შოუბიზნესი

რის გამო დააპაუზა სალომე ქათამაძემ პირადი ცხოვრება და როდის ხდება ის ზომბი

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 19.01, 2021 წელი

სალომე ქათამაძე
დაკოპირებულია

მომღერალ სალომე ქათამაძის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მთავარი მისი შვილია. ყველასგან შორს, ამერიკაში, მარტოს უჭირს უამრავ საჭიროებასთან გამკლავება. თუმცა, რთულად, მაგრამ ყველაფერი გამოსდის და როგორც ამბობს, შვილთან ერთად, თავადაც ბევრ რამეს სწავლობს. 

სალომე ქათამაძე: ყველაზე მეტ დროს ჩემს შვილს ვუთმობ. პანდემიის გამო არც სამსახურებია, არც კონცერტები და ივენთები, ჩვენც „დაპაუზებულები“ ვართ, ისევე, როგორც ყველა. დაინტერესებული ადამიანების ვოკალში მომზადება დავიწყე. ქართველი სტუდენტებიც მყავს, ამერიკელებიც და სიამოვნებისგან ვგიჟდები, როდესაც ვხედავ, რომ ჩემს ნასწავლს სრულად ისრუტავენ. სამწუხაროდ, ამ პერიოდში მუსიკაზე არ ვმუშაობ. საკმაოდ ხშირად მაქვს ასეთი პერიოდი, უფრო მეტად ყოველდღიურ პრობლემებზე მიწევს ფიქრი და ზრუნვა, რაც ხელს მიშლის.
– პატარასთან ერთად როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს?
– ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვუმკლავდები. ჩემი სამსახური პანდემიის გამო დაიხურა და რამდენიმე თვეა, უმუშევარი ვარ. თუმცა სახელმწიფო გვეხმარებოდა და თავი გაგვქონდა. ახლა დახმარებები შეწყდა, მაგრამ ჩემი სამსახური ისევ დაკეტილია. თვითონაც არ ვიცი, როგორ ვახერხებ ყველაფერთან გამკლავებას მეგობრებისა და დანაზოგის წყალობით, საიდანაც ძალიან ცოტა დამრჩა. არის დღეები, როცა ყველაფერს ბინდი გადაეკვრება, მაგრამ იმედი მაინც მაქვს. ძალიან მძიმედაც ვყოფილვარ, ყველგან რომ პრობლემებია და სინათლე არ ჩანს, მაგრამ ჩემს შვილს რომ შევხედავ, ძალა მემატება და ვცდილობ, ყველაფერს გავუმკლავდე.
– გიორგის მამასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილხარ. გახდა ეს კრიტიკის მიზეზი?
– არაფერი მსგავსი. ვერ ვხვდები, რა პრობლემაა. რამდენი შვილიც გინდა, იმდენი გააჩინე. არ იყოს ქორწინება და იყავი მარტო. ჩემი აზრით, მარტოხელა დედები ძალიან ძლიერები არიან. ეს ტრაგედია არაა, თუმცა ძალიან რთულია სუფთა ბავშვის აღზრდა და მისთვის ყველაფრის სწავლება. მეც ახლა ვსწავლობ ბევრ რამეს და ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი რომელიმე ასაკში ამისთვის მზადაა. როცა მშობელი ხდები, მერე სწავლობ და როცა ასეთ რამეს მარტო ეჭიდები, რთულია, მაგრამ არა მგონია, ის იყოს მნიშვნელოვანი, ქორწინებაში გააჩინე შვილი თუ არა. მგონია, რომ დიდი ხანია, ეგ დრო გავიდა.
– მთლად ეგრეც არაა, ბევრი ქალი, რომელიც ქმართან თავს ძალიან ცუდად გრძნობს, ოჯახს შვილისთვის არ ანგრევს.
– კი, მესმის და ყველა ქალბატონს, ვინც ასეთ კომპრომისზე მიდის, მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან ძლიერები არიან და თუ ძალას მოიკრებენ, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს შვილთან ერთად. ზოგჯერ გამოსავალი მართლა არ არსებობს, ასეთი სიტუაციებიცაა, მაგრამ ადამიანმა დახმარების იმედი არ უნდა დაკარგო. მე, მაგალითად, ოჯახი და მეგობრები მაძლევენ ამ ძალას. ზოგს არც ერთი ჰყავს და არც მეორე და მესმის, რომ ამ მდგომარეობაში რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა და პრობლემებთან მარტო გამკლავება. თუმცა, მეც სრულიად უცხო ქვეყანაში და გარემოში მარტო ვზრდი ჩემს შვილს.
– ამერიკა თითქმის ყველასთვის ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება და ბევრი იფიქრებს, შენ რა გიჭირს, მანდ ხარო.
– ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანაა, მაგრამ სანამ იმ ოცნებამდე მიაღწევ, ძალიან რთულია. წინსვლისთვის ყველგან ბევრი ბრძოლაა საჭირო. ჩემნაირი ზარმაცებისთვის ეს ცოტა ძნელია (იცინის). კარიერის მხრივ, ძალიან მოდუნებული ვარ. ძირითადად, გიოზე ვარ გადართული და რაც უფრო იზრდება, მეც მეტს ვცდილობ. ბუნებრივ კვებაზე როცა მყავდა, მთლიანად გამოთიშული ვიყავი ყველაფრისგან. ამ ქვეყანაში არავინ არაფერს მოგართმევს, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ, ისეთი სამსახურებიც უნდა გამოიცვალო, რომელზეც არასდროს გიფიქრია. ძალიან მცდარი აზრია ის, რომ აქ ყველა „კარგ პონტშია“. მანდედან ასე ჩანს, მაგრამ მე და ჩემმა მეგობრებმა ვიცით, რომ თვითან თვემდე თავის გასატანად ვშრომობთ. თუ თანხის გადადება და საქართველოში უძრავი ქონების შეძენა გინდა, ძალიან უნდა გაიჭირვო და ყველას უდიდესი პატივისცემა ჩემგან, ვინც აქ ამდენს შრომობს.
– ბევრი სირთულე გაიარე, ბევრი ბედნიერი მომენტი. როგორი გოგო ხარ დღეს?
– შინაგანად ისევ ლაღი და ბავშვური, მაგრამ იმდენად რბილი აღარ ვარ, როგორიც ადრე. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ვარ და რადგან ძლიერად ვიცი ადამიანის შეყვარება, იმედი ბევრჯერ გამიცრუვდა. ამიტომ ჩემი თავის მიმართ უფრო მეტად მკაცრი და მომთხოვნი გავხდი, ნაკლებად რომ მეტკინოს. დღეს მეტად ცივად ვუდგები რაღაცებს და ჯერ კიდევ ვწვრთნი თავს ამ მხრივ. ამ ქვეყანაში მარტო მე არა, ყველა იცვლება და შეცვლილ ადამიანებთან ურთიერთობას ისე ვერ დაამყარებ, თუ შენ ჩვეულად რბილი და თბილი იქნები. რამდენიმე ჩემთვის ძვირფასმა და საყვარელმა ადამიანმა გამიცრუა იმედი და ეს ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ახლა ვცდილობ, მაშინვე ემოციებში არ გადავვარდე და ცოტა უფრო დიპლომატიური გავხდე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ჩემი პირადი ცხოვრება „დაპაუზებულია“, იქიდან გამომდინარე, რომ მყავს გიო და სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებს. მინდა, მხოლოდ ჩვენს მომავალზე ვკონცერტრირდე. როცა რაღაცებს დავალაგებ, მერე შეიძლება, უფრო გავიხსნა ამ მხრივ. ამ სტადიაში ვინმესთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვს.
– რა არის შენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ადამიანში?
– გულახდილობა და სიმართლე. უნდა ვგრძნობდე, რომ მასაც ისე შეუძლია სიყვარული, როგორც მე, დაახლოებით მაინც. მე ურთიერთობაში ძალიან გამჭვირვალე და გულახდილი ვარ. ხანდახან ზედმეტადაც კი. როცა შეყვარებული ვარ, დაშტერებული დავდივარ, ზომბი ვხდები (იცინის). ამ დროს სადღაც დავფრინავ და არც ეს მგონია სწორი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი