შოუბიზნესი

რატომ უწევს გიორგი გაბუნიას ფეხზე ძილი და როგორ პასუხობს ის შურსა და ღალატს

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 09.02, 2022 წელი

გიორგი გაბუნია
დაკოპირებულია

„გიორგი გაბუნიას შოუ“ „იმედის“ ეთერში უკვე კვირაში ორჯერ გავა. გიორგი, პარალელურად, სხვა გადაცემის წამყვანიცაა და სულ ახლახან კი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეული მონაწილეც გახლდათ. ყველაფერი ერთად მარტივი არ არის, თუმცა, მოსწონს და უმკლავდება.

გიორგი გაბუნია: გამომდინარე იქიდან, რომ ეს შოუ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გადაცემაა, „იმედის“ დირექციამ გადაწყვიტა, ეთერში ორჯერ გასულიყო. გარკვეული პერიოდი ასე იქნება და მერე ვნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ რთული და საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მიხარია.

– ესე იგი, სირთულეებსა და გამოწვევებს არ უშინდები?

– არა, პირიქით, გამოწვევებს სიამოვნებით ვიღებ. ასე მივიღე „ცეკვავენ ვარსკვლავებიც“, ასე მივიღე დილის გადაცემაც „პოსტვზე“ და ახლა – მეორე ღამის შოუ. პრაქტიკულად, დღე არ არის, როცა ეთერში არ ვზივარ და მართლა ძალიან რთულია, მაგრამ ბოლომდე ვწურავ საკუთარ თავს. კარგია, ცუდი ნამდვილად არ არის.

– ცეკვების შემდეგ მეგონა, საკუთარ თავს ცოტა დასვენების საშუალებას მისცემდი.

– სად არის დასვენების დრო, არ არის. იმდენი საქმე დაგროვდა იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც ცეკვებში გავატარე, ყველაფრის კეთება ახლა მიწევს და დასვენება კი არა, ბევრი ახალი გამოწვევა დამემატა. რთულია, პრაქტიკულად ფეხზე მძინავს, მაგრამ რაც მთავარია, მომწონს. იმდენად მივეჩვიე ბოლო წლებში ასეთ აქტიურ რეჟიმს, ხანდახან ვფიქრობ, ტემპი რომ დავაგდო, ვერ ვიცხოვრებ.

– ცეკვებში გამარჯვების მოლოდინი გქონდა?

– თავიდანვე ამ განწყობით წავედი. თუ სადმე მივდივარ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და შედეგიც შესაბამისი იყოს. ასე იყო ცეკვებშიც, მაგრამ თავიდან, თითქოს, „მუღამში“ ვერ შევედი. არ ვიცი, ასე რატომ დამემართა. თუმცა მაინც ვცეკვავდი, რეპეტიციებზე ძალიან ვინდომებდი და მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. ბოლოსკენ უფრო დაიძაბა მდგომარეობა და მეც უფრო ავუღე ალღო ცეკვებს. ოთხი-ხუთი კაცი რომ რჩება, იქ უკვე ყველა გამარჯვების ღირსია. მეც მინდოდა ეს, მაგრამ უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი, რა თქმა უნდა, მეწყინა, რომ გამოვვარდი, მაგრამ ვაიმე, ეს რა დამემართა-მეთქი, ეს მომენტი არ მქონია. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა დავისვენე და იმ საქმეზე გადმოვერთე, რაც რეალურად ჩემი საკეთებელია.

– შეყვარებული ცოტას არ ეჭვიანობდა მეწყვილეზე?

– არ ეჭვიანობდა, იმიტომ რომ ჯულიანა და ნინი ერთმანეთს გავაცანი და დავამეგობრე. ერთმანეთთან ჰქონდათ მიმოწერა და ჩემგან დამოუკიდებელი ურთიერთობა ააწყვეს. ჯული ჩემი მეგობარიცაა, ნინიმ ეს იცის და არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

– წარსულში არაერთი სირთულე გამოგივლია, მაგრამ ახლა მგონია, რომ პირიქით, კარგი ამბებით გამორჩეული პერიოდი გაქვს. ახლა რა სიძნელეებთან გიწევს გამკლავება?

– პირველ რიგში, დროის მენეჯმენტი. ძალიან რთულია, ბევრ რამეზე გაანაწილო საკუთარი თავი, რაღაცნაირად, იმდენად უნდა გაიყო, რამდენიც საჭიროა. ყოველდღე 6 საათზე დგები, იმისთვის, რომ მოწესრიგდე და ორსაათიან პირდაპირ ეთერში შეხვიდე. ეთერის დასრულების შემდეგ გეძინება, იმიტომ რომ წინა საღამოს გვიან მიხვედი სახლში და გამოძინება ვერ მოასწარი. მაგრამ ძილის ნაცვლად, ღამის შოუზე იწყებ მუშაობას, სცენარის წერას, მეორე დღეს – ისევ დილის ეთერი, საღამოს – „ნაით შოუს“ ჩაწერა. ამის მიღმა ხომ არსებობს ოჯახი, პირადი ცხოვრება, მეგობრები და ვცდილობ, ყურადღება არავის მოვაკლო. ზოგჯერ ტვინი მეთიშება, მეძინება, რაღაცები მავიწყდება. ეს ბუნებრივია, როცა ბევრ რამეს ხარ მოდებული, როცა ცდილობ, ყველა ფრონტზე საკმარისი იყო, ძალიან იღლები. ამას ემატება პირადი ცხოვრების დაბრკოლებები. შეიძლება, სერიოზული არაფერი, მაგრამ იმ მომენტში მოქმედებს. განსაკუთრებული სირთულეები ამ ეტაპზე არ მაქვს, რაც ძალიან მიხარია და იმედია, არც იქნება.

– ამასობაში კონკურენტუნარიან სატელევიზიო სახედ ჩამოყალიბდი. გიგრძნია შური და არასასიამოვნო დამოკიდებულებები იმის გამო, რომ შენ არაერთხელ მიიღე ის ადგილი, რომელზედაც სხვა ოცნებობდა?

– სიმართლე რომ ვთქვა, როდესაც ვინმე კონკრეტულ ადამიანზე ცუდს ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, მე მისი პირველი დამცველი ვარ. ვცდილობ, მასში დადებითი ვიპოვო და ყველას ვეუბნები, რომ რაღაც კარგიც ექნება ამ ადამიანს, რომ ისე არ არის, როგორც ჩანს. მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებზე ცუდი არ ვიფიქრო და ყველაში კარგი დავინახო. არ დავიჯერო, რომ ვიღაც ბოროტულად არის განწყობილი. თუმცა, ხდება ხოლმე, როცა ვხედავ, რომ ის ადამიანები, ვინც საპირისპიროს მიმტკიცებდნენ, მართლები აღმოჩნდებიან ხოლმე. უცებ აღმოჩნდება, რომ ადამიანმა, რომელსაც კბილებით ვიცავ და ვენდობი, ჩემს საწინააღმდეგოდ რაღაც ისეთი გააკეთა, რასაც არ მოველოდი. არის იმედგაცრუებებიც. როცა შოუბიზნესში ამ ეტაპზე ხარ მისული, ასეთი ადამიანები მრავლდებიან. ვიღაცებისგან იგრძნობა ეს დამოკიდებულებები, მაგრამ როგორც საერთოდ ახასიათებს შოუბიზნესს, მგონია, რომ მთლად იმ დოზით არ არის. ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობით ვაბალანსებ და კონკურენტებს ზიზღისა და ცუდად განწყობის საბაბს არ ვუჩენ. საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებას ისევ საკუთარ თავში ვიკლავ და გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ ადამიანს ჩემი დახმარება რომ დასჭირდეს, აუცილებლად დავეხმარები და დავხმარებივარ კიდეც. უბრალოდ, მასთან ფიზიკურად ვეღარ გავაგრძელებ ისეთ მეგობრობას, როგორიც მანამდე მქონდა.

– როგორ აისახება შენი ძალიან დაკავებულობა ოჯახის წევრებთან და შეყვარებულთან ურთიერთობაზე?

– სახლში რომ მივდივარ, ჩემი ოჯახის წევრებს სძინავთ, მაგრამ ჩემებს ისე უხარიათ, რომ მე დღეს ბედნიერი ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს, ესმით. ხანდახან ისეთი დაღლილი მივდივარ, ლაპარაკის თავი არ მაქვს და მეჩხუბებიან ხოლმე, სახლში არაფერს ამბობ, არაფერს გვიყვებიო. თუმცა მაინც მიგებენ. შეყვარებულს რაც შეეხება, ნინი მაგ კუთხით ძალიან მიდგას გვერდით და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო. ხანდახან არ გამომდის, მაგრამ სხვა დროს ვცდილობ ამის ანაზღაურებას. სამი წელია, ერთად ვართ და ძალიან კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც შეგიძლია, საკუთარი ტკივილი და სიხარული გაუზიარო.

– სხვათა შორის, ახლა უკვე დაქორწინებულის სტატუსი უნდა გქონდეს. რატომ მოხდა ისე, რომ რამდენჯერმე გადადეთ ოჯახის შექმნა?

– კი, ასეა. სულ რაღაც ხდება, პანდემია, ცეკვები, მაგრამ ახლა მგონია, რომ უახლოეს ორ-სამ თვეში ჯვარს დავიწერთ და ცალკე გადავალთ საცხოვრებლად. როცა პანდემია დასრულდება, მერე აუცილებლად ქორწილსაც გადავიხდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა