შოუბიზნესი

რის გამო აღმოჩნდა მაკა რაზმაძე ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ვინ დასდო მას ბრალი ფულის სანაცვლოდ სიცრუის ტირაჟირებაში

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 02.08

მაკა რაზმაძე
დაკოპირებულია

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პოსტკოვიდგართულებებს ებრძოდა, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რაც მისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ვირუსი ისე გადაიტანა, რომ არც კი გაუგია.

მაკა რაზმაძე: გადავწყვიტე, ამეცრა და მანამდე, ანალიზები გავიკეთე, რომ გამეგო, იყო თუ არა მზად ჩემი ორგანიზმი ვაქცინის მისაღებად. კოვიდი გადატანილი არ მქონია, მაგრამ ფორმალობისთვის ანტისხეულებზეც გავიკეთე ტესტი და პასუხს იმწუთას სერიოზულად არც მივუდექი, რადგან ვიცოდი, რომ კოვიდი გადატანილი არ მქონდა და ვფიქრობდი, მერე გადავამოწმებ ოჯახის ექიმთან-მეთქი. მაგრამ უცებ ცუდად გავხდი, სუნთქვა გამიჭირდა და სიცხეს დავაბრალე. გარეთ გავიარ-გამოვიარე და სახლში დავბრუნდი. მეორე დღეს უფრო ცუდად გავხდი. თითქოს ფილტვები ბოლომდე არ მეხსნებოდა და ჰაერი ვერ ჩადიოდა – ვისაც გამოუცდია, იცის, ეს რა საშინელი შეგრძნებაა. აფთიაქში დამამშვიდებლის საყიდლად გავედი, ვიფიქრე, რომ სპაზმი ან წნევა მქონდა, მაგრამ სანამ იქამდე მივიდოდი, იმდენად გამირთულდა სუნთქვა, რომ ავდექი და პირდაპირ ალადაშვილის კლინიკაში წავედი – მიშველეთ, ვერ ვსუნთქავ-მეთქი. მაშინვე სწრაფი ტესტი გამიკეთეს კოვიდზე, უარყოფითი აჩვენა. წამომაწვინეს და ჟანგბადი მომცეს.

ნელ-ნელა გამეხსნა ფილტვი, მერე რამდენიმე გადასხმა გამიკეთეს. მართლა არაჩვეულებრივი ექიმები იყვნენ – გიორგი ვარშანიძე და მიშა ქემერტელიძე. რადგან იმ ტესტმა უარყოფითი აჩვენა, მაგრამ სიმპტომები მაინც კოვიდზე მიუთითებდა, გიორგის ანტისხეულების ტესტის პასუხი ვაჩვენე და მეუბნება, თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ კოვიდიო. ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ ცდებოდა, რადგან მანამდე არანაირი სიმპტომი არ მქონია. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ვირუსი გადამიტანია და პოსტკოვიდური გართულებები მქონდა. ორი ქულით შეფასდა ჩემი მდგომარეობა, რაც არ არის საგანგაშო. იმ დღეს გამომიშვეს, მაგრამ მეორე დღეს ისევ ცუდად გავხდი და რადგან ძალიან მიჭირდა სუნთქვა, კლინიკაში დამტოვეს. ახლა კონტროლის ქვეშ ვარ, ფილტვები ბოლომდე კიდევ არ მაქვს გახსნილი, როგორც მითხრეს, გარკვეული დროა საჭირო. როგორც ექიმებმა მითხრეს, პოსტკოვიდური პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ უსიმპტომო პაციენტებს გადააქვთ.

ამ ყველაფრამდე ცოტა ხნით ადრე სმენა დამიქვეითდა, თუმცა, ვიმკურნალე და აღმიდგა. შემდეგ სასუნთქ გზებზე შემექმნა პრობლემა და ამაზეც ვიმკურნალე. საერთო ჯამში, ბოლო პერიოდში რამდენიმე პრობლემამ შემაწუხა და ახლა მითხრეს, რომ ამის მიზეზი, სწორედ პოსტკოვიდური გართულებებია. მანამდე ვერ ვხვდებოდი. არავის ვაშინებ, მხოლოდ ის მინდა, ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ და სიფრთხილე გამოიჩინონ. როცა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე, ზუსტად ამ მიზნით, უმრავლესობა დადებითად გამომეხმაურა, მაგრამ ზოგი წერდა, ალბათ, ფული გადაგიხადეს და ცდილობ, კოვიდის არსებობაში დაგვარწმუნო, აცრას უკეთებ რეკლამასო. არადა, რეალურად, იმ წუთებში მე ადამიანების მხარდაჭერა მჭირდებოდა. როგორც უკვე ვთქვი, კლინიკაში პირდაპირ ქუჩიდან მივედი და ამიტომაც ვიყავი მაკიაჟით, რაც საეჭვოდ მოეჩვენათ. ეს ფოტო მაშინ გადავიღე, როცა უკვე ნორმალურად ვიყავი, მაგრამ ისევ კლინიკაში ვიწექი. ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ, ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარე და არ მინდა, იგივე სხვამაც განიცადოს. იმ მომენტში მართლა ძალიან მჭირდებოდა საზოგადოების მხარდაჭერა, შეშინებული ვიყავი. მეგონა, რომ ყველა საშინელება მე დამემართა და შეიძლებოდა, საავადმყოფოდან საერთოდ ვეღარ გამოვსულიყავი.

– შრომისუნარიანობაზე როგორ აისახა?

– შრომისუნარიანობა კი არა, ფეხზე დადგომის თავი არ მქონდა, რაღაც პერიოდი წელში გამართულ მდგომარეობაში ყოფნა მიჭირდა. სიმპტომებზე დეტალურად არ ვისაუბრებ, ადამიანები კიდევ უფრო რომ არ შევაშინო, მაგრამ ზუსტად ამ მძიმე გამოცდილების გამო არ მინდა, ეს სხვებმაც გამოსცადონ.

– ამ დროს მაკიაჟი გახდა პრობლემა, ხომ?

– რა მექნა, საჭესთან ვიჯექი, როცა ცუდად გავხდი და მაშინვე საავადმყოფოში წავედი. ჯერ მაკიაჟი მომეშორებინა, თმა გამეჩეჩა, ტანსაცმელი შემომეხია და ისე გადამეღო ფოტო? მომაკვდავი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, მეგონა, ვიხრჩობოდი და როგორც კი მდგომარეობა დამისტაბილურდა, ფოტო მაშინ გადავიღე. 21-ე საუკუნეა, ინტერნეტზე ვართ დამოკიდებული და თუ შეგიძლია, საკუთარი მონათხრობი ფოტო ან ვიდეომასალით გაამყარო, ასეც უნდა მოიქცე.

– ზოგადად, ეს რა ისტერიაა? სოციალურ ქსელში არსებულ ქაოსსა და ზიზღის ფრქვევას ვგულისხმობ.

– არ შეიძლება, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ბულინგით სიამოვნება მიიღო. რამდენი გადაგიხადესო? რა მჭირს საიმისო, რომ ვინმემ ფული თავის მომკვდარუნებაში გადამიხადოს?! როდის მიკადრია მსგავსი რამ?! მე არ ვარ იმ ტიპის ჟურნალისტი, ვისაც შეიძლება, ასეთი რამ წამოაძახო. სადაც უბედურება ხდებოდა და ომი იყო, ყველგან უანგაროდ ვმუშაობდი და საშუალება რომ არ იყო, საკუთარი რესურსით ბევრი რამ გამიკეთებია ტელევიზიისთვის. არ შეიძლება, ასეთ ადამიანს წამოაძახო, აცრას უკეთებ რეკლამას ფულის სანაცვლოდო. მეტი საქმე არ მაქვს, უნდა გაიკეთონ, უნდა – არა, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთმანეთი არ დავაზარალოთ?! სხვა მიზეზებით იხოცებიან ადამიანები და ცნობილ სახეებს ფულს გიხდიან იმ აზრის ტირაჟირებისთვის, რომ ყველაფერი კოვიდის ბრალიაო.

არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, მე მხოლოდ საკუთარი გამოცდილება გავაზიარე და გამხნევებას ველოდი. როცა იხრჩობი და გგონია, რომ ეს შენი ბოლო ამოსუნთქვა და წუთებია და ამ დროს ვიღაც ღლიცინებს „აჰაჰაჰა, ფული გადაგიხადეს, რომ მეც ავიცრაო“, არაა მარტივი მოსასმენი. რისთვის მაქვს სოციალური ქსელი, თუ რაც მიხარია ან რაც მიჭირს, არ ვთქვი, ვინც მიყვარს, იმას არ მოვესიყვარულე და ინფორმაცია არ მივიღე და გავეცი. მაშინ საერთოდ რად მინდა ეს პლატფორმა?! რამდენჯერ შექმნილა კარგი ჯგუფი ადამიანების დასახმარებლად და ყველა დავრაზმულვართ ამ მიზნით. ხომ შეიძლება, ეს სივრცე კეთილი მიზნებისთვის გამოვიყენოთ და არა ადამიანების დევნისთვის?! ვინც ამ სიბოროტეს ჩადის, მგონია, რომ კარგად უნდა დაფიქრდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...