შოუბიზნესი

რის გამო აქვთ გიორგი გაბუნიასა და მის შეყვარებულს დაძაბული საუბარი და რა ფსონი დადეს მასზე შალვა რამიშვილმა და ზვიად ბლიაძემ

№19

ავტორი: ნინო კანდელაკი 20:00 19.05, 2021 წელი

გიორგი გაბუნია
დაკოპირებულია

იუმორისტი გიორგი გაბუნია „პოსტივიზე“ ახალი გადაცემის – „ადამიანები“ – წამყვანი გახდა. ეს გადაცემა სრულიად განსხვავდება „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“, რომელსაც გიორგი „იმედზე“ უძღვება.

გიორგი გაბუნია: ახალი გადაცემის გაკეთების იდეა ზვიად ბლიაძესა და შალვა რამიშვილს გაუჩნდათ. გამომდინარე იქიდან, რომ „იმედზე“ არსებული გადაცემა ძალიან რეიტინგულია, გამოთქვეს მოსაზრება – კარგი იქნება, გიორგის „პოსტივიზეც“ რომ ჰქონდეს გადაცემაო. მერე სამივემ ერთად გადავიწყვიტეთ, გაგვეკეთებინა არა იუმორისტული გადაცემა, არამედ ისეთი, რომელიც ადამიანების გულსა და სულთან იქნებოდა ახლოს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მრავალი წელი, ლამის მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობენ, დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოება მათ არ იცნობს და ვცდილობთ, სწორედ, ისინი გავაცნოთ მაყურებელს, მათი გულისტკივილი და სიხარული გავიზიაროთ. ჩვენი მიზანი ამ ადამიანების წინა პლანზე წამოწევაა. თან, ძალიან მიყვარს უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა, იუმორისტულ გადაცემაშიც რომ მოდიან სტუმრად, დიდი მოკრძალებით ვეპყრობი და შესაბამისად, ამ გადაცემაზე მუშაობის პროცესი ჩემთვის საოცრად სასიამოვნოა.

ჩვენი პირველი გადაცემა ვინც ნახა, თბილი სიტყვები არ დაიშურა, გაუხარდათ საინტერესო ადამიანების გაცნობა და იმედია, ასეც გაგრძელდება. ახლა, პრაქტიკულად, ყოველდღე მაქვს ჩაწერა და კვირაში მხოლოდ ერთი დღე მრჩება თავისუფალი, მაგრამ ამის გამო არ ვწუწუნებ. პირიქით, ეს ძალიან კარგია. ვიღლები, საკმაოდ დიდი დატვირთვაა, მაგრამ რაც უფრო ნაკლები თავისუფალი დრო მაქვს, მით უფრო მომწონს.

– ზვიოსა და შალვას როლი, ალბათ, ძალიან დიდია შენს ცხოვრებაში.

– შალვა რამიშვილსა და ზვიად ბლიაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. დღეს თუ ამ სფეროში რამეს წარმოვადგენ, მათი დამსახურებაა. ჩემიც, მაგრამ მათი გვერდში დგომის გარეშე ეს არ მოხდებოდა. შალვამ და ზვიომ მომცეს ჩემი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. მათ საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს და დიდი ფსონი დადეს ჩემზე, რადგან ასევე დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ, როცა ღამის შოუს იწყებდნენ და წამყვანად ახალგაზრდა და ახალბედა ბიჭი შემარჩიეს. თუმცა მათ თავისი გაიტანეს და მერე, ალბათ, მეც გავამართლე.

– არაერთი იუმორისტული გადაცემა გვახსოვს, რომელიც დაიწყო, მაგრამ მალევე დაიხურა. ძალიან პატარა იყავი, როცა ამ გადაცემის კეთება დაიწყე და დღემდე წარმატებით აგრძელებ – ეს როგორ შეძელი?

– სხვათა შორის, მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს ანალოგი. ძირითადად, ორმოც წელს გადაცილებულ ადამიანებს მიჰყავთ ამ ტიპის გადაცემები, შედარებით პატარებსაც, მაგრამ მთლად ჩემხელებს – არა.
საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მაგრამ ალბათ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მყარი ოჯახი შევქმენით. ამიტომაცაა, რომ ორი წელია, სტაბილურად, რეიტინგის ლიდერები ვართ ქართულ ტელესივრცეში.

– ახალი გადაცემა რომ დააანონსე, როგორ შეხვდა შენი მაყურებელი?

– ბევრი მწერდა, ვაიმე, „ღამის შოუ“ ხომ არ დასრულდებაო და ყველას სათითაოდ ვპასუხობდი, რომ არა, ეს ორი გადაცემა პარალელურ რეჟიმში იარსებებს ორ სხვადასხვა არხზე. ძალიან მიხარია, რომ საშუალება მომეცა, სხვა მხრივაც ვცადო ბედი.

– შენი ასაკის ბიჭები, ძირითადად, ჯერ კიდევ გართობაზე არიან ორიენტირებული. შენ საკმაოდ დიდი ხანია, ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს აღებული. ამას კი პლუსებთან ერთად, ალბათ, მინუსებიც აქვს.

– ყველას ცხოვრებაში არის გარდამტეხი მომენტი, ზოგთან ცოტა – ადრე, ზოგთან – ცოტა გვიან. მე ვფიქრობ, იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც დღეს გართობაზე არიან გადართულები, დაუდგებათ მომენტი ცხოვრებაში, როცა მეტ დროს საკუთარ ინტერესებსა და საქმეს დაუთმობენ. ჩემს შემთხვევაში, გარკვეული პირობების გამო, ეს ცოტა ადრე მოხდა. თუმცა, გართობას ახლაც ვახერხებ. იმ დოზით არა, როგორც მაგალითად, სტუდენტობისას, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გართობისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება. როცა კარგად აეწყობა ჩემი ცხოვრება და ყველაფერი წინ წავა, გართობისთვის დროს მერეც გამოვნახავ. ამიტომ ახლა მირჩევნია სამსახურზე გავაკეთო აქცენტი. ამის მინუსიც ესაა, ვერ ვახერხებ იმდენი დროის საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებას, რამდენიც მინდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ სამსახური მაქვს. პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ასე რომ, ნამდვილად არ დავიწუწუნებ იმის გამო, რომ სამსახურის მიღმა, პირადი ცხოვრებისთვის ბევრი დრო არ მრჩება. მირჩევნია, ცოტა დრო მქონდეს და ვმუშაობდე, რადგან ეს არა მარტო მე, ჩემს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება.

– შეყვარებული არ აპროტესტებს? გოგონებს უყვართ, დიდ დროს რომ უთმობენ...

– ხანდახან გვაქვს ხოლმე მსგავსი საუბრები, მაგრამ ასე თუ ისე, ნინის ესმის ეს ყველაფერი. რასაც ახლა ვაკეთებ, ეს წინაპირობაა იმის, რომ სამომავლოდ, როცა ოჯახს შევქმნით, რაღაც თვალსაზრისით, უზრუნველყოფილი ცხოვრება გვქონდეს. პრობლემები ყოველთვის არის, მაგრამ ვცდილობ, სამომავლოდ მათი რაოდენობა შევამცირო. ეს ნინისაც ესმის, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ უჭირს გაგება. არა უშავს, ეგეც პროცესის ნაწილია (იცინის).

– თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა დაქორწინებასთან დაკავშირებით?

– უახლოეს მომავალში დავქორწინდებით. პანდემია როგორც კი დასრულდება, აუცილებლად მოვიყვან ცოლს და ქორწილსაც გადავიხდით. ალბათ, მანამდე ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და ერთად გადავალთ საცხოვრებლად. პანდემიამ შესაძლოა, ქორწილის გადახდაში შემიშალოს ხელი, მაგრამ დაქორწინებაში – არა. უახლოეს ორ-სამ თვეში დავიწერთ ჯვარს და ერთად გადავალთ საცხოვრებლად. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამ პროცესს ღელვაც ახლავს, მაგრამ ადამიანი ხომ იმისთვის მოდის ამქვეყნად, რომ სიცოცხლე გააგრძელოს, ოჯახი შექმნას და შვილები ეყოლოს, ეს ყველაფერი გადაწონის იმ ღელვას, რაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებას უძღვის წინ.

– პანდემიამ შეგიშალათ ხელი ურთიერთობაში?

– ძალიან. თან, ახლა ნინი დროებით ქუთაისშია, მე თბილისში ვარ. სამსახურის დასრულების შემდეგ „კომენდანტამდე“ მხოლოდ სახლში მისვლისთვის მრჩება დრო. როცა ვხვდებით, ყველაფერი დაკეტილია და ძირითადად, სეირნობით შემოვიფარგლებით, ან ბაღში თუ დავსხდებით, ან ერთმანეთს ვსტუმრობთ ოჯახებში, ან მეგობრები ვიკრიბებით, მაგრამ ამდენი შეზღუდვის ფონზე ესეც არ გამოდის ხშირად. ასე რომ, საკმაოდ რთულია. რაც პანდემია დაიწყო, ყველა საკუთარ ნაჭუჭში ვართ შეკეტილები. ცუდია, მაგრამ რეალობა ასეთია. ხან მე ჩავდივარ ქუთაისში, ხან ის ჩამოდის, მაგრამ ძირითადად, ტელეფონით ვურთიერთობთ. პანდემიამ რომანტიკულობა მოგვპარა (იცინის).

– მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ, ქორწინების ამბავი დააჩქარა.

– კი, ამან დაგვაჩქარა. შეყვარებული ადამიანებისთვის ასეთი განშორება ძალიან რთულია. ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაქორწინება დავაჩქარეთ, პანდემია გახდა. ყველაფერს ოფიციალურად და ტრადიციულად გავაკეთებთ და აღარ მოგვიწევს განშორებები. ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია.

– საუბარი საზოგადოების შენდამი დამოკიდებულებით დავასრულოთ. რას გრძნობ დღეს მაყურებლისგან?

– როდესაც გადაცემას ვიწყებდი, პირველი რამდენიმე თვე, ძალიან ბევრი ნეგატივი მოდიოდა ჩემთან მიმართებაში. „ეს ვინ არის, რა უფლება აქვს, იმაზე რომ ხუმრობს, სად იყო აქამდე, ახლა რომ გამოვიდა და ვიღაცებზე ხუმრობა დაიწყო...“ თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გაიფილტრა და ახლა ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულებაა. ქუჩაში რომ გავდივარ, ისეთ სითბოს გამოხატავენ, რომ ვხვდები, რა არის ჩემი შრომის ყველაზე დიდი დაფასება. არიან ადამიანები, ვისაც ჩემზე გაცილებით მეტი დამსახურება აქვთ და შესაბამისად, ჩემზე ათასჯერ მეტად უყვართ, მაგრამ მეც რომ ვგრძნობ ადამიანებისგან სითბოს, უზომოდ მიხარია. ბოლო დროს, ნეგატიური კომენტარები ნაკლებად მხვდება და ეს ძალიან სასიამოვნოა. როცა პირველ ნაბიჯებს დგამ, თავიდან არ გაღიარებენ, მერე გიწყებენ ლანძღვას, ეს მეორე ეტაპია და ნიშნავს, რომ უკვე შეგამჩნიეს, მესამე ეტაპზე უკვე მიღებული ხარ, ტრენდული ხდები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათიანი ხარ და აღარ გლანძღავენ. გამოდის, რომ მე ახლა მესამე და ყველაზე სასიამოვნო ეტაპზე ვარ (იცინის). იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება და მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი