რატომ ვერ უხერხებს ვერაფერს ანი სირაძე საკუთარ სიჯიუტეს და ვის გამო შეუძლია მას საკუთარი თავის „გვერდზე გადადება“
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 09.02
![ანი სირაძე ანი სირაძე](/files/2025/02/06/12427/ani-siradze_w_h.jpeg)
ვნახოთ, ვინ არის ზოდიაქოთი ყველასთვის საყვარელი მომღერალი ანი სირაძე, რა თვისებებია მასში დომინანტური და სჯერა თუ არა ასტროლოგიის.
ანი სირაძე: დაბადების დღე 12 მაისს მაქვს და შესაბამისად, ზოდიაქოთი კურო ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიაში ვარ „გადავარდნილი“, მაგრამ ბევრჯერ აღმომიჩენია, რომ ჩემი ზოდიაქოს ნიშნისთვის მახასიათებელი თვისებები მაქვს. მაგალითად, ავიღოთ სიჯიუტე. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ ძალიან ჯიუტი ვარ, რაც კუროებისთვის დამახასიათებელია. მე თვითონაც ვაღიარებ, რომ გამაღიზიანებლად ჯიუტი ვარ (იცინის). რამეს თუ ავიჩემებ, რომ არ გავაკეთო, არ არსებობს. სულ რომ ვიცოდე, არ გამოვა, მაინც ვცდილობ. ან რამეს თუ დავიჯერებ, მაგრამ მერე გაირკვევა, რომ არასწორია, მე მაინც პირველი ვერსიის მჯერა. მერე დედაჩემი ჩაერთვება ხოლმე ორსაათიანი საუბრით. მეუბნება: ნუ ხარ, შვილო, ასეთი ჯიუტიო. მერე ჩემი სამეგობრო მიმატებს, ჯერ მოისმინე და მერე გამოიტანე დასკვნებიო, მაგრამ მე მაინც პირველ ჩევენებას „ვაწვები“ (იცინის).
– ეს ცხოვრებას არ გირთულებს?
– ვაიმე, ძალიან. ამ ბოლო დროს კიდევ უფრო ჯიუტი გავხდი, მაგრამ არ ვიცი, რატომ. უკვე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, თვითონაც ვიძაბები. ისეც ხდება, რამეს რომ თავგამოდებით ვამბობდი, ფაქტებით დამიმტკიცეს, რომ არ იყო ისე, მაგრამ რა ვქნა, სიჯიუტე მჯობნის (იცინის).
დედა თხის რქა მყავს, მამა – კურო, მე კურო ვარ, ბებია – ეთერ ჭელიძე, ვერძია: ყველას სიჯიუტე ახასიათებს და რა არის გასაკვირი? (იცინის)
– კუროები ძალიან მიზანდასახულები არიან. შენს შემთხვევაშიც ასეა?
– სხვათა შორის, არც ისე. ძალიან პრიმიტიული ავიღოთ, მაგალითად, ერთი კონკრეტული შოკოლადი მინდა და მაღაზიაში ჩავედი. თუ არ დამხვდა, მეორე მაღაზიაში არ წავალ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, იქ აუცილებლად იქნება. ავდგები და სხვას ვიყიდი. აი, დედაჩემს შეუძლია, სამი მაღაზია შემოიაროს იმ კონკრეტულის საყიდლად, რაც უნდოდა. მაგრამ თუ მაგალითად, სიმღერას ავიღებთ, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და აქ ჩემს სურვილებზე მარტივად ვერ ვიტყვი უარს. სამი წლიდან ვმღერი, დიდ სცენაზე ვდგავარ და ეს არ არის სამოყვარულო დონე, ძალიან ბევრი შრომა მაქვს ჩადებული. ჩემს ოჯახსაც ყოველთვის ვითვალისწინებ. ხშირად ამბობენ ხოლმე, „ეთერ ჭელიძის შვილიშვილი – ანი სირაძე“ და მე ეს პასუხისმგებლობას მანიჭებს.
პირადს რაც შეეხება, ო, აქ ძალიან რთული ვარ (იცინის). ხომ ამბობენ ხოლმე, როგორ შეიძლება, ადამიანი სულ მართალი იყოსო, მაგრამ 90 პროცენტით მე ვარ სიმართლის მხარეს. ვერ წარმომიდგენია პატარა ტყუილიც კი, ზოგადად, უსამართლობა არანაირ ურთიერთობაში არ მიყვარს. ამიტომ, მიზანდასახულობას თუ დავუბრუნდებით, რაც სამართლიანია და რაც მნიშვნელოვანია, იმ მიზნებს ბოლომდე მივყვები. შეიძლება, ვიცოდე, რომ კონკრეტული ნაბიჯით ზიანიც მომადგეს, ზოგი ამ დროს ჩუმდება, „ყლაპავს“, მე ეს არ შემიძლია. სულ რომ ძალიან დიდი კონტრაქტი შემომთავაზონ, სადმე თუ უსამართლობას ვხედავ, ვერ მოვითმენ. ასეთ დროსაც მეუბნებით ხოლმე, ნამდვილად ამართლებ კუროს თვისებებსო.
– წესით, ძალიან შრომისმოყვარეც უნდა იყო...
– კი, შრომისმოყვარეც ნამდვილად ვარ. თუ საჭიროა, შემიძლია, ყველაფერზე ვთქვა უარი და მნიშვნელოვანი მიზნისთვის ბევრი ვიშრომო. ყველაფერზე ვიტყვი უარს შოკოლადის გარდა (იცინის).
– კუროებს, შრომისმოყვარეობასთან ერთად სიზარმაცეც ახასიათებთ.
– არა, ამას ვერ დავეთანხმები. იმასაც ამბობენ, რომ კუროებს გვიანობამდე ძილი უყვართო, ვერც ამას გავიზიარებ.
– კუროები ძალიან ეჭვიანები არიან.
– გამაღიზიანებლად ეჭვიანი ნიშანია კურო და როგორ არ მინდა, რომ ასეთი ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვარ (იცინის). პირად ცხოვრებაზე აღარ არის საუბარი, ჩემს მეგობრებთან და დედაჩემთანაც ასეთი ვარ. ყველას ნერვები ეშლება, როგორ დაგიმტკიცოთ, რატომ გეპარება ეჭვიო, მაგრამ რა ვქნა?! ეს თვისება ჩემთვისაც რთულია, ამ თვისებებში კი კუროს ტიპური წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ზოგადად რომ შევხედოთ, რთული ადამიანი არ ვარ, არ მაქვს რთული ხასიათი (იცინის). პირიქით, მიმაჩნია, რომ მიუხედავად ეჭვიანობისა და სიჯიუტისა, საკმაოდ კარგი ხასიათი მაქვს.
– ძალიან თავდაჯერებულად შეუძლია, ტყუილის თქმა და ვერც ვერასდროს აიძულებ, რომ სიმართლე აღიაროს. ასეა?
– ვაიმე, არა. მეგობრებიც რომ ვიკრიბებით და „მაფიის ღამეს“ ვთამაშობთ, მე თუ მაფიოზი აღმოჩნდი, განხილვაც კი არ არის საჭირო, პირველი მე ვტოვებ პროექტს, მაშინვე სახეზე მეტყობა. არანაირი ტყუილის თქმა არ შემიძლია. ისიც ვთქვი, რომ ადამიანებს ტყუილს ვერ ვპატიობ, რასაც სხვას ვერ ვპატიობ, მე იმავეს ვერ გავაკეთებ. არ შემიძლია. რაღაც უმნიშვნელო ტყუილს ყველა ადამიანი ამბობს, მაგრამ ზოგადად, არა, მართლა არც ვიტყუები და რომც მოვინდომო, არც გამომდის.
– არასდროს არავის ბაძავს, ისეთი ორიგინალია, რომელსაც ასლებიც კი არ აქვს.
– არასდროს არავისთვის მიმიბაძავს. ძალიან მიყვარს, როცა ადამიანი ყველაფერში ინდივიდუალურია. დაახლოებით, ათი წელია, „დისნეის“ თემატიკის ტანსაცმელი მაცვია, თმა ვარდისფერი მაქვს, ხშირად მეკითხებოდნენ, ლეიდი გაგას იმიჯი გაქვსო?! არავის იმიჯი არ მაქვს და ამით არც ვინმეს ყურადღების მიქცევას ვცდილობ, უბრალოდ, მიყვარს „დისნეი“ და ამიტომ მაქვს ეს სტილი.
– კურო ძალიან მშვიდია, მაგრამ თუ მისი კომფორტის ზონას დაარღვევ, მერე ღმერთმა დაგიფაროს... როგორი ხარ გაბრაზებული?
– გაბრაზებული უფრო საკუთარ თავს ვვნებ. ცუდად ვხვდები, ტირილს ვიწყებ. უფრო მე ვზიანდები, მაშინაც კი, როცა სხვაზე ვბრაზობ. სულ მეუბნებიან, ის არ ნერვიულობს და შენ რატომ ნერვიულობ ამდენსო?! ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, მით უმეტეს, თუ წყენა საყვარელი ადამიანებისგან მოდის. თუმცა, ვისზეც ვარ გაბრაზებული, მასთან ჩხუბი არ მახასიათებს. რამდენიმე დღე მარტო ყოფნა მჭირდება ხოლმე. როცა რამე მწყინს, იმწუთას იმ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ შემიძლია. ჯერ უნდა „გადავხარშო“, რამდენიმე დღე ვიტირო და მერე – შეიძლება. ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ზედმეტადაც კი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან