერთს გაკლიათ და არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?

– გიორგი საერთოდ არ არის ეჭვიანი. არც საბაბს ვაძლევ. ქუჩაში რომ გავდივარ და მამაკაცების ყურადღების ცენტრში ვხვდები, პირიქით, სიამოვნებს, რომ მის გვერდით ლამაზი ქალია. მე თავიდან, სანამ გავთხოვდებოდი, ცოტა ეჭვიანი ვიყავი. სულ ტვინს ვუბურღავდი (იცინის). საბაბს არც თვითონ მაძლევდა, მაგრამ სხვა გოგონები რომ იჩენდნენ მის მიმართ ინტერესს, ვეჭვიანობდი. გათხოვების შემდეგ მივხვდი, რომ გიორგი მექალთანე ტიპი არ არის, ამიტომ, ამ ბოლო დროს არანაირი რეაქცია აღარ მაქვს. გიორგი რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, ყველა მეკითხებოდა, ასეთი ლამაზი გოგონები ჰყავს გარშემო და არ ეჭვიანობო? საერთოდ არ ვეჭვიანობდი, პირიქით, ყველასთან ვმეგობრობდი და არ მქონია პრობლემა იმის გამო, რომ ჩემმა ქმარმა ვიღაც გოგო ხელში აიყვანა.

– სამი წლის შემდეგაც გაქვთ ხოლმე რომანტიკული გადახვევები?

– მე ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ, გიორგი – არა. თუმცა, ხელი ძალიან ორიგინალურად მთხოვა და ეს იმდენად რომანტიკული იყო, რომ ძალიან გამიკვირდა, მისგან არ ველოდი. ახლა ვცდილობ, მე გავუკეთო სიურპრიზები. თვითონ დიდად არ იჩენს ინიციატივას. მაგალითად, ვიცოდი, რომ „აიპოდები“ უნდოდა და დაბადების დღეზე ვაჩუქე. მერე „ლუტეციას“ ცელოფანში შევუფუთე, მინდოდა, სუნამო ჰგონებოდა. გიორგიმაც მაჩუქა ადრე „აიფონი“ „ისი-პარის“ შეფუთვით და რომ გავხსენი, შოკში ჩავვარდი (იცინის). ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობა რუტინული არ გახდეს.

– ზაფხულია და დასვენების დრო ახლოვდება. რა გეგმები გაქვთ?

– ჩვენი მეგობარი გვეპატიჟება საბერძნეთში და თუ ტურისტებისთვის საზღვრები გაიხსნება, ალბათ, წავალთ. თუ არა და თურქეთში დავისვენებთ. საქართველოში დასვენებას არ ვგეგმავთ, რადგან ორი წელია, სამოგზაუროდ არსად ვყოფილვართ და თვითმფრინავი ისე მომენატრა, გიორგის ვეუბნებოდი, მოდი, ბათუმში გადავფრინდეთ-მეთქი. 2019 წელს ხუთ ქვეყანაში ვიყავით და მერე უცებ სახლში ჩავიკეტეთ, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. თან, პანდემიამდე სულ ცოტა ხნით ადრე, დაბადების დღისთვის იტალიის საგზურები შევიძინე. ველოდები, როდის დადგება ის დრო, რომ ჩვენი საგზურები გამოვიყენოთ (იცინის).

– გიორგის თუ აქვს გართულება ნინის ჩაცმის სტილზე – მოკლე კაბასა თუ დეკოლტეს აპროტესტებს?

– გიორგის უყვარს, როცა მე ყურადღების ცენტრში ვარ და ძალიან სიამოვნებს, როცა კარგად გამოვიყურები. პირიქით არის, რამეს რომ ვიცვამ, ვეკითხები, ეს ძალიან მოკლე ან ძალიან გამომწვევი ხომ არ არის-მეთქი და მპასუხობს, არა, ძალიან გიხდებაო. არანაირი გართულება არ აქვს. საცურაო კოსტიუმებიც ყოველთვის ძალიან თამამი მაცვია. ძალიან დარწმუნებულია საკუთარ თავში და პრობლემა არ აქვს.

– მაგრამ მამაკაცებს პრობლემა ნამდვილად აქვთ ხოლმე გოგონების მომზადების რიტუალზე, რომელიც უსაშველოდ გრძელდება. ასეა თქვენთანაც?

– გიორგი ჩემზე ნახევარი საათით ადრე იწყებს ხოლმე მზადებას და მერე მაინც მე ვასწრებ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საათობით იპრანჭება სარკის წინ. მაკიაჟსაც ძალიან იშვიათად ვიყენებ და თან, ძალიან მსუბუქად. ტანსაცმელიც ამოჩემებული მაქვს ხოლმე, ვიცვამ იმას, რაშიც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და უფრო ხშირად ისე ხდება, მე ველოდები, როდის მოემზადება გიორგი, რომ წავიდეთ. ფენს და სავარცხელს ის ჩემზე ხშირად იყენებს.

– გიორგი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ზრუნავს საკუთარ სხეულზე და ჯანსაღად ცხოვრობს. შენი ვიზუალიც ამაზე მეტყველებს და მინდა, მკითხველს გავუზიაროთ, რას აკეთებ ყოველდღე ამისთვის?

– ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, ბევრი წყალი, ხილი და ბოსტნეული მივიღო, მაგრამ გურმანი ვარ, ჭამა ძალიან მიყვარს და ზოგჯერ მე და გიორგი სადმე რომ მივდივართ, შეიძლება, მე მასზე მეტი ვჭამო (იცინის). გიორგი ამის გამო სულ მეჩხუბება. მიდრეკილი ვარ ზედმეტი კილოგრამებისკენ და თუ „მივუშვი“ ათ კილოს თავისუფლად მოვიმატებ. მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა დღეში ერთხელ ვჭამ, მაგრამ ზოგჯერ სულ რაღაცას ვჭამ. მიჭირს ხოლმე თავის კონტროლი და მერე გარკვეული დრო მჭირდება ჩემი ფორმის დასაბრუნებლად. ახლა ზუსტად ამ ფაზაში ვარ და ვცდილობ, ისევ იმ ფორმას დავუბრუნდე, როგორშიც გათხოვებისას ვიყავი.

– მეუღლე კარგი მოტივატორია?

– კი, ლუკმებს მიკონტროლებს (იცინის). რამდენიმე დღის წინ, სუფრასთან ვისხედით, ძალიან მშიოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მჭადი და ყველი ავიღე, რომ შემეჭამა, მაგრამ ისეთი თვალებით გამომხედა, ლუკმა ვეღარ ჩავყლაპე (იცინის). ყველა მეუბნება, კარგია, ტონუსში იქნებიო, მაგრამ, როცა ადამიანს ჭამა უყვარს და შენ უშლი, საკმაოდ სტრესულია (იცინის).

– თან სხვებს რომ მოუწოდებს, ფორმაზე იზრუნონ, ამ დროს თვითონ რომ სხვანაირი ცოლი ჰყავდეს, ცოტა შეუსაბამობა იქნებოდა.

– ჰო, მსუქანი და ჩამოწელილი კანით ან ცელულიტებიანი ცოლი გიორგის არ შეეფერება და მეც სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო და მას არ ჩამოვუვარდე.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის გიორგი კიკუაშვილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი